როგორ აღვზარდოთ ბავშვი სწორად, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის თავდაჯერებული და ჯანსაღი ფსიქიკით გაიზარდოს?!
მშობლებო და მომავალო მშობლებო, წინ გელოდებათ საინტერესო და სასარგებლო ინტერვიუ ფსიქოთერაპევტ ნინო კანდელაკთან.
– ქალბატონო ნინო, როგორ აღვზარდოთ ბავშვი სწორად, რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა. გვითხარით ყველაზე აუცილებელი, რამდენიმე ოქროს წესი.
– პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის პიროვნებას ცუდად არასდროს არ უნდა შევეხოთ. ყოველთვის კარგად უნდა დავახასიათოთ. თუ რაღაც კარგად არ გამოუვა, აუცილებლად ვუთხრათ რომ ეს არ არის სწორი საქციელი და სხვანაირად სჯობს, მაგრამ იმედიანი მზერა უნდა იყოს მომავალში, რომ მე შენი მჯერა, ხვალ და ზეგ უკეთესად გამოგივა. სულ კარგი ზედსართავი სახელებით ვამკობთ, ოღონდ რეალურად, შექება არარეალური არ უნდა იყოს.
მთავარია დაინახოს ჩვენი რწმენა, რომ გვჯერა მისი, რომ უკეთესი იქნება მომავალში და ყველაფერს შეძლებს. ძალიან მნიშვნელოვანია იგრძნოს, რომ იგი ოჯახისთვის საჩუქარია და მას უპირობოდ იღებენ ისეთს, როგორიც არის.
ბავშვი, ყველა ასაკში, მივაჩვიოთ თავისი წილი პასუხისმგებლობის აღებას, ისე პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. როცა გაიზრდება გაუჭირდება თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება. თუნდაც სულ პატარა ასაკიდან კოვზით შეუძლია ჭამოს, დაეღვაროს, დაისვაროს, არაუშავს, მერე მშობელმა გარეცხოს. თუ შეუძლია თვითონ ჩაიცვას, მოთმინებით დაველოდოთ, ჩვენ რომ გვეჩქარება, არ ვაცლით ხოლმე, თასმის შეკვრას და ჩაცმას. აი, ასე ნელ- ნელა ეჩვევა პასუხისმგებლობის აღებას. უკვე დიდ ასაკში, გრძნობს რამხელა ბედნიერებაა როცა მთლიანად შენს ხელშია შენი ცხოვრება და სხვაზე აღარ ხარ დამოკიდებული.
ძალიან ცუდი შედეგი აქვს ბავშვის შედარებას დასთან, ძმასთან, კლასელთან, თუ მეზობელთან. როცა ეუბნები ის შენზე უკეთესია. შენ რატომ არ სწავლობ ასე კარგად, ან რატომ არ იქცევი ასე კარგად, ასეთი შედარებებით, მას პირდაპირ უჩნდება შურის გრძნობა.
არ უნდა შევზღუდოთ ბავშვის ნიჭები, როცა რაღაცის კეთების სურვილი და მოთხოვნილება აქვს მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს. მართალია, ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს ბავშვის რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია. ის ამ დროს სინჯავს თავის თავს,- რა შეუძლია, რა გამოსდის, რა ნიჭები აქვს, თავს იმკვიდრებს სოციუმში. თუ არ დაკმაყოფილდა ეს ყველაფერი, დაუკმაყოფილებელი სურვილები ნევროზს გამიწვევს.
ბავშვმა უნდა იგრძნოს ჩვენი თანადგომა. რომ მისი პიროვნება მოგვწონს და რაც არ უნდა მოხდეს მის გვერდით ვდგავართ, ყველაფერს გავუგებთ და არაფერი არ უნდა დამალოს. უნდა ვაგრძნობინოთ, რომ სამყარო მის მიმართ მეგობრული და კეთილგანწყობილია. ეს მოდის რა თქმა უნდა მშობლისგან რომ მერე სამყაროს მიმართაც ჰქონდეს ნდობა.
თუ ადამიანი სამყაროს როგორც მტრულ გარემოს, ადამიანებს, როგორც მგლებს და ცხოვრებას როგორც ბრძოლას, ისე აღიქვამს, სულ ასეთ სიტუაციებს მოიზიდავს, რადგან ჩვენს ქვეცნობიერს აქვს თვისება, გვეხმარება იმაში, შექმნას ის სიტუაციები, რისიც ჩვენ გვწამს, მას ჭეშმარიტება არ აინტერესებს. თუ გვწამს რომ სამყარო მეგობრულია და მე სულ კეთილი ადამიანები მხვდებიან, მართლაც ასე მოხდება, იმიტომ რომ რისიც ჩვენ გვწამს, რა რწმენა-წარმოდგენებიც გვაქვს, ჩვენი ქვეცნობიერი იმაში გვეხმარება რომ ის დაგვიდასტურდეს და ის სიტუაციები შექმნას. ამიტომ ბავშვობიდანვე უნდა ჩაიდოს სამყაროს, მშობლების და ადამიანების მიმართ ნდობა, რომ ის იყოს ბედნიერი.
აუცილებელი და ძალიან საჭიროა ბავშვის შექება, ოღონდ რეალური შექება.
– ხშირად შექება ბავშვს ხომ არ აფუჭებს?
-ხშირად შექება არ გამოვა, თუ შენ მას რეალურად აქებ. თუ არაფერი არ გაუკეთებია და შენ მაინც აქებ, მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ხშირი, მაგრამ არარეალური. რეალური შექება ბავშვს ჰაერივით სჭირდება. რაც უფრო ენდობი ბავშვს გაცილებით უკეთესად იქცევა იგი, როცა არ ენდობი პირიქით, მას ცუდი საქციელისკენ უბიძგებ. ნდობა აუცილებელი ფაქტორია, რომ ტყუილის თქმა არ დაჭირდეს. კეთილი ბოროტისგან რომ გაარჩიოს მშობელი ძალიან სამართლიანი უნდა იყოს, იმიტომ რომ მშობლისგან სწავლობს ამას. როცა ხედავს მშობელი პატიოსნად იქცევა და სამართლინია, ის სწავლობს გაარჩიოს სამყაროში სიკეთე ბოროტებისგან და შავი თეთრისგან. თუ მშობელი იტყუება და ამას ბავშვი ხედავს, მთლიანად ენგრევა სისტემა, ორმაგი სტანდარტი ჩნდება ბავშვის თავში. მშობელი მისთვის ღმერთივით არის, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე კეთილი, ყველაზე კარგი და თუ ის ხედავს რომ მშობელი არ არის სამართლიანი, ის უკვე ვეღარ გაარჩევს სიკეთეს ბოროტებისგან, თავიდანვე რომ ეს საფუძველი არ ექნება ძალიან გაუჭირდება.
– რა ასაკიდან იწყება ბავშვის აღზრდა?
-აღზდა და ბავშვთან ურთიერთობა მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება, რომ უნდა მოეფერო, უთხრა მიყვარხარ და გელოდები. ემოციურ დონეზე მუცელშივე ესმის ბავშვს ყველაფერი. დედიდან პირდაპირ გადადის ყველანაირი ემოცია. რა ემოციაც დედას აქვს ის ემოცია აქვს მუცელში ბავშვს. აბორტის გაკეთებაზე თუ ფიქრობს დედა ბავშვი იღებს ამას, მერე თუ გადაიფიქრა აბორტი, ის ბავშვი უკვე უარყოფის ტრავმით იბადება. ყველაზე ადრეული ტრავმა არის მუცლადყოფნის პერიოდიდან წლინახევრამდე. ამას მუცელშივე იღებს ბავშვი. ემოციურად გრძნობს რომ ის უარყვეს. ამიტომ მუცლიდანვე იწყება ყველაფერი.
-ბავშვის აღზრდაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა რა არის?
– როცა ბავშვს აგრძნობინებ რომ ის არ ვარგა, არ მოგწონს, ეძახი სულელს და დებილს. ეუბნები, შენგან არაფერი არ გამოვა, შენ სახლში ვინ შეგიშვებს… ეს პირდაპირ იბეჭდება ბავშვის ქვეცნობიერში და რომ იზრდება ამ პროგრამით ცხოვრობს. თუ კარგად არ გააცნობიერა. გაცნობიერებული ცხოვრებით კი, ძალიან ცოტა პროცენტი ცხოვრობს. ბავშვობაში, ჩვენს ქვეცნობიერში დაწერილი სცენარებით და არაჯანსაღი პროგრამებით ცხოვრობს და კვდება ადამიანი. ჩვენ, თერაპევტები, ამის გაცნობიერებაში ვეხმარებით, მაგრამ ეს ფუფუნებაა, ფსიქოთერაპიაზე ყველა ვერ მოდის. თუ სწორ შეკითხვებს ვუსვამთ საკუთარ თავს ქვეცნობიერი გვპასუხობს, მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ ადამიანი სწორ შეკითხვებს არ უსვამს თავს.
-პირველ რიგში, რა თვისებები ვასწავლოთ ბავშვს, რაზე გავაკეთოთ აქცენტი?
-პირველ რიგში, აქცენტი გავუკეთოთ იმაზე, რომ გამოხატოს თავისი თავი და თავის ემოციებს დაეკონტაქტოს. ბავშვი თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ ემოციებთან კონტაქტს, რას გრძნობს კონკრეტულ მომენტში, უხარია, სწყინს, გაბრაზებულია… დაარქვას სახელი და მერე ჯანსაღად გამოხატოს ეს ემოცია. ვასწავლოთ ემოციის მართვა, რომ სხვაშიც ამოიცნოს სწორად ეს ემოცია. ეს მას ეხმარება იყოს მართალი საკუთარ თავთან. შენს თავთან თუ მართალი ხარ, ყველასთან მართალი ხარ. უნდა ვასწავლოთ რომ ბავშვმა არ მოატყუოს საკუთარი თავი. თუ ამას ბავშვობიდან მიეჩვია, მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნება. როცა ჩვენ არ მოგვწონს ჩვენი თავი, მაშინ ვართ უბედურები. სულ რომ მთელი ქვეყნის სიმდიდრე და ძალაუფლება შენი იყოს, თუ შენი თავი არ მოგწონს ბედნიერი ვერ ხარ. კვლევის შედეგად, ეს დასკვნა დადეს ფილოსოფოსებმა და ფსიქოლოგებმა. შენი თავი რომ მოგწონდეს საკუთარ თავთან და შენს სინდისთან უნდა იყო მართალი. ამას ვაჩვევთ ბავშვობიდან, ეს არის საფუძველი. მერე უკვე რომ იზრდება სინდისის ხმას იოლად უსმენს, საბოლოო მიზანი ადამიანის არის ის, რომ გახდეს თავისი სინდისი, ეს წმინდანებმა მოახერხეს, ჩვენ ბევრი გვიკლია მაქამდე, მაგრამ ვიცით საით უნდა ვიაროთ.
– უნდა გავანებივროთ თუ არა ბავშვი?
-რა თქმა უნდა, გარკვეულ დონეზე. ოღონდ ბავშვმა უნდა იცოდეს რომ იმ ოჯახში, რომელშიც დაიბადა და ცხოვრობს, არის გარკვეული წესები და ამას უნდა ემორჩილებოდეს. დავუშვათ ეს არის ერთად სადილობის ტრადიცია, შედარებით ადრე დაძინება… ამ გარკვეულ წესებს ბავშვი აუცილებლად უნდა დაემორჩილოს. საჩუქრები და განებივრება ზომიერად, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
– უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს იმის კეთება, იმ წრეებზე სიარული, რაც მხოლოდ მშობელს მოსწონს და არა ბავშვს? ამ გასამართლებელი ფრაზით – მერე მადლობელი იქნება ჩემი?!
-დაძალება ნამდვილად არ არის სწორი, მოსინჯვა კი. შეიძლება ბავშვმა არც იცის რას ნიშნავს მაგალითად სამეჯლისო ცეკვა, დაესწროს ერთ გაკვეთილს და თუ არ მოეწონა, რა თქმა უნდა არ ვაძალებთ. დაძალება გამორიცხულია, სპეციალური მიდგომაა საჭირო. მოგვიანებით, ამაში ისეთი ფასია გადასახდელი, იმ ფასად არაფერი არ ღირს. როცა რაღაცას ვაძალებთ, ამ დროს პიროვნება ძალიან ზიანდება. ისედაც არ გვაქვს უფლება სხვის თავისუფალ ნებაში შევიჭრათ. ღმერთმა მოგვცა თავისუფალი ნება და თვითონ ღმერთიც არ ერევა ჩვენს არჩევანში. ჩემთან, დღესაც ბევრი მოდის ჩივილებით, რომ მშობლისთვის სასურველი პროფესია აირჩია და ახლა ძალიან უბედურია, სხვა პროფესია მინდა კიდევო. ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ორი თემაა, -პროფესიის და მეუღლის არჩევა, ვის გვერდითაც ცხოვრება უნდა გაატარო. მშობლები, ძალიან ხშირად ამ ორივე არჩევანში ერევიან, რაც აბსოლუტურად არასწორი და არაჯანსაღია.
– რამდენად სწორი და მართებულია, ბავშვის წახალისება სხვადასხვა დაპირებებით, ოღონდ ჭამე, ოღონდ წაიკითხე და ამას გიყიდი, იქ წაგიყვან და ა.შ?
-ეს მიდგომა ძალიან ამართლებს, უბრალოდ მარაზმში არ უნდა გადავიდეს. ზომიერება უნდა დავიცვათ. ბავშვს სტიმული და მოტივაცია უნდა მივცეთ. მაგალითად, თუ ძალიან უნდა ველოსიპედი, ვეუბნებით რომ ზაფხულში გიყიდი, მანამდე ეცადე რომ ოცი წიგნი წაიკითხო მთელი წლის მანძილზე და მოგვიყვე რა მოგეწონა და რა არ მოგეწონა. ამით ნელ- ნელა ეჩვევა და იჭერს წიგნის კითხვის გემოს, იმ სიტკბოებას და ნეტარებას რაც მოაქვს წიგნის სიყვარულს. თუ არასდროს არ წაიკითხავს ამ გემოს ხომ ვერ გაიგებს?! ამ შემთხვევაში ნამდვილად გამართლებულია.
– როგორ მოქმედებს ბავშვზე პოლიციით და გუდიანი კაცით დაშინება?
-შეშინება საერთოდ გამორიცხული და კატეგორიულად აკრძალულია. მერე დიდობაში სულ შიშები ექნება. არაფრით არ უნდა შევაშინოთ. ჯანსაღი მიდგომებით, აბსოლუტურად სხვა გზებიც არსებობს.
– მაშინ როგორ “დავსაჯოთ” ბავშვი ცუდი საქციელის შემთხვევაში?
-დასჯა არ ნიშნავს ხელით შეხებას, ან ყვირილს, ან ლანძღვას… ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ გადმოვიდა მისთვის დაწესებული კალაპოტიდან, მას რაღაცა მოაკლდება. ზნეობრივი კალაპოტი ხომ სჭირდება ადამიანს. სოციალური არსებები ვართ და სოციუმს ანგარიშს ვუწევთ, ისე ვერც ვიარსებებთ სოციუმში, ამას ბავშვობიდანვე ეჩვევა ბავშვი, რაღაც კალაპოტში არის მოქცეული რომ უბრალოდ სოციუმში იარსებოს. თუ სერიოზულად არღვევს წესებს, შემდეგ მას რაღაც მოაკლდება, თავისთავად უნდა დაინახოს რომ აი ამ რაღაცის დარღვევას აი ეს შედეგი მოსდევს. რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს ფიზიკური შეხება. ათასი რაღაცის მოფიქრება შეიძლება, სადაც აშკარად დაინახავს რომ რაღაცა სერიოზული მოაკლდა და შეიძლებოდა რომ ეს არ მოკლებოდა.
– სიმკაცრე თუ ლოიალობა?
– საშუალო, არც ზედმეტი სიმკაცრე, არც ზედმეტი ლოიალობა. კალაპოტი, რომელშიც მდინარე თავისუფლად მოსჩქეფს, ოღონდ აქვს კალაპოტი, როგორც კი გადმოვა კალაპოტიდან მდინარეც დაიკარგება. ზედმეტი თავისუფლება საერთოდ ანადგურებს პიროვნებას, შეიძლება ტირანიც გაიზარდოს. კალაპოტი ყველას სჭირდება, განსაკუთრებით ბავშვს.
-როგორი უნდა იყოს სამაგალითო მშობელი?
– ფსიქოლოგები ამბობენ რომ ძალიან იდეალური დედა არ არსებობს. შენ თუ ხარ საკმარისად კარგი დედა ეს უკვე ძალიან კარგი რამეა. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ საკმარისად კარგი დედა ვიყოთ. იდეალური მშობელი ვერავინ ვერ იქნება, უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ ძალიან დავაზიანებთ ჩვენს შვილს თუ სერიოზულად დავარღვევთ რაღაც წესებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შვიდ წლამდე, რადგან შვიდ წლამდე ბავშვს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული ცნობიერი ფილტრი, ის არის მთლიანად ქვეცნობიერი, ის ვერ ფილტრავს ინფორმაციას, რასაც ეუბნები და როგორც პროგრამა, იწერება მის ქვეცნობიერში. შვიდი წლის მერე კიდევ რაღაცას ფილტრავს, მანამდე ვერა. რასაც ეუბნები მთელი ცხოვრება იმ პროგრამით იცხოვრებს. ჩვენი ქმედებების 90 %- ს განაპირობებს ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამები, მხოლოდ 10 %- ია ჩვენი ცნობიერი. რომ გვგონია რაღაცას ცნობიერად ვაკეთებთ, ასე არ არის. ამიტომ სწორად აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია.
– როგორ აღვზარდოთ თავდაჯერებული ბავშვი?
-აუცილებელია მივაჩვიოთ პასუხისმგებლობებს, უნდა იგრძნოს რომ მოგვწონს და გვიყვარს. პატარ-პატარა დავალებებს შევაჩვიოთ. რა პასუხისმგებლობაც შეუძლია აიღოს იმ ასაკში, თუნდაც პურზე ჩასვლა თავის სახლთან, სადაც მანქანის საშიშროება არ არის. დაინახოს რომ დაავალე შეძლო და გააკეთა. ასე ნელ-ნელა თავდაჯერებულობა უყალიბდება, ოღონდ უნდა ვენდოთ, ნდობა არის გადამწყვეტი.
-თქვენ ვერასოდეს ვერ შექმნით ბრძენებს, თუკი ბავშვებში სიცელქეს ჩაჰკლავთო, – გვეუბნება ჟან ჟაკ რუსო.
-რა თქმა უნდა მართალია, ის სიცელქით ავლენს თავს და სწავლობს სამყაროს. აბა როგორ შეისწავლოს სამყარო ბავშვმა, რაღაც რომ გაბედოს, მერე დიდობაში აღმოჩენები გააკეთოს. ეს არის სიცელქე, თუ ეს ჩაუკალი, იმას მერე აღარ აინტერესებს სამყაროში რა ხდება, არც ის სიახლეები და აღმოჩენები. აუცილებელია, ბავშვი უნდა იყოს ცელქი.
– ოცდამეერთე საუკუნის სენი და პრობლემა – გაჯეტებზე მიჯაჭვულობა. როგორ დავამარცხოთ, არსებობს რამე გამოსავალი?
-ვერაფრით ვერ დავამარცხებთ, უბრალოდ ვთავაზობთ უფრო საინტერესო აქტივობებს. მაგალითად ბუნებაში გასვლა. სპორტი ყოველთვის ანაცვლებს გაჯეტს. საკმარისია გაიყვანო ქალაქგარეთ, ირბინოს ბუნებაში, ფეხბურთი ითამაშოს ან სხვა თამაშები, ან ტყეში ლაშქრობაში წაიყვანო და კარავი გააკეთებინო, ან ხის ტოტებისგან რაღაც გამოთალოს, ისე ერთობიან, ამ დროს, უბრალოდ არც ახსენდებათ გაჯეტი. ცოტა ხშირი სახე უნდა მისცე ამას. ხან გასვლა, ხან შემეცნებითი საუბრები, თუ წიგნის განხილვა.
გურამ მეგრელიშვილმა, ბავშვებისთვის, თინეიჯერებისთვის ძალიან კარგი სკოლა გააკეთა, ასწავლის როგორ დაწეროს მოთხრობა, წიგნი და კითხვა შეაყვარა ბავშვებს. ესეიგი ეს შესაძლებელია. სხვათაშორის, მეც გავიარე წიგნის წერის კურსი, ზღაპრის დაწერა მინდა დიდებისთვის.
-გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა „ფასკუნჯში“ მიწვეული ტრენერი ხართ. რა კურსს უძღვებით, რას ასწავლით, რა ასაკზეა გათვლილი და რა პერიოდს მოიცავს?
-ჩემს კურსს ჰქვია „შემოქმედებითი გამოღვიძების სახელოსნო“, სადაც ვიყენებ არტ თერაპიულ ტექნიკებს, ხან ლექსს ვაწერინებ, ხან ვახატინებ, ხან სპექტაკლს ვადგმევინებ, ზღაპარს ვდგამთ ხოლმე სპექტაკლად. ეს სამთვიანი კურსი განკუთვნილია ზრდასრულებისთვის, ცხრამეტი წლიდან ზემოთ. დაინტერესებული პირებისთვის, ამ კურსზე, სექტემბრიდან ისევ განახლდება მიღება.
ავტორი: ნინო გონგაძე