„ყველაფერი, რასაც ბავშვში ჩავდებთ, ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდება. მთავარია, ბავშვს მივცეთ სიყვარული და ამ სიყვარულითვე ხელი შევუწყოთ იმ ნიჭისა და რესურსების აღმოჩენას, რაც მასშია“, – ამბობს ხათუნა არწივიძე.
ჩემი რესპონდენტი პროფესიით მასწავლებელი არ არის, ეკონომისტი და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სპეციალისტია, თუმცა ვუსმენ და ვფიქრობ, ყველა მასწავლებელი რომ ასე კარგად ფლობდეს ბავშვთან ურთიერთობის ხელოვნებას, ჩვენს შვილებს სკოლა შეუყვარდებოდათ და სამყარო უკეთესობისკენ ძალიან მალე შეიცვლებოდა.

ქალბატონმა ხათუნამ ჯერ კიდევ ათეული წლის წინათ დაიწყო ზრუნვა იმაზე, თუ როგორ გაეადვილებინა ბავშვისთვის სწავლის პროცესი და სასიამოვნო გაეხადა სკოლაში ყოფნა. ამისთვის კომპიუტერული თამაშები შექმნა და სხვადასხვა სკოლაში დანერგა, მერე საერთაშორისო ინოვაციური ლაბი დააფუძნა, – ზაფხულის, ზამთრის და უიქენდ ბანაკების მიმართულებით… და უკვე მეოთხე წელია, ბავშვებს საოცარ გარემოსა და დაუვიწყარ თავგადასავლებში ამოგზაურებს. სადაც მოზარდები სწავლა-თამაშით მომავლის პროფესიებს ეუფლებიან. თუმცა ამაზე ცოტა გვიან მოგითხრობთ.
– ქალბატონო ხათუნა, მინდა ჩვენი საუბარი კომპიუტერული თამაშების შექმნის ისტორიით დავიწყოთ.
– როცა პირველად კომპიუტერი ვნახე, ვთქვი, ამ მიმართულებას ავირჩევ-მეთქი. ასე შევიძინე მეორე პროფესია – საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ექსპერტი-ტრენერი. მაშინ ჩემი შვილები პატარები იყვნენ და სკოლაში დადიოდნენ. სკოლაში კი, მოგეხსენებათ, სწავლის სპეციფიკა საკმაოდ მოძველებულია. დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლებოდა ბავშვს კომპიუტერული თამაშებით ესწავლა თუნდაც მათემატიკა, გამრავლების ტაბულა ან წილადები. მერე მე თვითონვე შევქმენი პატარ-პატარა თამაშები და რუსთავის გიმნაზიაში წარვადგინე, მოიწონეს… 2010 წელს ჩემი პროექტი ტექნოლოგიების კონფერენციაზე გავიტანე წარმატებით. ეს იყო მანამ, სანამ საქართველოს სკოლებში ბუკები შემოვიდოდა. ამის შემდეგ ძალიან ბევრი სოციალური პროექტი განვახორციელე. მათ შორის იყო თამაშები აუტისტი ბავშვებისთვის და ამ თამაშებით სამი კლასი დავამეგობრეთ, რომელთაც კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდათ.

ამის შემდეგ თბილისში ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ტექნოლოგიების მენეჯერად დავიწყე მუშაობა. სწავლა-თამაშის ახალი ელემენტები ამ სკოლაშიც დავნერგე. მერე იყო განათლების სამინისტროში მუშაობის წლები ტექნოლოგიების ექსპერტის მიმართულებით. ახლა ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ექსპერტად და სასწავლო პროცესის მენეჯერად ვმუშაობ, ვარ დირექტორის მოადგილეც. ყოველდღიურად ვაკვირდები, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორ ტარდება გაკვეთილები.
– თაობათა ცვლა როგორ აისახება სასწავლო პროცესზე, როგორი თაობა მოდის და ხომ არ არის რთული მათთან ურთიერთობა?
– როგორი თაობაც მოდის, ისეთები უნდა გავხდეთ ჩვენც, ვერ ჩავრჩებით გასულ საუკუნეებში. თუ დღეს ვასწავლით ჩვენ მოსწავლეებს გუშინდელი მეთოდებით ე.ი ვპარავთ მათ ხვალინდელ დღეს.
მუდმივად უნდა განვვითარდეთ, მე ჯერ ჩემს შვილებთან ერთად შევიცვალე, მერე – შვილიშვილთან ერთად. თამაშ-თამაშით უნდა მიაწოდო ბავშვს ინფორმაცია, ტექნოლოგია ჩართო, პროგრამირება გამოიყენო, იმიტომ რომ მათ დღეს ეს იციან. ძალიან კრეატიულები არიან, გუგლითა და იუთუბით აქვთ ბევრი რამ ნასწავლი, მათ შორის ინგლისურიც. ჩემი შვილიშვილიც ასეა… ისეთი გარკვეულები არიან ტექნოლოგიებში, რომ შენ მათზე მეტი უნდა გააკეთო, მეტი უნდა აჩვენო, რომ საინტერესო გახადო მათთვის სასწავლო პროცესი.
ახლა ერთი ისტორია გამახსენდა. ერთ-ერთ სკოლაში გაკვეთილის ჩაშლის პრობლემა შეიქმნა და ჩემი ჩარევა გახდა საჭირო. ბავშვებს ეგონათ, როგორც დირექტორის მოადგილე, საყვედურს ვეტყოდი. მე კი ისინი დავსვი და ერთ-ერთს ვეკითხები: მობილურში ეს გადმოვწერე და რაღაცა ვერ დავაინსტალირე, დამეხმარები? მაშინვე დამიყენა აპლიკაცია. მერე ვიკითხე: თქვენი საყვარელი თამაში რა არის-მეთქი? ჯერ გაოცდნენ, გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ, ხომ არ მოგვესმაო. მერე შემოვიდნენ ურთიერთობაში. ჯერ ერთმა მაჩვენა, მერე – მეორემ, მერე – მესამემ, მეოთხემ… ამის შემდეგ თავიანთი საყვარელი ბლოგერები გამაცნეს, მერე იმ მუსიკას მოვუსმინეთ ერთად, რომელიც მოსწონდათ. ასე გამოინახა ბავშვებთან საერთო ენა.

როდესაც ბავშვი ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული და ოჯახებში აძლევენ უფლებას, ხშირად იყვნენ გაჯეტებთან, ეს მათ რაღაც უნარებს სძენს. ამიტომ მასწავლებელი ვალდებულია, გადაეწყოს. უფრო მეტიც, გაუსწროს იმ მოცემულობას, რასთანაც აქვს შეხება. ყველას ვურჩევ, და არამარტო მასწავლებლებს, მშობლებსაც, რომ შვილებთან ერთად გაიზარდონ. შეიმეცნონ ის, რაც შვილებმა იციან. ბავშვზე მეტი მშობელმა და მასწავლებელმა ხომ უნდა იცოდეს? აუცილებელია, განვითარდნენ.
– განვითარებასთან ერთად, ალბათ, ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ბავშვებთან ურთიერთობის უნარი.
– პირველ რიგში, სიყვარული. თუ ბავშვმა არ დაინახა, რომ მასწავლებელს უყვარს, ურთიერთობა ვერ შედგება… ამასთანავე, ბავშვის უნდა გესმოდეს და იმაზე მეტი უნდა შესთავაზო, ვიდრე იცის; უნდა გააკვირვო, უნდა დააინტერესო და ათქმევინო, – ვაუუ, ეს რა მაგარია.
არც მე ვარ ახალგაზრდა, მეც ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარე ყველა ინოვაცია, მერე რა, რომ ტექნოლოგიების სპეციალისტი ვარ. შევისწავლე გაკვეთილის მართვა, დაგეგმვა, სტრატეგიები, მეთოდები… შევისწავლე იმისთვის, რომ მცოდნოდა, როგორ უნდა აღიჭურვო გაკვეთილზე შესასვლელად, როგორ უნდა აღძრა ბავშვში მოტივაცია. გაკვეთილის დასრულებისას ბევრჯერ უთქვამთ მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის და ეს ბედნიერებაა.

– KinderLab – ქინდერლაბის შესახებაც მოგვიყევით
-2019 წელს გადავწყვიტე, საერთაშორისო ინოვაციური ლაბი დამეფუძნებინა, რომლის მიზანიც 21-ე საუკუნის უნარების (მეცნიერების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიების,კრეატიული უნარების) მქონე მომავალი თაობის აღზრდა იქნებოდა. სურვილი განვახორციელე, მაგრამ მალევე, პანდემიის გამო, სახლებში გამოვიკეტეთ, შემდეგ კი ჩემს დიდ მოტივატორად ჩემი შვილიშვილი იქცა. ონლაინსწავლების გამო კომუნიკაციის უნარები იმდენად შეუმცირდა, რომ შეიცვალა, ამიტომ 2020 წელს გადავწყვიტე, ბანაკებში გავსულიყავით და იქ გაგვეტანა ჩვენი ბენეფიტები – STEAM, მეწარმეობა, გლობალური მოქალაქეობა, მობილური ფოტოგრაფია-სოცმედია; რთული იყო მაშინ ამის გაკეთება, მაგრამ შევძელი, რადგან შეუძლებელია, მიზანი დავისახო და ვერ მივაღწიო…
ასე შევქმენი ის სივრცე, რაც ჩემს შვილიშვილს და სხვა ბავშვებს სჭირდებოდათ – სიმწვანე, ჯანსაღი გარემო და ტექნოლოგიების სწორად გამოყენების მიმართულებები… და აი, უკვე მეოთხე წელია, ეს გრძელდება და მავსებს. ყოველ ჯერზე სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს ვხვდები და ამით ბედნიერი ვარ.
– როგორც თქვით ბანაკი საერთაშორისოა და უცხოელი ბავშვებიც გყავთ.
– დიახ, 2020 წელს ჩვენი ბანაკის პირველი წევრები აქ დარჩენილი უცხოელები იყვნენ. ფაქტობრივად, მათ გადამადგმევინეს პირველი ნაბიჯები. მათ აქვთ ბანაკებში ცხოვრების კულტურა.იყვნენ ამერიკიდან, უკრაინიდან, ბრიტანეთიდან. უცხოელი ბავშვები ქართველ ბავშვებზე მეტად დამოუკიდებლები არიან და ჩვენი შვილები ამ დამოუკიდებლობასაც სწავლობენ მათგან. აქტივობები ჩვენთან ინგლისურად იმართება. ბავშვები ასე მეცნიერულ და ტექნოლოგიურ ტერმინოლოგიასაც ეუფლებიან.

– როგორც თქვით, არ არსებობს, მიზანი დავისახო და არ მივაღწიოო. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომელთაც ეს თვისება არ აქვთ?
– ყოველთვის მქონია ცხოვრებაში „შავ-თეთრი დღეები“, ყოფილა ჩავარდნები, მაგრამ ამ ჩავარდნებს დეპრესია არ მოჰყოლია. უბრალოდ, ბუნების წიაღში განვმარტოებულვარ, ან დილით 5-6 საათზე გავსულვარ სახლიდან სასეირნოდ. მთავარია, ამ დროს საკუთარ თავთან დავრჩე და ვიფიქრო. მერე უკვე მოდის პასუხები, როგორ უნდა ადგე და წახვიდე წინ. არავითარი აღელვება, არავითარი ნერვიულობა, ეს არაფრის მომცემია, მხოლოდ რწმენა და იმის იმედი, რომ მართლა ყველაფერი გამოვა. თითქოს ბანალური სიტყვებია „ყველაფერი კარგად იქნება“, მაგრამ, თუკი მოინდომებ და შენს თავზე იმუშავებ, დაბრკოლებასაც სტიმულად აქცევ და მართლა ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია შრომა და განვითარება. შრომის გარეშე არაფერი მოდის. სხვის იმედადაც არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის საკუთარი თავის იმედი მქონდა. ვმუშაობდი და ჩემს თავს ვეჩხუბებოდი: აბა, ახლა ამის დრო არ არის, ადექი, გააკეთე, იმოქმედე. ვდგებოდი, ვაკეთებდი, ვმოქმედებდი და შედეგსაც ვდებდი. ახლაც ასეა… რა თქმა უნდა ჩემი ოჯახის და ჩემი მეგობრების უდიდესი მხარდაჭერით.
– რას გაძლევთ დასახული მიზნის ასრულება?
– საოცარი განცდაა. დასრულდა ის, რაც გინდოდა… ამაყი ხარ იმით, რომ ეს შეძელი. რაღაცას მიაღწიე და საოცარი ემოციებით ხარ სავსე. ეს არის ალბათ ბედნიერება. გამოცდილება გემატება და ხვდები, რომ სწორედ ის ჩავარდნებია გამოცდილება, რომლებიც მოცემულ მომენტში აუცილებელიც იყო, რათა უფრო გაზრდილიყავი, გაძლიერებულიყავი, ახალი სტრატეგია დაგესახა. მე ყოველთვის მეხმარება ჩემი ალგორითმული უნარები, ღამით ძილის წინ ხვალინდელი დღის კოდებს ავაგებ ხოლმე. და თუ მეორე დღეს ერთი კოდი ამოვარდა და რამე არ შესრულდა, ე.ი. უკან უნდა დავბრუნდე და ის კოდი გამოვასწორო, რომ მერე ალგორითმი შედგეს. ეს მეხმარება.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– წელს ცემში ბავშვებმა ბევრი რამ ისწავლეს, მათ შორის საოცარი ვიზუალისა და სურნელის მქონე საპნების დამზადებაც. მერე შეფუთეს, ბრენდირება გაუკეთეს, ლოგო შექმნეს, უკვე იციან, სტარტაპისთვის როგორ შეემზადონ და თავიანთი იდეა ბიზნესად როგორ აქციონ. ამას სკოლებში არ ასწავლიან. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი “უიქენდ ქემპების” სახით გრძელვადიანი ვორქშოპებით გავაგრძელოთ. შაბათ-კვირას ბავშვებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წავიყვანთ და ბიომეურნეობებსა და მეწარმეებს გავაცნობთ. ასე ისინი თავიანთი ჰობის ან მომავალი პროფესიის უკეთ გაცნობას შეძლებენ.
– დაბოლოს, რას უსურვებთ ბავშვებს და რას ეტყოდით მშობლებს?
– მშობლებს ვეტყოდი, რომ ესაუბრონ შვილებს და იმსჯელონ მათთან ერთად. ჩვენს ბავშვებს აკლიათ საუბარი, დისკუსია და ამიტომაც არიან გაჯეტებზე დამოკიდებული, ეს არის მთავარი პრობლემა. დედებმა ყოველი დღე შეაჯამონ შვილებთან ერთად, გამოჰკითხონ, რით იყო ის დღე გამორჩეული, რა იყო ცუდი, რა იყო კარგი, რას გააკეთებდა ამა თუ იმ შემთხვევაში. ბავშვებს უყვართ, როცა აღიარებენ და როგორც დიდებს, ისე ეპყრობიან. ეს არის ჩვენი დეფიციტი. უცხოელ ბავშვებს ეს არ აკლიათ და ეს იგრძნობა კიდეც, უფრო ლაღები და თავისუფლები არიან. მინდა ჩვენი შვილებიც ასეთივე თავისუფლები იყვნენ. ვუსურვებ, ყოველი დღე ზღაპრული, ბედნიერებით სავსე, ფერადი, ლაღი და პროდუქტიული ჰქონოდეთ.
ავტორი: დეა თავბერიძე
ქინდერლაბი – საერთაშორისო ინოვაციური ლაბი 7-15 წლის ბავშვებისთვის. რომლის მიზანია 21-ე საუკუნის უნარების მქონე მომავალი თაობის აღზრდა.

