ლიკა ყაზბეგი – ეს სახელი და გვარი უკვე ბრენდია მოდის სამყაროში, 27 წლიანი გამოცდილებით. საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამოდელო სააგენტო – “ლიკა ყაზბეგის” მფლობელი და დამაარსებელი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის უამრავი მოდელის ცნობილ და წარმატებულ ადამიანად ქცევაში.

მის კარიერულ ანგარიშზე ბევრი წარმატებული და ინოვაციური პროექტია. მუდმივად მუშაობს და ნერგავს სიახლეებს. ბევრი თქვენგანი დღეს პირველად გაიგებს რომ საქართველოში (ჩაჩავას კლინიკაში) არსებობს სიმაღლეში ზრდის ცენტრი, რომლის დამაარსებელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ ლიკა გახლავთ.
მაშ ასე, გოგონებო, ვისაც გენეტიკამ და ბუნებამ ხელი არ შეგიწყოთ და რამდენიმე სანტიმეტრით მეტ სიმაღლეზე ოცნებობთ, მინდა გახაროთ რომ თქვენს ოცნებას ახდენა უწერია, ეს სტატია თქვენთვისაა. ასევე იმ მშობლებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ რომ მათი შვილები სამოდელო სააგენტოში ატარონ, ან დიზაინერის ხელობას დააუფლონ.
-ლიკა, გვითხარით ის მიზეზი, რომელმაც სიმაღლეში ზრდის ცენტრის დაარსების იდეამდე მიგიყვანათ. როგორც ვიცი ამ იდეას საფუძვლად რაღაც ამბავი უდევს.
– მოდელები. მათ გამო შეიქმნა ეს ცენტრი. 27 წელია სამოდელო სააგენტო მაქვს. წლების განმავლობაში ვუყურებდი, როგორ იჩაგრებოდნენ გამორჩეულად ლამაზი გოგონები, რომლებიც სულ რაღაც 2-3 სანტიმეტრის გამო ვერ გადიოდნენ პოდიუმზე. ქასთინგზე დიზაინერები უპირატესობას ყოველთვის მაღალ გოგონებს ანიჭებდნენ. ძალიან ბევრჯერ მინახავს მათ თვალზე ცრემლი და ეს ჩემთვის ძალიან მკტივნეული იყო. არ ვიცი, სხვა როგორ არის, მაგრამ ჩვენ სააგენტოში ოჯახური გარემო გვაქვს. მოსწავლეების მიმართ დედა-შვილური მზრუნველობის მომენტრი უჩნდება ბევრ პედაგოგს. მეც ასე ვარ. რთულია უყურო, თუ როგორ იტანჯება შენი აღზრდილი. ცოტა დრამატულად აღვწერ, მაგრამ არ ვუტრირებ, ჩვენთან ასეა. მე შემეძლო ბავშვების ოცნების ახდენა და ამას ვაკეთებდი, როდესაც პერსონალურ ჩვენებებს ვაწყობდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ვეძებდი და ვაგროვებდი ინფორმაციებს, რაც სიმაღლეში ზრდასთან იყო კავშირში. ბოლოს ავარჩიე, ყველაზე უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის პირიქით, სასარგებლო მეთოდი. ეს, აკადემიკოს, ანატოლი პალკოს მიერ შემუშავებული ვარჯიშების კომლექსია. მის მიერ გამოგონილი ტრენაჟორები გარდა იმისა, რომ ზრდის სტიმულირებას ახდენენ, სხეულის გაჯანსაღებასაც უწყობენ ხელს.
-ამ მეთოდის გარდა გიცდიათ კიდევ სხვა საშუალებები თქვენი მოსწავლეებისთვის?
-არაფერი იყო, ისეთი, რაც რეალურ შედეგს იძლეოდა, ჰორმონალური თერაპიის მიმართ პირადად მე (და არამხოლოდ მე) ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს, სახიფათოდ ვთვლი ასევე სხვადასხვა პრეპარატებს და მცენარეულ წამლებს, რომლის შედეგიც (თუ დადგა შედეგი) იმდენაც გაწელიალია დროში, რომ ძვირფასი დრო იკარგება. დრო ძალიან მნიშვნელოვანია (განსაკუთრებით გოგონებისთვის).

-როგორც ვიცით, პალკოს სიმაღლის სკოლას 30 წლის ადამიანებიც აკითხავდნენ…
-დიახ, მას ასაკობრივი ზღვარი მაღალი ჰქონდა. 30 წლის ადამიანებიც აკითხავდნენ, ჩვენთან ბევრად პატარები მოდიან და არ დავმალავ, ეს გვაწყობს კიდეც, რადგან შედეგები ბევრად თვალსაჩინოა. პალკო, სამედიცინო წრეში ცნობილი ადამინი იყო, ( ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა) აკადემიკოსი, გამომგონებელი, მკველვარი, მას თავის თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება შეეძლო რათქმაუნდა, ვიდრე ჩვენ. ეს მეთოდი პალკომ მრავალი ათეული წლის წინ შეიმუშავა. ის პროფესიით ექიმი- ორთოპედი იყო. მას ძალიან გონივრულად აქვს შექმნილი ეს მეთოდი. პრინციპი : გაწელვებია, ოღონდ არა ისეთი , როგორიც ტანვარჯიშზე, რომელიც პირიქით, აფერხებს ზრდას. პალკოს შექმნილი აქვს, რამოდენიმე ტრენაჟორი, რომელზეც ხდება გაჭიმვები. გაწელვები ზოგადად ტანს ალამაზებს და ხვეწავს, ასე რომ გოგონებისთვის ორმაგი სარგებლის მოტანა შეუძლია ამ მეთოდს. კომპლექსში შედის ასევე ვარჯიშები, რომლებიც ამაგრებს ზურგის კუნთებს და ხერხემლისთვის სასარგებლოა. მეთოდში შედის მასაჟიც.
– ესეიგი ხერხემლის პრობლემის შემთხვევაშიც შესაძლებელია, რომ მოგაკითხონ.
-მომართვიანობა ამ მიმართულებით დიდია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მხოლოდ ის ადამინები მივიღოთ, ვინც სიმაღლეზეა ორიენტირებული. ხერხემლის პრობლემები თინეიჯერბის 99 % აქვს და ყველა რომ მივიღოთ, ვინც ამ პრობლემით გვაკითხავს, ჩვენი ძალები აღარ ეყოფათ მათ, ვის გამოც შევქმენით ეს ცენტრი. არ გვყოფნის რესურსი და დრო ყველას მოვემსახუროთ. ჩვენ ორენტირებულები ვართ სიმაღლის პროგრამაზე და ჯერჯერობით მხოლოდ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა მომავალში შესაძლებელია პროფილი გავაფართოვოდ.
-ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა თუ რამდენად უსაფრთხოა ის მეთოდი, რომლის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი პროცედურა სხეულის გაჭიმვები და გაწელვებია?!
-იცით, რომ მეც ვსარგებლობ პალკოს მეთოდით? 45-50 წლის მერე ჩვენ ყველა ნელ-ნელა ვპატარავდებით. ეს ცნობილია, მე არ ვარ პირველი ვინც ამას ამბობს, ეს დადასტურებული ფაქტია. ვინაიდან ჩემი ასაკი უკვე რისკის ზონაშია, დროულად უნდა ჩავერიო, რომ ხერხემლის მალები არ ,,დაჯდეს’’ და რამდენიმე სანტიმეტრი არ მომაკლდეს. სამწუხაროა, რომ იმ წლებში, როდესაც მე თინეიჯერი ვიყავი ეს მეთოდი არ იყო საქართველოში. აუცილებად ვივლიდი, თუნდაც ჯანმრთელობის გამო. არის შემთხვევებში, რომ ადამიანს 7-10 სანტიმეტრით აკლდება ასაკში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოსტეოპოროზია დაწყებული.

-თქვენ ფოტომოდელი იყავით. გქონდათ შეხება თქვენი მოსწავლეების მსგავს პრობლემასთან ?
-არა. არასოდეს. ფოტომოდელს პოდიუმის მოდელისგან განსხვავებით ის უპირატესობა აქვს, რომ სიმაღლე არ სჭირდება. მთავარია სხეულის პროპორციულობა და ფოტოგენურობა.
-რა ასაკიდან შეიძლება მოსვლა ზრდის პროცედურებზე და რამდენ ხანში დგება სასურველი შედეგი?
-10 წლის ასაკიდან ვიღებთ ნებისმიერ მსურველს. მინდა ის მშობლები გავაფრთხილო, ვინც ყურადღებით აკვირდება ხოლმე შვილის ზრდის პროცესს და მათ გასაგონად ვთქვა, რომ გოგონას შემთხვევაში, რაც უფრო ადრე ჩავერევით ზრდის სტიმულირების პროცესში, მით უკეთესი იქნება შედეგი. ბიჭებთან საქმე სხვაგვარადაა, მათ აქვთ იმის ფუფუნება რომ 17-18 წლის მერეც გაიზარდონ. ეს მეთოდი ახდენს ზრდის სტიმულირებას. ბუნებრივი გზით თუ ადამიანი უნდა გაზრდილიყო ათი სანტიმეტრით, ამ შემთხვევაში მოიმატებს თხუთმეტ სანტიმეტრს. სასურველი შედეგის მისაღებად მინიმუმ სამი კურსის გავლაა საჭირო. გვყავს ბავშვები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლბაში დადიან. ესენი , ძითადად ისინი არიან, ვისაც გენეტიკური სიდაბლე აქვს ორივე მშობლის ხაზით.
-ანუ გამოდის რომ თუ ბუნებამ და გენეტიკამ სიმაღლეში ზრდის თვალსაზრისით ხელი არ შეგვიწყო არ უნდა ვინერვიულოთ. შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში მიიღწევა?
-დიახ, შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში დგება, თუმცა ერთს გეტყვით, თუკი ადამიანს არავინ ჰყავს სანათესაოში მაღალი, მისი ზრდის პროცესი არ იქნება ისეთი მარტივი, როგორიც სხვის შემთხვევაში. ყოფილა შემთხვევა რომ ორი ერთი ასაკის ბავშვი, რომელმაც გაიარა ერთიდაიგივე რაოდენობის კურსი ჰქონდათ სხვადასხვა შედეგი. ერთს საშუალო, მეორეს ცოტა მეტი. მათ შორის განსხვავება 3 სანტიმეტრიც კი ყოფილა. აქედან გამომდინარე, თუ რამდენ სანტიმეტრს მოიმატებს ადამიანი, ზუსტი ციფრების დასახელებისგან წინასწარ თავს ვიკავებთ. იდივიდუალური ფაქტორი გასათვალისწინებელია.
-რამდენად მოთხოვნადია სიმაღლეში ზრდის პროცედურები ჩვენთან?
-იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ არავინ ამბობს რომ ჩვენი მომსახურებით სარგებლობს, მოთხოვნა დიდია. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ უახლოესი მეგობრები და ნათესავებიც კი არ ეუბნებიან ერთმანეთს რომ ჩვენთან დადიან. ადამიანების უმრავლესობას, არ უნდა აფიშირება იმის, რომ ზრდის სტიმულირებისთვის მოგვაკითხა. ვერ ვიტყვი რომ ეს ჩვენი საქმისთვის კარგია, თუმცა კონფიდენციალობის დაცვა ჩვენი ვალია. გარდატეხის ასაკში ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა და მის სურვილს პატივი უნდა ვცეთ. შეუძლიათ ინდივიდუალურად იარონ, ესეც არ არის პრობლემა.

-არიან თუ არა ცნობილი სახეები თქვენი ცენტრის სტუმრები?
-იქიდან გამომდინარე, რაც ზემოთ ვისაუბრე მათ ვერ დავასახელებ. სიმაღლეში ზრდის პრობლემა ისეთი თემაა, რომელიც შეიძლება ცნობილსაც აწუხებდეს და უცნობსაც . მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სხვადასხვა სააგენტოდან ძალიან ბევრი მოდელი გვაკითხავს. ბოლოსდაბოლოს ხომ მათ გამო შეიქმნა ეს ცენტრი.
-მხოლოდ მოდელებს იღებთ ცენტრში?
-თავიდან მხოლოდ მათ ჰქონდათ ეს შესაძლებლობა. შემდეგ გაჟონა ინფორმაციმ და რეკომენდაციით მივიღეთ ბალერინები. ბალერინებს მოყვნენ სპორტსმენები, მოცეკვავეები და ა.შ. ასე გაფართოვდა წრე .
-ლიკა, თქვენ გაქვთ ასევე სამოდელო სააგენტო, სადაც ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსვლა. რა ასაკიდან მიიღებიან ბავშვები თქვენს სააგენტოში და რა სტანდარტებს და მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენთან მოსული ადამიანი?
-ჩემს სამოდელო სააგენტოში ბავშვები ექვსი წლიდან მიიღებიან. ადრე 3-4 წლისებიც აგვყავდა, მაგრამ მერე მივხვდით რომ ეს შეცდომა იყო, თამაშის ასაკიდან როცა არ არის ბავშვი გამოსული რთულია მასთან მუშაობა. ფაქტიურად ტყუილად იხდის მშობელი ფულს. გვაქვს სიახლე, წელს გადავწყვიტე შევქმნა მოყვარულთა ჯგუფი, სადაც 45 წლის ზემოთ ქალბატონებს ექნებათ შესაძლებლობა მოვიდნენ ჩვენთან, ვეპატიჟებით ყველას, ვისაც სურს სხეულისა და სიარულის მანერის დახვეწა. წლებია ინდივიდუალურად ვამეცადინებ ქალბატონებს, მაგრამ ახლა მინდა ამას მასშტაბური სახე მივცე და ჯგუფი შევქმნა, იმედი მაქვს მსურველები გამოჩნდებიან. რაც შეეხება სტანდარტებს, ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ შეიცვალა მსოფლიოში. არა ნებით, არამედ იძულების წესით შეცვალეს პარამეტრები, იმიტომ რომ მოდელებში ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინეს თავი, გამუდმებული დიეტების გამო. მოზარდის შიმშილობა არანაირად არ შეიძლება. იმის შემდეგ, რაც რამოდენიმე მოდელი ანორექსიით გარდაიცვალა, შეიცვალა ტენდენციები, თუმცა ზოგ ქვეყანაში მაინც ძვლებზე გადაკრული ტყავი უნდა ჰქონდეს მოდელს, წარმატებას რომ მიაღწიოს. პირადად მე არაერთხელ ამიყვანია ის გოგონები, რომლებიც სხვა სააგენტოებში არ მიიღეს და შემდეგ იმდენად კარგად მოვამზადეთ, რომ ქასთინგებზე, მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. პარამეტრები კარგია, მაგრამ მთავარი მაინც ენერგეტიკაა, სექსუალურობა, შარმი, მუხტი, რომელიც ყოველთვის უხდება პოდიუმს, სცენას. არიან გოგონები, რომლებიც თავს მახინჯად თვლიან, სინამდვილეში კი ძალიან ლამაზები არიან, ასეთი მიდგომა საკუთარი თავის მიმართ ძირითადად თინეიჯერებს ახასიათებთ. აქ, უკვე ფსიქოლოგიური ჩარევაა საჭირო. არავინ იფიქროს, რომ სამოდელო სააგენტოში სიარული მარტო სიარულის სწავლას მოიცავს.
-რას ისწავლის, რას მიიღებს თქვენთან მოსული ბავშვი?
-ჩვენ ამ სფეროში გვაქვს დიდი გამოცდილება და შეგვიძლია ბავშვის სრულიად ტრანსფორმაცია. მხოლოდ სიარულის სწავლით პროფესიონალი მოდელი ვერ გახდები. ბევრი უნარი და ფსიქოლოგიური ფაქტორია ერთად თავმოყრილი. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება აქ მაინც თავდაჯერებულობაა. სილამაზის კონკურსზე შეიძლება გაიმარჯვოს ფიზიკურად ბევრად ნაკლებმა გოგონამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იმ უნაკლო გოგონაზე უფრო თავდაჯერებულია. სწორედ ასეთი თავდაჯერებულობა იზიდავს ხალხს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე. აი, ამ ყველაფერზე ვმუშაობთ ჩვენ კომპლექსურად. მშობლები მოდიან და გვაბარებენ შვილს, ზოგ მათგანს საერთოდ არ აინტერესებს პოდიუმი, უნდათ, რომ მათი შვილები გამართულად, სწორად დადიოდნენ და არ შეექმნათ ხერხემლის პრობლემები. თინეიჯერული ასაკი ყველაზე სენსიტიურია, ამ ასაკში თუ არ დაიტვირთა კუნთები, რომელიც ხერხემალს იჭერს, 100 დან 90 პროცენტში ტანდეგობა ირღვევა.
-პატარა დიზაინერების სკოლა, რომლის ინოვაციური იდეის ავტორიც თქვენ ხართ. მსგავსი სკოლა საქართველოში არ არსებობს. გვითხარით რამე ამ სკოლის შესახებ.

-ეს იდეა როცა დამებადა, სოციალურ ქსელში დავსვი კითხვა, მიიყვანდით თუ არა შვილს რომ გაიხსნას პატარა დიზაინერების სკოლა. მშობლების აზრი მაინტერესებდა. ვერ წარმოიდგენთ იმხელა გამოხმაურება მოჰყვა ამ პოსტს, რამაც სკოლის გახსნის სტიმული მომცა. ბავშვების მიღება ჩვენს სკოლაში ხდება შვიდი წლის ასაკიდან, რომელთაც ასწავლის ჩემი პარტნიორი და ცნობილი დიზაინერი ნინო გოგიბერიძე. ვფიქრობ, არაერთი ცნობილი დიზაინერი გაიზრდება ჩვენს სკოლაში. გეგმაში მაქვს ბავშვთა მოდის კვირეულის გაკეთება. მსგავსი რამ საქართველოში არ ჩატარებულა. ჩვენი პატარა დიზაინერები პოდიუმზე თავიანთ პატარა კოლექციას გაიტანენ. პატარა მოდელებიც გვყავს და მათ შორს წასვლა არ დასჭირდებათ თავიანთი კოსტიუმების მოსარგებად. თითო ბავშვი მოამზადებს ხუთ კოსტიუმს (ეგრეთ წოდებულ კაფსულა კოლექციას) და თავის ჩვენებაზე გაიტანს, რომელსაც ჟიური შეაფასებს. ვფიქრობ საინტერესო და სახალისო გამოვა. ძალიან ველოდები ამ იდეის განხორციელებას, როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება ქვეყანაში.
-ლიკა, რაც შეეხება თქვენს ერთ-ერთ ცნობილ პროექტს, “წარმატებული ქალი პოდიუმზე” ექნება თუ არა მას გაგრძელება?
-“წარმატებული ქალი პოდიუმზე” ეს ჩემი ყველაზე ცნობილი პროექტია. უკვე ათი სეზონი გავაკეთე და ვფიქრობ, შეიძლება ამოწურა კიდეც თავისი თავი და აღარ გავაგრძელო. ზუსტად არ ვიცი. ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი მაქვს განსახორციელებელი და ამ პროექტს დროებით ვაჩერებ. ვიცი, რომ ბევრი ქალბატონი მელოდებოდა, ვისაც ჰქონდა სურვილი ამ ჩვენებაზე გამოსვლის და მათი მოლოდინის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ამ ეტაპზე კი გეგმაში მაქვს პიარ მენეჯერების, მარკეტინგის მენეჯერებისა და ინფლუენსერების ჩვენების მოწყობა, რომელიც ნამდვილად დროულია და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება.



ავტორი: ნინო გონგაძე
ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტო