„როგორც ბიბლიაშია, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა სადღაც არის და ის ჩურჩულებს: მიდი, მიდი, მიდი… შენ შეძლებ, შეძლებ!“– ეს, “ინტელექტიკის” დამფუძნებლის, გიორგი თვალაძის სიტყვებია, სწორედ ამ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენამ გადაალახინა ბევრი ცხოვრებისეული დაბრკოლება და ამიტომაც ამბობს, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია.
გიორგის არ მიუღია ე.წ უმაღლესი განათლება, მაგრამ დღეს მასთან ბიზნეს კურსებს, უკვე შემდგარი ბიზნესმენები გადიან. თავად გიორგი რამდენიმე მოქმედი ბიზნესის მფლობელი და ბედნიერი მეოჯახეა.
აქვს ამბიცია, სერიოზული სიტყვა თქვას, ზოგადად, საქართველოს განვითარებაში.
რა ხდებოდა გიორგი თვალაძის ცხოვრებაში, სანამ გაჩნდებოდა „ინტელექტიკა“?
გიორგი თვალაძე: ამაზე წიგნის დაწერასაც ვფიქრობ, ისეთი ისტორიაა. 1989 წლის 9 აპრილი გახსოვთ, ალბათ… დილით მეღვიძება, ქაოსი და ჩოჩქოლია ოჯახში, ჩემთვის არავის სცალია, 12 წლის ვარ, მიშვებული ბავშვი არ ვიყავი, მაგრამ ამ სტრესის შემდეგ გავუსხლტი ოჯახს ხელიდან და ეზოდან ქუჩაში აღმოვჩნდი… მომეწონა… მერე გახსოვთ 90 – იანების არეულობა… და მეც ჩამომიყალიბდა სამყაროს რუკა, რომ: „უნდა იყო მგელი, თუ არ შეჭამ, შეგჭამენ“.
მრავალი წლის განმავლობაში, ამ ცხოვრების სტილით ვიცხოვრე. არ დამიმთავრებია წესიერად არც სკოლა, არც უმაღლესი, არც დიპლომი მაქვს, არც არაფერი, როგორც იტყვიან „წავედი ხელიდან…“
იყო ყოფნა – არ ყოფნის მომენტებიც, პრობლემები და კონფლიქტები სამართალდამცავ ორგანოებთან, მეგობრების გარდაცვალება, სერიოზული სტრესები, მაგრამ მიუხედავად უდიდესი ტკივილისა – ეს იყო უდიდესი სკოლა – ადამიანის შეცნობის, თვითდამკვიდრების, თავის გატანის სკოლა…
შემდეგ, როდესაც მივხვდი, სადღაც უფსკრულში ვიჩეხებოდი და მეც ძალიან მალე ჩემი მეგობრების ბედს გავიზიარებდი, ან არ ვიცი, კიდევ რა მომივიდოდა, გადავწყვიტე, გავჩერებულიყავი… არ გამოვიდა…
შინაგანი გრძნობა ყოველთვის მქონდა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, მაშინაც ზუსტად იმას ვაკეთებდი, რასაც ახლა ვაკეთებ, უბრალოდ, არაეკოლოგიურად. ახლა ცნობიერი არჩევანი და ფასეულობებია ჩემს ცხოვრებაში, მაშინ კი ინსტინქტური რეაქციები და სრული ბურუსი იყო. პრინციპში, მაშინაც მინდოდა, რაღაც დიდი შემექმნა და ყოველთვის გუნდს ვკრავდი, უბრალოდ, არაფერი გამომდიოდა და იმედგაცრუებული ვრჩებოდი. მერე მოხდა საბედისწერო მომენტი ჩემს ცხოვრებაში. სიკვდილს ჩავხედე თვალებში… გავხდი თავდასხმის ობიექტი და ცეცხლსასროლი იარაღით დავიჭერი. მაგრამ მოხდა სასწაული და გადავრჩი… მაშინ მივხვდი და ვიგრძენი, რომ ეს რაღაც ნიშანი იყო, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ჩავთვალე. მთელი ძალები უნდა მომეკრიბა და რაღაც სხვა „ლეველზე“, სხვა მდინარეში გადავსულიყავი.
და ვთქვი: მორჩა! ყველაფერი დამთავრდა!
იმის მერე 9 წელია გასული…
არ იყო იოლი… მავნე ჩვევები მქონდა, რაც შეიძლება მაგ ასაკში ბიჭს ჰქონდეს, ყველაფერი… თან გადაჭარბებული დოზით… ნარკოდამოკიდებულიც ვიყავი…
„ეს გზა თუ გაიარე, მერე უკვე რამ უნდა გაგტეხოს ცხოვრებაში“
იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, რომლებსაც წლების მანძილზე, სამედიცინო ჩარევის მეშვეობითაც ვერ ვშველოდი… არაფერი გამოდიოდა…არც ბევრი ფულის გადახდით, არც კლინიკაში დაწოლით…
მაგრამ შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და ერთი ზედმეტი აბის გარეშე განვიკურნე…
მე გავბედე და ვთქვი: „არანაირი სამედიცინო ჩარევა, ეს პრობლემა უნდა დავძლიო მარტომ!“ დავძლიე… ახლა მარტივია ასე მოსაყოლად, მოსასმენად, წასაკითხად… არადა, ეს იყო საშინელი ტანჯვა-წამება… ფეხის წვივებზე რომ ბირდაბირით დაგიწყონ ხერხვა, ასეთი შეგრძნება მქონდა… აკანკალება, გაყინვა, მერე უცებ ოფლად დაღვრა, ძალიან სერიოზული ტკივილები, ოთხი თვე თეთრად გათენებული ღამეები…
მაგრამ ფიზიკური ტკივილები კიდევ არაფერია იმასთან, რაც მერე იწყება. დეპრესია- ეს კიდევ ადვილი სათქმელია… ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა შენთვის… ისეთ მდგომარეობაში ხარ, თითქოს სიკეთე არასოდეს მოხდება… მაგრამ როგორც ბიბლიაშია, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა სადღაც არის და ის ჩურჩულებს: „მიდი, მიდი, მიდი… შენ შეძლებ, შეძლებ…“
რას ვიფიქრებდი, თუ დადგებოდა მომენტი, რომ ამაზე ასე გახსნილად და თამამად ვისაუბრებდი, მაგრამ თუნდაც ეს ფაქტორი, რომ შესაძლებლობა გაქვს შენი ისტორია გარეკვეულწილად იარაღად გამოიყენო და ვიღაცისთვის, თუნდაც იმ ერთი ადამიანისთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, სასარგებლო იყო, ეს უკვე ძალიან დიდი რამეა.
ჩვენი პროექტის ფარგლებში, ცოტა ხანში, როდესაც სისტემას იმ დონემდე მივიყვან, როგორც დაგეგმილი მაქვს, საქველმოქმედო ხაზის გაკეთებას ვაპირებ ამ მხრივ.
მე ჩემეული ხედვა მაქვს, ეს არის სერიოზულ ტკივილზე გავლა, მაგრამ შენი ცნობიერების შენარჩუნებით, ბევრად უფრო ხარისხიან და ძალიან სერიოზულ ტრანსფორმაციას იღებ და მერე უკვე რამ უნდა გაგტეხოს ცხოვრებაში. აი, ეს გზა თუ გაიარე და მიხვედი ბ წერტილში, მერე უკვე მიზნების მიღწევა ძალიან ადვილია.
„შინაგანი ფსიქოლოგიური წნეხი და გარდამტეხი მომენტი“
ეს იყო ჩემი ცხოვრების თავქარიანი ნაწილი, შემდეგ იწყება უკვე სერიოზული ფსიქოლოგიური გამოცდა, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.
მე კი ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ ყველაფერი უნდა შევცვალო, მაგრამ რა, როგორ, რითი, ვისთან ერთად, არაფერი ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ მყავს ოჯახი, მეგობრები და ნაცნობები, ვრჩები მაინც მარტო, თეთრი ყვავივით…
ვრთავ კომპიუტერს და შევდივარ ინტერნეტში… მაგრამ ინტერნეტის არაფერი მესმის…
არც ფული მაქვს, არც ჯანი და ენერგია მიწყობს ხელს, არც თანამოაზრე მყავს, არანაირი განათლება არ მაქვს.
თქვენ კარგად იცით, სოციუმი და ზოგადად, საზოგადოება როგორ აფასებს ადამიანს, რომელიც უნდა შედგეს! მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, დიპლომი, ცოდნა, ანუ ყველაფერი ის, რაც მე არ მქონდა. შესაბამისად, წამოვიდა სერიოზული კომპლექსი, შინაგანი ფსიქოლოგიური წნეხი, თითქოს საკუთარ თავს ვკლავდი. რა უნდა ვქნა? ვეკითხებოდი ჩემს თავს…
მერე, რაღაცნაირად, ხელში ჩამივარდა ნაპოლეონ ჰილის წიგნი: „იფიქრე და გამდიდრდი“. სამი დღის განმავლობაში, სულ მქონდა შინაგანი ბრძოლა: „რატომ კითხულობ? თავი დაანებე!“ რატომღაც მაინც ვკითხულობდი.
მეტსაც გეტყვით, მეხსიერებაზეც მქონდა სერიოზული პრობლემა, წიგნს ვკიხულობდი და არაფერი მამახსოვრდებოდა, ეს ძალიან მანერვიულებდა და პარალელურ რეჟიმში ვფიქრობდი, რომ ტყუილად ვაკეთებ ყველაფერს.
გარდამტეხი მომენტი [წიგნის კითხვის კონტექსტში] დადგა მაშინ, როცა წიგნში ჩემნაირი ტიპი ამოვიკითხე, უკვე რეალიზებული. მისი ისტორია იყო ზუსტად ისეთივე, როგორიც ჩემი… იმ ძალიან წარმატებულ ტიპს, რომელიც რაღაც განსაკუთრებული ცოდნის მფლობელი არ იყო, ჩემი თავი დავუკავშირე და გამიჩნდა რწმენა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა…
ამ წიგნიდან მიღებული დადებითი ჩვევები დღემდე ჩემშია. დღიურის წარმოება, მიზნის დასახვა, დაჟინებულობა – ეს ის ჩვევებია, რომლებიც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, სერიოზული მუშაობის შედეგად გამოვიმუშავე.
სწორედ ამ წიგნის შემდეგ გავხდი „კონტენტ მანიაკი“, დავიწყე ამ სახის ლიტერატურის კითხვა… ჩემს წინაშე იშლებოდა სწორედ ისეთი ავტორები, რომელთაც მსგავსი გზა ჰქონდათ გავლილი… ამან რწმენაში გამამყარა, მაგრამ პარარელურ რეჟიმში, ძალიან დიდი იდეალიზაცია და ილუზია შემოიტანა.
ყოველთვის იმის მოლოდინი მქონდა, რომ აი, სწორედ ამ წიგნის ბოლომდე წაკითხვამდე ჩემი ცხოვრება აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ არ იცვლებოდა… არც ფული მოდიოდა, არც არაფერი განსაკუთრებული ხდებოდა და ეს მუდმივი შინაგანი ბრძოლა იყო…
ამ იმედგაცრუებამაც მომცა ის მომენტი, რომ მაინც არ ვჩერდებოდი და ბუნებრივია, ეს დაშვებული შეცდომა ჩემი სიზუსტისა და ძალის მაჩვენებლებს ზრდიდა…
ISIF-ახალი საფეხური – „ხომ არ გაგიჟდაო, – ფიქრობდნენ“
შემდეგ აღმოვაჩინე დისტანციური სწავლების ბრიტანული ონლაინ უნივერსიტეტი ISIF, სადაც თავიდან რამდენიმე დღიან გაკვეთილებს გთავაზობდნენ უფასოდ… გავიარე ეს გაკვეთილები და ძალიან მომეწონა. ეს იყო პროფესიონალების მიერ, ლაკონურად აღწერილი გზა, რასაც დიდ წიგნებში ვკითხულობდი. მერე ამას ფასიანი პროგრამა დაერთო. ერთი თვის საფასური, 100 დოლარი უნდა გადამეხადა, რაღაცნაირად ვისესხე და გადავიხადე, მერე კი საერთოდ მოვიწამლე სწავლის გაგრძელების სურვილით… მაგრამ ფული არ მქონდა, არც არავინ მყავდა ირგვლივ, რომ დამხმარებოდა. თანაც ჩემი წარსული იმიჯის გამო, არავინ მენდობოდა.
ერთადერთი რაც იმ ძველი ცხოვრებიდან გამაჩნდა, კარგი ავტომანქანა, BMW იყო. ვაფანატებდი, ისე მიყვარდა ჩემი მანქანა, მაგრამ გავყიდე… მომიწია… აღებულმა თანხამ 13500 დოლარი შეადგინა… მაშინ ეს დიდი ფული იყო… ავდექი და მთელი ფულის ინვესტირება საკუთარ თავში მოვახდინე.
სამი წელი ვისწავლე. ჩემი გათვლით, ამ ფულიდან ფულიც უნდა მეშოვნა, მაგრამ ვერ ვიშოვე, აქაც მქონდა შინაგანი ბრძოლები: „რამ გაგაგიჟა, სისულელეს აკეთებ…“ გაჰკიოდა ჩემი შინაგანი ხმა. მთელი გარემოცვაც ასე ფიქრობდა, პირდაპირ ვერ მეუბნებოდნენ – „რა სისულელეს აკეთებო“, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ზურგს უკან ყველა მაქილიკებდა: „ამან სულ გარეკა, კომპიუტერთან ზის მთელი დღე და სწავლობსო“.
ოჯახის წევრებიც ვერ მიგებდნენ… ძველი ცხოვრობით რომ აღარ ვცხოვრობდი, ეგ კი მოწონდათ, მაგრამ „ხომ არ გაგიჟდაო“, ფიქრობდნენ.
ეს ყოველივე მიმყარებდა ფიქრს, რომ რასაც ვაკეთებდი აზრი არ ჰქონდა და ეს ჩემი ახირება იყო, მაგრამ ისევ იმ მდოგვის მარცვლისოდენა ხმას მივყვებოდი…არ ვიცოდი, სად მივდიოდი, რა გამოვიდოდა, საერთოდ არაფერი ვიცოდი, უბრალოდ, მივენდე და ასე მინდობილი სადღაც მივდიოდი. იყო ცდუნება დღეში უამრავჯერ, რომ გავჩერებულიყავი, მაგრამ რატომღაც, არ ვჩერდებოდი…
ეს ფულიც დამთავრდა…
„ინტელექტიკას“ დაარსება
მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე ინტერნეტში შეიძლება გქონდეს ბლოგი, ამ ბლოგით კი შეიძლება იშოვო ფული. ჯერ გავხსენი რუსული ბლოგი. ქართულ ინტერნეტ სივრცეში გაკეთების მრცხვენოდა, კომპლექსი მქონდა, ახლა კი ვხვდები, რომ ეს ჩემი დაბალი თვითშეფასების ბრალი იყო. მე მაშინ სხვისი კი არა, ჩემი თავის მრცხვენოდა… მრცხვენოდა იმის, რომ არაფერი მებადა და ვერაფერს მივაღწიე ჩემს ასაკში, მაგრამ მაშინ ამას არ ვაღიარებდი.
შემდეგ ვთქვი: „თუ რუსეთში ასეთი მაგარია ეს ყველაფერი და ჩემზე ბევრად პატარები მილიონებს ატრიალებენ, მოდი, ვნახავ ერთი, საქართველოში რა ხდება ამ მხრივ“. საქართველოში არაფერი ხდებოდა და შევქმენი სამოყვარულო ბლოგი „ინტელექტიკა“. არ ვიცი, „ინტელექტიკა“ რატომ დავარქვი, რადგან საერთოდ არ ვთვლიდი თავს ინტელექტუალად, ეს არ ყოფილა გათვლილი და სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც შემდეგ კომპანიად იქცეოდა.
თავიდან 5 ან 7 კაცი თუ შემოვიდოდა ბლოგზე, აქედან სამი ჩემი თხოვნით და თუ რომელიმე პოზიტიურ კომენტარს დაწერდა, ძალიან მიხაროდა, ბედნიერი ვიყავი. თუ ვინმე რაღაც ისეთს დაწერდა, კრიტიკულს: „ინტელექტიკა ხართ და მძიმეები არ იცით, სად უნდა დასვათ“, მაგრად განვიცდიდი, ვნერვიულობდი… მაინც ვწერდი, ვთარგმნიდი და ნელ-ნელა ჩემი კომპეტენციაც იზრდებოდა რაღაც კუთხით, მაგრამ ამას ახლა ვამბობ, მაშინ კი ისეთი დაბალი თვითშეფასება მქონდა, რომ ამას ვერ ვგრძნობდი, ცოტა ხანში რაღაც უკუგება წამოვიდა, მაგრამ არა ფინანსური, უბრალოდ, ხალხს მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი და მეც გადავეშვი მთელი თავით..
„კომფორტის ზონიდან გამოსვლა“
ამის შემდეგ ვიპოვე პირდაპირი გაყიდვების კომპანია, მინდოდა კომფორტის ზონიდან გამომეყვანა ჩემი თავი და გაყიდვა მესწავლა. უნდა გენახათ, რა ტანჯვა- წამება იყო: რაღაც კოსმეტიკური სახის წმენდის დანადგარით მიდიხარ სალონში,რომ მიყიდო, იქ კი რაღაცნაირად გიყურებენ, ვერცერთი გაყიდვა ვერ დავსვი… არაფერი გამომდიოდა.
მქონდა სამოცკაციანი სია, თითოეულთან უნდა დამერეკა. ვრეკავ, პირველთან ზარი გადის, ხელი მიკანკალებს, თვალდახუჭული ვდგავარ… პირველი ტუუუ, მეორე და მესამე ტუ თუ იყო, უნდა გენახათ, როგორ მიხაროდა, რომ ყურმილს არავინ იღებდა. არადა რეალურად, იმ ყურმილის აღებაზე იყო ჩემი წარმატება დამოკიდებული. მოკლედ იქაც არაფერი გამომდიოდა და ძალიან მეშინოდა… ბოლოს ორი გაყიდვა დავსვი, რამაც თავდაჯერება შემმატა.
პირველი პროდუქტი „წარმატების ანბანი“
მერე გადავწყვიტე „ინტელექტიკას“ მონეტიზაცია მომეხდინა და დავიწყე პირველი პროდუქტის შექმნა, ეს იყო „წარმატების ანბანი“.
18 მოდულიანი კურსი წარმატების შესახებ, რომელზეც 6 თვე ვიმუშავე.
„წარმატების ანბანი“ არის მეტაფიზიკური, მეცნიერული და პრაგმატული მიდგომების ერთობლიობა, უბრალოდ, ქართულ მენტალობასთან კარგად მორგებული და ალგორითმიზირებული. კურსი სავსეა პრაქტიკული სავარჯიშოებით, დამატებითი მასალებით და თეორიული განმარტებებით, რომელიც ადამიანს ეხმარება, საკუთარი ძლიერი მხარეებისა და საყვარელი საქმის პოვნაში. ასევე, მიზნების დასახვაში, ფასეულობათა სისტემის შექმნაში, შემზღუდველი რწმუნებულებების იდენტიფიცირება/მოშორებაში, ადამიანებთან ურთიერთობების დალაგებაში, ეფექტური გეგმის შედგენაში, დროის ეფექტურად გადანაწილებაში და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების დალაგებაში.
მინდოდა, ეს კურსი ყველანაირად ზე ხარისხიანი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ კომპოზიტორს, სპეციალურად, ორიგინალი მუსიკაც კი დავაწერინეთ, რაც ფონად ადევს…
კურსი რომ ჩამეშვა და ბიზნესი დამეწყო, 600 დოლარი მჭირდებოდა. სწორედ აქ მოხდა როგორც ბიზნესმენის გარდატეხა ჩემში, ჯიმ რონი თავის წიგნში ამას „ღარიბი ტილის ეფექტს“ ეძახის.
600 დოლარი ახლა ძალიან ისე ჟღერს, მაგრამ მაშინ ეს თანხა ჩემთვის დიდი ფული იყო. ჩამოვწერე იმ ადამიანების სია, რომლებთანაც მიმესვლებოდა. 11 კაცი გამოვიდა. ამ 11 – დან შევაგროვე მხოლოდ 300 ლარი, სამმა ადამიანმა მომცა 100 -100 ლარი. სწორედ აქ ამოქმედდა ჩემი „ღარიბი ტილის ეფექტი“ და მე ვუთხარი საკუთარ თავს: „ამხელა კაცი ხარ და კრიტიკულ მომენტში სამას ლარზე მეტი ვერ შეაგროვე“. ეს იყო პიკი, რის შემდეგაც დავიფიცე, რომ ასეთ მდგომარეობაში არასოდეს აღმოვჩნდებოდი. ეს სამასი ლარი მაინც არაფერში მყოფნიდა და დაიხარჯა.
მალე „ენიქსმა“გამოაცხადა, რომ ყველა საინტერესო და ინოვაციური იდეის მქონე, მოაზროვნე ადამიანებს უთმობდა თავის პლატფორმას, რათა მათ ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ თავიანთი იდეები. ნერვიულობისა და შიშების მიუხედავად, მაინც გამოვედი და ვისაუბრე, შემდეგ ჩემ მიერ შექმნილი კურსიც წარვადგინე და დაინტერესებულ პირებს მოვუწოდე, გამომხმაურებოდნენ, რომ ერთად გაგვეკეთებინა პროექტი.
მართლაც, მესამე თუ მეოთხე დღეს ერთ-ერთი მსმენელი გამომეხმაურა, – დავინტერესდი და შევხვდეთო. შევხვდით რადიო იმედში, მოვუყევი, ძალიან მოეწონა: „შენთან ვარ, გავაკეთოთო…“
სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. სახლში ყველას ვუთხარი, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემს იდეაზე გაგიჟდა და მალე ახალ პროექტს ჩავუშვებდით, ფეისბუქზე სტატუსი დავწერე, რომ დამაფინანსეს, ისე მიხაროდა, თითქოს მილიონი მიმეღო, მაგრამ დაიკარგა ის ტიპი… „გადამაგდო“… ვწერ ფბ-ზე არ მპასუხობს, ტელეფონს არ იღებს, ორმაგი სტრესი მაქვს, თან ყველაზე მეტად ის კი არ „მიტყდება“, რომ გადამაგდო, არამედ ის, რომ ამის შესახებ ყველას ვუთხარი…
ამ განცდებში ვარ და დამიკავშირდა მეორე, ეს უკვე ინტელექტიკას მკითხველი იყო, „ენიქსს“ ვუყურე, პროექტით დავინტერესდი და ერთად გავაკეთოთო. ისევ გავგიჟდი, ისევ ყველას მოვუყევი, ისევ დავაანონსე, სლაიდი დავდე ფეისბუქზე – „მალე… წარმატების ანბანი..“ ხალხიც ელოდება და…ისიც გაუჩინარდა…
ეს 600 დოლარი ინტერნეტში რესურსებისთვის, ტექნიკური მხარეების მოსაგვარებლად მჭირდებოდა.
მოკლედ, მივხვდი, რომ თავად უნდა მომეფიქრებინა რამე, თორემ არ იყო საშველი.
18 მოდულიდან მხოლოდ 8 მოდული მქონდა ბოლომდე შექმნილი, დანარჩენ ათს ტექნიკური გამართვა სჭირდებოდა. სხვა გზა არ იყო, ავდექი და დავაანონსე, რომ კურსი ბოლომდეა შექმნილი და ამა და ამ დღეს აიღებს სტარტს. ასევე, გამოვაცხადე, რომ მხოლოდ 70 ეგზემპლარი გაიყიდებოდა, რათა მეც ეფექტურად შემძლებოდა მონაწილეებთან მუშაობა და მათთვის უკუკავშირის გაკეთება. თან ავხსენი, რომ მათივე ინტერესების გამო, თავიდან მხოლოდ 8 მოდულს მიიღებდნენ, მერე კი თითო-თითო გაიხსნებოდა. ნუ ფაქტობრივად, მოტყუება გამომივიდა, მაგრამ ეს იყო კეთილი ტყუილი, რომელიც არავის აყენებდა ზარალს. აი, ასე ჩავუშვი პირველი მასობრივი გაყიდვები. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ არც გაყიდვების მენეჯერი მყავდა და არც არავინ. მარტო ვარ, კოკასთან ერთად რომელიც ვიდეოებს აკეთებდა.
ავიღე დარეგისტრირებულთა სია და დავიწყე რეკვა. ძალიან მაგარი ის იყო, რომ ვისთანაც ვრეკავდი, ყველასგან ძალიან პოზიტიური ენერგია მოდიოდა. ყველა სიხარულით მპასუხობდა: „გიორგი შენ ხარ? შენ მირეკავ?“
აი, ასე გაიყიდა ეს ჩემი პირველი პროდუქტი. თუ იმაზე ვისაუბრებთ, რომ 600 დოლარი ჩემთვის ძალიან დიდი თანხა იყო, ამ პირველი პროექტიდან კოლოსალური შემოსავალი მივიღე. ასევე, მივიღე წარმოუდგენლად დიდი სიყვარული და მიღება კლიენტების მხრიდან.
აი, მაშინ რაღაც დასკვნა გავაკეთე ჩემი თვითშეფასებისა და ზოგადად, განვითარების კუთხით, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და სწორედ ამ დროს ვიგრძენი შედეგი. ჩემ მიერ დასახული და დაფინიშებული მიზანი, ჩემ მიერ შექმნილი და დამთავრებული ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც პირველი იყო და თვითშეფასება წამოიწია, მახსოვს საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „თუ პირველი პროექტი ასეთი მაგარი გააკეთე, წარმოიდგინე, მერე და მერე რას შეძლებ“.
აქედან დაიწყო „ინტელექტიკა“, როგორც ბიზნესი“…
„ინტელექტიკა დღეს“
დღეს ინტელექტიკა არის ძალიან სწრაფად მზარდი ორგანიზაცია – 14 გუნდის წევრი, 2500-იანი კლიენტთა ბაზა,
16000 ხელმომწერი და პოტენციური კლიენტი, 120 000 მკითხველი… „ინტელექტიკა“ ძალიან დიდი გეგმისა და მიზნის ორგანიზაციაა, რომელსაც ჩანაფიქრი აქვს, სერიოზული სიტყვა თქვას ზოგადად, საქართველოს განვითარებაში. ჩვენ ამბიციაც გვაქვს უკვე და გარკვეულწილად, პოლიტიკოსებზე მეტ საქმესაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ რეალურ დროში რეალურ ადამიანებს ვასაქმებთ, საქართველოს შიდა პროდუქტს ვზრდით, ვეხმარებით ბიზნესმენებს თავიანთი ბიზნესების შექმნაში, შეფუთვაში, შემოსავლების გაზრდაში.
გვაქვს ასევე ინოვაციური მიმართულება, გვინდა საგანმანათლებლო სისტემაში ძველი, მანკიერი სწავლების კოდი გავტეხოთ და ეს ყველაფერი ალტერნატიული განათლებით ჩავანაცვლოთ, სადაც ინდივიდს თავის ძლიერ მხარეებზე, თავის სურვილებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული უმაღლესი დონის განათლების მიღების შესაძლებლობა ექნება.
თავად ის ფაქტი, რაზეც ვისაუბრე – ჩემი წარსული და აწმყო – პირადად მე, მაძლევს იმის რწმენას, რომ თუ ადამიანს მოუნდება, შეუძლებელი არაფერია და ამის სამტკიცად მე გავხდი საკუთარი თავისთვის მაგალითი, რომ ეს ასეა რეალურად.
მთავარია, მთავარი იყოს მთავარი და ნებისმიერი შეძლებს გახდეს – ნებისმიერი!
დეა თავბერიძე