fbpx

ნულიდან დაწყებული საქმე – კრისტი თოფურიას წარმატების გზა

ავტორი დეა თავბერიძე
1375 ნახვა
0 კომენტარი
4

განვლილ წლებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რაღაც შეველი  და მოვახერხე. გზა, რომელიც გავიარე, ნამდვილად არ იყო ადვილი, მაგრამ, როცა არ ნებდები და საქმე ბოლომდე მიგყავს, შედეგად იმას იღებ, რისკენაც მიდიოდი. მთავარია, არ გაჩერდე!“, მეუბნება კრისტი თოფურია, გოგონა, რომელიც დღეს წარმატებულ ბიზნესს უდგას სათავეში.

გზა იდეის გაჩენიდან წარმატებულ ბიზნესამდე

კრისტი თოფურია: როცა ამ ბიზნესის იდეა გამიჩნდა, 21 წლის ვიყავი. ბაზარზე იყო მოთხოვნა და ამან განაპირობა. ჩემი სახლის მახლობლად უცხოელი სტუდენტები ცხოვრობდნენ, რომლებიც სახლის მოსაწესრიგებლად გამუდმებით დიასახლისებს ეძებდნენ. მეც სტუდენტი ვიყავი, მათთან ვმეგობრობდი და ამიტომ ხშირად მიწევდა თავის შეწუხება და ზრუნვა, რომ მეპოვა ისეთი ადამიანი, რომელიც იქნებოდა სანდო, პასუხისმგებლობით სავსე და საქმესაც შეასრულებდა.

მერე გაცვლითი პროგრამით ჩეხეთში გავემგზავრე. გამგზავრებამდე საქართველოში პერსონალური განვითარების ტრენინგები ჩაგვიტარეს. ჩვენი ტრენერი ამბობდა: „შეგიძლიათ, ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ, არაფრის შეგეშინდეთო“. ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო. მახსოვს, უნივერსიტეტში გამოცდა მქონდა, ღამის 3 თუ 4 საათზე ბიზნესსაფუძვლებს ვაკონსპექტებდი და თან ვფიქრობდი, რა ბიზნესის დაწყება და გაკეთება შეიძლებოდა ნულიდან, მერე ეს ისტორია ამომიტივტივდა და გავიფიქრე – დასუფთავების კომპანია, რატომაც არა!

ამ ტრენინგებზე ისიც მითხრეს, ყველა იდეა ჯერ დაგუგლეთ და ნახეთ, რა არის და რა არ არის ბაზარზე, როგორ მუშაობენო… მეც დავგუგლე და სულ რაღაც ორი კომპანია ამომიგდო. გადავხედე, რაღაცები მომეწონა, რაღაცები – არა და რაც არ მომეწონა, დავხვეწე, უფრო მეტად მრავალფეროვანი გავხადე და… ასე გაჩნდა ჩემი კომპანიაც.

პირველი, ვისაც ამის შესახებ ვუთხარი, შაკო იყო, მაშინ შეყვარებულები ვიყავით. იდეა ძალიან მოეწონა, მე ენთუზიაზმით ვიყავი სავსე და ეგრევე წარმოვიდგინე ის ობიექტები, რომლებიც დღეს გვაქვს, სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობა, დიდი აპარატები… რა თქმა უნდა, ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თან ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ძალიან მინდოდა, რაღაცით დამეწყო…

როდესაც ამაზე სერიოზულად დავიწყეთ მუშაობა და სამშენებლო კომპანიებს დავუკავშირდით, მართლა რთული აღმოჩნდა…

მაინც რა სირთულეები შეგხვდათ?

– ძალიან საპასუხისმგებლოა. კომპანიებს რატომღაც ბიუჯეტი ყოველთვის ნაკლები ჰქონდათ. ახლა გამოასწორეს. 6 წლის წინათ სულ სხვა სიტუაცია იყო, არ ითვალისწინებდნენ ხარჯთაღრიცხვაში პროფესიონალური დასუფთავების ხარჯს. შესაბამისად, ბიუჯეტი არასდროს არ იყო საკმარისი, თუმცა როგორღაც ვახერხებდით და მაღალ ხარისხს ვდებდით. თანხა არასდროს არ აგვიღია ისეთ საქმეში, რომელიც არ გამოვიდა.

ყოფილა ასეთი საქმეც?

კი, ყოფილა, სანამ ყველაფერში დეტალურად გავერკვეოდით. როცა ბაზარზე ახალი მასალა შემოდის და არ არის დატესტილი, შეიძლება პრობლემა შეგიქმნას. ერთხელ შემოვიდა ხსნარი, რომელსაც ფანჯრები უნდა დაეცვა, წაუსვეს ძვირად ღირებულ ვიტრაჟებს, გადახურვა არ ჰქონდა ამ შენობას და ეს ხსნარი, რომელიც იდეაში პარკივით უნდა მოსცილებოდა, ვიტრაჟებს მიახმა… ასეთ რთულად მოსაშორებელ ადგილებში ჩვენ ორთქლის აპარატებს ვიყენებთ, მაგრამ ეს ისეთი კონსისტენცია იყო, ჟელატინად გადაიქცა და არ შორდებოდა. საბოლოოდ მომიხდა ამ ხსნარის საფუძვლიანად შესწავლა, დავუკავშირდი მომწოდებელს, მერე შემქმნელს, უამრავი ვიდეო ვნახე „იუთუბიზე“, ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ რაღაცნაირად შედეგი დამედო.

– ანუ იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ წარმატებას ვეძახით, ბევრი დაბრკოლებაც არის

– დიახ და ჩვენს შემთხვევაში ერთ-ერთი ეს იყო… ეს იყო ძალიან დიდი შრომა, ხარჯი, ენერგია, ნერვიულობა. როცა დამკვეთს რაღაცაზე ვუთანხმდები, ისე უნდა ჩავაბარო, როგორც ჩვენს კომპანიას ეკადრება. არ მიყვარს, როცა რაღაცას ვერ ვაკეთებ, რაღაც არ გამოდის.

– თავიდან, ალბათ, პატარა ობიექტებით დაიწყეთ, რა იყო პირველი ობიექტი და მერე როგორ გადახვედით დიდ საქმეებზე?

თავიდან სტუდენტებით დავიწყეთ, თვეში ორჯერ ან სამჯერ ვაკითხავდით. მერე კერძო სახლებზე და ოფისებზე გადავედით. გავაკეთეთ ფეისბუკგვერდი, სახელი დავარქვით კომპანიას, – Cleanlab •ქლინ ლაბი, რომელიც მერე დავაპატენტეთ კიდეც. ძალიან მიყვარს ეს სახელი. ამის შემდეგ შევიძინეთ ის ძვირად ღირებული აპარატები, საქმის დასაწყისში რომ წარმოსახვაში მქონდა… ახლა ძირითადად ერთჯერად ობიექტებზე ვმუშაობთ, რაც მოიცავს რემონტის შემდგომ დასუფთავებას, გენერალურ დასუფთავებას, ქიმწმენდას, ფასადების რეცხვას… მაქვს უამრავი იდეაც,  გვინდა, რომ გავფართოვდეთ. უბრალოდ, ჯერ მაქსიმალურ დროს ამ საქმეს ვუთმობთ და  სხვა იდეების განსახორციელებლად არ გვცალია.

ამ სფეროსთან დაკავშირებითაც ყველაფერი შევისწავლეთ.

ანუ დეტალურად შეისწავლეთ ის ყველაფერი, რასაც ის ადამიანები აკეთებენ,  რომლებიც თქვენთან მუშაობენ?

– დიახ, ეს აუცილებელიც არის. მეც და ჩემი ქმარიც აბსოლუტურად ყველაფერში დეტალურად ვერკვევით.უშუალოდ ვიყავი და ვარ ჩართული ამ პროცესში. შემოვლა მაქვს ხოლმე დღეში რამდენჯერმე და თუ ვიღაცა რაღაცას ვერ აკეთებს, ვაკეთებ და ვაჩვენებ მე. ეს აუცილებელიც არის შედეგისთვის.

– ასე რომ, გაამართლა თქვენმა პირველივე იდეამ და შემოსავლიან ბიზნესად იქცა?

გაამართლა შრომამ, არდანებებამ, გამუდმებულმა განვითარებამ, ყველაფრის დეტალურად შესწავლამ და იმის რწმენამ, რომ საბოლოოდ აუცილებლად დადგებოდა ის შედეგი, რაც მიზნად დავისახე.

არ დავნებდით და ამიტომაც გაამართლა!

ერთ-ერთ დიდ როლს თამაშობს სანდოობაც. ამიტომ თავიდან ოჯახის წევრებითა და ახლობლებით დავიწყეთ, მერე გადავედით სხვა კადრებზე. მართლა ძალიან მინდოდა, რომ გულწრფელი რევიუები ყოფილიყო ჩვენს გვერდზე. რეკლამას არ ვაკეთებთ, ძირითადად რეკომენდაციით მოდიან.

– ასაკმა ხელი არ შეგიშალათ? 21 წლის გოგოსთვის არ იყო ეს დიდ საქმესთან შეჭიდება?

– გამიმართლა, რომ გვერდით შაკო მყავდა, ჩემი მეუღლე, და ამ საქმეში თავიდანვე ორივენი ჩავერთეთ. ახლა მშენებლობებზე მოლაპარაკებებს ძირითადად შაკო აწარმოებს, ბრენდსა და რეკლამას მე ვუძღვები. საერთო საქმეს ვაკეთებთ და ერთობლივად ბევრად უფრო კარგად გამოდის.

– მითხარით, რატომ უნდა აგირჩიოთ კლიენტმა მაინცდამაინც თქვენ, რატომ უნდა მოვიდეს თქვენთან, რით გამოირჩევით ?

პირველ რიგში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. მომხმარებელს რასაც ვთავაზობთ, იმას ვაკეთებთ. ამაში ყველა ჩვენი დამკვეთი დამეთანხმება. არ გვიყვარს, როცა რაღაც არ გამოდის, საქმე ბოლომდე და იდეალურად უნდა გავაკეთოთ.

– ყოფილა თუ არა მომენტი, რომ კლიენტი მეორედაც მოგბრუნებიათ?

ძალიან ბევრჯერ, მეორედაც და მესამედაც. ბევრს დავხმარებივართ კრიზისულ და ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ძალიან გვიან, ღამის 12 საათზეც გაგვიშვია ჯგუფი. ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრეც გვიმუშავია…

იყო რთული პერიოდებიც. ალბათ, ყველა ბიზნესს აქვს კრიზისული და არაკრიზისული პერიოდი, მაგრამ, თუ მოქმედებ და განვითარებაზე ფიქრობ, ახალ ეტაპზე გადადიხარ.

ჩვენთანაც რაღაცნაირად შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა. როცა რაღაცისკენ ისწრაფვი და არ ნებდები, ის საქმე აუცილებლად გამოდის.

– დაგდგომიათ ისეთი კრიზისი, რომ გეთქვათ – დავანებებ ამ ყველაფერს თავს?!

– კი, ყოფილა შემთხვევები, მაგრამ ის, რა ენერგიაც ამ ყველაფერში ჩავდე, არასდროს მაძლევდა იმის უფლებას, რომ დავნებებულიყავი. მენანებოდა ყოველი დახარჯული წუთი, წამი, არ მინდოდა, რომ ეს ფუჭი ყოფილიყო. ვიცოდი, რომ აუცილებლად გამოვიდოდა ის, რაც გამოვიდა. რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე სულ ვიზრდებით და ვვითარდებით. გვემატება ახალი მომხმარებელი, ახალი ობიექტები და კიდევ უფრო მეტის იმედი გვაქვს.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმისთვის რომ სასურველი შედეგი მივიღოთ, საჭიროა…

გჯეროდეს შენი თავის, გქონდეს ნდობა, გამოირჩეოდე მაღალი ხარისხით, გიყვარდეს თავდაუზოგავი შრომა! ყველაფერი უცებ არ მოდის, დრო სჭირდება. ჩვენ ამ დროს დაველოდეთ.

21 წლის ვიყავი, როცა ეს იდეა გაჩნდა, მაშინ არ გვქონდა ფინანსები, არ გვქონდა აპარატურა, ერთი წელი ამას მოვანდომეთ. მერე, როცა ვითარდები, კიდევ უფრო მეტი და მეტი რაღაც გჭირდება. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდივართ და მივაღწიეთ იმ ფინანსურ სტაბილურობას, რომელიც ასე აუცილებელია როგორც ბიზნესსაქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში.

თქვენი მაგალითიდან გამომდინარე, საქართველოშიც შეიძლება ბიზნესი ნულიდან დაიწყო?

–  საქართველოშიც და ნებისმიერმიყრუებულ სოფელშიც რომ იყო და ინტერნეტიც არ გქონდეს, იქაც აუცილებლად გამოგივა ის, რაც ძალიან გინდა. როცა დავიწყეთ, სტუდენტი ვიყავი, არანაირი საშუალება არ მქონდა, რომ ბიზნესში ფული დამებანდებინა. არ ვიცი, ვინ წაიკითხავს ამ ინტერვიუს, მაგრამ ჩემი განვლილი გზით, ალბათ, ბევრი ადამიანისთვის ვიქნები მოტივაციის მიმცემი. ჩემი მეგობრებისთვისაც დიდი მოტივაციაა ჩემი ისტორია. როცა რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგდის.

მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი, ჩემმა მშობლემბა აქ ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. ზოგს, რაღაც მაინც აქვს და ისე იწყებს… ჩვენ ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობდით, რომელსაც სველი წერტილებიც კი არ ჰქონდა… გზა, რომელიც მე გავიარე მართლა არ იყო ადვილი. ამიტომაც მიმაჩნია რომ ბევრს მივაღწიე  😊

– როგორც თავშივე თქვით, ეს დიდი სურვილი ტრენინგზე ტრენერის მიერ ნათქვამმა ფრაზამ გააღვივა თქვენში…

– დიახ, და ახლა მეც იგივეს ვიტყვი, – შეგიძლიათ, ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ, არაფრის შეგეშინდეთ! საერთოდ ძალიან დიდ როლს თამაშობს ტრენინგები ადამიანის ცხოვრებაში. მახსოვს, ორი წლის წინათ დავინტერესდი თამარ კვარაცხელიას ტრენინგმარათონით „ზრდისფაქტორით“ და ჩავერთე… ძალიან ბევრი რამ მომცა როგორც პიროვნული ზრდისა და განვითარების კუთხით, ისე საქმესთან მიმართებითაც.

 აქ სწავლობ შენს თავზე მუშაობას, არკვევ, რა გინდა, რომ ცხოვრებისგან მიიღო, ან როგორი გინდა, რომ გახდე. მანამდეც ვიცოდი, რა მინდოდა და როგორ მინდოდა, მაგრამ ისე დეტალურად და ზუსტად, როგორც ამ 21-დღიან მარათონში ვიფიქრე, ვიმუშავე, მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია. ამან  შედეგი დადო. მედიტაციამ „5 წლის შემდეგ“ მაჩვენა, როგორი მინდა ვიყო… დღემდე მომყვება ის წარმოდგენა… ჩემს თავზე მუშაობა ვისწავლე და ზუსტად დავინახე ის, რაც მინდოდა, გამეკეთებინა. ვისწავლე მიზნების დასახვა, მათ განსახორციელებლად სწორი მოქმედება… როცა ასე უდგები საქმეს, სამყაროც გეხმარება.

როცა მოტივირებული და რაღაცაზე კონცენტრირებული ხარ, ის, რაც გინდა, თავისით მოდის, თითქოს სამყარო გიგზავნის და ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის. მთავარია, სამყაროს სწორი სურვილები გაუგზავნო და ის აუცილებლად დაგეხმარება.

ავტორი: დეა თავბერიძე

https://www.facebook.com/Cleanlabb

0 კომენტარი
4

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

ankara escort