fbpx

გათანამედროვებული ოიდიპოს მეფე ქართულ სცენაზე

ავტორი დეა თავბერიძე
88 ნახვა

რეჟისორი დეკლან დონელანი, უზარმაზარი დარბაზის ბნელ კუთხეში იჯდა და ხელჯოხს დაყრდნობილი, გარეგნული სიმშვიდით ადევნებდა თვალს სპექტაკლს და ამ სპექტაკლში რეჟისორის სურვილითვე შერეულ მაყურებელს. წარმოდგენის ნაწილად ქცეული მაყურებელი კი უნებლიედ ოიდიპოსის სამყაროში შეჭრილიყო.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის, „საჩუქარის“ 27-ე სეზონი ცნობილი ინგლისელი რეჟისორის დეკნალ დონელანის სპექტაკლით “ოიდიპოს მეფით” გაიხსნა.


კლასიკურ თეატრს შეჩვეულთათვის, ტრადიციული წარმოდგენების შემდეგ ცოტათი უცნაური სპექტაკლი იყო, – შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ოიდიპოს მეფით და ფეხზე მდგომი მაყურებლით.


ამ უჩვეულო გამოცდილებამ ჩემში თავისუფლებასთან ერთად გარკვეული უხერხულობა გამოიწვია. დარბაზის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაადგილება და სპექტაკლის რიტმზე ფეხის აყოლა, თავდაპირველად დამღლელად და დამაბნეველადაც მეჩვენა. პირველი რამდენიმე წუთი  ორ რამეს ვნატრობდი, სკამს და სპექტაკლს ჩემთვის გასაგებ ენაზე.

ვერ აღმაფრთოვნა გათანამედროვებულმა ოიდიპოსმა….

და, ვკითხე ჩემ თავს: ესაა დონელანის სპექტაკლი? ესაა აღიარებული რეჟისორის ხელწერა?…

ძალიან მალევე კი ოიდიპოსის შინაგანმა ბრძოლამ, დანაშაულის აღმოჩენამ, შემდეგ თვითდასჯამ, თვალების დათხრამ და სისხლიანმა ცეკვამ, საოცარი ემოციური გავლენა მოახდინა ჩემზე და რაღაც მომენტში სპექტაკლში ყოფნაც კი დამავიწყა.

Declan Donnellan დეკლან დონელანი

გათანამედროვებული ოიდიპოს მეფე ჩემთვის აღმოჩნდა უჩვეულოც, დამაბნეველიც და ამავე დროს იმდენად ძლიერი, რომ მისი გავლენა „სცენის“ მიღმაც გაგრძელდა.

„ტრაგედიები გმირებზე კი არა, ჩვეულებრივ ხალხზეა, ჩვენზე.“ – ამბობს რეჟისორი. „ეს პიესა, ისევე როგორც უმეტესობა ტრაგედიებისა, ჩვენს უსაზღვრო შესაძლებლობაზეა მოვიტყუოთ თავი და პასუხისმგებლობა არ ავიღოთ იმაზე, რაც ჩავიდინეთ. ტრაგიკულ მოვლენათა მსვლელობა  კი ეფექტს  მხოლოდ იმ შემთხვევაში აღწევს, თუ გავაცნობიერებთ, რომ სრულებით არაა საჭირო ტრაგედიის გმირი თავად ვიყოთ, ეს ყველაფერი რომ განვიცადოთ. 

ეს არის ტრაგედია ბედისწერასა და თავისუფლებაზე: ადამიანის თავისუფლება არ ნიშნავს, აკეთოს ის, რაც სურს, არამედ ეს არის პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რაც ბედისწერას მისთვის ურგუნებია”.


ოიდიპოს მეფე
პიესის ავტორი – სოფოკლე
რეჟისორი – დეკლან დონელანი
მხატვარი/სცენოგრაფი – ნიკ ორმეროდი
რეჟისორის ასისტენტი – ლაურენტინ ტიუდორი
მუსიკა – ქარუ ტიბორის
მონაწილეობენ: ბრუნო ნოფერი, იოანა ანდონი, ადელინა გალიჩენუ, როქსანა მატუ, პეტრი სტაფენესკუ, კატალინა ვინატორუ, იარინა ზიდარუ
კრაიოვას მარინ სორესკუს ეროვნული თეატრი (რუმინეთი)

ფოტოების ავტორი: გია გოგატიშვილ



მსგავსი სტატიები

Leave a Comment