არ გამაცილა მამაჩემმა.
არ გამაყოლა თვალი იმ ჩია კაცმა,
როგორც მამები აყოლებენ
შორეულ გზებზე მიმავალ შვილებს.
არც ხელი არ დამიქნია მამაჩემმა
და არც მკერდზე მიიბჯინა მარცხენა ხელი
ყავრჯენივით,
რომ ამოვარდნისგან გადაერჩინა
გული, რომლის ბაგაბუგიც
სმენას მიხშობდა…
იმ დილით ისე, როგორც სხვა დილას,
მზე შემოუშვა ჩემს თბილ ოთახში
და ბოდიშებით დაიწყო დილა :
– მეგობარია ძალიან მძიმედ,
ვერ გაცილებ და იქ მივდივარ.
კითხვის ნიშანი მქონდა სახეზე და მიპასუხა :
– შენ მას არ იცნობ.
იცრუა მამამ.
მე ყველა მისი ძმაკაცი ვიცი.
მე ყველა მისი ბავშვობის
და ომის ძმაკაცი…
საათზე მეტ ხანს ვუხსნიდი მერე,
რომ გავიზარდე,
უკვე დიდი ვარ,
რომ ბავშვობიდან უნდა წავიდე
და რომ ბავშვობას აქვე ვტოვებ,
ამ თბილ სახლში
და შორს მივდივარ…
მესიზმრა გზაში მიძინებულს,
გზებით გადაღლილს,
რომ მამაჩემი
ჩემს ოთახში
დამჭკნარ ხელებს აფათურებდა
და ჩემს ბავშვობას დაეძებდა
მოსაფერებლად…
საფრანგეთი