fbpx

23 წლის გოგოს მიღწეული მიზნები და დიდი გეგმები

ავტორი დეა თავბერიძე
2.3K ნახვა

იდეა, რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა, მაგრამ მაშინ მის განსახორციელებლად საკმარისი ფინანსები არ აღმოაჩნდა. თუმცა არ გაჩერებულა, მიზანი დაისახა, გეგმა შეადგინა და თითოეული დეტალი საკუთარ ფიქრებში დაამუშავა.

რამდენიმე დღის წინ კი ფიქრები რეალობად აქცია და ხელნაკეთი ჩანთების ონლაინგაყიდვა დაიწყო. პარალელურად რამდენიმე საქმესაც უძღვება. ერთ-ერთი პერმანენტულ მაკიაჟს უკავშირდება. ამ კუთხითაც სურს განვითარება და საკუთარი სტუდიის გახსნა. ამ სურვილის ასრულება აპრილში აქვს დაგეგმილი.  

პატარ-პატარა მიზნების გარდა, დიდი გეგმებიც აქვს გაწერილი. უკვე იცის, რამდენიმე წელში რა საქმეს გააკეთებს და როგორ. ამბობს, იმდენად ვარ მოტივირებული, ვერაფერი შემაჩერებსო. ჯერ კი მხოლოდ 23 წლის არის.

ნინო გერსამია: ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არასდროს მითქვამს უარი საკუთარ გეგმებზე, ზუსტად ამ დაჟინებისა და მოქმედების შედეგად განვახორციელე ის, რაც დაგეგმილი მქონდა.

რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ წამოწყებას რამდენიმე თვეში ჩავუყარე საფუძველი და ამით უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.

– რამდენიმე თვეში მიზნის მიღწევა რთული არ იყო?

– ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევდი, ამიტომაც ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია. ახლაც ასე მოხდა. სამყარო ხომ ერთი დიდი სასწაულია. მთავარია, სურვილი და რწმენა გქონდეს, საკუთარი თავის გჯეროდეს და ყოველთვის შეხვდები შენთვის საჭირო სიტუაციებსა და ადამიანებს… მეც, აი, ზუსტად ასე მოვხვდი საჭირო ადგილებში, საჭირო გარემოში და სამყარომ ის სიტუაციები გამომიგზავნა, რითაც ჩემი გარკვეული მიზნების განხორციელება შევძელი.

მიუხედავად იმისა, რომ განათლება სამართალმცოდნეობის კუთხით მაქვს მიღებული, ბიზნესის სფეროთი დავინტერესდი და ჩემი პროფესია დროებით გვერდზე გადავდე. ღირებულებები შემეცვალა, ბევრი რამ გადავაფასე და გადავწყვიტე, მეკეთებინა ის, რაც სიამოვნებას მანიჭებდა… დღეს ასეა, მერე რა იქნება, არ ვიცი. ვნახოთ.

– როგორ იქმნება თქვენი ჩანთები?

– ვცდილობ, ისეთი დიზაინის ჩანთები შევქმნა, რომლებიც რაღაც კუთხით მაინც განასხვავებს მის მფლობელს სხვებისგან. თითოეულ ნამუშევარში მთელი გულია ჩადებული, აგრეთვე, უდიდესი შრომა და რესურსი. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული გემოვნების მქონე ნებისმიერი ქალბატონი იპოვის მისთვის სასურველ ჩანთას Niall-ში და ამით დიდ სიამოვნებას მიიღებს, რადგანაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის დადებითად დამუხტვა და მისი გაბედნიერება.

– რამ მოგცათ მოტივაცია?

– ჩემი მოტივაცია ჩემივე თავია. ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი გავხდე. ყოველთვის  ვიბრძვი ჩემი ოცნებებისთვის და მათ ასახდენად არც შრომას ვიშურებ და არც მოქმედებას. ვცდილობ, მუდმივად განვვითარდე, მეტი რამ ვისწავლო და მეტი გამოცდილება დავაგროვო. იმდენად მოტივირებული ვარ, რომ არასდროს ვაქცევ გარემოებებს ყურადღებას, რადგან ვფიქრობ, რომ სამყაროსთან ჰარმონიაში ვარ და ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ ხდება.

დღეს საქართველოში ბევრი ადამიანი მოსაწყენი სამუშაოს ან „ცუდი ცხოვრების“ გამო თავს უბედურად მიიჩნევს, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ იმ რეალობის შესაცვლელად, რომელშიც ცხოვრობენ.

ძირითადად ამბობენ: ყველაფერში ფინანსებია საჭირო, თუ ნაცნობობა არ გყავს, არაფერს აზრი არ აქვს და ასე შემდეგ… მაგრამ, თუნდაც ჩემი მაგალითიდან შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი კარის გასაღები ჩვენს ხელშია, მთავარია მონდომება. ნაცნობობისა და განსაკუთრებული ფინანსების გარეშეც მიიღწევა, მინიმუმ, სტაბილური მდგომარეობა.

მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ისე არსაიდან არაფერი მოდის, ყველაფერს შრომა და მოქმედება სჭირდება, რაც ბევრს ეზარება… წუწუნი ურჩევნიათ. არადა მეტი პოზიტივი უნდა გავუშვათ სამყაროში… აი, ზუსტად ეს მდგომარეობაა, ჩემი თვალთახედვით, ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი, მერე უკვე ყველაფერი მარტივად ხდება. მთავარია, შევამჩნიოთ ის სასწაულები, რასაც სამყარო გვიგზავნის.

– მომავალში რა მიზნები გაქვთ?

– ჩემი მიზანია, ეს მცირე წამოწყება გავაფართოო და უფრო მასშტაბური გავხადო. მომავალში ვაპირებ, ქართული ნაწარმი საზღვარგარეთ, სხვადასხვა გამოფენაზე წარვადგინო. ასევე,  ვფიქრობ ბევრ სიახლეზე, მათ შორის ტანსაცმლის დამატებაზეც. მინდა, მრავალფეროვანი გავხადო, რათა მომხმარებლებს მეტი არჩევანი ჰქონდეთ.

– იმ ადამიანებს რას ეტყვით, რომლებსაც ოცნებების ხორცშესასხმელად ცოტა ბიძგი სჭირდებათ?

– მინდა ყველას ვუთხრა, უკლებლივ ყველას, რომ საკუთარი ოცნებები არასდროს დათმონ. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში არსებობს გამოსავალი.

ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელშია, შეგვიძლია ისე ვმართოთ, როგორც გვინდა. მთავარია, გულწრფელები და მადლიერი ვიყოთ იმით, რაც გვაქვს. თუ ვფიქრობთ, რომ მოცემულ მომენტში რაიმე ჩვენთვის არასასურველი ხდება, ესეც ჩვენს სასიკეთოდაა, რათა გამოცდილება მივიღოთ. გამოცდილების გარეშე შეუძლებელია მწვერვალზე ასვლა.

ასევე, აუცილებელია, იმ გარემოსა და იმ ადამიანებს გავერიდოთ, რომლებიც თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულებით წარმატების მიღწევაში ხელს გვიშლიან. არასოდეს არავის არ უნდა მისცე ხელის შეშლის საშუალება. არცერთმა ადამიანმა არასდროს არ უნდა ჩაიქნიოს ხელი.
როგორც ვთქვი, ძირითადად ფინანსების არარსებობაა ხოლმე პრობლემა, ან უმოქმედობა. ზოგჯერ უნდა შეეწინააღმდეგო შენს თავს და გამოაფხიზლო, უნდა ამოქმედდე, მოქმედება აუცილებელია. რაც შეეხება ფინანსებს, მცირედით იწყება ყველაფერი. მთავარია, მოინდომო, დაიწყო, მთელი გული ჩადო საქმეში და სიკეთითა და სიყვარულით აკეთო, დანარჩენი უკვე თავისით ხდება…

– ანუ ოცნებებზე უარი არ თქვან?

– არასდროს! არასდროს, არცერთ სიტუაციაში არ უნდა თქვან ოცნებებზე უარი.

ახლა რომ კითხვებზე გპასუხობთ და თქვენს ჟურნალში ჩემს შესახებ დაწერთ, ესეც ჩემი ახდენილი ოცნებაა.

არ შემიძლია, პატივისცემა და მადლიერება არ გამოვხატო თქვენი გამოცემის მიმართ. ყოველთვის აქტიურად ვადევნებდი თვალს თქვენს სტატიებს და ჩემს წარმატებებში თქვენი წვლილიც დიდია. ყოველთვის საინტერესო და განსაკუთრებულად ღირებულ ინფორმაციებს ვიღებდი არა მხოლოდ მიზნების მიღწევაზე, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაზე. ზოგადად, ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა თქვენი ჟურნალი და უდიდესი მადლობა თქვენ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩემთან ერთად ბევრს დაეხმარეთ ცხოვრების შეცვლაში.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment