როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი და როგორ გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა, როგორ გავხდეთ კიდევ უფრო ენერგიულები და კიდევ უფრო ჯანმრთელები? ის, რაც ბევრმა არ იცის და რაც აბსოლუტურად ყველას გვჭირდება.
jolo.ge-ს სტუმარია ჯანსაღი კვების სპეციალისტი, აიურვედა თერაპევტი და ორთომოლეკულური დიეტოლოგი მანანა სულაკაძე, რომელიც ხალხური მკურნალობის საუკუნოვან მეთოდებზე გვესაუბრება.
გსმენიათ რამე ჰოლისტიკური, აიურვედა და ორთომოლეკულური თერაპიის შესახებ?! ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს ინტერვიუ თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება.

მანანა სულაკაძე პროფესიით ბიოლოგი გახლავთ. ის უკვე ოცდასამი წელია ბელგიაში ცხოვრობს. ცამეტი წელია ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობს და პროდუქციის ხარისხს ამოწმებს. ჰოლისტიკური თერაპიის შესწავლა 2017 წლიდან დაიწყო. თავიდან წონის კორექციის სპეციალისტი გახლდათ, შემდეგ, აიურვედა და ორთომოლეკულური თერაპია შეისწავლა და ადამიანების მკურნალად იქცა. დღეს უკვე უამრავ ადამიანს ეხმარება გაჯანსაღებაში. ბავშვობის ოცნება ავიხდინე და მივხვდი გვიან არასოდეს არაფერი არისო, -ამბობს. ამაზე ცოტა ქვემოთ… მანამდე კი დეტალურად იმ საქმიანობის შესახებ , რომელიც ბუნებრივი მეთოდებით მკურნალობასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მოგვითხრობს.
-მანანა, მოდით, პირველ რიგში, ჩვენს მკითხველს განუმარტეთ რა არის და რას მოიცავს ჰოლისტიკური თერაპია, საქმე, რომლითაც თქვენ ხართ დაკავებული?
-ჰოლისტიკური თერაპია ზოგადად დიდი თემაა. მოიცავს როგორც ნატუროთერაპიას, ასევე აიურვედას, რაც გულისხმობს ბუნებრივი მეთოდებით მკურნალობას და ხდება სხვადასხვა გზით. მე დაინტერესებული ვარ კონკრეტულად, აიურვედა და ორთომოლეკულური თერაპიით. ორთომოლეკულური თერაპია შედარებით ახალი მიმდინარეობაა, რომელშიც შედის იგივე ბუნებრივი მეთოდებით და საკვებით მკურნალობა. ორგანიზმში უჯრედულ დონეზე ხდება ჩვენი ბუნებრივი მინერალების და ელემენტების აღდგენა, რაც შემდეგ საშუალებას აძლევს ორგანიზმს თვითონ ბუნებრივად გამოჯანმრთელდეს და გაჯანსაღდეს.
-აიურვედა თერაპია რას გულისხმობს და ამ დროს როგორ და რა მეთოდით ხდება მკურნალობა?
-აიურვედა თერაპია სათავეს ინდოეთიდან იღებს. დოკუმენტაციითა ხუთი ათას წელს ითვლის, იქამდე რა ასაკის იყო ეს დაზუსტებით არავინ იცის. აიურვედა თერაპია მოიცავს- სულიერ, მენტალურ და ფიზიკურ მკურნალობას, რაც გულისხმობს ადამიანის სულიერი, მენტალური და ფიზიკური სხეულის ჰარმონიასა და ბალანსში მოყვანას, ერთმანეთთან თანხვედრას და ამის მიხედვით ადამიანის გაჯანსაღებას ისევ ნატურალური მეთოდებით. კვება, ორგანიზმის წმენდა, მასაჟები. აიურვედა ასევე ძალიან კარგად იყენებს იოგას და მედიტაციას. ეს ყველაფერი შერწყმულია ერთმანეთთან. აიურვედაში განასხვავებენ ადამიანის სამ დოშა ტიპს.

– რა არის დოშა?
– დოშები, – ადამიანის ენერგეტიკული მდგომარეობა და სასიცოცხლო ძალაა. მათი დისბალანსი და წონასწორობიდან გამოსვლა ავადმყოფობებს იწვევს. ჯერ უნდა დადგინდეს რომელი დოშა აქვს ადამიანს კონკრეტული მომენტისთვის, რადგან დოშები ცვალებადია, შეიძლება იყოს ძალიან გაზრდილი, ან შემცირებული. შემდეგ კი შესაბამისი კვებით და დახმარებით ხდება ამ ადამიანის ბალანსში დაბრუნება. ადამიანის ფიზიკური, მენტალური და სულიერი ჯანმრთელობისთვის სამივე დოშა უნდა იყოს ბალანსში.
– დოშების დადგენა სად და როგორ ხდება?
– დოშების დადგენა მეც შემიძლია, როგორც აიურვედას თერაპევტს. დოშების დადგენა ხდება როგორც პულსის მიხედვით, ასევე კითხვა-პასუხის მიხედვითაც, კითხვების მეშვეობით ირკვევა თუ რა მდგომარეობაშია ადამიანის ფიზიკური სხეული.
-მე გავეცანი თქვენს ძალიან საინტერესო გვერდს, სადაც დაბერების საწინააღმდეგო მეთოდზეც საუბრობთ…
– დიახ, ეს გახლავთ ნატუროთერაპიის მეთოდი. თუ ადამიანი იკვებება ჯანსაღად, ვითარდება სულიერად, მენტალურად ჯანმრთელია, ანუ მისი ფიქრები არის პოზიტიური, ამ შემთხვევაში ჩვენი დაბერების პროცესი რამდენიმე წლით გადაიწევს. ყველას შეგვიძლია რომ ჩვენი ფიზიკური, მენტალური და სულიერი ახალგაზრდობა გავახანგრძლივოთ, ვიყოთ მოქნილები, ჯანმრთელები, კონცენტრირებულები და ბედნიერები. ამისთვის მთავარი ფაქტორია კვება და ფიზიკური აქტიურობა. კვების გარეშე, მხოლოდ ფიზიკური აქტიურობა ახალგაზრდობას ვერ გაგიხანგრძლივებს, ვერც მხოლოდ კვებით მიიღებს ადამიანი შედეგს, თუკი ფიზიკურად უმოძრაოა. ეს ყველა ბალანსი უნდა იყოს თანხვედრაში, რომ ენერგიულები, ჯანმრთელები და ახალგაზრდები ვიყოთ.
– თქვენ როგორ ეხმარებით ადამიანებს სასწავლო კურსი გაქვთ, თუ ინდივიდუალურად შეიძლება თქვენთან მოსვლა, გასაუბრება და სქემის შედგენა? და რა თანხებთან არის ეს დაკავშირებული?

– თუკი ადამიანი ჩემთან დასახმარებლად მოდის, პირველი გასაუბრება უფასოა. მთავარია გავიგო, – რა სურს ადამიანს. მისი ჩივილებიდან გამომდინარე, ვთავაზობ რა არის კარგი და უმჯობესი მისთვის. თუ ადამიანს შევატყობ, რომ მის ორგანიზმს აქვს რომელიმე მინერალის, ან ელემენტის დეფიციტი, ან კვება აქვს არეული, ვაძლევ მიმართულებას, როგორ უნდა აღმოფხვრას ეს პრობლემა და მივიდეს სასურველ მდგომარეობამდე. ამის მიხედვით იწყება მასთან ინდივიდუალური მუშაობა. ამ ბოლო დროს, დიდი თხოვნების გამო, ვცადე გამეკეთებინა ჯგუფური თერაპიის კურსი, სადაც კვებითი ჰორმონების დაბალანსება ხდება, იმ ჰორმონების, რომელიც მეტაბოლიზმში იღებს მონაწილეობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოცდაათ წელს გადაცილებული ქალებისთვის. ასევე სისხლის ჯგუფების მიხედვით ხდება კვების გაუმჯობესება.
– ეს რას ნიშნავს?
– სისხლის ჯგუფების მიხედვით დადგენილია, თუ რომელი საკვებია ჩვენთვის შესაფერისი და რომელი არ იწვევს ანთებით პროცესს ჩვენს ორგანიზმში. თუ საკვები ანთებით პროცესებს იწვევს, რაც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენს ორგანიზმს სასურველ ფორმაში ვერ მოვიყვანთ, ეს იქნება ენერგიის, თუ წონის მხრივ. დიდი მოთხოვნის გამო, ეს პროგრამები რამდენიმეჯერ გავიმეორე. თებერვლიდან დავიწყე მეოთხე პროგრამა. აპრილში იქნება მეხუთე. ამ პროგრამას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მჟავა ტუტოვანი ბალანსის აღდგენას ეხება, მარათონის სახე მივეცი.
ეს არის უნიკალური მარათონი და თუ მას ადამიანი წელიწადში ორჯერ (გაზაფხულსა და შემოდგომაზე) გააკეთებს, ორგანიზმს ძალიან წაეხმარება.

-რამდენ დღიანია ეს პროგრამა-მარათონი?
– ორ კვირიანი. ამ დროის მანძილზე ინტენსიური მუშაობით, ჩვენს ორგანიზმს ვწმენდთ მჟავამეტაბოლური ნარჩენებისგან. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, – მე ჯანსაღად ვიკვებები და ეს არ მჭირდებაო, შეიძლება ვიღაც ვეგანია და მხოლოდ მცენარეული და ტუტე საკვებით იკვებება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი… დღეს, ეკოლოგიური პირობები ისე არის დაბინძურებული, ისეთ ცუდ გარემოში გვიწევს ცხოვრება, რომ ამ კურსის ჩატარება დროდადრო ყველასთვის აუცილებელია. თუნდაც იმის გამო, რომ მოწამლული გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს ვსუნთქავთ, ან პლასტმასის ბოთლებიდან მივირთმევთ წყალს, რაც არაეკოლოგიურია.
დიდი მნიშვნელობა აქვს კოსმეტიკურ საშუალებებსაც, მათი 99% დამზადებულია ქიმიური ნაერთებით, რომელიც ჩვენს ორგანიზმში იწვევს მჟავამეტაბოლური ნარჩენების დაგროვებას. თუნდაც ის საწმენდი პროდუქტები, რასაც ქალები აქტიურად ვიყენებთ სახლში. ეს ყველაფერი ჩადის ჩვენს ფილტვებში და ხვდება ჩვენს ორგანიზმში.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმასაც თუ რით და როგორ ვიკვებებით. რადგანაც არსებობს საკვები, რომელიც არის მჟავა კოეფიციენტებით და ტუტე კოეფიციენტებით. დღეს თუ გადავხედავთ ჩვენს მენიუს, ჩვენი საკვების 75-80 % შეადგენს მჟავა საკვებს, რომელიც ამჟავებს ჩვენს ორგანიზმს. შეიძლება კლასიკური მედიცინის წარმომადგენელი შემედავოს, – ჩვენს ორგანიზმს აქვს ბუნებრივი ორგანოები, რომლებიც გამოდევნის ამ მჟავებს და აბალანსებსო. მაგრამ იქედან გამომდინარე რომ ასეთი დიდი დოზით ვიღებთ მჟავა კოეფიციენტის მქონე საკვებს, რომ ეკოლოგიური პირობები ასეთი დაბიძურებულია და ასეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, ჩვენს ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება დახმარება, რომ არ გამოიწვიოს ისეთი ჩივილები, როგორიცაა- ენერგიის არქონა, ქრონიკული დაღლილობა, პოდაგრა, მარილების წარმონაქმნები თირკმელებში, ჰალიტოზი, მძაფრსუნიანი ოფლიანობა… ამ პროგრამის შემდეგ მონაწილეები აშკარად იგრძნობენ მდგომარეობის გაუმჯობესებას და ისწავლიან, მომავალშიც თუ როგორ უნდა მოექცნენ სხეულს.
– როგორ წარიმართება მარათონი, საკვებ მენიუს თქვენ ადგენთ თუ როგორ ხდება?
-მარათონი 14 დღის განმავლობაში დახურულ ჯგუფში გაიმართება, რომელსაც მე გავუძღვები. 24 საათიანი მიმოწერითი კონტაქტი მექნება ჩემს მონაწილეებთან. რაც შეეხება საკვებს და სასმელს, ჩემს მიერ არის შედგენილი. ძირითადად ტუტე კოეფიციენტის მქონე საკვები სჭარბობს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მხოლოდ ტუტე საკვებით არ შეიძლება ადამიანის ორგანიზმის გამოკვება, რადგანაც გატუტიანება ისევე მავნებელია ორგანიზმისთვის, როგორც ზედმეტი მჟავა ნარჩენები. ამიტომ დაცული უნდა იყოს ბალანსი. ეს ბალანსი არის 80/20 -ზე. 80% ტუტე და 20% მჟავა საკვები, ეს არის იდეალური ვარიანტი.
-ვინც ამ მარათონში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ვინც წაიკითხავს სტატიას და ამ ყველაფრით დაინტერესდება, თუ შეიძლება მათაც რომ მივცეთ რჩევა, როგორ ვიკვებოთ, რას გულისხმობს სწორი კვება და ზოგადად რა უნდა გავაკეთოთ?

-მე ყოველთვის ვითვალისწინებ ასეთი ადამიანების ინტერესებს, ვინც დროის უკმარისობის, ან სხვა ფაქტორის გამო ვერ იღებს პროგრამაში მონაწილეობას. როცა ადამიანს სურვილი აქვს იცხოვროს ჯანმრთელად, ყოველთვის მზად ვარ ასეთ ადამიანს დავეხმარო. ამიტომ მათთვის, ამავე, ღია ჯგუფში “მჟავა ტუტოვანი ბალანსი”, გავაკეთე პირდაპირი ჩართვა, სადაც დაწვრილებით ვსაუბრობ თუ რა ჩივილები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს თუ მჟავა ტუტოვანი ბალანსი დარღვეულია ორგანიზმში და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ. ხოლო მათთვის ვინც ინსტაგრამის მომხმარებელია გვერდის გამოწერისთანავე აბსოლუტურად უფასოდ მიიღებს PDF ფაილს, იმ საკვების ჩამონათვალით, რომელსაც აქვს მჟავა და ტუტე კოეფიციენტი. დაინტერესებულ ადამიანებს, შეუძლიათ ეს ფაილი გადმოწერონ და იმის მიხედვით იხელმძღვანელონ, როგორც ზემოთ აღვნიშნე 80/20 ზე პრინციპით. ამგვარად შესაძლებელია აბსოლუტურად დამოუკიდებლად დააბალანსოს ყველამ თავისი კვება, შეიძლება დროში გაიწელოს, მაგრამ თუ სტაბილურად გაყვებიან ასეთ კვებას, ორ კვირაში საგრძნობ შედეგს მიიღებენ. ეს არ უნდა მოხდეს ოღონდ ერთჯერადად, ასეთი კვების ცხოვრების სტილად დასახვა მიზნად უნდა აქციონ.
-თქვენს გვერდზე კომენტარებს გადავავლე თვალი, საკმაოდ კარგი შედეგები გაქვთ და ბევრი ადამიანი გემადლიერებათ.
-ძალიან მახარებს და მაბედნიერებს ასეთი უკუკავშირები. ხვდები რომ ამისთვის ღირს შრომა და თუნდაც არსებობა, რომ ვიღაცას რაღაცა ვარგე. საოცარი გამოხმაურებებია “ჰორმონების ბალანსის” პროგრამიდან. დღეს პანდემიასავით არის უენერგიობა და სტრესი მოდებული. ამის გამო, ადამიანი, როგორც იტყვიან, მოჯადოებულ წრეზე დადის. როგორც აღნიშნავენ, მიღებული შედეგით ძალიან ბედნიერები არიან, სად ვიყავი აქამდე, რა კარგი ყოფილა ჯანსაღი კვებაო.
მეც ბედნიერი ვარ… ბავშვობიდან, რაც მეხსიერება მაქვს, სულ მინდოდა რომ ექიმი ვყოფილიყავი. როდესაც ოჯახში ვინმე ავად ხდებოდა, მათი დახმარება უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. სამედიცინო უნივერსიტეტში ავადსახსენებელი 90-იანი წლების გამო ვერ ჩავაბარე, მაგრამ ჩავაბარე ბიოლოგიურზე, ადამიანის ანატომიის განხრით.

2013 წლიდან კი პიროვნული ზრდის მიმართულებით დავიწყე განვითარება. უამრავ პროგრამასა და პროექტში მივიღე მონაწილეობა, რასაც ჩემი ოცნებების ახდენას ვუმადლი. ჩემი ნამდვილი მოწოდების პოვნაში პიროვნული განვითარების ტრენინგებმა დიდი როლი ითამაშა. ვთვლიდი რომ უკვე გვიან იყო სამედიცინო უნივერსიტეტში აქ ჩაბარება. უცხოეთში ცხოვრება, ორი შვილი, სამსახური, მეუღლე, ოჯახი… და უბრალოდ დრო არ მქონდა ფიზიკურად ამისი, რომ ჩემი ეს ოცნება ამეხდინა. სწორედ ამ ძიების შედეგად მივაგენი და ავირჩიე ეს სპეციალობა. შემეძლო ადამიანებს დავხმარებოდი და ეს იყო მთავარი. როდესაც თანდათან შევედი სწავლის პროცესში, იმდენად მომეწონა რომ მივხვდი, ეს უფრო იყო ჩემი შინაგანი მოწოდება, ვიდრე კლასიკური მედიცინა. დღის ნებისმიერ დროს, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, როდესაც წიგნს ვიღებ ხელში, ან კომპიუტერთან ვჯდები და ვიწყებ ამ საკითხზე მუშაობას, მომენტალურად ყველა დარდი და პრობლემა მავიწყდება. ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჰოლისტიკური თერაპია იმდენად ამოუწურავი თემაა, გზადაგზა ვავითარებ ამ პროფესიას. ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება და ბოლო წლებში, ბელგიაში, საშუალება მომეცა, რომ ეს ოცნება რეალობად მექცია.
-თქვენი მაგალითიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არასოდეს არ არის გვიან და ყოველთვის შეიძლება აიხდინო ოცნება… ასეა?
-გეთანხმებით, მიუხედავად ჩემი ასაკისა, მე ეს შევძელი. თუკი გაბედავს ადამიანი, თუკი ასაკს და დატვირთულ გრაფიკს არ დაუწყებს ყურებას, შეიძლება ძალიან შორეული ოცნებაც კი რეალობად აქციოს. ამ ძიების პროცესში, შემოვლითი გზებით, ბოლოს მაინც იმ ფუძემდე მივდივართ, რაც ჩვენ ასე ძალიან გვინდა.

-მანანა, რას უსურვებდით ადამიანებს, ზოგადად, აი, იმ კუთხით, რა სფეროშიც თქვენ ხართ?
-ადამიანებს პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ. იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე და ცხოვრებაში პირველ ადგილზე საკუთარი ჯანმრთელობა დააყენონ. თუ ფიზიკური, მენტალური და სულიერი სხეული ადამიანს არა აქვს ჯანმრთელი, იქ უკვე მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არის ხანგრძლივი პროცესი.
ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ორგანიზმის გაჯანსაღება და ჯანსაღი კვება არ ხდება ერთ თვეში, ამიტომ ნუ დაელოდებიან ორშაბათს, დაიწყონ დღესვე, პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ დაიწყონ დღესვე.
დეა თავბერიძე
ნინო გონგაძე
გადადი გვერდზე და მიიღე უფრო მეტი ინფორმაცია ჯანსაღი კვება & აიურვედა თერაპია