fbpx

ბაღი, სადაც მომავალ პრეზიდენტებს ზრდიან

ავტორი ჟოლო
576 ნახვა

„ბავშვი ყველაზე მეტად გრძნობს ჯანსაღ, გულწრფელ და არაგულწრფელ ურთიერთობას, ამიტომ ბავშვებთან ყოველთვის გულწრფელები უნდა ვიყოთ“ – ამბობს დარეჯან ეზუგბაია. ის, იმ საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ, რომელშიც მომავალი პრეზიდენტები იზრდებიან და რომლის შესახებაც მშობლები გატაცებით ჰყვებიან. მასთან სტუმრობა და ინტერვიუს ჩაწერაც ამ ბაღის განსხვავებულობამ, საინტერესო მეთოდებისა და ბაღის დირექტორის უფრო ახლოს გაცნობის სურვილმა გადამაწყვეტინა.

და აი ისიც, დარეჯან ეზუგბაია, დირექტორი, რომელმაც გარშემო პროფესიონალი აღმზრდელები, მასწავლებლები და ფსიქოლოგები შემოიკრიბა და მათი დახმარებით ჩვეულებრივი საბავშვო ბაღი, ბავშვებისთვის არაჩვეულებრივ სივრცედ აქცია.

მალე ბაღი იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ უფრო დიდ შენობაში გადაინაცვლეს, მერე კი გადაწყვიტეს ქალაქის მტვერსა და ხმაურს განრიდებოდნენ და ბუნებაში „დასახლდნენ“… თუმცა, ამაზე ცოტა გვიან, მანამდე ერთად გავიგოთ, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.

დარეჯან ეზუგბაია: როდესაც ჩემი შვილები გაიზარდნენ, გადავწყვიტე იმ საქმით დავკავებულიყავი რაც სიამოვნებასაც მომანიჭებდა და ჩემს პროფესიასთანაც ახლოს იქნებოდა, – ასე გაჩნდა საბავშვო ბაღის იდეა და მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც ასე ძალიან მინდოდა… ეს ყველაზე ღირებული საქმეა, რადგან ამ ასაკში ბავშვების სწორ განვითარებაზე ზრუნვა არა მარტო მათ წარმატებულ მომავალს, არამედ ჩემი ქვეყნის მომავალსაც რგებს და ვფიქრობ პატარა წვლილი მეც შემაქვს ამაში.

– როგორც გავიგე გაქვთ თქვენეული აღზრდის მეთოდები, რომლის შედეგადაც გყავთ ბედნიერი ბავშვები და კმაყოფილი მშობლები…

-დიახ, კარგი შედეგები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება. ვგრძნობ თითოეული მშობლის დამოკიდებულებას. ჩვენ ყველანი მუდმივად ჩართულები ვართ ამ პროცესში. მე პირადად ნებისმიერი ბავშვის შესახებ ვფლობ ინფორმაციას, მათ ქმედებას, განვითარებას ვადევნებ თვალს და ვაწვდი მშობელს ინფორმაციას შვილის განვითარების ეტაპებზე. თუ რამე პრობლემაა ერთად გამოვნახავთ გზებს და ასე ერთობლივი ძალისხმევით და სპეციალისტების ჩარევით ხდება თითოეული დეტალის გამოსწორება.ანუ დროულად ხდება მშობლის ინფორმირება.

– რა პრობლემებზე საუბრობთ?

– შეიძლება ბავშვს ჰქონდეს რაიმე სახის შეფერხება განვითარებაში, – ასაკობრივი, ან სხვა ტიპის, ამის ერთგვარი დიაგნოსტირება ხდება ჩვენთან და მერე თუ საჭიროება მოითხოვს, სპეციალისტი მუშაობს.

– როგორც ვიცი მხიარული აქტივობებიც გაქვთ, სპეციალურად ბავშვის განვითარებაზე მორგებული გაკვეთილებიც, რაც ძალიან მომეწონა.

– დიახ, ეს გაკვეთილები ძირითადად  თამაშის ფორმით ხდება. თამაშ-თამაშით და ხალისით რაღაცის სწავლება ყველაზე მეტად შედეგიანია. აქ ბავშვები თავიანთი ხელით მოძრავ აპლიკაციებს და სათამაშოებსაც ამზადებენ.

ჩვენი პროგრამა დაყოფილია ასაკის შესაბამისად, 3-4 წლიანებს სხვა პროგრამა აქვთ, 4-5 წლიანებს სხვა და სასკოლო ბავშვებს სხვა… ყველა პროგრამა გაწერილი გვაქვს სპეციალისტებთან ერთად და მორგებული არის ბავშვის მენტალურ, ფიზიკურ განვითარებაზე. გარდა ამისა გვაქვს საინტერესო აქტივობები, ბავშვებს ძალიან უყვართ არტ თერაპია. ხატავენ, ძერწავენ, ქვიშაში თამაშობენ. თავადვე არიან ყველაფრის ორგანიზატორები და ამასთანავე არიან თავისუფლები. ქვიშის თერაპიას ყველაზე მეტად გამოარჩევენ. აშენებენ, ანგრევენ, მერე ისევ აშენებენ…  ხვდებიან რომ აქ თუ რაღაცას ისე ვერ გააკეთებენ და თავიდან არ გამოუვათ, ეს არ არის პრობლემა, შეუძლიათ დაანგრიონ და ხელახლა, სხვა რაღაც გააკეთონ.

– ანუ ფსიქოლოგიურად რომ განვიხილოთ, როდესაც მომავალში ცხოვრებისეული პრობლემა შეხვდებათ შეიძლება უფრო მარტივად გადალახონ და არა ძალიან მტკივნეულად.

– დიახ, რადგან ბავშვობაში ჩამოყალიბებული აზრ-ფორმები, ქვეცნობიერში ილექება და რეალურად ადამიანის მომავალს ქმნის. ამიტომ მომავალში შეიძლება ის, რასაც ჩვენ პრობლემას ვეძახით ისე რთულად არ მოეჩვენოს, ტკივილამდე არ მიიყვანოს შეცდომებმა… იფიქროს – დაინგრა, მაგრამ ამის აწყობა ხელახლა შემიძლია და ბევრად უკეთესადაც.

ბავშვის ქვიშაში თამაში სიმბოლური ენაა თვითგამოხატვისთვის. ქვიშაში თამაშის მანიპულირებით ბავშვს შეუძლია უფრო ადეკვატურად აჩვენოს, ვიდრე სიტყვებით გამოხატოს, თუ როგორ უკავშირდება საკუთარ თავს, მას შეუძლია ააშენოს რაღაც და დაანგრიოს, ამით ხომ არაფერი დაშავდება. ქვიშაში თამაში საუკეთესო თერაპიაა საკუთარი სურვილების განსახორციელებლად…

– როგორც ვიცი ლაშქრობებსაც აწყობთ

– დიახ, რადგან ლისზე ვართ, გარემო იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი დრო გავატაროთ გარეთ, ლაშქრობებიც მოვაწყოთ და ტყეშიც ვიაროთ. ანუ ფიზიკურად და ჯანსაღად განვითარდეთ. მითუმეტეს დღეს, ამ პანდემიის ფონზე არის ამის პრობლემა, ბავშვები გარეთ ვერ გადიან მიჯაჭვულები არიან, ტელეფონს, პლანშეტებს, გაჯეტებს… ჩვენი ბავშვები დღის მეტ ნაწილს სუფთა ჰაერზე ატარებენ, წვიმაშიც გარეთ ვართ. გვაქვს სპეციალური საწვიმრები და ბოტები მათთვის… მიწასთან და ბუნებასთან კონტაქტი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამყაროს შემეცნება ამ მოგზაურობებით, ლაშქრობებით, მცენარეებსა და ცხოველებზე  დაკვირვებით იწყება.

გვაქვს ასეთი მომსახურებაც, რადგან იპოდრომი ახლოს არის, გადაგვყავს ბავშვები და იქ ცხენებს უმეგობრდებიან. ჩვენი ბავშვები ცხენებზე პატარა ასაკიდან სხდებიან. ეს საკუთარი თავის რწმენას და თავდაჯერებულობას მატებს ბავშვს. უყვარდება ცხოველი, არა აქვს მისი შიში. ვფიქრობ, მომავალში ესეც ძალიან გამოადგებათ.

– ბაღისთვის გარემო ლისზე რატომ შეარჩიეთ?

– ეს არის თბილისთან ძალიან ახლოს, შემთხვევით არ ამირჩევია ეს ლოკაცია, ამ პანდემიის დროს სად შეიძლებოდა უკეთეს და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მოგვეწყო საბავშვო სივრცე? აქაური გარემო პირობები იმის საშუალებას იძლევა რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ბავშვს. აქ არის მეტი ჰაერი, მეტი მზე, მეტი D ვიტამინი, მეტი კონტაქტი ბუნებასთან… საღამოს როდესაც აქედან ქალაქში ჩავდივარ იქ გამონაბოლქვის საშინელი ბუღი დგას. აქ სუფთა ჰაერიც არის და ასევე ყველანაირი პირობა რაც ბავშვის ბედნიერებისა და განვითარებისთვის არის საჭირო.

– რა მესიჯს გაუგზავნის ბაღის დირექტორი საზოგადოებას?

– კარგი ბაღის ინდიკატორი არის გულწრფელი ურთიერთობები ბავშვებთან. ბავშვი ყველაზე მეტად გრძნობს ჯანსაღ, გულწრფელ და არაგულწრფელ ურთიერთობას. ჩემი მესიჯიც ყველასთვის ეს იქნება – ბავშვებთან ვიყოთ გულწრფელები. შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ვერ გავატაროთ  ჩვენს შვილებთან დრო, მაგრამ თუნდაც ერთი საათით გატარებული დრო უნდა იყოს გულწრფელად გატარებული დრო მათთან.

-გულწრფელობაში რას გულისხმობთ?

– თუ ბავშვთან ერთად ვთამაშობ და იქ არ ვარ მაქსიმალურად ჩართული და სხვა რაღაცაზე ფიქრობს ჩემი გონება და სხვა რაღაცით არის დაკავებული, ამას ბავშვი გრძნობს. თუ თამაშია იქ უნდა იყო ბავშვთან და უნდა თამაშობდე. თუ რაღაცას უხსნი მაქსიმალურად იქ უნდა იყო, სხვა რაღაცით არ უნდა იყოს მშობლის გონება დაკავებული, იმიტომ რომ ბავშვები გრძნობენ არაჯანსაღ ურთიერთობებს და მერე ამას ძალიან ცუდი შედეგები აქვს. ბავშვს ვერ მოატყუებ. გულწრფელობა ყველაზე ძვირფასი თვისებაა ადამიანში და სწორედ ეს უნდა ისწავლონ ჩვენგან.

არავის არა გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება ბავშვის აღზრდაში. იმიტომ რომ ეს შეცდომა  სამომავლოდ შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს, ყოველი შეცდომა ძალიან ცუდ კვალს ტოვებს…

თითოეულ ბავშვში უნდა ჩაიდოს მაქსიმალური ენერგია და შრომა, სადაც დასახმარებელია იქ უნდა დავეხმაროთ, რომ გავაბედნიეროთ და ამასთანავე ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ  იყვნენ წარმატებულნი, ზუსტად ეს განაპირობებს იმას, რომ ამ თაობამ მომავალში გააკეთოს ის რაც ჩვენ ვერ შევძელით…

და თუ სწორად აღვზრდით ბავშვს ეს მართლაც ასე იქნება. დიდი იმედი მაქვს რომ ეს თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალს შეცვლის. არაჩვეულებრივი თაობა მოდის, საოცარი ბავშვები არიან, რაღაცნაირად განსაკუთრებულები, ბევრად უფრო ლაღები, უფრო განვითარებულები და ჭკვიანები… თითოეულ ბავშვს ვუყურებ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს. აღმზრდელებსაც ამას ვეუბნები  – ესაუბრეთ მოწიწებით, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავალ მმართველს, არაფერი შეგვეშალოს!

როცა ჩვენს ბავშვებს სკოლაში ვუშვებთ სასკოლო მზაობაზე ბევრად მეტი აქვთ, იმდენად დამოუკიდებლები, ყოჩაღები, განათლებულები და ძალიან მაგარი ბავშვები არიან… ბედნიერია ის სკოლა, სადაც ეს ბავშვები მიდიან…

ხანდახან გული მწყდება, რომ მე არა მაქვს  სკოლა და ეს ჩემი ბავშვები რომლებთანაც ამდენი შრომაა ჩადებული ჩემთან არ რჩებიან… მინდა სამომავლოდ ეს სურვილიც განვახორციელო და სკოლა დავაარსო…

ის საქმე რასაც მე ვაკეთებ, რასაც ჩემი გუნდი და თანამშრომლები აკეთებენ, მარტო ჩვენთის და მარტო ბავშვებისთვის კი არა, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის კეთდება.  

საბავშვო ბაღი ჰობიტონი • Hobbiton Kindergarten

მსგავსი სტატიები

Leave a Comment