fbpx

1 დღეში გამომუშავებული 16000 ლარი – ეს საქართველოში მოხდა!

ავტორი დეა თავბერიძე
8585 ნახვა
0 კომენტარი
5

მინდა გაგაცნოთ გოგონა, რომელმაც საქართველოში რამდენიმე დღის წინ ერთ დღეში 16000 ლარი გამოიმუშავა. დიახ, არ მოგესმათ, ნამდვილად საქართველოში და ნამდვილად 16000 ლარი ერთ დღეში.

უცნაურია არა?

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად განიხილება, 26 წლის გოგონა თავისი პროფესიით ერთ დღეში გამოიმუშავებს თანხას, რომელიც ზოგიერთისთვის ერთი, ორი ან საერთოდ სამი წლის ხელფასია.

„ჟოლოს“ რესპონდენტია ინსტაგრამმენტორი მარიამ ქათიბაშვილი – გოგონა ყველაზე მოთხოვნადი პროფესიით, საჭირო რჩევებითა და დაუჯერებელი ისტორიით.   

– მარიამ როგორია განწყობა?

– ფანტასტიკური, ერთხელ წავიკითხე, – ეცადე, დილიდან ყველას გაუღიმო და შეუძლებელია, ცუდი ადამიანი შეგხვდეს ან ცუდი რამ მოხდესო… წავიკითხე თუ არა, ჩემს თავზე გამოვცადე და გაამართლა. ამის შემდეგ, გარეთ რომ გავდივარ, ყველას ვუღიმი, არც კომპლიმენტების თქმა მერიდება. ზოგჯერ რაღაც უხერხულობასაც კი ქმნის ეს, მაგრამ ვიცი, როცა სხვას კარგ განწყობას ვუქმნი, ამით მეც დადებითი ემოციით ვივსები. ამიტომ ჯერ დღე არ მქონია, კარგი განწყობით დამეწყო და ცუდი რამ მომხდარიყო.

– თუმცა, ხომ არის ხოლმე გამონაკლისებიც, როდესაც დილიდანვე არ გაქვს სათანადო განწყობა?

– იმისთვის, რომ დღე კარგი განწყობით დავიწყო, დილიდან ბევრი რიტუალი მაქვს. ამ რიტუალებს თუ ჩავაგდებ, მაშინ რაღაც ისე არ მიდის, როგორც მე მინდა. ესეც ფსიქოლოგიური მომენტია, ალბათ.

– მოუყვები „ჟოლოს“ მკითხველს შენი რიტუალების შესახებ?

– ცოტა გიჟურია… დილით, როდესაც კბილებს ვიხეხავ, ჩემს თავს სარკეში ვესაუბრები, ვეუბნები, რამდენად კარგი გოგოა და რამდენი რამ შეუძლია.

ასევე მაქვს ორი დღიური, მადლიერებისა და მიზნების. დილით, ადგომისთანავე მადლიერების დღიურს ვავსებ, ძალიან წვრილმან რაღაცებზეც კი ვწერ, რომ მადლობელი ვარ და ამით ვხვდები, რომ ბევრი მიზეზი მაქვს მადლიერებისა და ბედნიერების. მიზნებს კი ყოველდღე ისე ვწერ, რომ წინა ფურცელს არ ვუყურებ, ამით იკვეთება, რა მინდა ყველაზე მეტად. ამ ორმა რვეულმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.

– მარიამ, როგორც ვიცი, შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ინსტაგრამზე მუშაობა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოში ეს პროფესია საერთოდ არ არსებობდა, ასეა?

– დიახ, ეს პროფესია რამდენიმე წლის წინათ ონლაინ, უცხოურ ბაზარზე ვისწავლე. მერე საქართველოში გადმოვინაცვლე. იქ, სადაც საერთოდ არ იცოდნენ ამ პროფესიის შესახებ. ძალიან მჯეროდა საკუთარი თავის და გამომივიდა.

– როგორც ვიცი, ამ სფეროში უამრავი ადამიანი ჩართე, „გაზარდე“ და დაასაქმე კიდეც.

– დიახ, ახლა ისინი ჩემი კოლეგები არიან და თავადაც ასწავლიან. მათი სტუდენტები ხუმრობენ, შენი შვილიშვილები ვართო. არის კიდევ ერთი ძალიან კარგი გოგო, ჩემი კოლეგა, მაგრამ როცა მე გამოვჩნდი, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ინსტაგრამმარკენტინგი და ინსტაგრამპროფესიები საერთოდ არ არსებობდა. პირველი ვიყავი, ვინც ამაზე დაიწყო ლაპარაკი. დღეს კი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა, რომელიც გაძლევს საკუთარი თავის რწმენასა და ფინანსებს.

– შენ თქვი, როცა ამ პროფესიას დავეუფლე, მიზნის დასახვიდან შვიდ თვეში სასურველი ბინა ვიყიდეო. როგორ ფიქრობ, ყველას შეუძლია იმ ფინანსურ მდგომარეობას მიაღწიოს, რასაც შენ მიაღწიე?

– არ ვფიქრობ, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ, ან რაღაც განსაკუთრებული ნიჭი და განსაკუთრებული IQ-ს მონაცემი მაქვს. არა! უბრალოდ, დისციპლინა მაქვს… დისციპლინა, მონდომება, სურვილი და შრომა ყველას აუცილებლად მიიყვანს სასურველ შედეგამდე. მე თუ გამომივიდა, სხვას რატომ არ უნდა გამოუვიდეს?

– ანუ წარმატების მოსაპოვებლად ეს ოთხი პირობაა საჭირო?

– წარმატებისთვის პირველ რიგში საჭიროა გავარკვიოთ, რა არის ჩვენთვის წარმატება, რადგან გონებას ზუსტი ნავიგაცია სჭირდება. ამის შემდეგ საჭიროა გეგმა, სტრატეგია, ამ გეგმას დეტალურად უნდა მივყვეთ, ისე რომ ყოველდღე რაღაც ახალი გავაკეთოთ ჩვენი წარმატებისთვის. ამისთვის საჭიროა დისციპლინა, რომლის გამოსამუშავებლადაც ძალიან დიდი დრო დამჭირდა. სხვადასხვა ექსპერიმენტს ვატარებდი… 10 დღე ილონ მასკის ცხოვრებითაც ვიცხოვრე.

– რთული იყო?

– საშინელება.

– რატომ?

– იმიტომ, რომ რობოტია. ერთხელ ვთქვი, ილონ მასკის ცხოვრებით თუ ვიცხოვრებ, ძალიან ბევრ რაღაცას მივაღწევ ცხოვრებაში, მაგრამ შევიშლები-მეთქი. თუმცა ამ ექსპერიმენტმა ბევრი რამ მასწავლა.

– რა გასწავლა ილონ მასკის ცხოვრებით ცხოვრებამ?

– შემაჩვია დილით ადრე გაღვიძებას. მეგონა, რომ დილის ძილზე უარს ვერასდროს ვიტყოდი, ჩემთვის იმდენად გემრიელია, მაგრამ ამაზეც დავძებნე ინფორმაცია, – ყვირილი დაგეხმარებათო და თვალებს გავახელდი თუ არა, წამოვდგებოდი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი, რომ გამოვფხიზლებულიყავი. კიდევ კარგი, მარტო ვცხოვრობ (იცინის). ცოტა არანორმალური რაღაცები მჭირდებოდა იმისთვის, რომ დღეს რა დისციპლინაც მაქვს, იქამდე მივსულიყავი. ახლა უკვე მაღვიძარას გარეშე ვდგები 7 საათზე და ვხვდები, რამდენ რამეს ვკარგავდი, როცა დილით ადრე არ ვდგებოდი.

ილონ მასკი ზუსტად 5 წუთში საუზმობს. შემდეგ, დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე, არანაირ არასაქმიან შეტყობინებას არ პასუხობს, ასევე არ პასუხობს ტელეფონს. მუდმივად მუშაობს. ამ შუალედში სადილსაც 5 წუთს უთმობს. მე კი ძალიან ნელა ვჭამ და ეს ჩემთვის ძალიან რთული გამოწვევა იყო.

5-წუთიანი ბლოკების სისტემა ძალიან გამომადგა. ეს არის, როდესაც საქმეს რამდენიმე ნაწილად ყოფ და ერთ კონკრეტულ საქმეს 5 წუთს უთმობ. 5 წუთი ხომ ძალიან ცოტა ჩანს, მაგრამ, როდესაც მარტო ერთ რაღაცაზე ხარ კონცენტრირებული, უკვე ბევრია. ამის დახმარებით პროექტზე, რომელზე მუშაობასაც ადრე 6 საათს ვანდომებდი, დღეს 3 საათი მჭირდება.

– კიდევ რა დაგამახსოვრდა ილონ მასკის ცხოვრებიდან?

– კვირაში ერთი დღე ოჯახის დღე აქვს, დღე, როცა საერთოდ არაფერს აკეთებს და დროს ოჯახთან ერთად ატარებს. ეს არის კვირა. ესეც გადავიღე, მეც წმინდა დღედ ვაქციე კვირა. 

– ახლა იმ გამოწვევაზე ვისაუბროთ, რომელმაც ერთ დღეში 16000 ლარი მოგიტანა, საიდან მოვიდა ეს იდეა და რამდენად ელოდი ამ შედეგს?

– ეს გამოწვევა ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ბლოგერს ეკუთვნის, რომელიც ძალიან მიყვარს თავისი ისტორიით. ნულიდან დაიწყო და ბევრ რამეს მიაღწია. ამ გოგომ 24 საათში 3 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა. ერთ დღეში ჩაერიცხა ეს თანხა, მაგრამ ამას ძალიან ბევრი დღის თუ წლის შრომა უძღვის წინ. მე თავიდან 5000 ლარს ვფიქრობდი, მერე შევცვალე, გადავედი 10 000-ზე და მართალი გითხრათ, ძალიან ვინერვიულე, ერთი მომენტი დავუშვი, იქნებ არ გამომივიდეს-მეთქი და მალევე ვეჩხუბე ჩემს თავს. ბოლომდე დავიჯერე, რომ გამომივიდოდა და გამომივიდა! თან არა 10 000, არამედ 16 000. ამ ფაქტმა ჩემში უდიდესი გარდატეხა მოახდინა. სიხარულისგან და ბედნიერებისგან ვიტირე.

– რით და როგორ გამოიმუშავე ეს თანხა?

– გამოვიმუშავე ჩემი პროფესიით, რომელიც დღეს ძალიან საჭიროა – ნებისმიერი ბიზნესი ონლაინზე გადმოდის. ინფლუენსერობა და ბლოგერობაც ხომ პროფესიაა დღეს, მათაც სჭირდებათ ჩემი დახმარება. შესაბამისად, ძალიან მარტივი ლოტები მქონდა.

მაგალითად, ერთი თვე გამოვიწერ შენს პროფილს, თვალს ვადევნებ შენს კონტენტს, მენტორი ვიქნები, დაგეხმარები შეცდომების გასწორებაში. ასევე, ჯგუფური კონსულტაცია, პირადი კონსულტაცია, კურსი… ჩემი პროფესია რასაც მოიცავს და რაც შემეძლო ჩემი ინფოპროდუქტი დამედო, ყველაფერი ლოტების სახით დავდე იმ დღეს.

– შემდეგი გამოწვევა რა იქნება?

– შემდეგი გამოწვევა უფრო გაბრაზებიდან მოდის.

ძალიან დიდი პროექტი დავწერე, რომელიც საქართველოში უნდა გამეკეთებინა, მაგრამ უსამართლობის გამო არ გამოდის. უფრო პატრონიანი ხალხი არსებობს, ვიდრე მე ვარ და ამან ძალიან გამაბრაზა. რაღაც მომენტში თითქოს მოტივაციაც დავკარგე, მაგრამ პირობა დავდე, რომ ამ პროექტს აუცილებლად გავაკეთებ. შეუძლებელს შევძლებ, რომ დავდო ინსტაგრამზე და ვთქვა, – გამომივიდა! ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აქ ფინანსური სარგებელი არაა, ამას უფრო ქველმოქმედების სახე ექნება.

– როგორც ვიცი, ამ 16000 ლარიდანაც თანხის ნაწილი ქველმოქმედებაში დაიხარჯა.

– დიახ, ასე მოხდა. როცა ჩემს პატარა დაიკოსთან, მართასთან, მივედი და ვკითხე, რაში დავხარჯოთ ფული-მეთქი. მითხრა, ბავშვთა სახლის ბავშვებს საჩუქრები მივუტანოთ და მხიარული საღამო მოვუწყოთო. გასართობ ცენტრს დავუკავშირდით, საჩუქრები შევარჩიეთ და ანიმატორებთან ერთად ბავშვებს ძალიან კარგი საღამო მოვუწყვეთ. ზოგადად ჩემი შემოსავლის 20% ქველმოქმედებაში მიდის. ამას საამაყოდ არ ვამბობ, უკან ყოველთვის ათმაგი მიბრუნდება. უბრალოდ, როცა ამის საშუალება არის, უნდა გააკეთო, უნდა გასცე. ინსტაგრამზეც ხშირად ვათამაშებ ფულს, რაც, რა თქმა უნდა, აქტიურობის გაზრდაშიც მეხმარება. სიტყვები – „მარიამ, როგორ გამახარე“, დიდ სიამოვნებასა და ბედნიერებას მანიჭებს.

– რას ეტყვი იმ ადამიანებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი ყოფით და ამბობენ: რომ არა საქართველო, ბევრად უკეთ ავაწყობდი ცხოვრებასო. ან რას ეტყვი მათ, ვინც უფულობის გამო დეპრესიაშია?.. ანუ შეიძლება საქართველოში ფულის გამომუშავება?

– 21-ე საუკუნეში რა მნიშვნელობა აქვს, სად ცხოვრობ?

ზოგადია, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, შევიყვაროთ საკუთარი თავი და პატივი ვცეთ. პატივისცემა იქნება მაშინ, როდესაც ვიღაცისთვის კი არ ვიმუშავებთ, არამედ საკუთარი თავისთვის.

თუნდაც დილის 7 საათზე გავიღვიძებთ, გეგმას გავწერთ, ვიმოქმედებთ, ახალ პროფესიას შევისწავლით, ბოლომდე ვირწმუნებთ, მთელი გულით გავაკეთებთ…

ინტერნეტსივრცე ძალიან დიდია… შედით გუგლში და ეძებეთ. მეც ასე გუგლით ვიპოვე ეს პროფესია. ვეძებდი საქმეს, რომელიც დღეს მოთხოვნადია, განვვითარდებოდი და შემოსავალი ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული… უნდა ეძებო და აუცილებლად იპოვი.

ვისაც დეპრესია აქვს, ზუსტად ვიცი, ექნება საამისოდ მიზეზი, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რომ ბედნიერი იყოს. უბრალოდ, ეს არ იცის. ამისთვის არის კარგი სულიერი და მენტალური განვითარება, მედიტაციები… ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, მედიტაციამდე და მედიტაციის შემდეგ. მედიტაციები ძალიან ეხმარება ადამიანს, რომ დეპრესიიდან გამოვიდეს.

– შენ თავად თუ გქონდა ფულთან დაკავშირებული პრობლემები? და თუ გქონდა, როგორ გაუმკლავდი?

– ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან არის, ომის შემდეგ თბილისში ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. თავდაპირველად, სარდაფში ვცხოვრობდით, ვირთხრბთან ერთად, მაგრამ მამაჩემი არ ჩერდებოდა. აფხაზეთში წარმატებული კაცი იყო და აქაც დაიმკვიდრა სახელი. იშრომა, ორივე შვილს არაფერი მოგვაკლო, გვასწავლა და იმ ყველაფრით უზრუნველყო ოჯახი რაც გვჭირდებოდა. შემდეგ მესამე და შეგვეძინა, მართა. მამაჩემიც ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ყველაფერი დაიწყო ნულიდან, ალბათ გამოწვევების მიღება და მათი გამკლავებაც გენეტიკურია.

მშობლების თაობას არ უყვარს ფული, სჭირდებათ, მაგრამ არ უყვართ…

ფულიანი ადამიანებიც ადრე ცოტა ბოროტებად აღიქმებოდნენ… ეს დამოკიდებულებები ბავშვობიდან ტრიალებს ჩვენს თავში, ამის გამო ჩნდება ბლოკები, რომ ფული ცუდია, რომ ფული არ შეიძლება გიყვარდეს. ბევრი მწერს, რატომ გიყვარს ასე ფულიო. რატომ არ უნდა მიყვარდეს? ფულით იყიდი ყველაფერს, ჯანმრთელობასაც ფულით იყიდი. როდესაც ცუდად ხარ, გჭირდება, რომ შენს თავს სათანადოდ მიხედო. იმისთვისაც საჭიროა, რომ კომფორტულად იყო საყვარელ ადამიანთან და საზრუნავი არ გქონდეს ფულსა და ყოველდღიურ წვრილმანებზე. ფული მნიშვნელოვანია. მე, მაგალითად, მქონდა ბლოკები იმის, რომ ფული ხელის ჭუჭყია, და იმის, რომ მე მდიდარი ვერასდროს ვიქნებოდი. თან ამას კოსმოსში ვუშვებდი და აუცილებლად ასეც მოხდებოდა, ეს განწყობები რომ არ შემეცვალა. ძალიან დამეხმარა ფულის მედიტაცია. ამასთანავე, ძალიან გამიმართლა ჩემს პირველ პროფესიაში, ფსიქოლოგი ვარ და ფსიქოლოგია და საკუთარი თავის შეცნობა დამეხმარა, გამეგო, რა ბლოკები მქონდა, რომ შემდეგ ამაზე მემუშავა.

– კიდევ რაში დაგეხმარა ფსიქოლოგობა?

– გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ორი პროფესიით ისეთი პროდუქტი შემექმნა, რომელსაც ვერავინ შექმნიდა. შესაბამისად, ჩემი კურსი არ არის მხოლოდ ინსტაგრამპროფესია, სთორი მენეჯერი, მანდ არის ძალიან ბევრი დეტალი ნეირომარკეტინგის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს ორი მაქვს გაერთიანებული და შევქმენი უნიკალური პროდუქტი, რომელსაც გარდაუვალია, შედეგი არ ჰქონდეს.

– რამდენ ხანში მოაქვს სთორი მენეჯერის კურსს შედეგი და რა არის ეს შედეგი?

– ძალიან ბევრი კურსის დასრულებამდე გამოიმუშავებს თანხას. ამ კურსში მაქვს 10 მოდული და თითო მოდულის დასრულების შემდეგ შემოსავალი იზრდება. მაგ: ერთ მოდულში ვსწავლობთ კონტენტ გეგმის გაწერას, რომელიც ღირს თვეში 300 ლარი, შემდეგ სთორი თამაშების დამზადებას. ერთი თამაში ღირს 50-იდან 200 ლარამდე. მერე გასართობი კონტენტის შექმნას, ესეც 50-იდან 200 ლარამდეა… შემდეგ ვიდეომონტაჟს…

– და ამ ყველაფერს შენ ასწავლი?

– დიახ, მე ვასწავლი და ჩემი ყოფილი სტუდენტები მუშაობენ პროფილებთან. შევქმენი გუნდი, ჩემი კურსის მიზანი არა მარტო ფინანსები იყო, არამედ გუნდის შექმნა და სწორი ადამიანების მოზიდვა იმისთვის, რომ დიდ პროექტებზე გავიდე. ასევე მაქვს დასაქმების პროგრამა, დღეში 3-5 შეტყობინება მაინც მოდის, – მარიამ მჭირდება კარგი სთორი მენეჯერი; მარიამ, ვიღაცა გამომიგზავნე. ვნახულობ, ვის რა შედეგი აქვს, ვის რა კონტენტი მოუხდება და ვაკავშირებ ერთმანეთთან. ცოტა სასაცილოა, მაგრამ არანაირი პროცენტული სარგებელი არ მაქვს ამაში. ძალიან მიხარია, ჩემი სტუდენტები რომ ჩანან და მადლობებს მწერენ კომპანიები, რაც ბევრჯერ ყოფილა. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

სტუდენტები

ასევე ვამზადებ ვიზუალ მენეჯერის კურსს, რომელიც იქნება სამთვიანი, თითქმის მზადაა, პატარა დეტალები დამრჩა. ამ კურსზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვმუშაობ. ეს იქნება გარდატეხა. აქ არ იქნება მხოლოდ პროფესიის შესწავლა, იქნება ფიქრების ძალა, აზროვნების დამუშავება. დროის მენეჯმენტის მოდული, სადაც ისწავლიან, როგორ გადაანაწილონ ეს ყველაფერი და სამ თვეში, კურსის დამთავრების შემდეგ, საერთოდ სხვა ადამიანები იქნებიან. 

– მარიამ, 26 წლის ასაკში ბევრ დასახულ მიზანს მიაღწიე, გამოწვევებს გაუმკლავდი, შექმენი სამუშაო ადგილები, მოტივაციას აძლევ ბევრ ადამიანს… როგორ ფიქრობ, რამდენად წარმატებული ხარ?

– ამაზე, სიმართლე გითხრა, არც მიფიქრია, ბედნიერი ვარ… და ეს არის ჩემთვის საკმარისი… ჯერ მგონია, რომ წარმატებისთვის დიდად არ მიმიღწევია, იმიტომ რომ უფრო დიდი კომფორტის ზონიდან გამოსვლა მჭირდება, ჯერჯერობით პატარა ნაბიჯებით მივდივარ.

ალბათ, ძალიან დავამუშავე ჩემი გონება, რომ ეს ყველაფერი დიდ მიღწევად არ მომჩვენებოდა, მაგრამ ძალიან ვამაყობ მარიამით, ძალიან კარგი გოგოა, ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა და ვიცი, მეტსაც გააკეთებს. მთავარი ის არის, რომ ბედნიერი ვარ!

ვიდეოს სანახავად გადადით მოცემულ ლინკზე

https://www.instagram.com/reel/CleFpGfj0yC/?igshid=MDM4ZDc5MmU%3D

0 კომენტარი
5

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი