„ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რასაც ვერ დაძლევ, რაც ისე გტკენს რომ ვერ გაუმკლავდე, ფეხზე ვერ წამოდგე. თუ იმის სურვილი გაქვს, რომ იცოცხლო და იცხოვრო ყველაფრის გადალახვა შეგიძლია.“ – ეს სიტყვები ძლიერ ქალს ეკუთვნის, რომელმაც ტკივილებს და პრობლემებს კარი მიუხურა, ფეხზე მყარად დადგა და ცხოვრება გააგრძელა… მერე გაჩნდა სხვების იგივე მდგომარეობიდან გამოყვანის სურვილი. ამბობს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და საკუთარი თავის პოვნა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. თავად, იმ საქმის კეთება, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს ოცდაათი წლისამ დაიწყო.
Jolo.ge-ის რესპონდენტი გახლავთ ნატა ნარიმანიძე, RPT თერაპევტი, არტ თერაპევტი, ნლპ პრაქტიკოსი და თანამედროვე ფსიქოლოგიური ტექნიკების კონსულტანტი.
– ნატა, რა პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობთ და რა არის თქვენი ძლიერი მხარე, რის გამოც უნდა მოგმართონ?
– ადამიანებს შინაგანი ხმის მოსმენაში ვეხმარები. უნდა მომმართონ ჩვეულებრივი, ყოფითი პრობლემებით, როგორიცაა – პირადი ურთიერთობები, პიროვნული განვითარება, შიშები, ტრავმები, სტრესები, თვითრეალიზაცია, ფულის თემა.
ტრავმებზე მუშაობა ხდება RPT თერაპიით. ვიცით, რომ ყველა პრობლემა მოდის ბავშვობიდან, მაგრამ ბავშვობაც არ არის საწყისი, საწყისი ჩვენი წინაპარია, სადაც პირველად წარმოიქმნა ეს ტრავმატული მდგომარეობა.
მეორე მეთოდი, რომლითაც ვმუშაობ არის არტ თერაპია, რომელიც რესურსებს წინ სწევს და ძალიან გეხმარება, როცა ნაბიჯის გადადგმა გიჭირს, არ იცი სად ხარ, როგორ ხარ, გეხმარება ახალი საქმის დაწყებაში…
– როგორია თქვენი პროფესიული გზა?
– ბიზნესის ადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, რომლის დამთავრების შემდეგ, შვიდი წელი ბანკში ვიმუშავე. მერე ვიზაჟის შესწავლა გადავწყვიტე და ბანკიდან წამოვედი. სახლში სპეციალური სივრცეც მოვაწყვე, კლიენტებიც მყავდა. მალე პანდემია დაიწყო და სრულად გადავერთე RPT თერაპიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ძალიან სტრესული გარემო იყო, ამ პერიოდს ჩემი ცხოვრების ოქროს ხანას ვუწოდებ. სწორედ ამ დროს გაჩნდა სურვილი, რომ მესწავლა და სხვებსაც დავხმარებოდი, მანამდე ჩემი თავის ძიებაში ვიყავი.
მომინდა ყველასთვის მეთქვა, რომ მე შევძელი, გადავლახე… რომ რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელი საშუალება არსებობს. ასე დავეუფლე ახალ ცოდნას და RPT თერაპიით სტრესებთან და ტრავმებთან მუშაობა და გამკლავება ვისწავლე. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ RPT ნამდვილად არის განკურნების თერაპია. მე კი ვარ იმისთვის, რომ თქვენს რესურსებს წყალი დავუსხა…
– თქვენს ერთ-ერთ პოსტში წერთ, – სკოლაში მიღებულმა დავალებამ „ვინ ვარ მე“, მოგვიანებით საკუთარი თავის ძებნა დამაწყებინაო… სად და როგორ იპოვეთ საკუთარი თავი?
– მაშინ ვამბობდი, ეს რა კითხვაა, მე ხომ მე ვარ- მეთქი. წლების შემდეგ კი ჩემი თავის ძიება საქმიანობით დავიწყე, რასაც წინ სტრესული წინაპირობა ედგა, – ოჯახი, სამი შვილი, განქორწინება… ტკივილი… ამ პრობლემებს მოვერიე და გავუმკლავდი, ცხოვრების გაგრძელების არ შემშინებია, მაგრამ დავიკარგე იმ მხრივ, რომ ისეთ რაღაცას არ ვაკეთებდი, რაც ჩემში რეალური პოტენციალი იყო. ამ საქმეში, სადაც ახლა ვარ, ბუნებრივად ვვლინდები, სხვა საქმეებში ბუნებრივი არ ვიყავი. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე რომ მე მე ვარ და მეტი არაფერი, ამ ცხოვრებაში განსხეულებით და დედამიწაზე მოსვლით რომ ვარ ეგ უკვე საკმარისია. ამის შემდეგ მოდის პროფესია, დედობა, შვილობა და ა.შ.
რამდენიმე თვის წინ ინდოეთიდან დავბრუნდი. ტრანსცენდენტული მედიტაციის ცენტრიდან, ქართველების ჯგუფი, ორი კვირით ვიმყოფებოდით ინდოეთში. მთელი მსოფლიოდან იყვნენ მედიტატორები. დაახლოებით თერთმეტი ათასი ადამიანი. ერთი მიზნისთვის გავერთიანდით. ინტენსიურად ვმედიტირებდით. ყველას შინაგანი განზრახვა იყო ის, რომ მსოფლიოში მშვიდობა ყოფილიყო. ეს ასამბლეა სწორედ მსოფლიოს მშვიდობისთვის ჩატარდა. ეს პერიოდი ჩემთვის გაცნობიერებებით დახუნძლული იყო. ინდოეთი დავათვალიერე, რადგან ერთ სირცეში ვიყავით, მაგრამ ინდოეთის ენერგეტიკა ყველგან იგრძნობოდა და თავისი გასაკეთებელი გააკეთა.
ყველაზე საოცარი რაც იყო, იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ვიყავით, აშრამის უკან, ულამაზესი ბაღი იყო, სხვადასხვა ღვთაებების ქანდაკებებით, სადაც მიდიოდი და მედიტირებდი. ერთ ასეთ ადგილას ქრისტეს ქანდაკება აღმოვაჩინეთ, ეს ჩემთვის დიდი სულიერი სიმშვიდე იყო.
ინდოეთიდან დაბრუნებულმა ვიცოდი რომ ძველებურად აღარაფერი იქნებოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ უნდა შეცვლილიყო… მართლაც ასე მოხდა. აქტიურ ფსიქოლოგიურ მუშაობაში ჩავერთე. არის ასეთი ვორქშოფი – პლანეტების ჰარმონიზაცია, სადაც ყოველ კვირას დავდიოდი. ამ ვორქშოფის შემდეგ მოვიდა გაცნობიერება რა უნდა მეკეთებინა. ასე დაინერგა გულის გახსნის ჯგუფური თერაპია. იმ ცოდნების ნაზავით, რაც აქამდე მივიღე.
– რა როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში ამ ტრენინგებს და არსებობს თუ არა აქ ასაკობრივი ზღვარი, ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი სასურველი ცოდნის მიღება?
– პიროვნული ზრდა-განვითარება ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. ასაკი მხოლოდ ციფრებია და სასურველი ცოდნის მიღებაც ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, მთავარია განვითარების სურვილი. მე თვითონ 30 წლის ასაკში მივხვდი, რომ იქ არ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. საქართველოში დღემდე ფიქრობენ, რომ 30 წლის ასაკში რაღაცები დაგვიანებულია. პიროვნული განვითარება და საკუთარი თავის შემეცნება მუდმივი პროცესია და არასოდეს არის გვიან… თუმცა, ასაკის შიში ვისაც აქვს, მინდა ვუთხრა, რომ მეც მქონდა მსგავსი შიში, ვფიქრობდი, – უკვე სამი შვილი მყავს და რა დროს ჩემი ახალი პროფესია და სწავლაა- მეთქი… თუ ამ შიშს დავნებდებოდი შესაძლებელი იყო ხელი ჩამექნია ყველაფერზე. ერთხელაც უბრალოდ დავჯექი, შიში წინ დავისვი და დაველაპარაკე… მე ვიცნობ 60 წლის ქალბატონებს, რომლებიც ტრენინგებზე დადიან, აქტიურად არიან დაკავებულები პიროვნული ზრდით და ამით დიდ სიამოვნებას იღებენ. უფრო მეტიც, ბევრად მონდომებულები არიან, ვიდრე 25 წლის გოგონები.
– რა არის აფირმაცია და რა როლი და მნიშვნელობა აქვს მას ჩვენს ცხოვრებაში?
-აფირმაცია არის წინადადებით გამოხატული ჩვენი სურვილი, რომლის გამეორებითაც ვაპროგრამებთ ქვეცნობიერს და შედეგად ვიზიდავთ იმას, რაც ძალიან გვინდა.
ემოციის გარეშე აფირმაციის წარმოთქმას და მითუმეტეს, გამეორებას აზრი არა აქვს!!! აფირმაცია არის პოზიტიურად ფორმულირებლი წინადადება, რომელიც ემოციური განწყობის(და არა მარტო) შექმნაში გვეხმარება. როდესაც აფირმაციას რაღაც პერიოდულობით იმეორებ, ან 21 დღე, ან იმდენი დღე რამდენი წლისაც ხარ, ეს შენს არაცნობიერს ძალიან კარგად ესმის და ქვეცნობიერ შრეში ჩადის, შესაბამისად ეს უკვე მამოძრავებელი პროგრამა ხდება, ისევე როგორც ჩვენი სხვა პროგრამები, სასიამოვნო თუ არასასიამოვნო. ყოველდღიურად, დღეში ერთხელ მაინც, 21 დღის განმავლობაში, ან უფრო უმჯობესია თუ იმდენი დღე გაიმეორებთ რამდენი წლისაც ხართ, რადგან მეტ შედეგს იძლევა. აი, მაგალითად დილა დავიწყოთ ამ ფრაზა-აფირმაციით- მე ვარ მზად რომ დღე დავიწყო ახლის შეცნობით.
-ვისთან მიდის წარმატება და როგორ მიიღწევა იგი?
-წარმატება მიდის მასთან, ვინც ამისთვის მზად არის. გააჩნია ვისთვის რა არის წარმატება და ვინ როგორ ელოდება. გარედან შეიძლება წარმატება კარიერის აწყობა და ფულის გამომუშავება გეგონოს, ვიღაცისთვის დედობა არის წარმატება, ვიღაცისთვის მოგზაურობა. თუ შენ იცი შენთვის რა არის წარმატება, ის აუცილებლად მოვა. წარმატება შრომისმოყვარეობით და საკუთარ თავზე მინდობით მიიღწევა. დაშვებული შეცდომების გააზრება და მიღება, წინსვლაში გეხმარება.
-როგორ დავამარცხოთ ნეგატიური ფიქრები და სტრესი?
-ნეგატიურ ფიქრებს და სტრესს ამარცხებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და მსხვერპლის როლიდან გამოსვლა.
-„ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რასაც ვერ დაძლევ, რაც ისე გტკენს რომ ვერ გაუმკლავდე.“ თქვენი ეს პოსტი, პირად გამოცდილებას ეფუძნება? რა ტკივილების გადატანა და დაძლევა მოგიხდათ?
– ყველას თავისი ინდივიდუალური ტკივილი და პრობლემა აქვს, თუმცა, იმ მომენტისთვის ჩემთვის ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. მესამე შვილზე ვიყავი ორსულად, როცა ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. მთელი ორსულობის პერიოდი ოჯახის შენარჩუნების ფაზა იყო. მაგრამ ბავშვი ერთი თვის როცა გახდა, დავშორდით, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი აღმოჩნდა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ისევ ჩემი შვილები დამეხმარნენ. მივხვდი, რომ უფლება არ მქონდა ჩავწოლილიყავი და სახე მეხოკა, რადგან სამი შვილი მყავდა გასაზრდელი… ძალიანაც მტკიოდა და განვიცდიდი, მაგრამ იმის გამო, რომ შვილებს დედა სჭირდებოდათ, ჩემს თავს ვერ მივცემდი უფლებას ფეხზე არ ვმდგარიყავი. ეს იყო პირველი მოტივაცია… ამის შემდეგ, საკუთარ თავთან კითხვების დასმა დავიწყე, რატომ დამემართა? სად შემეშალა?… როცა ორი ადამიანია ურთიერთობაში, იქ ერთი არასდროსაა დამნაშავე. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში, მაგრამ არ არსებობს ისეთი რამ ფეხზე რომ ვერ წამოდგე. თუ იმის სურვილი გაქვს რომ იცოცხლო და იცხოვრო ყველაფრის გადალახვა შეგიძლია.
– სად იმალება ბედნიერება და ჩვენ სად ვეძებთ მას, ზოგს მთელი ცხოვრება რომ სჭირდება მის საპოვნელად?
– ბედნიერება ჩვენს გულში იმალება, უბრალოდ გულის კარი უნდა გავაღოთ, ბედნიერებაც უმალ იქ არის. ყველას თავისი რეცეპტი აქვს ბედნიერების. მაგრამ იმაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენში არის და იმაშიც რომ გულშია. ძალიან მარტივ წვრილმანებშია ბედნიერება. შეიძლება ამაზე ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ ახლა უცებ აზრად მომივიდა, ცვრიან ბალახზე რომ ფეხშიშველი გაივლი, მაგაშიც შეგიძლია დიდი ბედნიერება იპოვო. თუნდაც მეტროში რომ ჩავდივარ, ამოჩემებული ადგილი მაქვს, სადაც მიყვარს დგომა და ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა, ესეც ბედნიერებაა ჩემთვის.
– ნატა, თქვენს სამომავლო გეგმებში რა შედის, ეს გზა ნამდვილად ის გზაა, რომელსაც ბოლომდე გაყვებით?
– ამ ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ ეს ის გზაა, რასაც გავყვები, უბრალოდ შეიძლება სახე იცვალოს და რაღაც მეთოდები დავამატო, გავაუმჯობესო, ან დავხვეწო. მიყვარს ადამიანებთან მუშაობა და მათი დახმარება, როდესაც გაღიმებულ კლიენტებს ვუყურებ, ვხვდები რომ პროფესია სწორად ავირჩიე. ჩემს სამომავლო გეგმებში შედის ახალი ჯგუფური თერაპიის- “გულის გახსნის” თერაპიის განვითარება. რეგრესულ ჰიპნოზს გავდივარ, რომელიც კავშირშია იმასთან, რასაც ჯგუფურ თერაპიაზე ვაკეთებ. ზოგადად ინტუიციურად მივყვები ხოლმე ცხოვრებას და წინასწარ ბევრ რაღაცებს არ ვგეგმავ.
ავტორი: ნინო გონგაძე