fbpx

თამაში ცხოვრებასთან – გამარჯვებამდე!

ავტორი ჟოლო
208 ნახვა

დღეს ახალი თამაში მოვიგონე.

მარტივიცაა და რთულიც.

მაგრამ საინტერესო.

ერთი ადამიანის თამაშია და მილიონი მონაწილე ჰყავს.

უცნაური თამაში ცხოვრებასთან.

ამოცნობანასავითაა.

კომპიუტერულ თამაშს გავს.

თითო დღე თითო ტურია.

შენი მიზანია მშვიდობით გაიარო დღე. სწორად უპასუხო შეკითხვებს,

ამოიცნო მინიშნებები, 

არ დაკარგო თავი,

არ დაკარგო გეგმა,

არ დაკარგო  სახე.

აუარო გვერდი საფრთხეებს,

არ წაიქცე, არ ჩავარდე, არ მოკვდე.

ამ მატრიცა-თამაშში ყველაფერი იზომება, იწონება და დათვლილია.

გაღვიძებიდან დაძინებამდე.

ახელ თვალს.

ირთვება დრო.

და იწყებ.

ადგომიდან დაწოლამდე.

სახლიდან სამსახურამდე.

შეხვედრიდან შეხვედრამდე.

ფიქრიდან სიტყვებამდე.

უცნობიდან მეგობრამდე.

მადლობიდან მაპატიემდე.

ადამიანიდან ღმერთამდე.

ყველა შენი ჭკვიანური სვლა დამატებითი სიცოცხლით ჯილდოვდება.

ღიმილით, იმედით,  რწმენით,  სიკეთით, სუყვარულით  გადადგმული ნაბიჯები დამატებითი ბონუსებია.

ეს გზა სავსეა მინიშნებებით.

ეს პასუხებია თამაშის შემქმნელისგან.

თამაშის თუ ცხოვრების…

როგორც არის.

მთავარია მიხვდე, დაინახო, გაიგონო, მოისმინო.

სხვაგან არ უნდა ეძებო. მაგ მინიშნებებს თვალი ვერ ხედავს და ყურს არ ესმის.

გულშია პასუხები. ყველაფერზე.

გული უნდა გააბევრო.

გულით დაინახო

გულით მოისმინო

გულით იარო

გულით გასცე

გულით მიიღო

გულით გაიღიმო

გულით იტირო

გულით ატარო

გულით შეიგრძნო

და  შენც გაბევრდები.

დამატებითი სიცოცხლეები  პასუხებად გეგზავნება თამაშის შემქმნელისაგან.

მთავარია არ გამოგეპაროს,

მთავარია მიხვდე.

ან როგორ გამოგეპარება

შენთვის ნათქვამი მიყვარხარ,

მენატრები,

ხომ მშვიდობით ხარ,

თავს მიხედე,

არ შეშინდე…

ხან ტაქსის მძღოლი  გამოგელაპარაკება ისე,  სხვათაშორის, და ხვდები ეგაა პასუხი,

ხან ასქროლავ და გაგეღიმება, ჰო, თითქოს შენ კითხვას უპასუხა ვიღაც უხილავმა,

ხან  მეგობარი გადაგეხვევა გასამხნევებლად და მიხვდები მისით მოგეცა ახალი სიცოცხლე, ახალი ძალა.

ხან ეკლესიის ეზოში მდგომი მოხუცი გიცნობს და შემოგღიმებს, დამჭკნარი ხელებით ხელზე ისე მოგეფერება, თითქოს გულს აძლევდე რამდენიმე მონეტის ნაცვლად…

საღამოს კი

მოდიხარ სახლში

დაღლილი, მთელი დღე გამოვლილი.

ისიც არ იცი, გაიარე ეს დღე თუ არა.

გადარჩი თუ დასრულდა თამაში,

რამდენი სიცოცხლე დაგრჩა,

მოიგე თუ წააგე,

ბონუსები დააგროვე თუ ბოლო შანსია,

მაგრამ

დაჯდები აივანზე, დაისხამ ყავას, მოიმარჯვებ ტელეფონს, მოუკიდებ სიგარეტს,  დაიწყებ წერას

და  ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

ხვდები

შენ გადახვედი მომდევნო ტურში.

ხვალ ახალი დღეა.

თამაში გრძელდება.

გამარჯვებამდე ✌️♥️

მაკა ზაბახიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment