fbpx

“ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედე… სიკვდილმა გამომაფხიზლა” !!!

ავტორი დეა თავბერიძე
198 ნახვა

„ისევ დავინახე მზის შუქი, ისევ ცოცხალი ვარ, ისევ შემიძლია ავდგე, ვისაუბრო, ჩემი შვილი ვნახო … ამიტომაც ჩემი ყოველი დღე მადლიერებით იწყება…  მადლიერებას, რომ უდიდესი ძალა აქვს, ამას გვიან მივხვდი, მაგრამ მადლიერი ვარ, რომ მივხვდი. ეს ძალას მაძლევს და სიხარულითაც მავსებს… თუ ცხოვრება არ გიხარია, ძნელია… თავიდან პესიმისტური განწყობა მქონდა, სულ მოღუშული დავდიოდი, მძიმედ ვიყავი და ცხოვრებამაც თავისი კვალი მწვავედ დამატყო… ბოლოს მივხვდი, ამდენ სირთულეს, რომ მიგზავნიდა ღმერთი, რაღაცაში მაფხიზლებდა“, – ამბობს მაია ჩავლეიშვილი და თავის ცხოვრებას მიყვება. ცხოვრებას, რომელიც ბევრს გამოაფხიზლებს.

მაია ჩავლეიშვილმა პოპულარობა და წარმატება თავისი პროფესიონალიზმით მოიპოვა და დღეს თბილისში იმ ცნობილი სალონის მფლობელია, რომელსაც მომხმარებელი მაღალი ხარისხის გამო ფუტკარივით ახვევია.  მალე ამავე შენობაში სკოლა-სტუდია გაიხსნება და ახალგაზრდებს ოცნებების ახდენაში დაეხმარება. ამაზე ცოტა გვიან…  მანამდე წარმატებამდე განვლილი გზა, ცხოვრებიდან მიღებული გაკვეთილები და გამარჯვება სიკვდილზე.

მაია ჩავლეიშვილი: როცა სიკვდილის პირას მყოფი, ყველას თვალებში ვკითხულობდი,- „შენი ბოლო დღეებია“, მაშინ გავიფიქრე – ღმერთო, რისთვის მოვედი ამქვეყნად, მისია რა იყო ჩემი?! მარტო ის რომ ასე საშინლად მეცხოვრა, ასე ტკივილით და სირთულეებით, მენახა ამდენი გაჭირვება, შიმშილი, მარტოობა, ნუთუ ამისთვის?!

მერე დეტალურად გავიხსენე რაღაც-რაღაცები ჩემი ცხოვრებიდან და ბევრი ისეთი წუთი აღმოვაჩინე, როცა ბედნიერი ვიყავი… მერე შევიგრძენი უზარმაზარი სიყვარულის გრძნობა ჩემი შვილის მიმართ და მადლიერება, რომ ასეთი დიდი საჩუქარი გამიკეთა ღმერთმა – შვილი, რომელსაც 10 წელი ველოდი და ჩემი არყოფნის შემდეგ, სულ მარტო რჩებოდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ არ მქონდა სიკვდილის უფლება, პირიქით ვალდებული ვიყავი მ ე ც ო ც ხ ლ ა! მივხვდი, რომ ჩემს ფიქრებსა და აზროვნებაში რაღაც აუცილებლად უნდა შემეცვალა, და… ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედე… სიკვდილმა გამომაფხიზლა !!! …

პირველი სირთულე და სიძლიერე 6 წლის ასაკში

პირველ სირთულეს ერთ-ერთმა შემთხვევამ ძალიან პატარა შემაჭიდა. 6 წლის ვიყავი, როდესაც მდუღარეში ჩავვარდი. მაშინაც დადგა იმის საშიშროება რომ მოვკვდებოდი. არცერთმა საავადმყოფომ არ მიმიღო. ბოლოს, როცა ყველა იმედი გადაწურული იყო, ოზურგეთში ცნობილ მკურნალს უთქვამს, მე გადავარჩენ ამ ბავშვსო და  მალამოებით განმკურნა.

ყოველდღე საფენებს მიცვლიდნენ, რომელიც ისეთ ტკივილთან იყო დაკავშირებული, რომ გონებას ვკარგავდი.

როდესაც პირველად სკამზე დამსვეს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ, აღნიშნავდნენ თუ როგორი ძლიერი ვიყავი. მტკიოდა, მაგრამ ხმას არ ვიღებდი, მინდოდა მართლა ძლიერი ვყოფილიყავი…

ნელ-ნელა ვსწავლობდი სიარულსაც… მახსოვს პირველი ნაბიჯები…

ამ დღის შემდეგ ცხოვრებაში ბევრჯერ მომიხდა ასე ხელახლა სიარულის დაწყება.

მანქანაში გათენებული ღამეები

ცუდ პერიოდში მომიწია ცხოვრება. აირია და დაინგრა მაშინ ქვეყანა.

ეკონომიურად ისე გვიჭირდა, რომ სწავლას თავი დავანებე, მაგრამ ძალიან მინდოდა მესწავლა და რამდენიმე წელში იურიდიულზე ისევ ჩავაბარე.

მანამდე კი მე და მამამ რაღაც პატარა ბიზნესი ავაწყვეთ. თურქეთში გადავდიოდით რაღაცებს  ვყიდდით, ვყიდულობდით, მერე ისევ … ასე გავზარდე დისშვილები.

პროფესიით ვერ ვიმუშავე, 90-იანი წლები იყო და სადაც მივდიოდი ყველგან დიდ ფულს ითხოვდნენ, ის ფული რომ მქონოდა საერთოდ არ მინდოდა მუშაობა. ჩემს პროფესიაზე ვგიჟდებოდი, თუმცა, რასაც დღეს ვაკეთებ ესეც ძალიან მიყვარს.

ჰოროსკოპით სასწორი ვარ და ჰარმონია და სილამაზე ჩემს ხასიათთან ძალიან ახლოსაა. მთელი ჩემი ბავშვობა ხან ტუჩსაცხი მესვა, ხან „ტუში“ და ხან „მანიკური“… პრანჭუკელა ვიყავი… ახლა სხვების სილამაზეზე ვზრუნავ…

ბრძენი ბებია მყავდა, ერთხელ მითხრა – მანიკური ისწავლე ბებია, რა იცი რაში გამოგადგება,  ხელობის პატრონს გზა ბევრად უფრო ხსნილი გექნებაო, –  მართალიც აღმოჩნდა…

მოსკოვში, ნათესავთან სტუმრად მყოფმა არბატზე სილამაზის ინსტიტუტს მივაკითხე. იქ დავეუფლე ბებიას ნაწინასწარმეტყველებ მანიკიურ-პედიკიურს… ნათესავმა ამ ინსტიტუტშივე მიკრო ქირურგიიის კურსი დამიფინანსა …„ზუსტი ხელი გაქვსო“ – მეუბნებოდნენ, მაქებდნენ და დარჩენას მთხოვდნენ.

არ დავრჩი, ჩემი ქვეყნის მონატრებამ და სიყვარულმა არ დამტოვა.

მერე აქ უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ სამსახური ვერაფრით ვიშოვე.  მე და ჩემს ქმარს ძალიან გაგვიჭირდა, ისიც იურისტი იყო, მუშაობდა კიდეც, მაგრამ  ხელფასს თვეობით ვერ იღებდა. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო მაშინ… სამსახურში მაინც დადიოდა იმ იმედით, რომ ამ თვეში თუ არა შემდეგ თვეში მაინც მისცემდნენ რაღაცას.  ხშირად საჭმლის ფულიც არ გვქონდა. არ გვქონდა სახლი, გვქონდა მხოლოდ ერთი პატარა ოთახი, სადაც დედამთილი და მამამთილი ცხოვრობდნენ, რაღაც პერიოდი იქ ვრჩებოდით, რაღაც პერიოდი ქირით ვიყავით, ხანდახან იმის საშუალებაც არ იყო, რომ ქირის ფული გადაგვეხადა და მანქანაში გვეძინა, ბაბუას ნაჩუქარი ჟიგული გვყავდა, ბევრი ღამე გაგვითენებია მე და ჩემს ქმარს ამ ჟიგულში. დილით ავდიოდით დედამთილთან მოსაწესრიგებლად, თუმცა, იმას არაფერი გაუგია, გული რომ არ სტკენოდა. არავინ იცოდა ეს, ვიცოდით მარტო მე და ჩემმა ქმარმა.

გადაწყვეტილება, რომელმაც ცხოვრება შეცვალა

ჩემი დედამთილი ძალიან ამაყობდა იურისტი რძლით, მაგრამ ერთხელაც მივიღე გადაწყვეტილება და გამოვაცხადე – დღეიდან მანიკურს გავაკეთებ, არ ვთვლი ამას სასირცხოდ-მეთქი.  სესხად ავიღე 70 ლარი. გავალესინე ინსტრუმენტები და არაყიშვილის 2-ში, რაღაც ნახევრადსარდაფის სტილის სალონში ამოვყავი თავი.

ისეთი ადგილი იყო რამდენიმე დღეში ერთხელ ერთი კლიენტი ძლივს შემოდიოდა. ფარ-ხმალს არ ვყრიდი, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე ჯიუტად ვიჯექი და კლიენტს ველოდებოდი. ტიპი ვარ ასეთი, როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, ბოლომდე მივყვები, არასდროს ვნებდები…

ბევრჯერ გზის ფულიც არ მქონია. ბევრჯერ მძღოლისთვის მითხოვია აქეთობისას ორმაგს გადაგიხდი, ოღონდ სამსახურამდე მიმიყვანე-მეთქი. თანამშრომლები ძალიან მედგნენ გვერდში.

ერთ დღესაც გავიგე, რომ აბაშიძეზე უკეთესი სალონი იყო და გადავედი. ამის შემდეგ საქმეებიც უკეთესად წავიდა. არის ერთი ძალიან ლამაზი გოგო ვაკეში ირინა მაჭავარიანი, მე ასეთი ლამაზი გოგო საქართველოში არ მინახავს, ირინასგან ძალიან ბევრმა გამიცნო და ადრე თუ ერთ კლიენტს ვნატრობდი, უამრავი გაჩნდა…

გამიჩნდა ფული,  ვიქირავეთ ბინა,  ჩემმა ქმარმაც სამსახური შეიცვალა, ბევრად კარგ პოზიციაზე გადავიდა და წამოვიდა ბევრი დადებითი იმპულსი სამყაროსგან.

„ოღონდ ძალიან უნდა გინდოდეს, მთელი გულით“…

იმედი არასდროს დამიკარგავს, ყოველთვის ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაშინაც კი როდესაც 10 წელი შვილს ველოდებოდი… დარწმუნებული ვიყავი, რომ შვილი აუცილებლად მეყოლებოდა. ბოლოს დავგეგმე კიდეც …

ძალიან მიყვარს ოცნება, ხშირად დავფრინავ ხოლმე ფიქრებსა და ოცნებებში. ერთ დღესაც ჩემს თავს ვუთხარი. ახლა 2002 წელია. 2003 წელს შვილს აუცილებლად გავაჩენ, ნოემბერში,  თან “მორიელი” იქნება, თან ბიჭი… ნიკოლოზს დავარქმევ… ასე დავგეგმე და როდესაც მარტში ჩემმა ექიმმა ეხო გადამიღო, ატირდა – 5 კვირის ორსული ვიყავი, – იმედი აღარ მქონდაო, მითხრა. მე პირიქით დარწმუნებული ვიყავი და ვიცოდი რომ ასე იქნებოდა.

ფიქრსაც და ოცნებასაც ძალიან დიდი ძალა აქვს. რაც დამიგეგმია, ყველაფერი ამხდენია, ოღონდ ძალიან უნდა გინდოდეს, მთელი გულით, იმდენად ძლიერად, რომ სხეულის და სულის ყველა უჯრედს უნდა გრძნობდე…

ნიკოლოზი გაჩნდა და სიტუაციაც ბევრად უკეთ წავიდა. ახალ სალონში გადავედი… მერე მივხვდი რომ ჩემი სალონი მჭირდებოდა, გაზრდა და წინსვლა მინდოდა… ბოლოს  ვთქვი, თუ მინდა ყველაფერი ისე იყოს როგორც მინდა უნდა გვაკეთო ჩემი. ეკონომიურად უკვე კარგად ვიყავით, ბინაც ვიყიდეთ, საკუთარი ჭერი გაგვიჩნდა. ჩემმა მეუღლემ მანქანაც მაჩუქა… ჰოდა, გავყიდე მეუღლის ნაჩუქარი მანქანა და საკუთარი სალონი გავაკეთე. ყველაფერი კარგად იყო ერთ საბედისწერო დღემდე, – მეუღლეს იარაღი გაუვარდა და დავრჩი 5 წლის ნიკოთი მარტო.

ეს იყო ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ჩემი თანამგზავრი გახდა შიში…

ბრძოლა სიცოცხლისთვის

ძლიერი ვიყავი, მაგრამ დიდ ქარიშხალს უკვე ვეღარ გავუძელი… მარტოობის შიშმა გამტეხა და ერთი წლის თავზე ანალიზებმა აჩვენეს რომ ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა…

პირველი რეაქცია სიჩუმე იყო, მერე ოთახში შევიკეტე და ძალიან დიდხანს, ძალიან ბევრი ვიტირე …

ოთახიდან გამოსული კი, უკვე სულ სხვა ვიყავი, ჩემს თავს ვუთხარი, ახლა ტირილის დრო არ გაქვს, შენ რომ რამე დაგემართოს ნიკო მარტო რჩება, განწირულია ბავშვთა სახლისთვის, შენ ხომ ამდენი ილოცე რომ შვილი გყოლოდა. ბოლოს ვთქვი – მე არაფერი მომივა… ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ვიცოცხლო.

ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი – ეს იყო ქიმიური გადასხმა… რაც ძალიან მძიმედ გადავიტანე, ლამის გავტყდი… შეგრძნება მქონდა ისეთი თითქოს ძვლებს მამტვრევდნენ, საშინელი ტკივილი იყო… შემდეგ თმა დამცვივდა, გავმელოტდი, არც წარბი მქონდა, არც წამწამი. საშინელ ტკივილებს ესეც დაემატა, დასიება, დაბიჟინებული სახე….  ადამიანის ფორმა დავკარგე, სარკეში ჩახედვა არ მინდოდა… მიუხედავად ამისა მაინც ვმუშაობდი, არცერთი დღე არ გამიცდენია…

საკუთარი თავის შეცოდების დრო არ მქონდა, მაგრამ მაინც იყო მომენტები. ბევრჯერ მინატრია, ნეტა ჩაწერილი ადამიანი არ მოვიდეს, ცოტას მივწვებოდი – თქო. მაგრამ ფული მჭირდებოდა და დაწოლის უფლება არ მქონდა.

გვერდში დამიდგნენ მეგობრები, კლიენტები. მკურნალობა კლიენტებმა დამიფინანსეს.  ჩემი დიდი მადლიერება სოფო ჩიქოვანს, დავით კეზერაშვილს, თამრიკო კვესიტაძეს და ყველას ვინც კი გვერდში დამიდგა. მათი ძალისხმევით გავიკეთე 35 დასხივება, რომელიც ძალიან დიდი თანხა დაჯდა და მათი გვერდში დგომის გარეშე ნამდვილად მოვკვდებოდი.

ბოლო ქიმიიდან რამდენიმე კვირაში ნელ-ნელა თმები წამოვიდა. მერე სიცოცხლის ხალისი, ვხარობდი ჩემს შვილს რომ შევციცინებდი…

კიდევ ერთი გაბრძოლება

2014 წელს ისევ აღმოვაჩინე სიმსივნე იგივე მკერდში. ეს იყო წინა ექიმის შეცდომა. არასწორად გაკეთებულმა ოპერაციამ გამოიწვია ეს შედეგი და ორივე მკერდი მომკვეთეს.

მახსოვს, ანალიზი როდესაც წაიკიხა ჩემმა ექიმმა, მის თვალებში ამოვიკითხე – მაია, ვიზიარებ. მე დავცინე გულში. ეს თვალებით ომი იყო მე და ექიმს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ანალიზის პასუხის შედეგად ყველაზე აგრესიული ფორმა მქონდა, ზუსტად ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ზუსტად ვიცოდი რომ დავამარცხებდი და ვიცოცხლებდი, იმიტომ რომ არ მქონდა სიკვდილის უფლება.

დამინიშნეს 4 ქიმია და ჰერცეპტინი, 22 გადასხმა. ერთი გადასხმა 5500 ლარი ღირდა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი თანხა იყო, რასაც ვიცოდი რომ ვერაფრით შევწვდებოდი… არც სახლის გაყიდვა მიშველიდა და არც სალონის…

ისევ არ დავნებდი…

დავიწყე ჩემს მშველელბთან წერილის წერა. 15-ჯერ დაწერილი სმს-ი, 15-ჯერვე წავშალე, ძალიან მიჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც მივწერე, სხვა გამოსავალი არ მქონდა…

ისევ გადამარჩინეს, 5 ნემსის ფული ეგრევე გამომიგზავნეს.

ამის შემდეგ ჩავიცვი რკინის ქალამანი და დავიწყე სიარული, მერიიდან საკრებულოში, საკრებულოდან გამგეობაში, გამგეობიდან სამინისტროში, ერთი წამითაც არ გავრჩერებულვარ. კარს არ მიღებდნენ? ფანჯრიდან შევდიოდი… ყველა ჩემი მეგობარი, ახლობებლი, ნაცნობი, უცნობი, მთელი თბილისი ფეხზე დადგა, ყველამ იცოდა ჩემი მდგომარეობა… მე ვიბრძოდი და ვიცოდი რომ ბოლომდე ვიბრძოლებდი, ვერაფერი შემაჩერებდა.

შევძელი და ისევ გადავრჩი – გადავისიხი 22 ჰერცეპტინი.

გავემგზავრე თურქეთში, გადავამოწმე და ყველაფერი წესრიგში არისო. მაისში მეხუთედ ვიყავი წასული. პასუხი იგივეა – ყველაფერი წესრიგში მაქვს!

სიკვდილთან შეხებამ ბევრ რამეზე დამაფიქრა, მიმახვედრა რომ რაღაცები უნდა შევცვალო, მეტი პოზიტივი და მეტი თვალების გახელაა საჭირო…

დღეს

მიუხედავად იმისა რომ ამ სილამაზის სალონის დამფუძნებელი ვარ და შემიძლია ვიყო ოფიციალურად მხოლოდ დირექტორი, მეც  ვმუშაობ. ყველაზე ადრე მოვდივარ და ყველაზე გვიან მივდივარ.

ჩემთვის ბევრს ნიშნავს, როდესაც შემოდის კლიენტი და ყველაფერი იდიალურ მდგომარეობაშია… ამისთვის ბოლომდე ვიხარჯები, ძალიან მიყვარს წესრიგი… სხვათაშორის წესრიგის კუთხით ქვეყანას თუ დავჭირდები თამამად და ხმამაღლა შემიძლია გამოვაცხადო, რომ აქ ვარ და უსასყიდლოდ ვემსახურები.  როცა დისციპლინა და წესრიგია, ბევრი რამ ლაგდება.

ავტორი: დეა თავბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

1 კომენტარი

ცარო ხომასურიძე February 12, 2024 - 8:40 am

ახფრთოვანებული ვარ ჯამრთელობას გისურვებთ

პასუხი