თეატრალურ სამყაროში მკაცრი დრამატურგის სახელი აქვს, რაც ერთ კონკრეტულ შემთხვევას უკავშირდება. რეალურად კი უბრალოდ სამართლიანია და არ თმობს იმას, რაც არ ეთმობა…
პიესების წერა ცხრამეტი წლის ასაკიდან დაიწყო, მანამდე იყო ჩანახატები, მოთხრობები, ლექსები…
დღეს ოცამდე სპექტაკლის პიესის ავტორია, ამათგან ყველაზე პოპულარული „3+3“- ია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა თეატრში და არაერთ ქვეყანაში დაიდგა…
ორი თვის წინ, მისი რიგით მესამე წიგნი „მეცამეტე თვე“ გამოვიდა, რომელიც ახალგაზრდების საყვარელ წიგნად იქცა.
„ჟოლოს“ სტუმარია ფილოლოგი, დრამატურგი, ფსიქოთერაპევტი და უბრალოდ საინტერესო რესპონდენტი – მანანა დოიაშვილი.
– ქალბატონო მანანა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ რომ პირველი მოთხრობა რვა წლის ასაკში დაწერეთ. რაზე იყო ის მოთხრობა, რა გრძნობამ და ემოციამ აგაღებინათ რვა წლის ბავშვს კალამი ხელში?
– იმ პერიოდში, ღამე ძირითადად არ მეძინებოდა, ვწვებოდი და თავს ვიმძინარებდი. საწოლთან ძალიან დიდი ფანჯარა მქონდა. მახსოვს ზამთარი იყო და თოვლი წამოვიდა. ავდექი, ვუყურებდი ამ თოვლს და ზუსტად ამაზე დავწერე. ეს იყო ნახევარგვერდიანი, შთაბეჭდილებებით გამოწვეული, უფრო იმპრესიული მოთხრობა, თუ რა შეგრძნებები და ემოციები მოიტანა ჩემთან თოვლის ხილვამ.
– ვინ იყო თქვენი პირველი შემფასებელი, ვინც სამომავლოდ, წერის გაგრძელების ბიძგი მოგცათ?
– პირველი იყო მამა, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი და მას ვუზიარებდი იმას, რაც ბავშვობისას ჩემთან ახალი მოდიოდა. მოთხრობა რომ წავაკითხე გაოცდა, დედაჩემს უთხრა, მე ისიც ვერ გავიგე წერა-კითხვა როდის ისწავლა, ასე წერა რომ დაიწყო იმაზე არ მაქვს ლაპარაკიო. სხვათაშორის, ეს მოთხრობა შემდეგ ბატონმა მუხრან მაჭავარიანმაც წაიკითხა და მირჩია, წერა აუცილებლად გააგრძელეო. წერის გაგრძელების სტიმული შეიძლება იმანაც მომცა, რომ ეს ფაქტი ყველამ ისე მიიღო, თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ამის შემდეგ, ჩემი ერთ-ერთი დიდი მოთხრობა „ოჯახი,“ სადაც მხატვრულად ვყვებოდი ჩემი ოჯახის შესახებ, ჩემს საყვარელ ქართულის მასწავლებელს წავაკითხე, რის მერეც ყოველთვის მაგზავნიდა, საქალაქო და სარაიონო წერით შეჯიბრებებზე, ბევრჯერ გამარჯვებულიც გავხდი.
– პიესები, რთულ ლიტერატურულ ჟანრად ითვლება, რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება და საიდან გაჩნდა ინტერესი ამ ჟანრის მიმართ?
– როგორც გითხარით, მოთხრობების წერით დავიწყე, შეიძლება პროზაშიც გამეგრძელებინა, მაგრამ სადაც ვარ იქ ვგრძნობ თავს როგორც თევზი წყალში. მას შემდეგ, რაც რამდენიმე პიესა წავიკითხე და მისი შექმნის ტექნიკას გავეცანი, დავინტერესდი. როცა სიტყვების და ახსნის გარეშე, მხოლოდ დიალოგში უნდა გამოხატო ამბავი, რაღაც მინიშნება შეგიძლია რემარკასავით დაურთო, მაგრამ ფაქტობრივად ეს ხელფეხშეკრულ ცურვას გავს, რაც გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის. პირველი პიესა, ბალადის „თავფარავნელი ჭაბუკის“ მიხედვით, ცხრამეტი წლისამ დავწერე. სწორედ ამ პიესით მოვხვდი თამაზ ჭილაძის სახელოსნოში და მასთან თეატრალურ ინსტიტუტში ოთხი წელიწადი ვსწავლობდი, რაც დაუვიწყარი წლები იყო ჩემთვის.
– უშუალოდ წერის პროცესზე რომ გვითხრათ, როგორ წერთ, რა გარემოში წერთ და რა გაწერინებთ?
– ძალიან დიდხანს ვაგროვებ ამბებს, ემოციებს, ამის შემდეგ კონტურებივით თავისთავად იხატება საითკენ უნდა წავიდე. მთავარია დავჯდე და პირველი ფრაზა დავწერო, მერე როგორც დინება ისე მიდის, აბსოლუტურად გადიხარ რეალობიდან. ამ დროს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი წყნარი გარემოა, კონცენტრაცია რომ შევძლო და ყურადღება არაფერმა გამიფანტოს. არა ტელეფონი, არა კონტაქტები, არა ურთიერთობები. ამიტომ წერისთვის ღამე უფრო მოსახერხებელია. ყოფილა შემთხვევა, ჩემს შვილებს გაუღვიძიათ და უცნაურ მდგომარეობაში ვუნახივარ, ხმამაღლა მოლაპარაკე. შემდეგ უკვე მიეჩვივნენ ამ სურათს და აღარ უკვირთ. იციან რომ დედა წერს და უნდა გამერიდონ.
მიყვარს ძველმოდურად წერა. ფურცელი და კალამი აბსოლუტურად სხვა ინტიმია ჩემთვის. პირდაპირ კომპიუტერშიც დამიწერია, მაგრამ სანამ ტექსტს ავკრეფ მთავარი სათქმელი მეკარგება. სულ სხვა რაღაც გამოდის, მეორეული, როცა ამას ბეჭდვით ვაკეთებ, ამიტომ ფურცელს და კალამს ვამჯობინებ, ჩემთვის და მკითხველისთვის, მთავარი სათქმელი რომ არ დაიკარგოს.
-ვის აკითხებთ უკვე მზა პიესებს და ვისი აზრია თქვენთვის კომპეტენტური?
-საერთოდ პირველი მამას ვაკითხებდი ხოლმე, მერე ამას ჩემი რეჟისორი ძმა დაემატა და ახლა უკვე დათოს ვაკითხებ. ძალიან პირდაპირია, არ დაგინდობს, მამაც ზუსტად ასეთი იყო, ძალიან კრიტიკული. თუ რაღაც არ მოსწონთ, მირჩევნია პირდაპირ მითხრან. რაღაცებში ვეთანხმები, მაგრამ ისეც ხდება რომ აბსოლუტურად არ ვეთანხმები და ისე ვაგრძელებ, როგორც თვითონ ვთვლი საჭიროდ.
– ძმასთან თანამშრომლობა თქვენთვის კომფორტია თუ პირიქით? რამდენად ერევა თქვენს საქმეში და რა რჩევებს გაძლევთ?
– დათოს დადგმული აქვს ჩემი პიესა „აი ხე.“ თავიდან ძალიან რთული იყო მასთან თანამშრომლობა, აბსოლუტურად ყველა დეტალს მეკითხებოდა. აქ როგორ არის, აქ რა იგულისხმე და ა.შ. ეს სასიამოვნოც იყო, მაგრამ დამღლელიც. ბოლოს, მართლა სერიოზულად ვუთხარი, კლასიკას როცა დგამ, შექსპირს და ჩეხოვს რომ აკეთებ, იმ ხალხს ეკითხები?! როგორც გინდა ისე დადგი მეთქი. მისი დამოკიდებულება განსხვავდებოდა სხვა რეჟისორებისგან. არ ვიცი, ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დის პიესას. პიესა, რომელიც მე დავწერე აბსოლუტურად სხვა ჟანრის იყო, მან კი, როგორც რომანტიკული კომედია ისე დადგა. საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრი ვიცინე იმაზე, რაზეც მეტირებოდა 🙂 პიესის კითხვისას რჩევებს არ მაძლევს, უბრალოდ მეუბნება რომ მე ასე წარმოვიდგინეო, ამ დროს ის თავის ფანტაზიას მთავაზობს, რომელიც ცხადია ასევე საინტერესოა, მაგრამ ჩემი არ არის. ძირითადად ვითვალისწინებ როცა მეუბნება- დიდია და შეამოკლეო, რადგან წერისას მე მოცულობას ვერ აღვიქვამ.
– დრამატურგი დის გადმოსახედიდან როგორი რეჟისორია დათო დოიაშვილი?
-ვფიქრობ რომ უნიკალური რეჟისორია უზომო ფანტაზიით. ძალიან ნიჭიერია. ალბათ არ არსებობს სფერო, რაშიც ძალიან მაგარი არ იქნებოდა. ასეთივე წარმატებით გააკეთებდა კინოს, ბალეტს და იგივე წარმატებით უხელმძღვანელებდა მაგალითად, რკინიგზის სადგურს. აი ასეთი, ძალიან მრავალმხრივი ადამიანია.
– რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
– გამონაგონის საფუძველი ყოველთვის რეალობაა. წერისას მთავარია როგორ ფანტაზირებ. ჩემს ნაწერებში ბევრი ამბავი ძალიან რეალურია, ოღონდ ზოგიერთი ისეთი რეალურია, ვერასოდეს დაიჯერებ რომ მართლა მოხდა, შეიძლება მკითხოთ კიდეც, ეს როგორ შეიძლება რეალობა იყოსო, მაგრამ ასე იყო. ამიტომ ეგეთი რეალობა წერისას ჩემთვის ძალიან მისაღებია. ასეთმა რეალობებმა თავის დროზე, მე თვითონ აბსოლუტურად სხვა შეგრძნებები მომცა და სრულიად სხვანაირად დამანახა ყველაფერი, ამიტომ ამაზეც ვწერ ხოლმე.
– რა გრძნობა და ემოცია გეუფლებათ როცა სცენაზე თქვენი პიესის გაცოცხლებულ გმირებს ხედავთ?
– ის სიტყვები და ფრაზები რომ მესმის, რომელსაც მილიონში გამოვარჩევ და ეს რომ ცოცხლდება წარმოუდგენელ შეგრძნებებს იწვევს. ხან ვპატარავდები, ხან მხრებში ვიშლები, ფიზიკური შეგრძნებების დონეზე განვიცდი. პირველ მისვლაზე სიამოვნებას ვერ ვიღებ, თუ გავუცხოვდი ამ ყველაფერთან და როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი ისე შევხედე, მაშინ ვახერხებ ამას. ერთიდაიგივე სპექტაკლი მაქსიმუმ სამჯერ მინახავს. სწორედ მანდ მივხვდი, რომ მესამე ნახვაზე უკვე ძალიან მშვიდად ვიყავი, ადაპტირება შევძელი იმ ყველაფერთან რაც ხდებოდა. ამგვარად, პირველ მისვლაზე ვნერიულობ, მეორე მისვლაზე, ვცდილობ გავუცხოვდე ნერვიულობისგან და შფოთისგან, თავი დავიწყნარო, მესამე მისვლაზე უკვე ობიექტურად ვუყურებ და ვაფასებ, როგორც რიგითი მაყურებელი.
– რის მიხედვით აფასებთ თქვენი ესა თუ ის პიესა წარმატებულია თუ არა?
– ამას წერის პროცესში მე თვითონ ვგრძნობ. თუ მე ზუსტად იმ ჯადოსნურ ადგილას მოვხვდები, სადაც ძალიან იშვიათად შეიძლება მოხვდე, სადაც აბსოლუტურად უწონადობის მდგომარეობაა, უკვე ვიცი რომ სხვა ნაკადში ვარ და ის ნაწერი ძალიან კარგია, აი ასე ვხვდები.
-რეჟისორებთან თქვენს ურთიერთობებზე რომ გვითხრათ, რა დოზით ერევით უკვე სპექტაკლის დადგმის პროცესში და რამდენად ხშირად გიწევთ დათმობებზე წასვლა?
-ეს ძალიან რთული პროცესია ჩემთვის, რადგან რეჟისორს თავისი ხედვა აქვს. ყველა თავისებურად კითხულობს და აღიქვამს პიესას. მას უფლება უნდა მისცე როგორც თვითონ წაიკითხა, ისე დადგას, ეს არის მისი ხელობაც და პროფესიაც. ცხადია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია იმასთან შელევა მიჭირს, მაგრამ თუ მისთვის არ არის ეს მნიშვნელოვანი, ხშირად მიწევს დათმობებზე წასვლა, მითუმეტეს მაშინ, როცა რეჟისორს ვენდობი. ხან ამართლებს ეს დათმობა, ხან არა.
-საბოლოო შედეგით უკმაყოფილო და იმედგაცრუებული თუ დარჩენილხართ და როგორ გამოხატეთ ეს?
-დავრჩენილვარ, იმდენად რომ პირდაპირ პრემიერიდან წამოვსულვარ. შემდეგ სპექტაკლიც მოვახსნევინე. ეს მარტივი არ იყო, მსახიობების გამო ძალიან ვინერვიულე, რომლებმაც ამ სპექტაკლზე იმუშავეს, დრო და ენერგია დახარჯეს. მაგრამ ეს არ იყო ჩემი პიესა, რაღაც სხვა იყო. სწორედ ამ შემთხვევამ, ძალიან მკაცრი დრამატურგის სახელი დამიმკვიდრა, რომელიც თურმე რეჟისორებს არ აძლევს საშუალებას, სპექტაკლი როგორც უნდათ ისე დადგან.
-კინოს სცენარზე თუ გიმუშავიათ და რომელი უფრო ახლოს არის თქვენთან თეატრი თუ კინო?
-კინოს სცენარი დამიწერია და გადაუღიათ კიდეც. ჩემი პიესის სცენარული ვერსიით ახლაც მიდის მუშაობა მხატვრულ ფილმზე. უცხოეთშიც გადაუღიათ, ასე რომ კინოს სცენარის გამოცდილებაც მაქვს, მაგრამ ცხადია თეატრისკენ უფრო ვიხრები, კინოს ვერც შევადარებ. ძალიან ცოცხალია, ყველგან და ყველაფერში, ჩემთვის პროცესი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი და მიზანი. თვითონ ცხოვრებაც ხომ პროცესია?!
-ჩემი დაკვირვებით, საზოგადოებაში უფრო მეტად კომედიური ჟანრის სპექტაკლებზეა მოთხოვნა, რაც განტვირთვის და დადებითი ემოციებით დამუხტვის საუკეთესო საშუალებაა. რას ჰყავს მაყურებელი და როგორი მაყურებელი ჰყავს დღეს თეატრს?
-გეთანხმებით, მუსიკალურ კომედიური ჟანრი ყველაზე უფრო მოთხოვნადია. მოგეხსენებათ ქართველები ძალიან მუსიკალური ხალხი ვართ. თეტრებში სიარული განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის შემდეგ გახდა. ჩაკეტვამ ძალიან იმოქმედა ადამიანებზე, ცოცხალ პროცესთან შეხება მოუნდათ. დღეს თეატრს ძალიან კარგი მაყურებელი ჰყავს. მაგალითად, დათოს სპექტაკლზე ვნახე ადამიანი, რომელსაც პლანშეტი ონლაინ რეჟიმში ჰქონდა ჩართული და სპექტაკლს ოჯახის წევრებს აჩვენებდა, რადგან ბილეთები ვერ იშოვნა. ამ ადამიანს პირდაპირი ჩართვა არ შეაწყვეტინეს, ვინაიდან მთელი ოჯახი ეკრანთან იყო მიმსხდარი სპექტაკლის საყურებლად. აი, ასეთი ემოციური შემთხვევებიც ყოფილა.
-რა აკლია დღეს თეატრს, რა შენიშვნები გაქვთ. რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ?
-აი, მაგალითად, ძალიან კარგი იქნებოდა ქართული დრამატურგიის თეატრი რომ არსებობდეს, სადაც მხოლოდ ქართული პიესები დაიდგმებოდა, რაც ძალიან ბევრ რამეს შეუწყობდა ხელს. ან დავუშვათ, უფრო მასშტაბური რომ იყოს თანამედროვე დრამატურგიის თეატრი, სადაც როგორც ქართული, ასევე უცხოურიდან ნათარგმნი პიესები დაიდგმებოდა, ოღონდ დღევანდელი. დღეს რა ხდება ეს უფრო თვალსაჩინო იქნებოდა. ასეთ თეატრს მაყურებელიც ბევრი ეყოლებოდა.
-რა არის თეატრის დანიშნულება, რას გვაძლევს და რატომ უნდა ვიაროთ?
– პირველ რიგში, იმიტომ რომ თეატრში წასასვლელად მზადება ერთგვარი რიტუალია. მიდიხარ არაჩვეულებრივ საღამოს ატარებ, უამრავ ადამიანთან ერთად, ასეთ უზარმაზარ ველში, ეხები ისეთ რაღაცებს, რასაც შეიძლება თავად, ამა თუ იმ სპექტაკლის უნახავად, ვერც მიხვდე და თავში არც მოგივიდეს, რომ მსგავსი რამ შენს თავსაც ხდება. ამ დროს ძალიან ბევრი რაღაცის გაცნობიერებასაც იწყებ, რაც შენ თვითონ, როგორც ადამიანს გეხება, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უზარმაზარ ესთეტიკურ სიამოვნებას იღებ.
– ვინ არის თქვენი საყვარელი დრამატურგი და საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?
– ჩემი საყვარელი დრამატურგიც და პოეტიც შექსპირია. საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი ბავშვობაში კარლსონი იყო. ძალიან მიყვარდა ემა ბოვარი, როცა პატარა გოგო ვიყავი. ზრდასთან ერთად ისინიც იცვლებოდნენ.
– 2022 წელს „წლის საუკეთესო პიესის“ ნომინაციაში პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა პიესა „მეცამეტე თვე“, რომელიც შემდეგ რომანად აქციეთ და სულ ახლახანს გამოვიდა გაყიდვაში. რაზეა წიგნი, რა კატეგორიის მკითხველზეა გათვლილი და რა მესიჯის მატარებელია?
– ეს არის ჩემი რიგით მესამე წიგნი. პირველი და მეორე პიესების კრებული იყო, ეს კი როგორც რომანი პიესა, ცალკე წიგნად გამოვეცი. რომ გითხრათ წერის დროს ვითვალისწინებ რა კატეგორიის მკითხველისთვის ვწერ, არა. პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვწერ, რაც დაგროვდა იმისგან რომ გავთავისუფლდე. ეს ძალიან თერაპიულია. შემდეგ ვხვდები რა გამოვიდა. თუ მაინდამაინც ასაკი უნდა ითქვას, ვიტყოდი 18 +. ყველანაირ სეგმენტზეა გათვლილი. ძალიან მოწონთ ახალგაზრდებს. წიგნი ახალგაზრდა დრამატურგ გოგოსა და მსახიობ ბიჭზეა, მათ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე ვირტუალურ, ჩვენს დღევანდელ სამყაროში. ვფიქრობ, საინტერესო წასაკითხი უნდა იყოს. გამოხმაურებამ მოლოდინს გადააჭარბა.
-ერთხელ თქვით, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია, უბრალოდ ზოგს სიყვარულის ნაკლებობა აქვსო. რა იწვევს სიყვარულის ნაკლებობას?
– უსიყვარულობა და სიყვარულის არ არსებობა. როგორც სინათლის არ არსებობა იწვევს სიბნელეს, იმიტომ რომ სიბნელე თვითონ თავისთავადად არ არსებობს, როცა არ არის სინათლე, მაშინ ჩნდება სიბნელე. ზუსტად იგივე ხდება აქაც, როცა არ არსებობს სიყვარული, არის უსიყვარულობა. იყო პერიოდი, მეც ვყოფილვარ უსიყვარულოდ და ვიცი რა განსხვავებაა, როცა სავსე ხარ სიყვარულით ყველასა და ყველაფრის მიმართ.
– პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ ადამიანებზე დაკვირვება გიყვართ. როგორი ადამიანები არიან თქვენთვის საინტერესო?
– ჩემთვის ყველანაირი ადამიანი საინტერესოა. ბავშვობიდან დაკვირვების ჩვევა მაქვს. თუ ვხედავდი ორ ადამიანს წარმოვიდგენდი მათ შორის როგორი კონტაქტი იყო, რა შეიძლებოდა ეთქვათ, რა დიალოგი იყო მათ შორის, როგორ შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო. სხვადასხვა ადამიანებზე, ან ადამიანების ჯგუფზე ფანტაზირება ჩემი საყვარელი თამაში იყო. მერე ეს ყველაფერი ცხადია წერაში გადამქონდა. ამიტომ დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია გარეთაც და საკუთარ თავზეც, რა დროს როგორ რეაგირებ, რას აკეთებ და რა გახასიათებს.
– თქვენი ცხოვრების სცენარსაც თავად წერთ? რამდენად შესაძლებელია ეს?
– ჩვენი ცხოვრების სცენარს ბავშვობაში ვწერთ, სხვადასხვა ვერსიას და ხან ერთს ვააქტიურებთ, ხან მეორეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სცენარების დროულად აღმოჩენა და როცა არ მოგვწონს, მაშინვე შეცვლა.
– იქ, ზემოთ, ჩვენი ბედის მწერალზე, რას გვეტყვით, როგორია და რამდენად სამართლიანია?
– მგონია, თუ ასეთი რამ არსებობს, ის თვითონ გაკვირდება შენ რისი შემძლე ხარ და არასდროს არ შეგიშლის ხელს, არც კარგის და არც ცუდი რაღაცების კეთებაში. შენ თვითონ მიგიყვანს იქამდე, რომ თავი აღმოაჩინო, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ერთ დღესაც ადამიანის ცხოვრებაში დგება კრიზისი, ჩიხი. აი მანდ უნდა მიხვდეს და თვითრეფლექსიაში წავიდეს, გააანალიზოს რა მოხდა, რამ მიიყვანა აქამდე. ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი კრიზისი სიკვდილს ჰგავს. ამის შემდეგ ან დაიბადები და ან აქ დარჩები- უსულო ცოცხალი.
– როდის და ვისთან ირგებთ ნიღაბს და რას გვეტყვით იმ ადამიანებზე, ვინც რეალურ სახეს მუდმივად ნიღბის ქვეშ მალავს?
– ცხოვრებაში ძალიან ბევრი ნიღაბი მქონია. სოციუმში გინდა არ გინდა გიწევს ნიღბის მორგება. ერთხელაც ისე მოხდა რომ ჩემს უამრავ სოციალურ ნიღაბს შორის მე თვითონ დავიკარგე, ვეღარ ვარჩევდი, რომელი ვიყავი… საკუთარი თავის ძიება, როლურ ნიღბებში დაკარგვა, ახალი პროფესიის შესწავლის საწინდარი გახდა. ასე შევისწავლე ფსიქოლოგია და გავხდი ფსიქოთერაპევტი. დღეს უკვე ნიღბების ტარების საჭიროებას ვეღარ ვხედავ. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ადამიანები მაღიზიანებს. ნიღბის ტარება ეს არის ზედმეტი თავდაცვა ადამიანებისგან, სამყაროსგან, ასე ყველაფერი უფრო მარტივად და ლამაზად გეჩვენება. უფრო დაცულები ვართ. თუმცა ყველასთვის მაინც უკეთესია თუ ნამდვილი იქნება, თავისთავადი, ავთენტური. როცა აღარ თამაშობ, იწყებ სუნთქვას.
– ფსიქოთერაპიამდე საკუთარი თავის ძიებამ მიმიყვანაო. როდის და როგორ იგრძენით ეს შინაგანი კრიზისი?
– საკმაოდ გვიან მივხვდი რომ შინაგანი კრიზისი მქონდა, გარეგნულად ამას ვერავინ ვერ შეამჩნევდა. როგორც გითხარით, როგორც ყველა, მეც სოციუმში ნიღბებს ვატარებდი და ბოლოს აღარ ვიცოდი ვინ ვიყავი, საკუთარი თავი დავკარგე და სწორედ ამის პოვნის და შესწავლის სურვილმა მომიყვანა აქამდე. 45 წლის შემდეგაც ახალი პროფესია შევიძინე. ჯერ ფსიქოლოგია ვისწავლე, შემდეგ გეშტალტთერაპია, მერე ჰელინგერის სისტემური განლაგება. წელსაც ჩავაბარე და სწავლა დავიწყე სხეულზე ორიენტირებულ თერაპიაზე და ფსიქოსინთეზზე. ჩემთვის ეს სფერო იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, ამ სამყაროდან ვერ გავდივარ.
– ფსიქოთერაპევტის პროფესიით თუ მუშაობთ დღეს და ვინ უნდა მოგმართონ, ვის სჭირდება ფსიქოთერაპევტი?
– დიახ, ვმუშაობ. ფსიქოთერაპევტი სჭირდება ყველა იმ ადამიანს, ვინც გონების ციხეშია დამწყვდეული. ამ ციხის კარი ყოველთვის ღიაა, უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ, აქედან უნდა გამოვიდეთ და ეს არის შვება. ამ პროფესიის მაგიაა, როცა შენთან ძალიან ცუდად მყოფი ადამიანი მოდის და რაღაც პერიოდის მერე ხედავ, მხრებში გაშლილი და ბედნიერი როგორ გტოვებს.
– ადამიანის სულთან პირდაპირი და მჭიდრო კავშირი გაქვთ ფსიქოთერაპიაშიც და დრამატურგიაშიც. რა პასუხისმგებლობას გაკისრებთ ეს?
– ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ერთიც და მეორეც. სულ პატარა შეცდომამაც შეიძლება „აფეთქება“ გამოიწვიოს. თითოეული ადამიანი ცალკე სამყაროა, ამ სამყაროში მას შეყავხარ, გენდობა. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ის უბრალოდ უკეთ გახადო, სხვა დაზიანებების გარეშე.
– რა არის სული, რა როლი აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში და როგორ ვიცხოვროთ სუფთა სულით და ფსიქიკით?
– უხეშად რომ ვთქვა, ადამიანი შედგება 4 ნაწილისგან. ერთი არის კოგნიტური ნაწილი(გონებრივი ნაწილი), მეორე არის სხეულებრივი ნაწილი, ანუ ჩვენი სხეული და შეგრძნებები, მესამე არის ემოციური ნაწილი და მეოთხე სულის ნაწილი. ამათი მთლიანობა არის ზუსტად გეშტალტი, როცა ადამიანს ამ ოთხივე ნაწილთან ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა აქვს და ოთხივეს გრძნობს- მთლიანია. თუკი ადამიანს აქვს ნევროზი, ფსიქოზი, შფოთვები, აქედან რომელიმეს ვერ გრძნობს, გაუცხოვებულია ამ ნაწილებთან. პირველ რიგში, საკუთარ თავზე მუშაობაა აუცილებელი. იმდენ და ისეთ ჩვევებზე, კლიშეებზე, ტრადიციებზე ვართ გაზრდილები, თუ ამათგან არ გავთავისუფლდებით, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას ვერ შევძლებთ. თუ მოვინდომებთ, ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია, რაც გვაწუხებს და არ მოგვწონს. მთავარია, გარემო, სამყარო ჩვენს მიმართ მტრულად არ აღვიქვათ, ვენდოთ. ამ შემთხვევაში ყველაფერი მიიღწევა.
– რას გვირჩევთ როგორ დავიწყოთ დღე?
– დღე დავიწყოთ მადლიერებით. ამის რჩევაში ალბათ პირველი არ ვიქნები, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გირჩევთ, რადგან ამან ძალიან დიდი ცვლილება გამოიწვია ჩემში. გაღვიძებისთანავე უბრალოდ მადლობა გადავიხადოთ იმისთვის, რაც იყო და არის. ასე მადლიერების გრძნობას გავაღვიძებთ ჩვენში. ძალიან კარგი იქნება თუ ყოველი დღის ბოლოს, ათი წუთი მაინც, დავწერთ ჩვენს იმდღევანდელ რეფლექსიებს. მე ასევე იოგითაც ვარ დაკავებული, რასაც ადრე არ ვაკეთებდი, უკვე დავიწყე სხეულზე ზრუნვა, მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია სხეული ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ძირითადად უარყოფილი გვაქვს. გაუცხოვებული ვართ ჩვენს ემოციებთან და სხეულებრივ შეგრძნებებთან. ყველგან ვართ, ჩვენი საკუთარი თავის გარდა და აქედან იწყება პრობლემებიც.
– როგორ ფიქრობთ, მაინც რა არის ბედნიერებისთვის აუცილებელი, რაშია იგი და როგორ დავინახოთ?
– ჩემი აზრით, ბედნიერება მუდმივად ჩვენთან ერთადაა, სულ თან დაგვყვება, უბრალოდ მას ვერ ვხედავთ და უნდა შევძლოთ ამის დანახვა. ბედნიერებაა ისიც კი, ახლა მე და თქვენ რომ ვსაუბრობთ, რადგან ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს და არცერთი მიზეზი არ გვაქვს, ვიყოთ უბედურები.
– ინტერვიუს დასასრულს, გვითხარით რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?
– ჩემს სამომავლო გეგმებში ძალიან ბევრი ახალი კარის შეღება შედის, რომელიც ჩემთვის აქამდე უცნობი იყო. დღეს მე ყველაზე საინტერესო მოგზაურობაში და ყველაზე მთავარ თავგადასავალში ვარ, ეს არის მოგზაურობა საკუთარ თავში, ვისაც ეს გამოცდილი აქვს, გაიგებს რა გზაზეც ვსაუბრობ. ვაგრძელებ ცოდნების მიღებას ფსიქოლოგიის მიმართულებით, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად უცხო სფერო იყო და ისეთი მაგიური აღმოჩნდა, ჩემს საკუთარ უცნობ, აღმოუჩენელ კუთხეებს მინათებს. დღეს უკვე მე შემიძლია ჩემთან მოსულ ადამიანებსაც დავანახო, აღმოვაჩენინო მათთვის უცნობი მათივე წახნაგები, დაფარული რესურსები და მივიწყებული ფერები.
ავტორი: ნინო გონგაძე