fbpx

“გამარჯობა საქართველო”- ქართველი ემიგრანტის წერილი ამერიკიდან

ავტორი ჟოლო
1.5K ნახვა

გამარჯობა საქართველო!

მე გიორგი ვარ! 29 წლის ემიგრანტი!

ჩემი თვითმფრინავი რამდენიმე კვირის წინ აფრინდა თბილისის აეროპორტში! ახლა აქ ვარ, ამერიკაში! გრძელი გზა გამოვიარე, ძალიან გრძელი, მაგრამ ჩამოვედი, ცოცხალმა ჩამოვაღწიე! სამსახურიც ვიშოვე, ბინაც! გაგიკვირდებათ და კარგ ხელფასსაც ვიღებ. საქართველოში რასაც ვმუშაობდი, იმის მესამედი საქმე მაქვს აქ და 18-ჯერ მეტი ხელფასი. ჯიბეში ფული გამიჩნდა, ტანსაცმელიც ვიყიდე, ტელეფონიც შევცვალე და ჩემებსაც ვუგზავნი საქართველოში!

სამსახურს რომ მოვრჩები ხოლმე ფეხით მოვდივარ სახლამდე! ვრჩები საკუთარ თავთან და ვიწყებ ფიქრს! ის თვალები მახსენდება, რომლებიც აეროპორტში დავტოვე, ამღვრეული და ცრემლიანი! დარდით და სევდით სავსე თვალები! როგორ მენატრება დედა, ნანიკოც ძალიან მენატრება და ბავშვიც! სხვა გზა არ მქონდა. მაგათაც ძალიან ვენატრები ზუსტად ვიცი, მაგრამ მართლა არ იყო სხვა გზა!

დავლაგდები აქ და წამოვიყვან მერე! რთული იქნება ძალიან, მაგრამ წამოვიყვან! მამაჩემის საფლავს რა ვუყო, თორემ მაგათ კი მოვუხერხებ რამეს 3-4 წელიწადში! მთავარია ბევრი ვიმუშაო და დავლაგდე აქ! მერე კი იქნება რამე.

ამ ფრაზამ როგორ დამღალა საქართველოში და ახლა აქაც იგივეს ვიმეორებ! მერე იქნება რამე, რამდენჯერ ვუთხარი საკუთარ თავს ეს სიტყვები, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა საქართველოში! მითუმეტეს თუ ,,ვინმე” არ გყავს!

რას შვებიან ნეტა ახლა ჩემები? დედას ალბათ ისევ ისე აქვს სევდით თვალები სავსე! ნანიკო ალბათ ბავშვს აძინებ ახლა. ბავშვს, რომელიც სულ მეძებს დარწმუნებული ვარ! ის ხომ უჩემოდ ვერ იძინებდა! არა უშავს, მიეჩვევა ახლა და მერე კი წამოვიყვან! 3-4 წელი, ნეტა თუ მიცნობს ამდენი ხნის მერე? ან როგორ უნდა მომეჩვიოს? კარგი არ ღირს ამაზე ფიქრი, მთავარია არ შია ახლა და დანარჩენს ეშველება! რაღაცა იქნება რა.

ისე რამდენი ქართველი ყოფილა მართლა აქ! კი ამბობდნენ, მაგრამ არ მჯეროდა! რა რა და, უქართველობას ვერ იგრძნობ აქ! მაგრამ ჩემები მენატრებიან მაინც! გუშინ ლაშას დაბადების დღე იყო და დამირეკეს! ხუთნი ისხდნენ სუფრასთან და როგორ ტკბილად მღეროდნენ! დათოც ჩაერთო გერმანიიდან, ლევანი საფრანგეთიდან, მირზა ირლანდიიდან და ვასკა იტალიიდან! არადა 3 წლის წინ ყველა ერთად ვიყავით ლაშას დაბადების დღეზე! პირველი ვასკამ გახსნა სეზონი და მერე მივყევით ყველა! ხო საჩუქარი ვერ ვაჩუქე ლაშას მაშინ, ახლა კიდე სულ ახალი აიფონი გავუგზავნე! ეს მაინც ხომ გამოსწორდა!

კი, ბევრი ქართველია აქ, მაგრამ მაინც სადღაც ხარ რა! ახლა ვხვდები რას ნიშნავს მარტოობა და გადარჩენისთვის ბრძოლა! არ ყოფილა მარტივი საქმე! არ მეგონა ასე რთული თუ იქნებოდა! არადა რაც საქართველოში მიჭირდა, რაზეც იქ ვფიქრობდი თითქოს მოვაგვარე ყველაფერი! ფულიც მაქვს, სამსახურიც, დაზღვევაც, ჩემებსაც ვუგზავნი და არ გვშია, გვაცვია, გვახურია, მაგრამ მაინც ვერ არის რაღაც ისე, როგორც უნდა იყოს! რაღაც მაკლია და სიცარიელეს ვგრძნობ თითქოს! არ შეიძლება ამდენი ფიქრი, რაღაც იქნება რა! კიდევ კარგი იმ ბიჭებივით არ მომივიდა, კანკუნიდან რომ მექსიკის ციხეში მოხვდნენ პირდაპირ. რა მაქვს საწუწუნო? მადლობა ღმერთს!

არადა როგორ ვოცნებობდი კარგ საქართველოზე? როგორ ვიბრძოდი მთელი ცხოვრება, უკეთესი მომავლისთვის! სხვებს ვეხვეწებოდი, არ წახვიდეთ ემიგრაციაში, არ დავტოვოთ ეს ქვეყანათქო და ა მე სად ვარ ახლა! უცნაური კი ყოფილა ეს ცხოვრება! 3 დღის წინ ჩემი ჯგუფელი ვატო ვნახე, ტაქსაობს აქ! არადა ვატო ყველაზე მაგრად სწავლობდა კურსზე! დიმას საკურსოებს და სამაგისტროებს ეს აწერინებდა, გამოცდებს ეს აბარებინებდა და დიმა ახლა პარლამენტის წევრია, ვატო კიდე ტაქსაობს! არა უშავს, სამაგიეროდ კაცობა არ დაკარგა ვატომ! დედა გარდაცვლია 2 წლის წინ და სამძიმარზეც არ ყოფილა დიმა, ეგ ახვარი ეგ! მოუხდა პარლამენტარობა!

ვის დარჩა ისე ეს ქვეყანა? კი დაბრუნდებოდა კაცი, მაგრამ აზრი? არა, მოვა დრო და დავბრუნდები! მაიცა თუ ძმა ხარ, სად უნდა დავბრუნდე? ძლივს გამოვაღწიე იქედან და იქ დავბრუნდე? გამორიცხული ამბავია! აქეთ უნდა წამოვიყვანო ჩემები და ეგაა! აუ დედაჩემის გაკეთებული საცივი მაჭამა ახლა და ღომი, ან ნანიკოს შეზავებული ტყემალი და შემწვარი წიწილა!

-Your Bigmac And Cola Sir.
-Thank You! 🙏🏻

პ.ს. ყველა პერსონაჟი მოგონილია! რეალობა კი ზუსტად ასეთი! უნდა დავიბრუნოთ საქართველო! 🇬🇪🇬🇪🇬🇪

პ.ს.ს.
მშობლიურ თოვლის ფიფქადაც არ ღირს,
სხვა ქვეყანაში რაც უთოვია! 😕

წყარო: მანანა კვირიკაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment