fbpx

სიყვარული საჩუქარია, მაგრამ მისი შენარჩუნება – არჩევანი და ყოველდღიური ზრუნვა

ავტორი დეა თავბერიძე
146 ნახვა

თანამედროვე სამყაროში, სადაც ადამიანური ურთიერთობები სულ უფრო და უფრო რთულ და ემოციურად დატვირთულ ფორმებს იძენს, ფსიქოლოგისა და ქოუჩის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ისინი გვეხმარებიან, გავუმკლავდეთ შინაგან დაბრკოლებებს, ვმართოთ სტრესი, დავამყაროთ ჯანსაღი ურთიერთობები და რაც ყველაზე მთავარია, უკეთ შევიცნოთ საკუთარი თავი.

დღეს სწორედ ფსიქოლოგსა და ურთიერთობების ქოუჩს ირმა ჩიტაშვილს ვმასპინძლობთ. ის უკვე წლებია, ადამიანებს ურთიერთობების დალაგებასა და პიროვნულ ტრანსფორმაციაში ეხმარება.

გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ინტერვიუც ბევრ რამეს გასწავლით ურთიერთობების შესახებ.

გამომყევით.

– ვინ არის ირმა ჩიტაშვილი?

– ირმა ჩიტაშვილი არის ქალი, რომელსაც ჰყავს ოჯახი და არის ორი შვილის დედა!

ასევე გახლავართ ქოუჩი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი, RPT თერაპევტი, ენერგო-პრაქტიკების ტრენერი.

ჩემი მისიაა, დავეხმარო ადამიანებს, გამოავლინონ თავიანთი შინაგანი რესურსები, განთავისუფლდნენ წარსული ტრავმებისგან, აიმაღლონ თვითშეფასება და შექმნან ჰარმონიული, ჯანსაღი  ურთიერთობები.

ვარ არაერთი საავტორო პროგრამის ავტორი და თანაავტორი. ამ პროგრამების საშუალებით ადამიანები იძენენ შინაგან ძალას, სწავლობენ ტოქსიკური ურთიერთობებისგან გათავისუფლებას, ენერგიების დაბალანსებასა და ნამდვილი სიყვარულით ცხოვრებას.

ამ პროფესიამდე რას საქმიანობდით?

– მე ვარ ქალი, რომელმაც ცხოვრებაში არაერთი როლი მოირგო…

გიტარაზე ვუკრავდი 5 წლიდან, დასრულებული მაქვს კონსერვატორია და წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ პროფესიით.

შემდგომ ჩემი გზა საბანკო სფეროს დავუკავშირე, მაქვს 10-წლიანი გამოცდილება, სადაც ყოველდღიურობას რიცხვები, წესრიგი და მაღალი პასუხისმგებლობა განსაზღვრავდა.

თუმცა დროთა განმავლობაში ტრანსფორმაციის სურვილმა სულ სხვა მიმართულებით წამიყვანა. დღეს სწორედ იქ ვარ, სადაც ყველაზე მეტად ვგრძნობ საკუთარ საჭიროებას – ვეხმარები ადამიანებს და ვაუმჯობესებ მათ პირად ურთიერთობებს.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ ქოუჩობა?

– ქოუჩობა 8 წლის წინათ ჩემივე პირადი ცვლილების სურვილით დაიწყო. მაშინ ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი პროფესიის შეცვლა, უბრალოდ მინდოდა საკუთარი თავის უფრო ღრმად შეცნობა, შინაგანი რესურსების აღმოჩენა და ჩემი ხასიათისა თუ უნარების გაუმჯობესება.

ასე დავიწყე ქოუჩინგის შესწავლა და ამან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ხასიათი,  შინაგანი თვისებები… შესაბამისად, ჩემმა პირადმა ტრანსფორმაციამ მიბიძგა იმისკენ, რომ სხვებსაც დავხმარებოდი და უამრავი ადამიანი გამებედნიერებინა.

რატომ პირადი ურთიერთობები?

– ეს სფერო ჩემთვის მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ არის – ეს ჩემი პირადი ისტორიაა. გავიზარდე ოჯახში, სადაც ურთიერთობა ბოლომდე არ იყო სრულყოფილი. საბოლოოდ, ჩემი მშობლები დაშორდნენ და ბავშვობიდან შევიგრძენი, რამდენად ღრმად სტკივათ ადამიანებს გამოუთქმელი ემოციები.

ალბათ სწორედ მაშინ გაჩნდა ჩემში სურვილი – ვიყო ის, ვინც შეძლებს ურთიერთობის გადარჩენას იქ, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამიტომაც ვმუშაობ უმეტესად ურთიერთობებზე.

რას ნიშნავს ურთიერთობების ქოუჩი, ძირითადად რაპრობლემებს აგვარებთ“?

– ურთიერთობების ქოუჩი მუშაობს იმაზე, რაც ხშირად ზედაპირზე ჩანს როგორც კონფლიქტი, გაუგებრობა ან ემოციური დისტანცია, მაგრამ სინამდვილეში ხშირად უკავშირდება ჩვენს შინაგან ბლოკებს, დაუმუშავებელ ტკივილს, ტრავმებს, თვითშეფასების პრობლემებსა და სიყვარულის მიღებისა და გაცემის უნარს.

ვმუშაობ ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

•  პირადი ურთიერთობების დალაგება

•  ტოქსიკური ურთიერთობებისგან განთავისუფლება

•  ღალატის შემდგომი ტრავმის განეიტრალება

•  კომუნიკაციის გაუმჯობესება

•  ეჭვიანობა და საზღვრების დარღვევა

•  საკუთარი როლების შეცნობა

•  ქალური და მამაკაცური ენერგიების დისბალანსი

•  მშობლებთან, შვილებთან ურთიერთობა

როგორც ქოუჩი, ვეხმარები ადამიანებს, გააცნობიერონ თავიანთი ქცევითი და ემოციური პატერნები — როგორ ქმნიან ტკივილს ურთიერთობებში, როგორ იმეორებენ მტკივნეულ სცენარებს და როგორ შეუძლიათ, გადაეწყონ ზრდასა და სიყვარულზე დაფუძნებულ კავშირზე. როგორც RPT თერაპევტი და პრაქტიკოსი, ვეხმარები მათ, განთავისუფლდნენ ემოციური ბლოკებისგან და წარსული ტრავმებისგან.

მე არ ვცდილობ ადამიანის შეცვლას — ჩემი მიზანია, მივცე მას შესაძლებლობა, კვლავ აღმოაჩინოს თავისი ნამდვილი ბუნება, რომელიც ხშირად დავიწყებულია ცხოვრებისეულ როლებსა და მოლოდინებში.

– ჩვენ მიერ შექმნილი „მოლოდინებიხშირად ახალ ურთიერთობას  ვნებს.

– დიახ, ახალ ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა მოლოდინებით დაწყება — იმედით, რომ ადამიანი იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, ან როგორიც წარმოგვიდგენია, ან მომავალში შევცვლით მას. ეს მიდგომა ხშირად ტკივილით სრულდება.

სწორი და ჯანსაღი დასაწყისისთვის აუცილებელია: მოვეშვათ ილუზიებსა და მოლოდინებს. არ უნდა ვეცადოთ ადამიანის „გადაკეთებას“. ქმედითი სიყვარული ნიშნავს მიღებას და არა შეცვლის მცდელობას. როცა ურთიერთობა შენდება იდეაზე „შევცვლი და მერე ყველაფერი კარგად იქნება“, მას ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე უჩნდება ბზარი.

ურთიერთობა ნიშნავს კომუნიკაციას. თავიდანვე უნდა ვისაუბროთ ღიად — რა გვჭირდება, რა გვახარებს, რას ვერ ვიღებთ. შეთანხმება იმ საკითხებზე, რაც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, თავიდან აგვარიდებს გაუგებრობებს. ვცადოთ არა შეყვარება, არამედ გაცნობა. ახალი ურთიერთობის დაწყება არ უნდა იყოს მხოლოდ ემოციური აფეთქება. გაცნობა — ეს არის ნამდვილი სიყვარულის საწყისი. ურთიერთობა ძლიერია მაშინ, როცა ერთმანეთის გვესმის და ვცდილობთ, გავუგოთ, მიუხედავად განსხვავებებისა.

– ღალატზეც მინდა გკითხოთ, როგორ დავამუშაოთ ტკივილი, რომელსაც ღალატი იწვევს?

– ღალატი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოცდილებაა, რომელიც ადამიანის ემოციურ სტაბილურობას სერიოზულად არყევს. ჩემი კლიენტების 80% მოდის ღალატის თემით, ან თავად არის ამ როლში. შესაბამისად, გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ამ დროს დარჩენა ან წასვლა მხოლოდ არჩევანია, მაგრამ ტკივილი, განადგურებული თვითშეფასება და ნდობის დაკარგვა საერთო რეაქციაა. სწორედ ამ ტიპის კლიენტებთან შიდა კრიზისებზე მუშაობის პროცესში გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მხარდაჭერა და ამაზე დაყრდნობით შევქმენი პროგრამა „ცხოვრება ღალატის შემდგომ“.

თუ რჩები ურთიერთობაში, საჭიროა მისი თავიდან აშენება სრულიად ახალი საფუძვლით. ღალატის შემდეგ ბრაზის, დუმილისა და უნდობლობის ტარება შერიგებას არ ნიშნავს. აუცილებელია ურთიერთობაში ახალი ჩარჩოების, საზღვრებისა და წესების ჩამოყალიბება, სადაც ნდობა თანდათანობით აღდგება და ძველი ტკივილი წარსულში დარჩება — არა დავიწყებული, არამედ გააზრებული და გადამუშავებული.

თუ მიდიხარ, არ უნდა იცხოვრო შიშით და ნდობის დაკარგვით მომავალში. ერთი ადამიანისგან მიღებული ტკივილი არ უნდა გადაიზარდოს რწმენად – თითქოს სიყვარული ან ჯანსაღი ურთიერთობა აღარ არსებობს.

ნამდვილი სიძლიერე ის კი არ არის, რომ აღარ გტკივა, არამედ ის, რომ ტკივილის ფონზეც კი არ კარგავ ნდობას ცხოვრებისა და სიყვარულის მიმართ. პატიება აუცილებელია — პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. პატიება არ ნიშნავს ქმედების გამართლებას. ეს ნიშნავს, რომ ვწყვეტთ შხამის ტარებას გულში, სხეულსა და გონებაში. პატიება ნიშნავს გათავისუფლებას იმ ტვირთისგან, რომელიც სხვამ დაგვიტოვა, მაგრამ რომლის ზიდვასაც თვითონვე ვაგრძელებთ.

აუცილებელი პირობაა, რომ შევძლოთ იმ ნეგატიური ემოციებისა და ჭრილობისგან განთავისუფლება, რასაც ღალატი ჰქვია. ღალატის შემდეგ ადამიანები ხშირად კარგავენ კავშირს საკუთარ თავთან. ჩემი, როგორც RPT თერაპევტისა და ქოუჩის, მიზანია, შევახსენო ადამიანებს: ღირებულება ტკივილთან ერთად არ ქრება. არც სიყვარული მიდის სადმე. უბრალოდ, იწყება ახალი ეტაპი — გაცნობიერებული, მშვიდი და შინაგანად გაძლიერებული.

მთელი ცხოვრების განმავლობაში წყვილებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა ილუზიაა თუ ეს მართლაც შესაძლებელია?

– აბსოლუტური, სტატიკური ჰარმონია ილუზიაა, მაგრამ ზრდაზე დაფუძნებული, გაცნობიერებული და სიცოცხლისუნარიანი ჰარმონიული ურთიერთობა სრულიად შესაძლებელია. ჰარმონია არ ნიშნავს კონფლიქტების არარსებობას. პირიქით — ყველა ურთიერთობაში დგება კრიზისები. მაგრამ სწორედ ამ კრიზისების ერთობლივი გადალახვა აძლიერებს ურთიერთობას და აშენებს უფრო ღრმა კავშირს. გრძელვადიანი ურთიერთობისთვის აუცილებელია:

🔹 გაფრთხილება და ყოველდღიური ინვესტირება ურთიერთობაში — ისევე როგორც მცენარეს სჭირდება მორწყვა, სიყვარულსაც სჭირდება ზრუნვა;

🔹 ღია კომუნიკაცია — როდესაც არ ვაგროვებთ წყენას ჩუმად, არამედ ვსაუბრობთ გულწრფელად;

🔹 ნდობა და ემოციური მხარდაჭერა — ის სივრცე, სადაც შეიძლება იყო ნამდვილი, დაუცველი და მაინც მიღებული;

🔹 პატივისცემა — ერთმანეთის სიღრმის, განსხვავებულობისა და პირადი სივრცის გათვალისწინება;

🔹 და რაც ყველაზე მთავარია — ურთიერთობის განახლება.

წყვილის კავშირი სისტემატურად საჭიროებს განახლებას — ინტერესით, სიახლით, ყურადღების გადატანით ერთმანეთზე. ერთმანეთის თავიდან შეყვარება წლების შემდეგ — ეს ხელოვნებაა.

ჰარმონია არ არის საწყისი მოცემულობა — ეს არის ყოველდღიური შრომითა და სიყვარულით ნაგები შინაგანი არქიტექტურა.

– ანუ ურთიერთობას სწავლა სჭირდება?

– დიახ, სწავლა სჭირდება, აუცილებლად. სიყვარული შეიძლება ბუნებრივად ვიგრძნოთ, მაგრამ ურთიერთობა, – ანუ ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება, – ეს უკვე უნარია, რომელსაც სწავლა სჭირდება. ძალიან ხშირად ვხვდები წყვილებს, რომლებსაც უბრალოდ ერთმანეთის ენა არ ესმით. ორივენი გულწრფელად ცდილობენ ურთიერთობის შენარჩუნებას, ან გაუმჯობესებას, მაგრამ ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობენ — არა სიტყვებით, არამედ ქცევით, რეაქციებით, ემოციური გამოხატულებით. ამიტომ შევქმენი პროგრამა „ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების ფსიქოლოგია“, სადაც ვეხმარები ადამიანებს, გაიგონ: როგორ ფიქრობენ, გრძნობენ და რეაგირებენ ქალები და მამაკაცები განსხვავებულად; როგორ წარმოიქმნება გაუგებრობა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს აქვს სიყვარული; და როგორ ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული არა მოლოდინებით, არამედ გააზრებითა და ერთმანეთის მიმღებლობით. ურთიერთობა არ არის იღბალი, ის უნარია, რომელსაც სწავლა, გაგება და ყოველდღიური ზრუნვა სჭირდება.

– რამდენად კარგად იციან ქალებმა საქართველოში მამაკაცთან ურთიერთობა და თუ არის ისეთი რამ, რისი სწავლაც გვჭირდება?

– ზოგჯერ ქალებს სურთ სიყვარული, მაგრამ არ იციან, როგორ დარჩნენ ურთიერთობაში ისე, რომ არ დაკარგონ საკუთარი თავი. ბევრი ჩვენგანი ისე გაგვზარდეს, რომ სიყვარული უდრის მოთმენას, დათმობასა და საკუთარი სურვილების უგულებელყოფას.

დაკნინებული ქალურობა ჩვენში თაობებმა დაამკვიდრეს — გვასწავლიდნენ, რომ ჩუმად ყოფნა იყო სათნოება, საკუთარ თავზე ზრუნვა კი – ეგოიზმი.

მაგრამ 21-ე საუკუნეში რეალობა შეიცვალა. დღეს ქალი აღარ უნდა იყოს შენიღბული სიმშვიდით და ამავდროულად შინაგანად განადგურებული.

ქალს სჭირდება არა მეტი კონტროლი ურთიერთობაში, არამედ გზა, რომ დარჩეს საკუთარ ღირებულებაში ისე, რომ არ დაკარგოს არც სინაზე  და არც სიმტკიცე.

– გაქვთ პროგრამა „აღიდგინე ჩაკრა“ – რა ცოდნას იღებენ და რა შედეგს დებენ პროგრამის მონაწილეები?

– „აღიდგინე ჩაკრა“ ჩემი საავტორო პროგრამაა, ეს არის სუფთა ენერგეტიკულ მუშაობაზე დაფუძნებული პროექტი. არა თეორიული, არამედ ღრმა, პრაქტიკული პროცესი, სადაც ხდება ჩაკრების წმენდა და დაბალანსება.

ვფიქრობ, ჩაკრების წმენდა თითოეულ ადამიანს სჭირდება, რათა ჰარმონიული გახადოს ცხოვრების ყველა სფერო: ფინანსები, ურთიერთობები, ჯანმრთელობა…

როცა ჩაკრები დაბლოკილია, ენერგია თავისუფლად აღარ მიედინება და ეს აისახება როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზე.

– რას ეტყვით შეყვარებულ წყვილებს?

გაუფრთხილდნენ ერთმანეთს არა მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი კარგადაა, არამედ მაშინაც, როცა შეიძლება, ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი დადგეს.

პატივი სცენ ერთმანეთის გრძნობებს, სურვილებსა და პირად სივრცეს. ყოველთვის გაითვალისწინონ ერთმანეთის მდგომარეობა და არ ელოდონ, რომ მეორე ადამიანი მათი აზრების „გამომცნობი“ იქნება.

მთავარია, ჰქონდეთ ღია, გულწრფელი კომუნიკაცია. ტყუილზე არ ააგონ ურთიერთობა. ჰქონდეთ ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა. სიყვარული საჩუქარია, მაგრამ მისი შენარჩუნება – არჩევანი და ყოველდღიური ზრუნვა.

ინფორმაციას კურსების შესახებ

https://i-coach.ge/index.html

მსგავსი სტატიები

Leave a Comment