fbpx

ისეთ საქართველოში ცხოვრება მინდა, სადაც ემიგრანტებს სახლში დააბრუნებენ!

ავტორი ჟოლო
367 ნახვა

იშვიათად თუ მინახავს თავის კუთხეზე ასე უკიდეგანოდ შეყვარებული და აღტაცებით მოსაუბრე ადამიანი.

ეს კუთხე თუშეთია, ეს ადამიანი კი – მარო ხაჩიურიძე, რომლის ემიგრანტობაც უცხო მიწაზე ჩვიდმეტ წელს ითვლის. როგორც ყველა ემიგრანტი, ისიც წარსულის მოგონებებითა და მონატრებით ცხოვრობს. მონატრებით, რომელიც გაზაფხულზე სამშობლოში აბრუნებს.

„საკმაოდ აქტიური თუში გოგო ვიყავი. ჯირითიც თავაღებული მიყვარდა, ჩემს ბედს აღვირს მივანდობდი და… შიში საერთოდ არ მქონდა“, – იხსენებს თვალებანთებული და ხმამაღალი ფიქრები მოგონებებში მიაქროლებს.

სამართლიანი, პირდაპირი, სტუმართმოყვარე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციების დამცველი ხალხი ვართ თუშებიო – ამბობს.

– რამდენიმე ხნის წინ საკმაოდ ემოციური პოსტი გამოაქვეყნეთ თუშეთის მონატრებაზე. „ჟოლომაც“ ამ პოსტით აღმოგაჩინათ… რა არის თუშეთი თქვენთვის?

– თუშეთი ჩემთვის ყველაფერია… დღეს თუ ჩემში, როგორც პიროვნებაში, რამე კარგი არსებობს, ყველაფერი იქ ჩამოყალიბდა, ამიტომ თუშეთი მთელი ჩემი არსებობაა. მიუხედავად იმისა, რომ ოც წელზე მეტია, თუშეთში არ ვყოფილვარ, მაინც იმ მოგონებებით და მონატრებით ვცხოვრობ. იქ გატარებული წლების თითოეული ფრაგმენტი მახსოვს… სიზმარშიც ხშირად ვნახულობ.

ოთხი წლის ვიყავი, როდესაც ომალოში გადავედით საცხოვრებლად. შევარდნაძის დროს პედაგოგთა რამდენიმე ოჯახი ომალოში წაიყვანეს და საჩუქრად სახლები გადასცეს. ამ სიაში ჩემი პედაგოგი მშობლებიც მოხვდნენ. ომალოში სკოლა-ინტერნატი იყო, სადაც ბავშვები თუშეთის სხვადასხვა სოფლიდან გადმოდიოდნენ და ზამთრის პერიოდში ცხოვრობდნენ… ცხრა წელი გავატარეთ იქ. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ულამაზესი პერიოდი ბავშვობის წლებიდან. ყველანი ერთად ვთამაშობდით. დოღებსაც ვაწყობდით და არაერთგზის გამარჯვებულიც ვარ. ცხენზე დამჯდარს მეგონა, დედამიწას მთლიანად ვწყდებოდი, სადღაც სხვა განზომილებაში გადავდიოდი. ძალიან მსიამოვნებდა ის თავაღებული ჯირითი. ასე დავქროდი ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში. პატარა ასაკის მიუხედავად, შიში საერთოდ არ მქონია. ჩემს ბედს აღვირს მივანდობდი და… საკმაოდ აქტიური თუში გოგო ვიყავი.

დედასაც ვეხმარებოდი, შინაური საქონელიც გვყავდა და დაუზარებლად ვსაქმიანობდი: მოწველა, ყველის ამოღება, კარაქის შედღვება, საქონლის გამოკვება, ბოსლის დასუფთავება, საძოვარზე გადენა…

ვქსოვდი და ვკერავდი ჩემი თოჯინასთვის, პარალელურად შურდულიც მეკიდა და ქარქაშით დანაც ქამარზე. ახლა კი მიკვირს, მშობლები უფლებას როგორ მაძლევდნენ პატარა გოგოს, ქარქაშით დანა მეტარებინა. ეს იყო უდიდესი თავისუფლების პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.

– ახლა ყველაზე მეტად რა გენატრებათ იმ პერიოდიდან და პირველად რას გააკეთებთ, როცა ოცწლიანი განშორების შემდეგ ისევ დაბრუნდებით თუშეთში?

– ის სახლი მენატრება, სადაც გავიზარდე, ის მთა, ის ტყეები, ის მინდვრები, ის ყვავილები, ის სოკოები, რომლებსაც ჩემი ხელით ვარჩევდი და ვკრეფდი, ის სამკურნალო ბალახები, რომლებიც სახლში მიმქონდა, დედა ახმობდა და მთელი ზამთრის განმავლობაში, ჩვეულებრივ, ჩაის რიტუალებს ვატარებდით ხოლმე. ყველა ის მტკაველი მენატრება, სადაც ფეხი დამიდგამს და გამივლია. თითოეული ხე, თითოეული მოსახლე, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა შემორჩა. ჩემდა საბედნიეროდ, მერცხალა ბებო გვყავს ერთი, ანიკო ბებო, რომელიც ძალიან მენატრება, ის შემორჩა, როგორც ჩემი ბავშვობა. საქართველოში ჩამოსვლა მაისის ბოლოსთვის მაქვს გადაწყვეტილი. პირველ რიგში, თუშეთში უნდა წავიდე. სოფლის შესასვლელში გადმოვალ მანქანიდან, სულ ფეხით უნდა მოვიარო მთელი არემარე და ყველაფერს უნდა მოვეფერო.

სახლი, სადაც მე გავიზარდე, დღესდღეობით ჩვენს საკუთრებაში აღარ არის. ამასწინათ ჩემმა მეგობარმა, რომელიც თუშეთში დასასვენებლად იყო, სურათები გადმომიგზავნა. ის სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ისეთი სახეცვლილი იყო, გული მეტკინა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილს ბუნებრივი იერსახე აბსოლუტურად დაკარგული ჰქონდა. ზედმეტი მოუვიდათ. როგორ შეიძლება მამა-პაპათაგან სიპის ქვით აშენებული სახლები თუნუქის სახურავით გადახურო?! ზუსტად ვიცი, ის თუშეთი არ დამხვდება, სადაც გავიზარდე.

– ჩვიდმეტწლიანი ემიგრაციიდან დროებით ბრუნდებით თუ საბოლოოდ?

– საბოლოოდ. თუშეთი ჩემი ღერძი და ფუძეა. საქართველოც იმ დონეზე მენატრება, უკვე არაფრის სანაცვლოდ აღარ მინდა მისგან შორს ვცხოვრობდე. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე.

ყოველთვის ვამბობდი, მთავარია, დავბრუნდე, რაღაც გამოცდილებები მაქვს, რაც ემიგრაციაში შევიძინე, თუნდაც სასტუმროში მუშაობის. ექვს ენაზე შემიძლია საუბარი. წავალ თუშეთში, რომელიმე სასტუმროში დავიწყებ მუშაობას, თან იქ ვიცხოვრებ, ტურისტებთან კომუნიკაცია მექნება-მეთქი, ვამბობდი. ამ სურვილებსა და ფიქრებში ვიყავი,  როცა ერთი ემიგრანტი, რომელიც ოცდახუთი წელია აქ არის და სოფელ ომალოში უზარმაზარი სასტუმრო გააკეთა, დამიკავშირდა და ასეთი რაღაც მითხრა, – მარო, თუ მთლიანად ვერ ბრუნდები საქართველოში, ზაფხულობით, მე როცა მივდივარ, წამოდი და ჩემ გვერდით იყავი, სასტუმროს მივხედოთო… შემდეგ მეორე ადამიანი გამოჩნდა, ისიც თუში, რომელსაც იქ სახლი აქვს და მითხრა, ჩადი, მიხედე და თუ გინდა სასტუმრო გააკეთეო. აი, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!

– ანუ საქართველოში დაბრუნებულს საკმაოდ საინტერესო საქმეც გელოდებათ.

– კი, ასეა… სამყაროსა და კარგი ადამიანების დამსახურებით. როცა ადამიანს რაღაც ძალიან გინდა და იმის უდიდესი რწმენაც გაქვს, რომ გააკეთებ, სხვა რელსებზე ეწყობი. მთავარი ამ რელსებზე შედგომაა, შემდეგ უკვე სამყარო გაოცებს თავისი სასწაულებით, ვერც კი ხვდები, ისე ჩნდებიან შენს ცხოვრებაში შესაბამისი ადამიანები, შანსები და მანამდე ჩარაზული ყველა ის კარი გეხსნება, რომლებსაც შენი ოცნებებისკენ მიყავხარ.

– ინტერვიუს ჩაწერამდე მითხარით, პროფესიით მეც ჟურნალისტი ვარო. რით მიგიზიდათ და თუ გიმუშავიათ ამ პროფესიით?

– იმ პერიოდში, როდესაც სკოლა დავამთავრე, ძალიან პოპულარული იყო ჟურნალისტიკა. მეც სწავლის, წერის, კითხვისა და საუბრის სიყვარულმა მომავალ პროფესიად ჟურნალისტიკა ამარჩევინა. საქართველოს ტელევიზიის ინსტიტუტში ჩავაბარე. შემდეგ „საქართველოს რესპუბლიკის“ ბაზაზე გადავედით, ასეთი პოლიტიკური გაზეთი გამოდიოდა. რედაქციაშივე გვქონდა აუდიტორია. მისი რედაქტორები და თანამშრომლები გვიკითხავდნენ ლექციებს. პრაქტიკასაც იქვე გავდიოდით, თუ მოეწონებოდათ მათი მოცემული თემის ჩვენეული ვერსია, გაზეთში გვიბეჭდავდნენ. ალვანის გვერდით მდებარე სოფლები, ფიჩხოვანი და არგოხი, დასახლებული იყო ოსი მოსახლეობით. სწორედ ამ მოსახლეობის პრობლემებს ვაშუქებდი. ერთხელ მათზე დაწერილი სტატია გაზეთის მეორე გვერდზე დაიბეჭდა, რაც დიდი მიღწევა იყო. სამწუხაროდ, უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ჟურნალისტიკაში ვერ მოვახერხე, რადგან დიპლომის აღების შემდეგ ემიგრაციაში წასვლა მომიწია.

– მოგვიყევით ემიგრაციის წლებზე. იტალიის რომელ ქალაქში ხართ ამჟამად?

– პირველად გერმანიაში წავედი, შემდეგ იყო თურქეთი. ექვსი წელია, რაც იტალიაში ვარ, ამჟამად ფლორენციაში. თითოეულ ქვეყანას ძალიან ვემადლიერები. როდესაც მჭირდებოდა, მიმიღო…

– ემიგრანტის ყველაზე დიდი სევდა რა არის?

– მონატრება სამშობლოსი და ოჯახის წევრების. მე არ ვარ დაოჯახებული და შვილი არ მყავს, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულია იმ უამრავი დედისთვის, დაძინებული ბავშვები რომ დატოვეს და ძალიან ბევრი წელი აღარ უნახავთ საკუთარი შვილები. ეს ცალკე ტრაგედიაა. მე შემიძლია ვთქვა, რომ მათ შორის იღბლიანი ვარ. გადავწყვიტე და დავბრუნდები, მაგრამ ძალიან ბევრს დაბრუნების არც პერსპექტივა აქვს, არც შანსი და არც საშუალება…

რამდენი ახალგაზრდა ქალბატონია მოწყვეტილი ოჯახს და აქ იკარგება მათი ცხოვრება. მე მათ ჩვეულებრივ ცოცხლად დამარხულებს ვეძახი. ძალიან ბევრი ნიჭიერია, რომელთაგანაც ცოტამ თუ მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება… ისეთ საქართველოში ცხოვრება მინდა, სადაც ემიგრანტებს სახლში დააბრუნებენ.

– 16 000 გამომწერი გყავთ, როგორ შემოიკრიბეთ ამხელა აუდიტორია?

– ქვეყნიდან ქვეყანაში ჩემი ტრავმებითა და ტრაგედიებით დავეხეტებოდი, მხოლოდ იმაზე ორიენტირებული რომ ცოცხალი დავრჩენილიყავი, ფიზიკურ სიცოცხლეს ვგულისხმობ. ჩემი ბავშვობის წლები ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. რთულ ოჯახში გავიზარდე. შემდეგ, თინეიჯერობის პერიოდში, როცა ბარში ჩამოვსახლდით ბულინგის მსხვერპლიც გავხდი. 25 წლის ასაკში დედას დახმარებით გერმანიაში წავედი და მაშინ ვთქვი, რომ მე გადავრჩი. ემიგრაციამ, გარემოსა და ადამიანების შეცვლამ, სულ სხვა ცხოვრების დანახვამ, სხვა ადამიანად ჩამომაყალიბა. გერმანიამ მასწავლა დამოუკიდებელი ცხოვრება, საქართველოში დღემდე არიან დედის კალთაზე გამოკერებული ასაკოვანი შვილები, რაც ძალიან არასწორია.

ბევრი ადამიანი ისე იბადება, რომ თავიდანვე იცის, რა უნდა, არის მებრძოლი, შეუპოვარი, ბავშვობის ასაკიდანვე იცავს საკუთარ პრინციპებს, რაც მე არ მქონია.  მთლიანად ვიყავი მოქცეული გავლენების ქვეშ. ორი წლის წინ დაიწყო ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში… მთელი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, ყველაფერს ვიდეოებში ვწერდი: როგორ ვიყავი, რა გავაკეთე და ახლა როგორ ვარ. ეს ხდებოდა „ტიკტოკზე“, ჩემი, ერთი რიგითი ადამიანის, პირადი გამოცდილების გაზიარებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მერე ამ ვიდეოების გადმოტანა დავიწყე „ფეისბუკზე“. აუდიტორიის ინტერესი ჩემმა სინამდვილემ და ბუნებრიობამ გამოიწვია. ალბათ, ბევრი გულნატკენი ადამიანის სათქმელი ვთქვი. ამ ვიდეოებს სამოტივაციო ტექსტებიც მოჰყვა. პარალელურად ფსიქოლოგიით დავინტერესდი.

– ანუ მიხვდით, რომ გარედან ბიძგი გჭირდებოდათ, მარტო ვერ უმკლავდებოდით შინაგან განცდებს?

– როდესაც ადამიანი მზად არის, სამყარო უგზავნის იმას, რაც სჭირდება. ერთხელაც ნონა ხიდეშელის ვიდეო ვნახე „იუთუბიზე“, ზუსტად იმ კითხვებს სცემდა პასუხებს, რომლებიც ჩემში ტრიალებდა. ყველაფერს სახელი დაარქვა და დამილაგა. შემდეგ იყო პირადი კონსულტაციები. მირჩევდა ლიტერატურას, რა წამეკითხა და მთლიანად გადავეშვი აღმოსავლურ ფსიქოლოგიაში. ამ ყველაფერმა საკუთარი თავი მაპოვნინა. მივხვდი, რომ აბსოლუტურად ყველაფერზეა პასუხი ჩემში. მივხვდი, რომ უნდა შემეწყვიტა დაუსრულებელი საყვედურები, გამუდმებული წუწუნი, წარსულში ხეტიალი, რის გამოც საკმაოდ მომაბეზრებელი ადამიანი ვიყავი. აქედან დაიწყო ჩემი ცვლილებები და საკუთარ თავზე მუშაობა. ნონას დახმარებით წარსულიდან გამოყოლილი მთელი რიგი ჯაჭვები ჩავხსენი. დღესდღეობით ძალიან კარგად ვარ, თავისუფლად ვსუნთქავ. ადვილად გამოვედი ორმოცწლიანი აურზაურიდან. მენანება დაკარგული დრო, მაგრამ ვემადლიერები სამყაროს, რომ, როგორც იქნა, გავიღვიძე. ზოგი ისე მიდის ამ ქვეყნიდან, ვერ იაზრებს, ვინ არის და რისთვის დაიბადა, მე გამიმართლა. ახლა ვემადლიერები ჩემს მშობლებს იმისთვის, რომ ამ სამყაროს მომავლინეს. იმ კარგისა და ცუდისთვისაც, რაც გამოვიარე, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ და არ ვიამაყებდი საკუთარი თავით.

ძალიან მინდა, ოდესმე სამოტივაციო წიგნი დავწერო. ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად გავუზიარო ადამიანებს ის გამოცდილება, რაც ამდენი წლის განმავლობაში დავაგროვე. ეს იქნება ერთი ჩვეულებრივი, 80-იან წლებში დაბადებული გოგოს ცხოვრება, რომელმაც მართლაც სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა.

მეორედ სწორედ ორმოცი წლის ასაკში დავიბადე. როდესაც გაღვიძება და გაცნობიერება დავიწყე, როცა მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული. დავიბადე მაშინ, როდესაც ტრავმირებული წარსული ჩავხსენი.

ამიტომ არასოდეს შეწყვიტოთ საკუთარი თავის ძიება და არასოდეს გაჩერდეთ! პირადად მე, საკუთარი თავიდან და ჩემივე სიღრმეებიდან ვიღებ ამ მუხტსა და ენერგიას.

– „ფორევერზეც“ მინდა გკითხოთ. როგორც ვიცი, ამერიკული კომპანიის – „Forever living products“-ის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი ხართ. პროდუქციის გვერდზე წერთ – „მე უკვე ჯანმრთელი ვარ და მსურს შენც იყო კარგად“, ანუ ჯანმრთელობის პრობლემებიც გქონდათ ?..

– დიახ, ბავშვობიდანვე მთელი რიგი პათოლოგიებით მოვდივარ, ერთ-ერთი გენეტიკური რკინადეფიციტური ანემიაა. მუდმივი გამოკვლევებისა და წამლების რეჟიმში ვცხოვრობდი. გარდა ამისა, ათი თვისას მთავარი ვენა დამიზიანეს, რამაც დროთა განმავლობაში ჩემს ჯანმრთელობაზე საგრძნობლად იმოქმედა. სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ფეხების შეშუპება, კრუნჩხვები… ასეთი ტანჯვით მოვდიოდი მთელი ცხოვრება, თუმცა არც ექიმი, არც გამოკვლევა და არც წამალი არასდროს მომკლებია. იტალიაში დეიდას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ერთ-ერთმა ემიგრანტმა ალოეს პროდუქტი შესთავაზა, რომელმაც მოარჩინა და მითხრა, შენც ხომ არ ცდიდიო, ვცადე და შემდეგ, როცა კომპანიაში ჩართვა მქონდა, ასეთი შედარება გავაკეთე – გახსოვთ, „მეფე ლომში“ გადამწვარი ტრამალებიდან კადრი რომ მეორე ფონზე გადადის, სადაც ნამდვილი სამოთხეა, სიმწვანე, ცხოველები, ფრინველები. ასე შემეცვალა ჯანმრთელობის მდგომარეობა. რასაც ჰქვია, ფერფლიდან აღვდექი. ეს მოხდა პროდუქტის მიღებიდან სადღაც ერთ თვეში. სწორედ იმ პერიოდიდან მომეცა ცხოვრების ხალისიც, მოტივაციაც და მაშინ დაიწყო ჩემი ფიზიკური გაცოცხლება, რომელსაც გონებრივიც მოჰყვა. ჯანსაღი სულისთვის მართლაც ჯანსაღი სხეულია თურმე საჭირო. ეს კომპანია ორმოცდაექვსი წელია, ალოესა და ფუტკრის პროდუქციას აწარმოებს. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი ჰყავს გამოჯანმრთელებული და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.

„ფორევერი“ ჩემთვის არ არის შემოსავალი და ბიზნესის წყარო, ის, პირველ რიგში, ჩემთვის, დედაჩემისთვის და ძალიან ბევრი ემიგრანტისთვის სიცოცხლის წყაროა.

– დაბოლოს, როგორი უნდა იყოს წარმატებული დღის დასაწყისი?

– დღეს წარმატებით ვერ დავიწყებ, თუ ღამე არ დავასრულე წარმატებულად. ყოველი ძილის წინ სამყაროს აუცილებლად ვემადლიერები ყველაფრისთვის, რაც დღის განმავლობაში მოხდა. ჩემი აფირმაციებიც მაქვს, ვესაუბრები ჩვეულებრივად. ვისთვის სამყაროა, ვისთვის უფალია, ვისაც რისი სწამს. როდესაც მე ასე დამშვიდებული, მადლიერებითა და უპირობო სიყვარულით აღსავსე ვიძინებ, დილაც ასეთივე მითენდება. დილასაც ისევ მადლიერებით ვიწყებ, რომ კიდევ ერთი დღე გამითენდა და ცოცხალი ვარ. ასე უნდა იწყებოდეს ყოველი ადამიანის დილა და სრულდებოდეს ღამე, იმიტომ რომ ამას მართლაც დიდი ძალა ჰქონია. ადამიანმა ეს წესად უნდა დანერგოს, რადგან მადლიერებას მადლიერება მოაქვს, სიყვარულს – სიყვარული და აბსოლუტურად იცვლება როგორც ჩვენი განწყობა, ისე გარშემო სიტუაციაც. ადამიანებიც კი იცვლებიან, თითქოს ნეგატიურები ნელ-ნელა დისტანცირდებიან ჩვენგან და ისეთები შემოდიან, როგორი განწყობითაც შენ ხარ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას არც ფული სჭირდება, არც ფიზიკური დატვირთვა. მთავარია, ვისწავლოთ ჩვენს გულებში მადლიერების გაღვიძება და უპირობო სიყვარულით ცხოვრება.

ავტორები: ნინო გონგაძე

დეა თავბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment