fbpx

ნინო ღარიბაშვილის ბიზნესად ქცეული საყვარელი საქმე

ავტორი დეა თავბერიძე
2,002 ნახვა

მოსწავლის მაშინაც კი უნდა გჯეროდეს, როცა მისი არავის სჯერა, მეტიც, როცა თავადაც არ სჯერა საკუთარი ძალების”- ამბობს ნინო ღარიბაშვილი, თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებელი. ადამიანი, რომლის სავიზიტო ბარათიც ღიმილია. „მადლიანი და პოზიტიური“ – ასე ახასიათებენ მას და აღნიშნავენ, რომ ნინო თბილი, კეთილი, ბავშვივით გულწრფელი და შრომისმოყვარეა. მისი სამუშაო გამოცდილება 20 წელზე მეტს ითვლის და ეს 20 წელი უამრავ პროფესიულ მიღწევას იტევს.

ნინო ღარიბაშვილი გახლავთ: ინგლისური ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პედაგოგი (TESOL teacher (Oregon University USA); განათლების სამინისტროს ტრენერი;

„ენების ინოვაციური აკადემიის“ დამფუძნებელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ექსპერტი;

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატში ინგლისურის მასწავლებელი;

2008 წლიდან დღემდე კი საზღვრისპირა სოფელ ნიქოზში მოხალისედ მუშაობს და ადგილობრივ ბავშვებს ინგლისურს ასწავლის.

ნინო, გარდა იმისა, რომ ყველა ასაკის ბავშვს ასწავლის, ამასთანავე, მართავს ტრენინგებს ინგლისურის მასწავლებლებისთვის და მათ ეროვნული და საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ამზადებს.

საერთო ჯამში, მასთან 2000-ზე მეტმა მოსწავლემ ისწავლა. ბევრი მათგანი ინგლისურის ცოდნის მაღალი დონის წყალობით საქართველოსა და უცხოეთში წარმატებით საქმიანობს, ნაწილი კი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში სწავლობს.

– ნინო, რას ნიშნავს, იყო მასწავლებელი?

– იყო მასწავლებელი, პირველ რიგში, ყველა მოსწავლის უპირობო სიყვარულს ნიშნავს; უნდა იყო თბილი და მეგობრული, იმედისა და სტიმულის მიმცემი. საგანთან ერთად, უნდა შეძლო და ბავშვებს ადამიანად დარჩენა ასწავლო. მოსწავლის მაშინაც კი უნდა გჯეროდეს, როცა მისი არავის სჯერა, მეტიც, როცა თავადაც არ სჯერა საკუთარი ძალების…

– ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მასწავლებელმა ბავშვთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოს?

– პირველი და უმთავრესი ისევ და ისევ ბავშვების დიდი სიყვარულია, ბავშვი ყველაზე მეტად გრძნობს ამას, ასევე – მოსწავლის ნდობის მოპოვება და პასუხისმგებლობა ამ ნდობაზე. მუდმივად უნდა გახსოვდეს, რა ძალის იარაღს ფლობ და როგორ შეგიძლია, შეცვალო ადამიანის ცხოვრება. შენი იარაღი საგნის სიღრმისეული ცოდნა და მისი გადაცემის სახალისო, ეფექტური გზებია. მასწავლებელმა საგნის შესწავლა მოსწავლისათვის სანუკვარ თავგადასავლად უნდა აქციოს, გაკვეთილები – ამ მოგზაურობის შესაძლებლობად, ცოდნა კი – წარმატების მიღწევის უპირობო საშუალებად.

თან ამ ყველაფრის ისე შესრულება უნდა შეეძლოს, რომ დაღლა შესრულების ხარისხზე არ აისახოს. J

– ალბათ, იშვიათია ისეთი მასწავლებელი, როგორსაც აღწერთ, თუმცა ისიც ვიცი, რომ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ.

გამიმართლა, რომ ჩემი ჰობი და სამუშაო ერთი და იგივეა. ვარ უამრავი მოსწავლის ცხოვრების მონაწილე, მათ წარმატების მიღწევაში ვეხმარები და ეს ძალიან მაბედნიერებს.

მე ვარ ის, ვინც არასოდეს ნებდება; „გაგიჟებული“ ვარ სწავლასა და ყოველგვარ სიახლეზე, პერფექციონისტი გახლავართ და მინდა, რომ, რასაც ვაკეთებ, უმაღლეს დონეზე იყოს.

– წლების წინათ პროფესია ბიზნესად აქციეთ, „ენების ინოვაციური აკადემია“ დააარსეთ და თქვენი მსგავსი მასწავლებლები შემოიკრიბეთ. როგორც ვიცი, დღეს საკმაოდ წარმატებულები ხართ. ჯერ მხოლოდ გორში იყავით წარმოდგენილი, ახლა კი ფილიალი თბილისშიც გაქვთ. აკადემიის წარმატება მასწავლებლების დამსახურებაა? 

დიახ, შევძელი და ძლიერი მასწავლებლები შემოვიკრიბე. ჩვენი გუნდის დევიზი და ერთ-ერთი ძირითადი იდეაა ის, რომ ენა ისწავლებოდეს მის გამოსაყენებლად და არა გამოცდის ჩასაბარებლად; ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლესთან ემოციური კავშირი და მათთვის მშვიდი, უსტრესო გარემოს შექმნა; ჩვენი მაღალკვალიფიციური პროფესორ–მასწავლებლები დღეს ყველაზე თანამედროვე, ეფექტიანი და უნიკალური მეთოდიკით მუშაობენ.

– რა იგულისხმება უნიკალურ მეთოდიკაში?

– ჩვენი ამბიციაა, ვასწავლოთ „ცოცხალი“ ინფორმაციით; არა სტანდარტული სახელმძღვანელოებით, არამედ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ანუ სხვადასხვა სახელმძღვანელოდან, სტატიიდან, ვიდეოდან თუ სხვა ინფორმაციული წყაროდან აღებული დღევანდელი მასალით. საბოლოოდ შედეგი არის ის, რომ მოსწავლე ენის ათვისებას ბევრად ნაკლები დანახარჯით ახერხებს.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისოდ აღიარებული CELTA/DELTA/TESOL/TEFL მეთოდებით, აღებული გვაქვს დღეისთვის ცნობილი ყველაზე ეფექტიანი მეთოდების კომბინაცია: ერთწუთიანი მსჯელობა, 5-წუთიანი მინი-გაკვეთილები, დებატები და დისკუსიები, ექსპერტთა პანელი, კრიტიკული აზროვნების განსავითარებელი და ტვინის თამაშები. სწავლებისას ყოველი წუთი გათვლილი და მიზანმიმართულია, ატმოსფერო კი – კეთილგანწყობილი. შედეგად სწავლის რთული პროცესი მარტივი და სახალისოა.

ჩვენთან მეორე-მესამე კლასის მოსწავლეები უკვე საუბრობენ ინგლისურად ამინდზე, საყვარელ ფერებზე, საგნებზე, კვირის დღეებსა და სხვადასხვა აქტივობაზე. უფროსკლასელებში ძირითადად სხვადასხვა ავთენტიკურ მასალას ვიყენებთ უახლესი აქტუალური სტატიების, Ted-talks ვიდეოების სახით, რაც დადებითად აისახა მეთორმეტეკლასელების მიერ შესრულებულ არგუმენტირებულ ესეებში.

მთავარი საიდუმლო და „უნიკალურობა“ ისაა, რომ თითოეული გაკვეთილი, თავის მხრივ, უნიკალური სპექტაკლია, რომლის რეჟისორიც, მთავარი როლის შემსრულებელიცა და ტექნიკოსიც მასწავლებელი გახლავთ. ენის შესწავლა მსურველისთვის მშობლიური ენის შესწავლის მოდელირებული ვარიანტი უნდა იყოს თანამედროვე ლინგვისტიკისა და ნეირობიოლოგიის ცოდნის გამოყენებით.

– თქვენი საქმიანობიდან და მიღწევებიდან გამომდინარე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს?

– შეიძლება, როგორც პროფესიონალი, წარმატებული იყო, მაგრამ ბიზნესი უფრო მეტს ნიშნავს. ჩემთვის ეს ზუსტად მომუშავე საათის მექანიზმივითაა, სადაც არამნიშვნელოვანი დეტალი არ არსებობს, მაგრამ ჩვენს საქმეში მთავარი მაინც სიყვარულია – სიყვარული საქმის, ბავშვებისა და თითოეული თანამშრომლის.

– რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთ საქმეს?

პირველ რიგში, კარგად დაფიქრდნენ და გააანალიზონ, რამდენად უყვართ ის საქმე, რის დაწყებასაც აპირებენ. გაიაზრონ საქმიანობის შედეგი, ვისთვის რა სიკეთის მომტანი იქნება და, რაღა თქმა უნდა, საკუთარი შესაძლებლობები ჯეროვნად შეაფასონ, შემდეგ კი დაიწყონ. დაუღალავი შრომითა და სწავლით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. უმთავრესია, ეს ყველაფერი სიკეთეს ემსახურებოდეს.

წინაღობები, რა თქმა უნდა, იქნება, ჩვენს შემთხვევაშიც არაერთი იყო, თუმცა საქმისა და სწავლის სიყვარულით, დაუღალავი შრომით, წარმატებისკენ სწრაფვის ძლიერი სურვილით, იმისი ცოდნით, რომ შენი საქმიანობა უამრავ ადამიანს მოუტანს წარმატებას, დამერწმუნეთ, ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაა შესაძლებელი.

რა სამომავლო მიზნები გაქვთ?

გვინდა, მართვა მეტად ოპერატიული გავხადოთ და ავტომატურ რეჟიმამდე დავხვეწოთ,  რადგან  ჩემი რესურსი ამოუწურავი არაა. ინტენსიურად ვიმუშაოთ გუნდის გაძლიერებაზე. ამასთანავე, გავაფართოოთ ბიზნესი და გავზარდოთ მისი მასშტაბები. ვფიქრობთ, ცალკე პროდუქტის სახით დავამატოთ სასწავლო უნარების აქტივაციის კურსი, სადაც ვასწავლით ტექნიკას, როგორ ისწავლო და აითვისო მასალა უფრო ადვილად. მოთხოვნის შესაბამისად, დავამატებთ კიდევ ერთ უცხო ენას.

– როგორც ვიცი, ენების ინოვაციური აკადემია მეუღლესთან ერთად დააარსეთ. ცოლ-ქმრისთვის ერთად მუშაობა რთული არ არის?

– ჩემთვის კომფორტული და საინტერესოა. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ. ზურა ჩემი მთავარი მხარდამჭერი და აზრების გამზიარებელია, შესაბამისად, პირველი კრიტიკოსიც. საოცარია, როდესაც გრძნობ, რომ არსებობს ადამიანი, ვისაც შეგიძლია თვალდახუჭული ენდო და იცოდე, რომ ნებისმიერ მომენტში შენ გვერდით იქნება და გაგაძლიერებს. მე უბრალოდ ძალიან გამიმართლა, რომ ზურა მთელი თავისი ღირსებით, პატიოსნებითა და ადამიანების უსაზღვრო სიყვარულით ჩემი მეუღლეა. სწორედ რომ ადამიანების უპირობო სიყვარული გვაერთიანებს ყველაზე მეტად.

რაც შეეხება მის როლს ენების ინოვაციური აკადემიის განვითარების საკითხში, ნამდვილად დიდია. ზურა პროფესიით ექიმია, შესაბამისად, ყველა ის მეთოდი, რასაც სწავლის პროცესში ვიყენებთ, ზურასთან ერთად გადის ერთგვარ შემოწმებას.

– ნათქვამია, ან ოჯახი, ან კარიერული წინსვლა, ორივე ერთად არ გამოდისო. თქვენს შემთხვევაში ორივე გამოვიდა, როგორ მოახერხეთ ეს?

ერთმანეთისა და საქმის დიდი სიყვარულით… თუმცაიდეალური არაფერია და არც ჩვენ ვართ იდეალურები. უბრალოდ, ჩვენ გვაქვს ძლიერი სურვილი, ვიყოთ კარგები და წარმატებულები ოჯახშიც და ბიზნესშიც.

– ზურა, თქვენ რას იტყვით ამ ერთობლივ ბიზნესზე?

– პირველ რიგში, ეს იყო აუცილებლობიდან გამომდინარე გამოწვევა. ჩემთვის ბიზნესი აბსოლუტურად ახალი ხილი იყო და სტრუქტურულად რთულად წარმოსადგენი. ამაში, თავის საქმესთან ერთად, ნინო უფრო კარგად ერკვეოდა. რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სწავლების თემა, რადგან სწავლა ბიოლოგიური პროცესია და როგორც ექიმისთვის, ეს ჩემთან უფრო ახლოს იყო. ფაქტობრივად, მოვახდინეთ ძლიერი მხარეების ურთიერთგაზიარება, რაც, ვფიქრობ, ნებისმიერ საქმეში კარგი შედეგის მომტანია.

– როგორ დაახასიათებთ მეუღლეს?

– ნინო არის ზუსტად ისეთი ქალი, როგორიც ყოველთვის მომწონდა – ლამაზი, ჭკვიანი, ძლიერი და სუფთა. როგორც დედა, თავდაუზოგავია. როგორც მასწავლებელი, მოსწავლეებსა და საქმეზე შეყვარებული პროფესიონალი. როგორც ბიზნესლედი, ადამიანი, რომელიც სულ სწავლობს და რომლისთვისაც გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.

ძალიან მომწონს მასში საუკეთესო თვისებების ფერადი ნაზავი და ოპტიმიზმი.

– მესიჯი მეუღლეს?

– ჩვენ ამას შევძლებთ!

ავტორი: დეა თავბერიძე

ენების ინოვაციური აკადემია – Innovative Language Academy

მსგავსი სტატიები

Leave a Comment