თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დამსახურებით მაყურებელს საშუალება ეძლევა მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების შედევრები ქართულ სცენაზეც იხილონ.
ამჯერად საქართველოს, თეატრის მსოფლიო ვარსკვლავი რობერტ ვილსონი ესტუმრა, სპექტაკლით, რომელიც არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
რეჟისორმა შექსპირის ბოლო პიესა „ქარიშხალი“ საოცარი ვიზუალისა და განათების დამსახურებით მაგიურ სპექტაკლად აქცია. ექსპერიმენტული თეატრის უმნიშვნელოვანესი ფიგურა არა მარტო რეჟისორი, არამედ მოქანდაკე, ფოტომხატვარი, დრამატურგი და სცენოგრაფიც გახლავთ.
„ის ღმერთია, რომელიც ქმნის ჯადოსნურ სივრცეს საოცარი განათებით და მსახიობს რეალურ თავისუფლებას აძლევს სცენაზე“- ასე აფასებენ რეჟისორს თავად მსახიობები.
სპექტაკლი, ბულგარეთის ივან ვაზოვის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობებმა ითამაშეს.
ხელოვნების ნიმუშად ქცეული „ქარიშხალი“ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გათამაშდა.
შუქ-ჩრდილებისა თამაში, შთამბეჭდავ გმირებად გარდასახული მსახიობები, სცენიდან წამოსული ემოციური ტალღა… რობერტ ვილსონმა თავისი განსაკუთრებული სტილის დამსახურებით განსხვავებულ სამყაროში გვამოგზაურა.
თბილისის საერთაშორისო თეატალური ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნა და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალი, თბილისის მერიის მხარდაჭერით წელს მეთექვსმეტედ იმართება.