ცხოვრების მთავარ პროფესიად რეჟისურა 28 წლის ასაკში აქცია. მანამდე იყო, აქტიური ჟურნალისტური საქმიანობა სხვადასხვა ბეჭდურ მედიაში. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტიკაზე არ ჩაუბარებია. სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. თეატრისადმი დიდი სიყვარული, რომელიც ექვსი წლის ასაკიდან მოჰყვებოდა, ბავშვობაში დატოვა. ბევრი წლის შემდეგ კი, ბავშვობის ოცნებამ- გამხდარიყო რეჟისორი, თავი შეახსენა. საყვარელი საქმის კეთების სურვილი ასრულებულია.
5-6 აპრილს, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელმწიფო თეატრში, რეზო შატაკიშვილის სპექტაკლის- “წითელქუდა და ბრემენელი მუსიკოსების” პრემიერა შედგება. თანამედროვე მოტივებზე შექმნილი მხიარული ზღაპარი, როგორც პატარებს, ასევე დიდებს, მხიარულების და ხალისიანი განწყობის 70 წუთს ჰპირდება.

-რეზო, ჭიათურის სახელმწიფო თეატრმა უკვე მეორედ მიგიწვიათ სპექტაკლის დასადგამად. თქვენ არჩევანი გააკეთეთ მხიარულ ზღაპარზე – “წითელქუდა და ბრემენელი მუსიკოსები”- მოგვიყევით ამ სპექტაკლზე.
-დიახ, ეს უკვე ჩემი მეორე დადგმაა ჭიათურის თეატრში. პირველად, ოთხი წლის წინ “სიზმარას” თანამედროვე ვარიაცია დავდგი. პიესა ამ ხალხური ზღაპრის მოტივებზე მაშინაც მე დავწერე. ესეც თანამედროვე ვერსიაა “წითელქუდას და ბრემენელი მუსიკოსების” მოტივებზე. სპექტაკლში ასეთი სიუჟეტი ვითარდება: ბრემენელი მუსიკოსები, შინიდან გამოყრილი ცხოველები, წითელქუდას და ბებიას იხსნიან მგლისგან. ოღონდ ეს მგელი უკბილო გახლავთ და ბებიას შეჭმის თავი დიდად არა აქვს. ბებია ტიკტოკერია, ტინა ტერნერის ტიკტოკებს წერს აქტიურად. წითელქუდა კი თანამედროვე გოგონაა, უფრო წითელჰუდაა, ვიდრე წითელქუდა. ბებია იძახებს პიცას, მელიას პიცერიიდან, რომელიც შუაგულ ტყეში მდებარეობს, სწორედ მოპარული პიცით შედის მგელი მოტყუებით მათთან სახლში. ეს გამოყრილი ცხოველები, რომლებიც ბრემენში მიდიან მუსიკოსებად, ყვრილს გაიგონებენ და ასე გადაარჩენენ ბებიას და შვილიშვილს. შემდეგ ეს მუსიკოსები ბებიასთან სახლში რჩებიან და ერთად წერენ ტიკტოკებს. ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიების მოტივები გამოვიყენე ამ სპექტაკლში, რადგან დღევანდელი ბავშვები ზუსტად ამ რეალობაში ცხოვრობენ.
-ამ სიუჟეტიდან გამომდინარე, ვფიქრობ არა მხოლოდ ბავშვები, დიდებიც კარგად იხალისებენ. რა სეგმენტზე გაქვთ გათვლილი?
-ალბათ დიდებიც იხალისებენ. ყველა, ვისაც ზღაპარი უყვარს, კარგად ისიამოვნებს. თუმცა სპექტაკლი ძირითადად სასკოლო ასაკის ყველა პერიოდის ბავშვზეა გათვლილი, 5 წლიდან დამამთავრებელ კლასამდე.

-რამდენხნიანი მუშაობის შედეგს წარუდგენთ მაყურებელს პრემიერაზე და როდემდე გაგრძელდება ამ სპექტაკლის ჩვენება?
-სარეპეტიციო პერიოდი უშუალოდ მარტის თვის დასაწყისში დავიწყეთ, თვეზე მეტია ვმუშაობთ. დღეს და ხვალ პრემიერაა, შემდეგ კი, ეს სპექტაკლი ჩვეულებრივ ჩაჯდება თეატრის რეპერტუარში. ისევე, როგორც ჩემი ოთხი წლის წინანდელი “სიზმარა” დღემდეა რეპერტუარში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას, ვინც ეს პროექტი დააფინანსა, ასევე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს, რადგან მათი ინიციატივით და მხარდაჭერით ხორციელდება ეს სპექტაკლი და მსახიობებს, რომლებმაც ეს სახალისო ზღაპარი შეიყვარეს, გაითავისეს, სულსა და გულს სდებენ მასში, რომ ღირსეულად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
-რამდენ წუთიანი მხიარულება ელის წინ სპეკტაკლზე მოსულ მაყურებელს და რა მოლოდინები გაქვთ თქვენ, მის სულისჩამდგმელს?
-სპექტაკლი საათი და ათი წუთი გრძელდება. ჩემი მოლოდინი და სურვილი ასეთია: მინდა მაყურებელმა სპექტაკლის შემდეგ, ბედნიერი და გახარებული სახით დატოვოს დარბაზი.
-გახალისების და კარგ ხასიათზე დაყენების გარდა, რა გზავნილის მატარებელია ეს სპექტაკლი ბავშვებისთვის, რას ასწავლის მათ?
-ეს სპექტაკლი გვასწავლის ცხოველების სიყვარულს. თუ როგორ უყვართ ცხოველებს ადამიანები იმაზე მეტად, ვიდრე ადამიანებს ერთმანეთი. მინდა, რომ ბავშვებმა სხვა თვალით შეხედონ ცხოველებს, ძაღლებს, კატებს… უნდა გააცნობიერონ, რომ მათაც ისევე სტკივათ და უხარიათ. რომ არ შეიძლება ერთ დღეს ადგე და ისინი ქუჩაში გააგდო. ბავშვებმა უნდა იცოდნენ თუ რა ტკივილს აყენებენ მათ უფროსები, როდესაც სახლიდან აგდებენ ძაღლებს, მითუმეტეს მოხუც ცხოველებს, რომლებიც უკვე აღარ მოსწონთ. ამ მხრივ მინდა ბავშვები დავაფიქრო. ეს არის ჩემი რიგით მეორე ზღაპარი ჭიათურელი ბავშვებისთვის, მნიშვნელოვანია ის, რომ პიესა სპეციალურად ამ თეატრისთვის დაიწერა. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ სპეციალურად სპექტაკლისთვის, ოთხი მუსიკალური კომპოზიცია ერეკლე გეწაძემ შეთხზა.

-ამბობთ, რომ არაერთი ზღაპარი დაგიდგამთ ბავშვებისთვის, არის თუ არა ეს დიდი პასუხისმგებლობა და როგორი მაყურებლები არიან ბავშვები?
-ასეა ნამდვილად, ბავშვებისთვის ბევრი სპექტაკლი მაქვს დადგმული. მიყვარს მათთვის წარმოდგენის დადგმა, ეს კიდევ ცალკე სიამოვნებაა, რადგან იცი რომ ყველაზე გულწრფელი მაყურებელი გეყოლება. ბავშვობაში ნანახი ღრმად იბეჭდება ჩვენს ცნობიერებაში. ბავშვობის მეხსიერება უფრო სხვაა, ვიდრე ზრდასრული ადამიანის. მათ მეხსიერებაში უფრო რჩები საბავშვო სპექტაკლებით, ვიდრე მოზრდილების სპექტაკლებით. ბავშვების მეხსიერებაში გაცილებით მეტ როლს თამაშობ, მეტი სიკეთე შეგიძლია გააკეთო, მეტი სარგებელი შეგიძლია მოუტანო მათ, ვიდრე ეს ზრდასრულ ადამიანთან მოხერხდება. ბავშვები სუფთა დაფებივით არიან, შეგიძლია მოახერხო და დაწერო რაღაც მათ სულში. მათთვის და მათთან მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო პროცესია.
-ჭიათურის თეატრის გარდა, კიდევ რომელი თეატრების სცენაზე დაგიდგამთ სპექტაკლები?
-სპექტაკლები დამიდგამს რუსთაველის, მარჯანიშვილის, გორისა და ზესტაფონის თეატრების სცენებზე. ასევე მოლდოვას, მიჰაი ემინესკუს ნაციონალურ თეატრში, სადაც ფერნანდო არაბალის “პიკნიკი ბრძოლის ველზე” დავდგი ქართულ და რუმინულ ენებზე. ეს იყო ჩვენი თეატრალური ინსტიტუტის და იქაური თეტრალური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი. ეს სპექტაკლი შემდეგ თეატრის რეპერტუარში შევიდა.
-რამდენი სპექტაკლია თქვენს პროფესიულ ანგარიშზე?
-თუ არ ვცდები ეს ჩემი რიგით მეოცე სპექტაკლია. პირველი სპექტაკლი, თეატრალურ ინსტიტუტში 2007 წელს დავდგი, რომელიც იყო ტენესი უილიამსის “გათელილი პეტუნიები”.

-როგორი რეჟისორი ხართ?
-თავის საქმეზე შეყვარებული რეჟისორი ვარ. სხვა დანარჩენი შეფასება გარედან უნდა გაკეთდეს, მითუმეტეს, როცა საქმე თეატრალურ ხელოვნებას ეხება. გაცილებით მნიშვნელოვანია გარე შეფასება, ვიდრე თვითშეფასება.
-როგორი მაყურებელი ჰყავს თეატრს, ქალაქის და რეგიონის თეატრების მაყურებელი განსხვავდება ერთმანეთისგან?
-ყველა ქალაქში სხვადასხვა ტიპის მაყურებელია. ჭიათურა არის ის ქალაქი, რომელსაც თეატრი დაარსების დღიდან აქვს. საქართველოს სხვა ქალაქებში კი, ჯერ იყო ქალაქები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და მხოლოდ მოგვიანებით, მე-19-20- ე საუკუნეებში გაჩნდა თეატრები. ჭიათურა არის ქალაქი, რომელსაც დასაბამიდან აქვს თეატრი, ამ მხრივ უნიკალური მოვლენაა საქართველოს თეატრალურ რუკაზე. ამ ქალაქში უყვართ თეატრი. შესაბამისად, ძალიან კულტურული მაყურებლით გამოირჩევა. ბავშვმაც კი იცის თეატრში როგორ უნდა მოიქცეს, რადგან სახლში ჰყავს თაობები, რომლებიც ამას ასწავლიან. ეს პატარა ქალაქი თეატრის ცხოვრებით აქტიურად ცხოვრობს. არსებობს ასეთი ცნება- თეატრალური ქალაქი, ჭიათურა სწორედ ასეთია.
-რა აკლია დღეს თეატრს, რა შენიშვნები გაქვთ?

-თეატრს პირველ რიგში ის სათეატრო პოლიტიკა აკლია, რომელიც ამ ქვეყანაში არ არსებობს. ცალკე აღებულს ვერცერთ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ ამას, მაგრამ შეგვიძლია დავაბრალოთ თანაბრად ყველა ხელისუფლებას, რადგან ისე, როგორც რეალურად იყო საჭირო თეატრისთვის, ვერავინ ვერ მოიცალა. ვერ მოიცალეს სათეატრო პოლიტიკისთვის, რომ ის გადასულიყო ახალ, დასავლურ მოდელებზე და უკუგდებულიყო დრომოჭმული საბჭოთა სისტემა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. აი ეს არ ის, რაც არ გაკეთდა და საიდანაც მოდის ყველა პრობლემა.
-პიესის არჩევისას აქცენტს რაზე აკეთებთ, რა თემები და საკითხებია თქვენთვის პრობლემატური?
-სხვადასხვა პიესის არჩევისას სხვადასხვა რამ მაწუხებს. ერთი ამოჩემებული თემა არ მაქვს. რაც არის აქტუალური იმ პერიოდში, იმაზე ვამახვილებ ყურადღებას. თუმცა ჩემს ყველა პიესას, ნებისმიერი თვალსაზრისით, ადამიანების მიმართ სიყვარული აერთიანებს. დასტრიალებს ადამიანს და მის ბედს ამ პირქუშ სამყაროში.

-რეზო, რა იქნება თქვენი შემდეგი სპექტაკლი, რისი დადგმა შედის თქვენს სამომავლო გეგმაში?
-გეგმაში მაქვს გარსია ლორკას “ბერნარდა ალბას სახლის” დადგა. როლები განაწილებული მაქვს, ნაფიქრი მაქვს, ვის რა როლი მივცე. იმედი მაქვს მოვახერხებ ამ გეგმის განხორციელებას, რადგან სურვილი ერთია, შესაძლებლობა და მოხერხება მეორე. ბევრი სხვადასხვა პრობლემა დგას, მათ შორის ფინანსური საკითხიც. მე მაქვს თეატრალური კომპანია “მინის თეატრი”. ეს არის არასტაციონალური თეატრი, რომელსაც არ გააჩნია სცენა და წარმოდგენებს სხვადასხვა თეატრის სცენებზე დგამს. ამ “მინის თეატრის” ფარგლებში უკვე განხორციელდა რამდენიმე პროექტი, ჩვენ ვითამაშეთ რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრის სცენებზე, ვიყავით გასტროლებზე მინსკში, კიშინიოვში, უკრაინაში, ხმელნიცკსა და ჩერნიგოვში. ამავე თეატრის პროექტის ფარგლებში ვაპირებ სწორედ ახლა “ბერნარდა ალბას სახლის” დადგმას. ვნახოთ, რა იქნება…
ავტორი: ნინო გონგაძე
ფოტოგრაფი: თათა – თათონი ფანჩულიძე