fbpx

ჩემი ბიზნესის ისტორია – შალვა ქენქაძე

ავტორი ჟოლო
375 ნახვა

– გარდა იმისა, რომ ხართ მეწარმე, კიდევ რას გვეტყოდით თქვენზე?

– ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ ჩემს  შესახებ.

მე ვარ შალვა ქენქაძე, არასდროს მიფიქრია წარმოებაზე იმ დრომდე, ვიდრე  თავისთავად არ გავხდი  მეწარმე. 

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ვარ დევნილი ახალგორის რაიონიდან. ამ  ფაქტმა და სტატუსმა დიდი ზეგავლენა  იქონია ჩემს ცხოვრებაზე. 

სწავლა ამავე რაიონის ქართულ საშუალო სკოლაში დავასრულე. სკოლის დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში  ტურიზმის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი კურსის მეორე სემესტრში ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემთან ერთად სწავლობდა, გადაწყვიტა შეეცვალა პროფესია საერთაშორისო ურთიერთობებით. ვინაიდან არ  მინდოდა ლექციებზე საუკეთესო მეგობრის გარეშე სიარული, მეც ანალოგიური გადაწყვეტილება მივიღე და ასე აღმოვჩნდი საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე, რამაც წინა  პროგრამისგან განსხვავებით საკმაოდ დამაინტერესა, ჩემი სფერო მაპოვნინა და  ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, სტიპენდიასაც გამოვკარი ხელი .

სწავლის პარალელურად აქტიურად ვმონაწილეობდი არაფორმალური განათლების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებსა და აქტივობებში, რამაც მიბიძგა დამეფუძნებინა საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც „მშვიდობიანი მომავლისთვის“ დავარქვი და მეგობრებთან ერთად დავიწყე დევნილი მოსახელობისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო, შემეცნებითი, კულტურული, არაფორმალური განათლების და ა.შ.  პროექტების შეთავაზება.  ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი  ნამდვილად მეამაყება, საკუთარი ფინანსებით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შევძელით. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ვერცერთ საგრანტო კონკურსში გამარჯვება და  ყველანაირი რესურსის ამოწურვის შემდეგ იმედგაცრუებულები შევეშვით ამ საქმეს.

ბაკალავრიატის შემდეგ  სწავლა  განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე გავაგრძელე. შესაბამისად, ვარ ორ დიპლომიანი  (ტაქსზე მუშაობის გამოცდილებით 😊) მეწარმე.

სწავლის დასრულების შემდეგ გავიარე რამდენიმე არაანაზღაურებადი სტაჟირება, როგორც სახელმწიფო უწყებაში, ისე კერძო კომპანიებში და მივხვდი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა არ მინდოდა/არ შემეძლო, შესაბამისად გადავწყვიტე  სხვა საქმეში მეცადა ბედი. ასე აღმოვჩნდი ავეჯის წარმოების სფეროში მამაჩემის გვერდით, რომელსაც დაახლოებით 2006 წლიდან ჯერ შემოჰქონდა ავეჯი  საზღვარგარეთიდან, ხოლო შემდეგ  თვითონ  დაიწყო წარმოება. 

ხანგრძლივი დაკვირვებისა და ბევრი იმედგაცრუების შემდეგ, რომელიც უკავშირდება ხელოსნების მხრიდან საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას,  მივხვდი, რომ რასაც ვაწარმოებდით, იმ სახის ავეჯის კეთება პირველ რიგში მე თვითონ უნდა შემძლებოდა, ამიტომ ყველაფერი(ლამინატსა და ემდეეფზე მუშაობა, ასევე რკინის დუღება, ღებვა, ხის დამუშავება  და ა. შ.) შევისწავლე.

გარდა  იმისა რომ ვარ მეწარმე, ვარ შვილი, მამა, მეუღლე და ძმა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი შემადგენელი ნაწილია.

– რა არის ის მთავარი სარგებელი, რომელსაც თქვენი პროდუქტი/სერვისი აძლევს მომხმარებელს?

– ვფიქრობ, რომ ეს არის საჭიროების ანუ ავეჯის იმ ფორმით მიღება, რომელიც მომხმარებელს თავს ბედნიერად და კმაყოფილად  აგრძნობინებს.

მომხმარებელი ჩვენგან მხოლოდ მაგიდას ან  სათავსოს არ ყიდულობს, არამედ  თავაზიანობას, სანდოობას, სიმართლეს და პუნქტუალურობას. ჩემი აზრით, სწორედ ეს კომპონენტებია იმ სარგებლის მთავარი შემადგენელი, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ავეჯის შეძენასთან ერთად იღებს.

– რაში მდგომარეობს თქვენთვის ბიზნესის წარმატების  ფორმულა?

– გონიერ და თავდაუზოგავ შრომაში, რომელსაც თან ახლავს გააზრებული რისკი და სიახლისკენ მუდმივი სწრაფვა.         

– რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც შანსად აქციეთ და რა გასწავლათ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ?

– ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ხელოსნების მოძიება, რომელთაც უნდა ეწარმოებინათ ჩვენი ავეჯი. უფრო რთული კი მათი შენარჩუნება აღმოჩნდა. ამ გამოწვევამ მიბიძგა თავად მესწავლა ყველაფრის კეთება, რასაც ჩვენი საწარმო სთავაზობს მომხმარებელს და შესაბამისად ამ კუთხით სრულიად დამესტაბილურებინა ის შესაძლო ჩავარდნები, რომელიც ხელოსნების მუდმივ გადინებას ახლავს თან.

ამ  შემთხვევამ დამანახა, რომ  არასდროს უნდა დაჰპირდე ადამიანს იმის გაკეთებას, რასაც თავად ვერ აკეთებ, არ უნდა აიღო იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, რისთვისაც თავის გართმევას ვერ შეძლებ.

– რა  გაძლევთ ძალასა და ენერგიას თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის?

– თითოეული  წარმატებით დასრულებული საქმე. განსაკუთრებით,  ბედნიერი მომხმარებლის ემოციური  უკუკავშირი/შეფასება, რომელიც  ყოველ ჯერზე მარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.

– მთავარი მიზეზი რატომ BPN Georgia?

– იმიტომ რომ – BPN Georgia  დაკომპლექტებულია პროფესიონალი, უშუალო და მეგობრული ადამიანებით;

იმიტომ რომ – ყველა და ყველაფერი BPN Georgia-ში ემსახურება ერთ მიზანს – განგავითაროს და დაგარწმუნოს წარმატების რეალურობაში იმის მიუხედავად,  თუ განვითარების რომელ საფეხურზე იმყოფები;

იმიტომ რომ –  დაგანახოს, თუ როგორ უნდა დაგეგმო, შეაფასო, გაანალიზო და განახორციელო სწორად;

იმიტომ რომ – გაგაცნოს ძალიან ბევრი კარგი მეწარმე და ადამიანი, რომელთა საქმიანობის განხილვა და გაზიარება  გძენს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას და თვითრწმენას;

იმიტომ რომ – გყავს მეგობარი ორგანიზაცია, რომელიც  ბიზნესის სწორად  წარმოებისთვის საჭირო მუდმივად განახლებად, ზღვა  ინფორმაციას გაწვდის შენთვის გასაგებ ენაზე,  ამომწურავად;

 – თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რას  ურჩევდით მეწარმეებს?

– დაიჯერონ იმის, რასაც აკეთებენ და თუ ვერ იჯერებენ,  ესე იგი, რაღაცას სწორედ ვერ აკეთებენ.

– როგორ ფიქრობთ, მომხმარებელია მეფე, თუ თქვენ?

– რა ხანია მეფეები მოვიშორეთ 😊

დემოკრატიულად თუ მივუდგებით, მომხმარებელი არის ადამიანი, ვინც მაძლევს საშუალებას ვაკეთო ის, რაც გამომდის. მე კი ვარ ადამიანი, რომელიც მომხმარებელს აძლევს იმ პროდუქტს, იმ ფორმით, რომელიც მისთვის მისაღები და სასურველია. ამ პროცესის დაწყება, განვითარება და წარმატებით დასრულება კი ჩვენი, როგორც მეწარმეების უფლება კი არა, მოვალეობაა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment