fbpx

ოთხი შვილი და ლამაზი ქალის წარმატებული კარიერა

ავტორი ჟოლო
305 ნახვა

ის ხალხში გავრცელებულ ბევრ სტერეოტიპს ამსხვრევს. ერთ-ერთია „ლამაზ ქალს ჭკუა არ მოეკითხებაო“, ჭკუასაც იქეთ ეკითხებიან და მის რჩევებსაც ითვალისწინებენ… ანა არველაძე სოლო ბანკირია. ამაზე და ახალ პროფესიაზე, რომლითაც მალე ბევრ ადამიანს დაეხმარება ცოტა მოგვიანებით მოგითხრობთ… მანამდე კი გეტყვით, რომ ეს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც წარმატებული და საქმიანი ქალის იმიჯს ბრწყინვალედ ირგებს, ბევრს იმითაც აოცებს, რომ ოთხი შვილის დედაა …

თვლის რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი ცხოვრებაში უტვირთია – დედობაა …

ბავშვობაში დიდ სცენასა და მსოფლიო პიანისტობას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, მათემატიკის სიყვარულმა გვერდზე გადაადებინა კონკურსებზე მოპოვებული ჯილდოები და სულ სხვა პროფესია აარჩევინა…

ანა არველაძე: პიანისტობის პარალელურად ვცეკვავდი. ცეკვა ჩემი სულის ნაწილი იყო და ძალიან გამიჭირდა მასთან შელევა. მაგრამ ფორტეპიანო და ცეკვა ერთად არ გამოდიოდა.

ნიჭიერთა ათწლედი დავამთავრე თუ არა სწავლა კონსერვატორიაში განვაგრძე,  მაგრამ მესამე კურსზე სულ სხვა პროფესია ავირჩიე – ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ბაკალავრიატი დავამთავრე და მოგვიანებით იგივე სპეციალობით სწავლა მაგისტრატურაში განვაგრძე. ამჟამად ბიზნესის მართვის მაგისტრი ვარ.

მათემატიკა ყოველთვის ძალიან მიყვარდა და შესაბამისად, მინდოდა ეს ცოდნა პრაქტიკული მიმართულებითაც გამომეყენებინა. ამიტომაც ავირჩიე ბიზნესისა და ფინანსების მიმართულება.

– ანუ სცენის ნაცვლად ბიზნესში აღმოჩნდით?

-უფრო ბანკში, 19 წლის ვიყავი, როდესაც თიბისი ბანკში ოფისის ადმინისტრატორად დავიწყე მუშაობა და უმოკლეს ვადაში, დაახლოებით სამ თვეში კანცელარიის მენეჯერად გადავედი; ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ნახტომი იყო, რამაც საოცარი თავდაჯერებულობა შემმატა. თიბისი ბანკში სამი წელი ვიმუშავე, შემდეგ ისევ ფინანსების სიყვარულით  ბუღალტერიაში გადავედი, მინდოდა აქაც მომესინჯა ძალები და შემდეგი სამი წელი უცხოურ კომპანიაში დავყავი. ამის შემდეგ საქართველოს ბანკში დავიწყე მუშაობა და უკვე მეხუთე წელია რაც სოლო ბანკირი ვარ.

-ეს ალბათ ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან და სირთულესთან არის დაკავშირებული

-პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია და ძალიან დიდ შრომასაც მოითხოვს…  თუმცა, როდესაც შენი საქმე ძალიან გიყვარს ამ სირთულის დაძლევის და სამსახურით სიამოვნების მიღების უნარიც გეძლევა.

გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოლოს ჩემს ცხოვრებაში. უამრავი მეგობარი შემძინა და ძვირფასი ადამიანი გამაცნო. ასევე ძალიან ბევრი რამ მასწავლა – დაწყებული  საზოგადოებასთან ურთიერთობით , დამთავრებული ინვესტიციების სფეროთი… რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ, ფაქტობრივად სოლო ჩემი ცხოვრების ნაწილია. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საუკეთესო გუნდთან მუშაობის საშუალება.

– როგორც ვიცი 4 შვილის დედა ხართ, არადა ხშირად მსმენია წარმატება და ოჯახი ვერ თავსდებაო ერთმანეთთან, როგორ ახერხებთ?

– რომ არა ოჯახის მხრიდან ძალიან დიდი დახმარება და ჩემი მეუღლის განსაკუთრებული მხარდაჭერა, რასაც გამორჩეულად ამჟღავნებს ჩემს მიმართ, ნამდვილად ვერ შევძლებდი ვერც სწავლის და ვერც სამსახურის მხრივ ყველა იმ სურვილის ასრულებას, რაც დღემდე ავისრულე… ქალისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია მეუღლის თანადგომა … ვფიქრობ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა.

ასევე მთავარია ბალანსი, მუდმივად უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას ცხოვრების ყველა სფეროს, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს უნდა ვაკეთებდეთ მათი ჰარმონიულად ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. როდესაც ამ ყოველივეზე ფიქრს დიდ დროს უთმობ, ყველაფერი შესაძლებელია… და ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ განვითარების სურვილი გკლავდეს და არ გაძლევდეს ერთ ადგილზე გაჩერების შესაძლებლობას.

– განვითარების სურვილის გარდა კიდევ რა არის საჭირო იმისთვის რომ ვიყოთ წარმატებულები?

– უნდა გვჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების და ნდობას ვუცხადებდეთ საკუთარ თავს. ეს გაგვიმარტივებს ყველაფერს ცხოვრებაში – სწორი გადაწყვეტილების მიღებას, ზრდას, როგორც პიროვნულს ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით … წარმატების მოსაპოვებლად საკუთარი თავის რწმენა და შრომისმოყვარეობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.

გარკვეულ ასაკამდე ყველა ბავშვს სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, თუმცა, მერე გარკვეული სტერეოტიპები თუ აღზრდის მეთოდები ამ თვითშეფასებას და საკუთარი თავის რწმენას გვიკარგავს. თუნდაც მასწავლებლის რაღაც გარკვეული ფრაზით შეიძლება მოხდეს დემოტივაცია, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ამიტომ დიდი გაფრთხილება სჭირდება ყველას მხრიდან ბავშვს.

მშობლის ფაქტორს გამოვყოფდი, რადგან მშობლის ქცევის მოდელი, მისი სტერეოტიპები, გარკვეულ ცხოვრების რუკას აყალიბებს ბავშვში. ის ირეკლავს მშობლის რწმუნებულებებს,  ქმედებებს. აქედან გამომდინარე მშობლებმა აუცილელებლად ქცევითი მაგალითი უნდა მივცეთ შვილებს. უნდა დავუტოვოთ სივრცე, საკუთარ თავთან მარტო ყოფნის ფუფუნება, რომელშიც ჩვენ არანაირი უფლება არა გვაქვს შევადგათ ფეხი და დავურღვიოთ სიმყუდროვე. ხშირად მშობლებს ზედმეტიც მოგვდის… აუცილებელია შევაკავოთ საკუთარი ეგო, რომ ჩვენს მიერ განუხორცილელებელი თემები ბავშვებს არ მოვახვიოთ თავს და მივცეთ მათ თავისუფლება.

-რაც ბევრ მშობელს ძალიან უჭირს…  თქვენ შემთხვევაში რა ხდება, რთული არ არის იყო 4 შვილის დედა ასე ახალგაზრდა ასაკში?

– რთული არის იმდენად, რამდენადაც 4 ჯადოსნური ადამიანი მყავს, რომლებმაც თვითონ ამირჩიეს მშობლად, 4 რადიკალურად განსხვავებული პიროვნება, რომელთაც აუცილებლად უნდა ასწავლო უპირობო სიყვარული და მადლიერება.

ურთულესია დღევანდელ პროგრესირებად ეპოქაში, შეძლო ყველა იმ თვისებით გააჯერო ბავშვი, რაც მას სამომავლოდ გამოადგება. დაიცვა გარკვეული შიშებისგან. თუ ამ მხრივ მივუდგებით, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. იმიტომ, რომ ვიცით, ბავშვობის სტრესები ფაქტობრივად დაღს ასვამს მთელ მომავალ ცხოვრებას.

საბედნიეროდ იციან ჩემმა შვილებმა, რომ ნებისმიერი შეცდომის შემთხვევაში მე ისინი ისეთები მიყვარს, როგორებიც არიან. აბსოლუტურად უპირობო სიყვარულს ვუცხდებ მათ. იციან, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მათ გვერდით ვარ, რომ პრობლემის მოგვარებისას არასოდეს დავიჭერ მშობლის პოზიციას, ვიქნები მათი მეგობარი…  ტრენინგებზე დასწრების შემდეგ ბევრ ისეთ ინსტრუმენტს ფლობ, რაც არა მხოლოდ აგარიდებს მცდარ ქმედებებს ბავშვებთან მიმართებაში, არამედ შესაძლებლობას გაძლევს, რომ უფრო ლაღი და ბედნიერი გაზარდო ისინი.

-რამდენი ხანია რაც პიროვნული ზრდით ხართ დაინტერესებული?

– ბავშვობიდან… მამა იყო პოზიტიური ფსიქოლოგიით გატაცებული და ძალიან ბევრი ნაშრომი აქვს ამასთან დაკავშირებით გაკეთებული. სახლშიც საოცარი ლიტერატურა და არაჩვეულებრივი ფონდი გვაქვს მის მიერ შეძენილი წიგნების. ღრმა ბავშვობვიდან  სწორედ მამამ მიბიძგა, რომ პიროვნული ზრდის თემებით დავინტერესებულიყავი. რაც დღემდე გრძელდება…ის იყო ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და უპირობო ნდობას მიცხადებდა ყველაფერში.

მადლიერი ვარ სამყაროსი, რადგან ყოველ დღე ახალ ჯადოსნურ ადამიანებს მაცნობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივაგენი იმ სფეროს, რომელიც ყველაზე ძალიან მომწონს და მინდა ამ სფეროში დავოსტატდე. ეს არის ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირების მიმართულება NLP COACHING. სწავლება გავიარე ვაშინგტონის NLP ასოციაციის წევრთან, ლეგენდარულ მადიტა დისკჰუტთან და სწავლას ვაგრძელებ ლონდონში,  NLP-ს შემქმნელ, რიჩარდ ბენდლერთან.

როგორც მადიტა ამბობს ,  ეს პრაქტიკული მეთოდი გამოიყენება იმისათვის, რომ გახდე შენი გონების ოსტატი. იგი არის  ნაზავი იმ ინსტრუმენტების, რომლის გამოყენებითაც არარეალური მიზნებიც კი რეალობად იქცევა.

ამავდროულად ეს არის სიღრმისეული მუშაობა პიროვნული ზრდის თვალსაზრისით.

მადიტა დისკჰუტთან ასევე დავეუფლე Rem დეკოდირებას. ქოუჩინგის ამ მეთოდს მიღებული აქვს ბრიტანეთის ბიზნეს ფსიქოლოგთა ასოციაციის „გრან პრი“, როგორც ყველაზე ეფექტურ მეთოდს წარმატების ქოუჩინგში. მეთოდის უმთავრესი ამოცანებია: სტრესის მართვა (Pas=Post achievement –Stress); შინაგანი რესურების გამოყენებასთან დაკავშირებული წვრთნა (Empowerment Coaching).

ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა დავეხმარო ადამიანებს საკუთარ თავში არსებული რესურსების აღმოჩენასა და გაღვივებაში, ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

Rem  დეკოდირების მეშვეობით სწორედ ტვინის რეორგანიზება ხდება და ადამიანებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარები.

ამ ყოველივეს გამო მადიტა დისკჰუტის მადლიერი მთელი ცხოვრება ვიქნები.

– რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებსაც ცოტაოდენი ბიძგი სჭირდებათ ცხოვრებაში?

– არ ინანონ არცერთი გადადგმული ნაბიჯი და შეცდომა, რომ არა ის გამოცდილება და  გაკვეთილები, რაც დღემდე გაიარეს, ძლიერ და გამოცდილ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდებოდნენ. მადლიერებით განეწყონ განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ,  ვინც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ტკივილი მიაყენა მათ და გააცნობიერონ, რომ ეს აუცილებელი იყო მათი ზრდისთვის.

აუცილებელია გვიყვარდეს და მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ.

მადლიერებას გადამწყვეტი ძალა აქვს. თუ შენ არ ხარ მადლიერი იმისათვის,  რაც გაქვს, ვერ იქნები მზად, რომ უფრო მეტი მიიღო. ხოლო როდესაც მადლიერი ხარ , სამყარო გაცილებით მეტს გაძლევს…

მინდა სჯეროდეთ, რომ სასწაულები ხდება და  აბსოლუტურად ყველაფერი, ჩვენს სურველებზე და სწორ მიზნებზეა დამოკიდებული.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment