თვითშეფასების განვითარება ხდება დაბადებიდან თითქმის ცხოვრების ბოლომდე. იმისთვის რომ ეს გზა საკუთარ თავსაც და ბავშვებსაც გაუადვილოთ საჭიროა მნიშვნელოვანი დეტალების ცოდნა. სწორედ ამ მნიშვნელოვან გამოცდილებაზე საუბრობს ფსიქოლოგი და პედაგოგ-ნოვატორი შალვა ამონაშვილი.
შალვა ამონაშვილი: როგორც ვაფასებთ ჩვენს თავს, ზუსტად ისე ვიქცევით. თუ ზედმეტად გადავაფასებთ, თითქოსდა ვიღაცაზე ბევრად უკეთესები ვიყოთ ასეც ვიწყებთ ცხოვრებას და კონფლიქტებსა და გაუგებრობაში ვექცევით ხშირად.
ხოლო თუ ვიცით ჩვენი თავის ფასი და ამ წარმოდგენას საკუთარ თავზე ურთიერთობებში ცოტათი “დავაქვეითებთ”, მაშინ ჩვენი ურთიერთობა გარშემომყოფებთან უფრო სრულყოფილი გახდება.
გახსოვთ, როგორ გვითხრა იესო ქრისტემ? დამდაბლდით რათა ამაღლდეთო…
ჩემი თვითშეფასების კრიტერიუმები ასეთია:
თავმოყვარეობა – ადამიანს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა . არა გაზვიადებული, არამედ ნორმალური. უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, გაგება, რომ არავის შეალახვინოს საკუთარი ოჯახი, წარმოდგენები, თავისი კულტურა, ისტორია.
არის ასევე თვითშეფასების უფრო მაღალი კრიტერიუმი – ეს არის სინდისი. სინდის-ნამუსიო ვიტყვით. ეს ღვთიური ძახილია, ცის ძახილია ჩვენში.
არის ასევე გემოვნება, შეხედულებები, თვალსაზრისები. აი. ესენი უნდა აღვზარდოთ ბავშვში თავიდანვე და ჩვენშიც ჩემო ძვირფასებო. მთელი ცხოვრება უნდა ვავითაროთ ჩვენში ეს წარმოდგენები, თუ არ განვავითარეთ, მაშინ გვერღევა ხოლმე ადამიანებთან ურთიერთობა და ჩვენს ცხოვერბასაც ვეღარ ვუგებთ თავსა და ბოლოს ხშირად.
თვითშეფასება რომ ვისწავლოთ პირველ რიგში უნდა გავიგოთ – ვინა ვართ ჩვენ, რა გვინდა ამ ქვეყანაზე, რისთვის მოვსულვართ და საით მივდივართ. რა გვეკუთვნის და რა არ გვეკუთვნის… კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩავუკვირდეთ თავს და დავეკითხოთ: როგორ ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ, ვისთვის მოგვაქვს სარგებელი, ჩემს თავს რა ვარგე?..
პირველ რიგში თქვენი თავი უნდა აღზარდოთ და მიართვათ აღზრდილი დედიკო და მამიკო შვილს… ეს დიდი შრომა არის და არ დაზოგოთ თავი ამ შრომაში. თანასწორუფლებიანობა და მეგობრობა გამოუცხადეთ შვილს და საქმე წინ წაიწევს… იყავით ბავშვების მეგობარი და მათთან მეგობრობაში უჩვენეთ მაგალითი თქვენი თავმდაბლობისა, თქვენი გულისხმიერებისა, თქვენი დახმარებისა – აი, ეს არის აღზრდის ჭეშმარიტება.
თვითშეფასების ასამაღლებელი ტექნიკა ბავშვებისთვის
მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა. ეს იშვიათი პედაგოგიკაა, ძილის წინ – ბავშვის დასარიგებლად, გზაზე დასაყენებლად, მადლობის გადასახდედლად, რაღაცის სათხოვნელად, რომ ხვალ ასე მოვიქცეთ… ძილის წინ მიუჯდეს დედა ან მამა და უთხრას, შვილო, როგორ დაგვეხმარე შენ დღეს, რომ ასე კარგად მოიქეცი, დიდი მადლობელი ვარ ამისთვის. ამ სიტყვებით უნდა დაარწმუნოს შვილი, რომ მან რაღაც კარგი გააკეთა, რომ მას ეს შესძლებია. აი, ეს იქნება მისი თვითშეფასება. თითქოსდა ბავშვს ის “დავაბრალეთ” რაც მას სუსტად აქვს განვითარებული, მაგრამ ვითომ განვითარებული აქვს. პედაგოგიკა ხელოვნებაა და ამ ხელოვნების გასაღები ამ ვითომობაშია. ასე ნელა-ნელა აღიზრდება მასში თვითშეფასება. არ იფიქროთ რომ ამაღამ როდესაც რაღაცას ეტყვით ხვალ საქმე უკვე გადაწყდება. ხშირად უნდა გაუმეოროთ . ძალიან ხშირად…