„გჯეროდეს“- ეს ჩემი რესპონდენტის დევიზია. „გჯეროდეთ, რომ რასაც აკეთებთ არის მნიშვნელოვანი“- ეს კი, ერთ-ერთი პუნქტია წარმატებისკენ მიმავალი გზის პუნქტთაგან.
რუბრიკა „ინტერვიუ წარმატებულებთან“ სტუმარია მრავალმხრივ ნიჭიერი და წარმატებული ქალბატონი – ანა არველაძე. ამიტომ დღეს, ჩვენ, უშუალოდ წარმატების ფენომენზე ვისაუბრებთ, მისი მიღწევის გზებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე.

ის ადამიანები კი, რომლებსაც სტიმული და ბიძგი გჭირდებათ ცხოვრებაში, სამოტივაციო სპიკერისგან მიიღებთ რჩევას, როგორ გახდეთ წარმატებულები… რა თვისებები და რესურსია ამისათვის საჭირო.
– ანა, რა თვისებებია საჭირო წარმატების მისაღწევად – განათლება, იღბალი თუ გარეგნობა?
-წარმატების მისაღწევად პირველი და აუცილებელი კომპონენტია, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. ფაქტობრივად, წარმატების გარანტიც ეს არის.
მეორე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი პიროვნული ზრდის მიმართულებით დაუზოგავი ინვესტიციაა, როგორც დროის, ასევე ნებისმიერი რესურსის. ეს შეიძლება იყოს პროფესიული განვითარება, საინტერესო წიგნი, ტრენინგი …
მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი კი, საკუთარი სურვილების იდენტიფიკაციაა. იცოდე ის, რა გინდა და გქონდეს სასურველი მომავლის მკაფიო ხედვა. რაც შეეხება იღბალს, მას გადამწყვეტი როლი არ აკისრია წარმატებაში, თუმცა მისი ქონა სასურველია.
– როგორია წარმატებისკენ მიმავალი გზა? ამბობენ ეკლიანიაო.
– ხანდახან ეკლიანია, ყოველთვის არა. იდეაში ეს გზა ძალიან არაპროგნოზირებადია. ზოგჯერ ძალიან სწრაფია, მოულოდნელობებით სავსე, ზოგჯერ სრულიად დაუგეგმავი და სპონტანურია, არის მდორეც, მაგრამ პროდუქტიული. ფაქტობრივად წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შესაძლოა ნებისმიერი ტემპი იყოს გამოყენებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა მას არა აქვს. იგი ერთდროულად სავსეა სპონტანურობით, მოულოდნელობებით და სიდინჯით.
– როგორ მივაღწიოთ წარმატებას?
– პირველ რიგში, უნდა გვიხაროდეს ნებისმიერი ადამიანის წარმატება. უნდა ვუგულშემატკივროთ ყველას, ვინც დგას წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე, ეს ნომერ პირველი პირობაა. მეორე მთავარი პირობა არის ის, რომ გვჯეროდეს, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი და ღირებული საქმეების კეთება, ვხედავდეთ რესურსებს საკუთარ თავში და ვაფასებდეთ მათ. მესამე მნიშვნელოვანი პირობაა, გვწამდეს, რომ არსებობს ჩვენზე გაცილებით დიდი და უზენაესი ძალა, შემოქმედის ძალა ამ სამყაროში და ამ ძალის წყალობით, არაფერი ხდება შემთხვევით.

– წარმატების დადებითი და უარყოფითი მხარეები რა არის?
-წარმატების დადებითი თვისება არის ის, რომ შეგიძლია უფრო მეტ ადამიანს დაეხმარო. უარყოფითი თვისება კი, იმაზე ფიქრი, რომ მიღწეული წარმატება მარადიულია და შეწყვიტო განვითარება. სწორედ ეს არის წარმატების ყველაზე დიდი ხაფანგი.
-„ვისაც წარმატება სურს, ის ცოტაოდენ კაციჭამიობისთვის უნდა იყოს მზად“-სალვადორ დალი.
-ბევრი წარმატებული ადამიანი შეგვიძლია გავიხსენოთ კაცობრიობის ისტორიიდან, ვინც ყოველგვარი „კაციჭამიობის“ გარეშე გახდა ლეგენდარული მის სფეროში. ზოგადად, ძალიან ბევრი პრიზმა აქვს წარმატებას. აქ უშუალოდ იგულისხმება ბრძოლა წარმატების მოსაპოვებლად, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. წარმატება არის შინაგანი რესურსის დაკმაყოფილება. მთავარია გჯეროდეს, რომ ღირებულია ის, რასაც აკეთებ და ამისათვის ბრძოლა შეიძლება არც დაგჭირდეს.
– რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვისაც წარუმატებელი, უიღბლო ჰგონია თავი, აქვს მარცხის შიში, ვერ მიდის წინ და ვერ ვითარდება?
– პირველ რიგში, რასაც აკეთებენ გააკეთონ ლაზათიანად. მარტინ ლუთერ კინგის ბრწყინვალე ფრაზას თუ გავიხსენებთ, “ეზო ისე უნდა დაგავო, რომ ყველამ იცოდეს, ამ სახლში ბრწყინვალე მეეზოვე ცხოვრობს.” არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებენ. ყველა საქმეში ჩადონ გული. მეორე, სჯეროდეთ, რომ შემთხვევით არ არიან იქ, სადაც ახლა არიან და მესამე, ახსოვდეთ, რომ ცხოვრების ის ეტაპი, რასაც ახლა გადიან, არის სამზადისი, გენერალური რეპეტიცია, მათი უკეთესი მომავლისათვის.
-ანა, რამდენად კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ და რას აკეთებთ მუდმივი პიროვნული ზრდისთვის?
-გადაჭარბებულად კრიტიკული ვიყავი, მაგრამ ფსიქოლოგიასთან დამეგობრებამ ამ თვალსაზრისით, ბევრი რამ შეცვალა. პიროვნული განვითარების მიმართულებით მუდმივად ვეცნობი წარმოუდგენელი მასშტაბის ინფორმაციას, არა მხოლოდ ფსიქოლოგიის მიმართულებით, არამედ ჩაფლული ვარ მითოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ეზოთერიის შესწავლაში. ვეძებ და ვეცნობი მათ შორის არსებულ კანონზომიერებებს არა მხოლოდ პიროვნული განვითარებისთვის, არამედ იმ უდიდესი სიამოვნებისათვის, რასაც ამ პროცესის შედეგად ვიღებ.
-ბედნიერია წარმატებული ადამიანი?
-ბედნიერია იმ შემთხვევაში თუ იმას აკეთებს, რაც უყვარს.
-რისი გემო აქვს წარმატებას?
-წარმატებას შავი მოცხარის გემო აქვს. ერთდროულად ტკბილიც არის და მჟავეც.
-რაზე ოცნებობთ?
-ვოცნებობ, რომ ადამიანებს გვიხაროდეს ერთმანეთის სიხარული, ერთმანეთის წარმატება და შევძლოთ ერთმანეთის თანაგრძნობა.
ავტორი: ნინო გონგაძე