“მოქალაქე წმინდანი” – თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ქართული ფილმი, რომელიც აუცილებლად სანახავ ფილმთა სიაში შედის, დაინტერესებულ მაყურებელს თბილისის ყველა კინოთეატრში ელის.
2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს კანდიდატ ფილმად დასახელებული სურათის პრემიერა 26 ოქტომბერს კინოთეატრ “ამირანში” შედგა.
თინათინ ყაჯრიშვილის რიგით მესამე ფილმი საქართველო-საფრანგეთი-ბულგარეთის კო-პროდუქციაა;
სურათი 2021-2022 წლებში სამ ქალაქში – ჭიათურაში, რუსთავსა და მცხეთაში გადაიღეს;
ფილმის სცენარის ავტორიც თინათინ ყაჯრიშვილია, თანაავტორი – ბასა ჯანიკაშვილი; დამდგმელი ოპერატორია კრუმ როდრიგესი; მხატვარია გიორგი გორძამაშვილი, მუსიკა კი თაკო ჟორდანიამ დაწერა;
ფილმის პროდიუსერი ლაშა ხალვაში გახლავთ.
მონაწილეობენ: ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარიამ კიტია, თემიკო ჭიჭინაძე, გიორგი ბოჭორიშვილი, გია ბურჯანაძე, ჯანო იზორია…

ფილმში მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, თუმცა დროისა და სივრცის კონკრეტიკას რეჟისორი თავს არიდებს; ქალაქში მრავალი საუკუნის წინ ჯვარცმული წმინდანის ქანდაკება დგას; ის ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობა და მოქალაქეთა მფარველია; მაღაროელები დიდ იმედებს ამყარებენ წმინდანის მფარველობაზე, მასზე ლოცულობენ და სწამთ, რომ თავიანთ სახიფათო საქმეს, ასე უფრო დაცულად ასრულებენ;
ერთ მშვენიერ დღეს, მაღაროელები ამ წმინდანის ჯვარცმის რესტავრაციას გადაწყვეტენ; დილით აღმოაჩენენ, რომ ჯვარი ადგილზეა, მასზე გაკრული წმინდანი კი – გაუჩინარებული; მთელი ქალაქი ეძებს, რადგან მათთვის ის უდიდესი სიწმინდეა; მერე აღმოაჩენენ ადამიანს, რომელიც არ საუბრობს, თუმცა ესმის მათი;
ხვდებიან, რომ ის სწორედ გაუჩინარებული წმინდანია, ოღონდ გაცოცხლებული; თავიდან უხარიათ, მაგრამ მერე უჩნდებათ კითხვები, რამდენად სწორია, რომ წმინდანი მათთან ერთად ცხოვრობს და მათ შორის თანაცხოვრებისას, იფარავს თუ არა მათ ძველებურად?

თინათინ ყაჯრიშვილი(რეჟისორი): რახან ფილმი შავ-თეთრია, ჰგონიათ, რომ დოკუმენტურია. გარდა იმისა, რომ შავ-თეთრ კინოს პატივს ვცემ, ფილმის კონცეფციიდან და სათქმელიდან, იმ მარადიული თემიდან გამომდინარე, რაც ამ სურათშია, მინდოდა, რომ შავ-თეთრი ყოფილიყო.
ფილმი პრემიერაზე მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო, გულგრილი არავინ დარჩენილა. ჯგუფის წევრებსაც არ ჰქონდათ ნანახი. ყველა შთაბეჭდილების ქვეშ იყო.
ამ დღეებში “ოსკარზე” ნომინირებული ფილმების წინა საფრომოუშენო კამპანია დაიწყება.
“მოქალაქე წმინდანს” ვაჩვენებთ ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, სან ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში. საქართველოს საელჩოებიც ჩაებნენ ფილმის ფრომოუშენში და ქართული დიასპორისთვის ცალკე შედგება კინო-ჩვენებები. ამერიკაში თითქმის ერთ თვეს დავყოფთ. იქიდან ინდოეთის კინოფესტვალზე, გოაზე უნდა ჩავფრინდეთ.
ავსტრალიურ “ოსკარზე” “საუკეთესო ფილმის” და “საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის” ნომინაციებით ვართ წარდგენილი. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება.
წყარო: “პრაიმტაიმი”