„12 წლიდან ვარ ბიზნესში“ – მეუბნება ამაყად და პირველ ნაბიჯებს იხსენებს. ახლა 17 წლის არის, ისევ საკუთარი ბიზნესით, დიდი გეგმებით და ბავშვობის ოცნებით, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა, რომ აიხდინოს.
ბექა თანანაშვილისგან ბევრ საინტერესო ისტორიას მოისმენთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება „არაფრით“ ბიზნესის კეთება. ახალი ბიზნესიც ცოტა ხნის წინ სწორედ ასე წამოიწყო.
„მთავარია სურვილი, მიზნების დასახვა, მოქმედება და ფიქრი იმაზე რომ ყველაფერი გამოვა. ჰოდა, გამოვა კიდეც“ – ამბობს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდა ბიზნესმენი და პირველ ნაბიჯებს იხსენებს.
ბექა თანანაშვილი: 12 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე ფული მე თვითონ გამომემუშავებინა. მივედი მამაჩემთან, ვუთხარი 80 ლარი მასესხე-მეთქი, თან ავუხსენი რისთვისაც მჭირდებოდა – „ფეისბუქით“ უნდა გამომეწერა mp3 და გამეყიდა. მამამ ფული მომცა და თან დააყოლა – 3 თვეში დამიბრუნეო. გამოვიწერე, 2 კვირაში ჩამოვიდა. სანამ გამოწერილ mp3-ს მივიღებდი 13 – დან ყველა გაყიდული მქონდა და ორმაგი თანხა ამოვიღე. 160 ლარი შემიგროვდა მთლიანად და მამასაც 3 თვის ნაცვლად 2 კვირაში დავუბრუნე თავისი 80 ლარი. 80-იც მე დამრჩა. საოცარი შეგრძნება მქონდა, რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა, – დავხედავდი ფულს, გადავითვლიდი, ისევ დავხედავდი გაღიმებული სახით, ისევ გადავითვლიდი… როგორც გითხარით 12 წლის ვიყავი, თან ყველაფერი მარტომ მოვიფიქრე, დავგეგმე, გავაკეთე და ეს მახარებდა ძალიან.
შეთავაზება „ჭიტას“ და ნდობით გაღვივებული რწმენა
ამის შემდეგ გადავწყვიტე რომელიმე კომპანიისთვის გამეკეთებინა პიარი. ეს იდეა სათამაშოების მაღაზიათა ქსელს „ჭიტას“ შევთავაზე. ფბ- გვერდზე ყოველ პარასკევს ვაკეთებდი გათამაშებებს და გამარჯვებულს კომპანია პრიზს აძლევდა ვაუჩერის სახით. დღეს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ხათუნა ჩხიკვაძეს, „ჭიტას“ დამფუძვნებელსა და დირექტორს, რომ მენდო და ამ ასაკში ასეთი სამსახური გამიწია. როდესაც პირველი გათამაშება გავაკეთე, მაშინ მივხვდი, რომ ასაკის მიუხედავად ადამიანს ყოველთვის შეუძლია აკეთოს გამოსადეგი საქმე. ზუსტად ამან გამიღვიძა საკუთარი თავის რწმენა და მომცა მოტივაცია…
ჭიტას შემდეგ იყო ინტერნეტ-კაფე. მანგლისში კერძო სახლი გვაქვს. ერთ ზაფხულსაც, აივნის ქვეშ ბანერებით შემოვსაზღვრე ადგილი. დავდგი 4 კომპიუტერი და ვამუშავებდი მაგთის მოდემზე. ზოგი თამაშებისთვის შემოდიოდა, ზოგი რისთვის და ზოგი რისთვის. დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე მუშაობდა ჩემი ინტერნეტ-კაფე, ყოველდღიური ფული მქონდა, საღამოს კი ამ მოგროვებული თანხით პარკში გავდიოდი და მეგობრებთან ერთად ვერთობოდი.
შემდეგი ნაბიჯი შოკოლადის თაიგულები
ამის შემდეგ შოკოლადის თაიგულებზე გადავერთე, რაფაელოთი კეთდებოდა. ამ ბიზნესში ვიყავით სამნი, – მე დეიდაჩემი და დეიდაშვილი, მე პიარით დავკავდი რაც წარმატებულად აისახა კომპანიაზე, დღესდღეობით საკმაოდ კარგად არის განვითარებული ეს კომპანია. ძირითადი შეკვეთები დღესასწაულებსა და დაბადების დღეებზე გვაქვს. ეს საქმე წამოვიწყე 15 წლის ასაკში.
ვებ.მომსახურების ბიზნესი
ახლა წამოვიწყე ვებ მომსახურების ბიზნესი. უკვე მივიღეთ რამდენიმე შეკვეთაც. ეს არის – საიტის თავიდან ბოლომდე აწყობა, ლოგოების დამზადება, დიზაინი… კომპანიის ბრენდინგი – სახელით დაწყებული საიტით დამთავრებული ყველა დეტალის გათვალისწინებით. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ ირინა ბაღიშვილს, ის იყო პირველი რომელმაც მანდო თავისი საიტის ბრენდირება.
დაწვრილებით ინფორმაციას ჩვენი საქმიანობის შესახებ ამ ვებ. გვერდზე გაეცნობით.
https://gtsgeorgia.wordpress.com/
შევკრიბე მეგობრები, ისინი რომლებსაც გამოცდილება აქვთ ამ სფეროში, ახლობლისგან ვითხოვე საოფისე ფართი და მოვაწყვე ოფისი, ასევე მეგობრების დახმარებით ვიშოვე ავეჯი, კომპიუტერები და ასე დავიწყე ნულოვანი ბიზნესი. ვარ მეთორმეტე კლასში, წელს მაქვს გამოცდები, მოგეხსენებათ როგორი რთული პერიოდია და ამასთან შეთავსებას ვახერხებ, ეს ჩემი მეგობრის ები ქადაგიშვილის დიდი დამსახურებაც არის, რომელიც ძალიან მიწყობს ხელს.
„ჩვენი მხარდაჭერა თქვენც შეგიძლიათ“
ჩვენი მხარდაჭერა თქვენც შეგიძლიათ, თუ თქვენი პროდუქციის ინტერნეტით გაყიდვა გადაწყვეტთ, თუ საიტის გაკეთება, მომსახურება, ინტერნეტ მაღაზია, დაცვის სისტემები, ფეისბუქის ფან-გვერდის მართვა ან ინტერნეტ რეკლამის, ფბ რეკლამის დაგეგმვა და დახმარება დაგჭირდებათ, გთხოვთ პირველად ამ გვერდს ეწვიოთ, ამით ახალგაზრდა, მონდომებულ ადამიანებს მხარს დაგვიჭერთ, ჩვენ კი თქვენს საქმეს გააკეთებთ ხარისხიანად და რაც მთავარია მისაღებ ფასად.
სტიმული და ბავშვობის ოცნება
თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს ბიზნესში. სტიმულს მაძლევს ის რომ ყველა გვერდში მიდგას – ახლობლები, დედაჩემის მეგობრები , ჩემი მეგობრები… სტიმულია ასევე ის სოციალური ფონი, რაც ჩვენს ქვეყანაშია, როდესაც ამდენ გაჭირვებულს ვხედავ დიდი სურვილი მაქვს დავეხმარო მათ… არ მინდა „სიაფანდობაში“ ჩამომართვას მკითხველმა, მაგრამ ბავშვობიდან მინდა რომ ავაშენო პატარა ეკლესია, ძალიან მინდა…
საერთოდ ბიზნესი რთული არანაირად არ არის. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს თანდაყოლილი ნიჭი, მაგრამ არც ეგ არის საჭირო ბიზნესისთვის. თუ მოინდომებ და გულიანად მოეკიდები საქმეს ყველაფერი გამოვა…
სულ მესმის ხალხისგან “ნეტა აქედან გამაქცია” „ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთო“, ჰგონიათ რომ აქ არანაირი საშუალება არ არის, არადა პირიქით არის… საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილია ბიზნესის მხრივ… მთავარია მოინდომო, ზუსტად განსაზღვრო რა სჭირდება ხალხს და პირველ რიგში ის პროდუქტი მიაწოდო რაზეც არის მოთხოვნა, ფული მეორე ხარისხოვანია მთავარია პროდუქტის ხარისხი.
ნუ ფიქრობთ რომ არაფერი გამოვა, ყველაფერი გამოვა თუ არ იზარმაცებ, თუ მოინდომებ და მიზანმიმართულად იმოქმედებ …
დეა თავბერიძე