“თუ გინდა, შეცვალო შენი რეალობა, უნდა შეცვალო შინაგანი მდგომარეობა. ამისთვის კი აუცილებელია ძლიერი სურვილი, 100 %-იანი პასუხისმგებლობა და მიზანმიმართული ქმედება… მერე კი ხდება ის, რასაც ბევრი სასწაულს ეძახის” – ამბობს ნათია ქოიავა.
პიროვნული განვითარების ტრენერი და NLP ქოუჩი უკვე ერთი წელია სრულიად უსასყიდლოდ და დიდი ენთუზიაზმით იმ ადამიანებს უტარებს ონლაინ სესიებს, რომლებსაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ ფსიქოკონსულტანტის დახმარება. ნათია ძირითადად ონკო პაციენტებთან მუშაობს. მისი დიდი სურვილია, – რაც შეიძლება მეტი ბედნიერი და ჯანსაღი ადამიანი დააბიჯებდეს დედამიწაზე.
ჩვენი ინტერვიუს მთავარი თემაც ნათიას კეთილი და უანგარო საქმეა, სწორედ ამან მიგვიყვანა მასთან… ამ ინტერვიუდან თქვენ ასევე მიიღებთ ინფორმაციას მის ახალ, უნიკალურ პროგრამაზე და ქოუჩის რჩევებს სხვადასხვა საინტერესო და საჭირო საკითხთან დაკავშირებით.
ნათია ქოიავას პროფესიული ინფორმაცია: საჯარო მმართველობის დოქტორი; ლიდერობისა და პიროვნული განვითარების ტრენერი, NLP ქოუჩი; პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტი.
– ნათია, როგორ გაჩნდა ონკო პაციენტებთან მუშაობის სურვილი და რამდენად რთულია იმ ადამიანების გამხნევება და დაიმედება, რომლებიც ამ დიდ ტკივილს ატარებენ?
-მინდა გითხრათ, რომ ჩემი მიზანი მათი გამხნევება არ არის. მათგან, უპირველეს ყოვლისა, ვითხოვ იმას, რომ თავიანთ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღონ. მხოლოდ ამ და კიდევ რამდენიმე პუნქტის დაკმაყოფილების შემდეგ არის შესაძლებელი სრულფასოვნად მუშაობა. ამის შემდეგ, უკვე შემიძლია, ჩავკიდო ხელი და ვიყო მათ გვერდით ბოლომდე, სრულ გაჯანსაღებამდე.
სესიები ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 7 ნოემბერს დავიწყეთ. ეს იდეა დიდი ხანია მქონდა, მაგრამ მისი ხორცშესხმა მხოლოდ სოფო ფირანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელიც ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელია და სიამოვნებით დამთანხმდა ამ შეთავაზებაზე.
მე არ ვარ მოტივატორი სპიკერი. ჩემი პროგრამები ბევრად უფრო ღრმა და ტრანსფორმაციულია და ყოველი მსმენელი თუ კლიენტი გრძობს, რომ სერიოზული ცვლილებები ხდება მათ აზროვნებაში, მიდგომებში, ღირებულებებში; იცვლიან ჩვევებს და იძენენ ახალს, უყალიბდებათ განსხვავებული პარადიგმები, რაც შესაბამისად ცვლის მათ არსებულ რეალობას უფრო სასურველი ფორმით. ტრანსფორმაცია ყოველთვის შიგნიდან გარეთ ხდება და არა – გარედან შიგნით. თუ გინდა, შეცვალო შენი რეალობა, უნდა შეცვალო შენი ენერგია და შინაგანი მდგომარეობა.
-რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს ფსიქოლოგიურ ფაქტორს. რაზე უნდა მომართო ფიქრი, ტვინი რომ ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს?
– როცა ვახსენებ „შინაგან მდგომარეობას“, აქ ცხადია, მხოლოდ განწყობას ან პოზიტიურ აზროვნებას არ ვგულისხმობ. შინაგანი მდგომარეობა ბევრად უფრო მეტის მომცველია და მის შესაცვლელად კოლოსალური მუშაობის ჩატარებაა საჭირო. მოკლედ რომ გითხრათ, იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს არამარტო ჯანმრთელობის, არამედ ნებისმიერი სხვა მდგომარეობა და არსებული რეალობა სასურველით შეიცვალოს, მნიშვნელოვანია, რომ ჯერ შენი შინაგანი მდგომარეობა შეიცვალოს და გახდეს იმ სასურველი რეალობის შესაბამისი. ჯერ თავად უნდა გადაიყვანო შენი ემოციური მდგომარეობა სასურველი რეალობის სიხშირეზე, რასაც აუცილებლად მოჰყვება ცვლილებები შენს ობიექტურ რეალობაში.
-ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ დაავადების მიმართ მადლიერების გრძნობა აქვთ პაციენტებსო. როგორ და რაში შეიძლება დაავადებას ემადლიერებოდე?
-დიახ. მადლიერების გრძნობა, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრებაში სერიოზული პოზიტიური ცვლილებები მოხდეს. პირდაპირ გეტყვით, ამის გარეშე მნიშვნელოვან და გრძელვადიან ცვლილებებს არც კი უნდა ველოდოთ.
გვაქვს არაერთი ისტორია რეალური, ცოცხალი ადამიანების, რომლებმაც საოცარი ცვლილებები მოახდინეს საკუთარ ცხოვებაში, – სამედიცინო ჩარევის გარეშე განიკურნენ მძიმე სენით დავადებული ადამიანები, ე.წ. უიმედო პაციენტები, რომლებშიც შემდგომ მოხდა სპონტანური რემისია, როგორც ამას მედიცინა უწოდებს.
ეს ყველაფერი არის შინაგანი ტრანსფორმაციის შედეგი. იმის, რომ ის ადამიანი აღარასოდეს იქნება ის, რაც იყო ადრე. მე შევხვედრივარ განკურნებულ ონკოპაციენტებს, რომელთაც მადლიერების გრძნობა აქვთ სწორედ იმ თავიანთი დაავადების მიმართ, რადგან ამბობენ, რომ ისინი ამ დაავადებამ 180 გრადუსით შეცვალა; ეს რომ არა, ისევ იქ იქნებოდნენ, სადაც იყვნენ ადრე და ბევრ რამეს ვერ დაინახავდნენ სხვანაირად, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას ვერასოდეს მიაღწევდნენ.
-ნამდვილად შესაძლებელია ფსიქოლოგიური სესიებით, ტრენინგებით, მედიტაციებით მძიმე ავადმყოფობის დამარცხება? სკეპტიკოსი ადამიანისთვის ეს ცოტა დაუჯერებელია…
-მე ვიტყოდი, რომ უფრო – საკუთარ თავზე მუშაობით. სულ ვეუბნები ხოლმე ჩემს მსმენელებს და კლიენტებს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს პროგრამები, პრაქტიკები თუ ტექნიკები, რომლებითაც ვმუშაობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რა ძალისხმევას, რა ენერგიას, რესურსს, ინვესტიციას დებენ თავად ის ადამიანები, ასეთი ცვლილებებისთვის. ცხადია, რაც მეტია რწმენა, მონდომება, ძალისხმევა, მით მეტია და სწრაფია შედეგიც. ადამიანები ნებდებიან ხოლმე, როცა მყისიერად ვერ ხედავენ სასურველ შედეგებს. იმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც მიუხედავად იმისა, რომ შედეგს უცებ ვერ ხედავს, მაინც დაჟინებით აგრძელებს მუშაობას და როგორც გარედან, მაყურებლის თვალით ჩანს, ცვლილება უეცრად და მოულოდნელად ხდება. „სპონტნური რემისიაც“ სწორედ ამიტომ ვახსენე, მედიცინა კი სპონტანურად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში, ამ ადამიანებს კოლოსალური სამუშაო აქვთ ჩატარებული საკუთარ თავზე.
საერთოდ, ადამიანს ნებისმიერი სტრესული სიტუაციიდან შეუძლია გამოვიდეს, ასევე, გაიუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფინანსური მდგომარეობა, ურთიერთობები და ა.შ. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ყურადღების კონცენტრირება მოვახდინოთ იმაზე, რაც გვინდა და არა იმაზე, რაც არ გვინდა. კვანტურ ველში ყველანაირი სინამდვილე არსებობს, მათ შორის ისიც, რომელშიც ჯანმრთელი, მდიდარი, ბედნიერი ხართ, მაგრამ ამ ყველაფრის მატერიალიზება კოლოსალური სამუშაოს ჩატარებას მოითხოვს. ამისთვის პირველ რიგში დაგჭირდებათ მზაობა, ყურადღების გააზრებული კონცენტრირება და ყოველდღიური, ინტენსიური, დაჟინებული ვარჯიში.
-პაციენტები ჯადოქარს გეძახიან. შეუძლებელს აკეთებთ და იმიტომ?
-სინამდვილეში, თითოეული ჩვენგანი ფლობს ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის საჭირო ყველა რესურსს. ჩემი მსმენელები კი ხუმრობენ ხოლმე, ჯადოქარი ხარო, მაგრამ ნეირომეცნიერების უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი ცვლილებების მოხდენა შენს ცხოვრებაში და სასურველი რეალობის გამოწვევა აბსოლუტურად შესაძლებელია. ეს ყველაფერი მეცნიერებას ეყრდნობა, ეს არ არის მისტიკა და ჯადოქრობა. აბსოლუტურად ყველა პროცესი, რაც ჩემს სესიებზე მიმდინარეობს, გამყარებულია და დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.
-რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც უიმედოდ არიან განწყობილნი, ხელი აქვთ ჩაქნეული და ფარ-ხმალის დაყრას აპირებენ?
-პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენს გონებას შეუძლია, იმოქმედოს ჩვენს რეალობაზე. ადამიანის თავის ტვინს იმაზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია. შესაძლებელია მისი ვარჯიში და სხვაგვარად ამუშავება, რაც საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ არამხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ – ჩვენი ცხოვრება მთლიანად.
ნებისმიერი ფიზიკური პროცესი პირველ რიგში აზრიდან იწყება, რომელიც ჩვენს გონებაში აღმოცენდება და შემდეგ მას ფიზიკური სხეულის დონეზე შევიგრძნობთ. დაავადების შემთხვევაშიც ასეა, თავდაპირველად, ის ენერგეტიკულ, სულიერ დონეზე ჩნდება და შემდეგ ვლინდება ჩვენს სხეულში. მიზეზს უნდა ვიმკურნალოთ და არა – შედეგს. სპეციალური ტექნიკებიც გვაქვს, სადაც ვუსვამთ შეკითხვებს საკუთარ თავს:
„რატომ მოხდა ასე?“
„რატომ მოვიდა ეს სიმპტომი/დაავადება ჩემს ცხოვრებაში?“
„რისი თქმა სურდა ამით, რაზე მიმანიშნებს, რა უნდა მასწავლოს?“
„რა უნდა შევცვალო ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში? რისი კეთება უნდა დავიწყო, რა აღარ უნდა გავაკეთო?“ და ა.შ.
დამერწმუნეთ, ბევრ მნიშვნელოვან აღმოჩენას გააკეთებთ საკუთარ თავში, რაც შესაძლოა, აქამდე აზრადაც კი არ მოგსვლიათ. როცა ამ კითხვებზე პასუხებს იპოვით, ჩათვალეთ, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია. ქვეცნობიერი ყოველთვის სწორ პასუხებს იძლევა, სათანადო კონტაქტის შემთხვევაში. მას იმაზეც აქვს პასუხი, რა არის შენი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში, ნებისმიერ არასასურველ სიტუაციაში, რაც შენს თავს ხდება (ცხადია, ეს მხოლოდ დიაგნოზს არ ეხება), და ასევე სწორად გიკარნახებს, როგორ უნდა გააგრძელო ამის შემდეგ, თუ გინდა, რომ ახალ სხეულში, ახალ რეალობაში დაბრუნდე. ზოგადად, მედიტაციის ყველა პროცესის შემდეგ, ახალი ადამიანი უნდა გახდე, ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობით, ესაა ერთადერთი საშუალება, რაც სრულიად ახალ, სასურველ რეალობაში გადაგიყვანს.
-“ვიცხოვროთ აწმყოთი და არა წარსულით და მომავალზე ფიქრით” , – ეს თქვენი სიტყვებია. რას გვიშავებს, რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს წარსულსა და მომავალზე ფიქრმა?
-ადამიანთა უმეტესობა იღვიძებს დილით და იწყებს ფიქრს საკუთარ პრობლემებზე. დარწმუნებული ვარ, ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ამოიცნობს ამაში საკუთარ თავს. და ამ პრობლემების უმეტესობა არის წარსული გამოცდილება, რომელიც აღბეჭდილია მათ ტვინში. ანუ, რომ არა აქვს ფული, არ უყვარს სასურველ ადამიანს, არა აქვს სასურველი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან აქვს მძიმე დიაგნოზი და ა.შ. ანუ დილით იღვიძებს, როგორც სუფთა ფურცელი და იწყებს ფიქრს წარსულში. მინდა გითხრათ რომ ჩვენს ფიქრებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს მომავალზე, ჩვენს ბედზე, ზოგადად. და თუ ეს ასეა, თუ ჩვენს ფიქრებს შეუძლია განსაზღვროს მოვლენები ჩვენს ცხორებაში და თუკი დილას ვიწყებთ და მთელ დღეს ვატარებთ წარსულის გამოცდილებაზე ფიქრში, მაშინ გამოდის, რომ ძალიან დიდი შანსია, ჩვენი წარსული გახდეს ჩვენი მომავალიც.
შესაბამისად, როცა ხარ განპირობებული შენი ნაცნობი წარსულით, შენ შეგიძლია შექმნა პროგნოზირებადი მომავალი. ანუ მომავალი, რომელიც განპირობული იქნება ასევე შენი წარსულით და დამეთანხმებით, ეს ვერ იქნება ის სასურველი მომავალი.
ხოლო ერთადერთი ადგილი, სადაც არ არსებობს არც ნაცნობი წარსული და არც პროგნოზირებადი მომავალი, ეს არის აწმყო მომენტი, როცა ახდენთ კონცენტრირებას აწმყო მომენტზე, თქვენ მეტი ენერგია გაქვთ, რომ შექმნათ. როცა გაგირბით ფიქრები ნაცნობ წარსულზე ან პროგნოზირებად მომავალზე, ეს ნორმალურია. უბრალოდ, ეს გააცნობიერეთ და აიძულეთ თქვენი თავი, კვლავ დაბრუნდეს აწმყო მომენტში. რადგან როცა ხარ აწმყო მომენტში, მაშინ ხარ ყველაზე შემოქმედებითი.
-რა პრობლემებით მოგმართავენ ხშირად კლიენტები?
-სამუშაო თემები ძალიან ბევრი და მრავალფეროვანია ხოლმე. შიშები, კომპლექსები, ნაკლები თავდაჯერებულობა, ურთიერთობების აწყობა/დალაგება, ოჯახის შექმნა/შენარჩუნება, შვილებთან ურთიერთობა, შემოსავლების გაზრდა, კარიერული წინსვლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება (არამარტო საკუთარი, არამედ ახლობლების, ბავშვების…), ამ პანდემიის დროს ხშირი იყო ვირუსით ინფიცირების შიშიც.
– რატომ აირჩიეთ ეს გზა, ეს პროფესია? ფსიქოლოგისთვის დამახასიათებელი და აუცილებელი თვისება რა არის?
-მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიის გარდა, კიდევ არაერთი სხვადასხვა პროფესია მაქვს, ადამიანების დახმარება პიროვნულ განვითარებასა და ცნობიერების შეცვლაში ჯერ კიდევ 15 წლის წინ დავიწყე. ეს არამხოლოდ ფსიქოლოგიაა, ძალიან ბევრი სხვადასხვა პროგრამის კომბინაციით ვმუშაობ. ძირითადი აქცენტი მაინც აზრის ძალასა და ადამიანის შიგნით არსებულ თანდაყოლილ პოტენციალზე კეთდება, რომელთა შესახებაც, ხშირ შემთხევაში, ადამიანებმა არც კი იციან. ჩემი მისია მათში ამ ფარული პოტენციალის აღმოჩენაში დახმარებაა. ხოლო რაც ასეთ შესანიშნავი შედეგების მიღწევაში მეხმარება, ადამიანების სიყვარულია. აუცილებელი თვისება, ალბათ, უნდა იყოს ის, რომ გიყვარდეს ადამიანი. გიყვარდეს არა გაპიროვნებულად, არამედ გიყვარდეს მასში ის ზოგადი ადამიანი, ის უმაღლესი გონი, ის ჭეშმარიტი „მე“ და ღვთაებრივი ნაწილი, რომელიც ჩემზეც, თქვენზეც, უფრო დიდია, უფრო მეტია, ყველა ჩვენგანში საერთოა და ერთადერთია.
-ნათია, მოგვეცით რჩევა, როგორ დავიწყოთ დილა პოზიტიური განწყობით და როგორ შევინარჩუნოთ ეს განწყობა მთელი დღის განმავლობაში, იმ რეალობაში, როდესაც ირგვლივ ასეთი ნეგატივია გამეფებული?
-დილა, სასურველი მომავლის ვიზუალიზაციით უნდა დავიწყოთ და არავითარ შემთხვევაში – წარსულზე კონცენტრირებით, პრობლემებზე ფიქრით. ყოველი დილა მომავლის ერთგვარი რეპეტიცია უნდა იყოს და ამისთვის არსებობს სპციალური პრაქტიკები, სავარჯიშოები, მედიტაციები. მნიშვნელოვანია, რომ დილით ამ პროცესს 30-60 წუთი მაინც დავუთმოთ და შემდეგ ეს განცდილი გრძნობები და ემოციები, რომელსაც სასურველი მომავლის სიხშირეზე გადავყავართ, მთელი დღის განმავლობაში შევინარჩუნოთ. ცხადია, ეს არც ისე ადვილია და ძალიან სერიოზულ მუშაობას მოითხოვს, კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენს კურსებზე ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს.
ეს არის პიროვნული განვითარების ტრანსფორმაციული პროგრამა, რომელიც არის განკუთვნილი იმ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს სერიოზული ცვლილებები საკუთარ ცხოვრებაში.
-რაც შეეხება პიროვნულ ზრდას და განვითარებას. რისთვის არის საჭირო? როგორ განვვითარდეთ და პირადად თქვენ რას აკეთებთ მუდმივი პიროვნული ზრდისთვის?
-ჩემი აზრით, სიცოცხლე მაშინ სრულდება, როცა წყვეტ სულიერ ზრდას, პიროვნულ განვითარებას და არა – ფიზიკური გარდაცვალებისას. ადამიანს აქვს უნარი და სურვილი, შენიშნოს, დააკვირდეს და შეიმეცნოს; შეიცნოს სამყარო, გაიგოს, რა ხდება მსოფლიო სივრცეში. ასევე, შეიტყოს, რა ხდებოდა წარსულში. გააკეთოს ანალიზი, იპოვოს კავშირები, გაავლოს პარალელები ამა თუ იმ მოვლენას შორის და ასე შემდეგ. სიახლეთა შემეცნებისკენ დაუოკებელი და უწყვეტი სწრაფვის პოტენციალი და უნარი ადამიანში მისი შექმნის დღიდანვე დევს და ამისი არაერთი მტკიცებულება გვაქვს, გნებავთ, დავეყრდნოთ მეცნიერებას, კვლევებს, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ადამიანის თავის ტვინის პოტენციალი ისეთი უზარმაზარია, რომ მის სრულად გამოსაყენებლად მას არათუ ერთი, მრავალი ცხოვრებაც არ ეყოფა და გნებავთ, დავეყრდნოთ რელიგიას, რომელიც გვასწავლის, რომ თავდაპირველად, ადამიანი სწორედ მარადიული სიცოცხლისთვის შეიქმნა და არა იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეცხოვრა და შემდეგ გარდაცვლილიყო.
შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი გაცნობიერებული ცხოვრება შემეცნება და ნასწავლის სხვებისთვის გაზიარებაა.
-რა უნდა ისწავლებოდეს ამ კუთხით სკოლებში? რას დანერგავდით, ან რა საგანს შეიტანდით?
-სკოლებსა და უნივერსიტეტებში აუცილებლად დავნერგავდი მოზარდთა პიროვნული განვითარების პროგრამას, რომელსაც უკვე 15 წელზე მეტია დიდი წარმატებით ვუძღვები და რომელიც ეხმარება მოზარდებს, შეიცნონ საკუთარი თავი, იყონ პროაქტიურები, დასახონ სწორი პრიორიტეტები, თავად აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ გადაწყვეტილებებზე, ქმედებეზე და მათ შედეგებზე, გამოიმუშაონ ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები მოგება-წაგებისა და სინერგიის პრინციპებზე დაყრდნობით, განავითარონ ემპათია და ემოციური ინტელექტი. ხმამაღლა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ერთადერთი გზა მომავალ თაობებში გაურკვევლობის, გულგრილობის, ნიჰილიზმის, ასევე ბულინგის, ძალადობის, აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
-არ შემიძლია ნახატებზეც არ გკითხოთ, როგორც ვიცი ხატვა კოვიდ პანდემიის დროს დაიწყეთ. ეს ერთგვარი თერაპიაა თქვენთვის?
-დიახ. ბრწყინვალე ჯგუფთან ვმუშაობდი არტ-თერაპიის მეთოდებით. ეს იდეაც მაშინ გამიჩნდა. ცხოვრებაში ფუნჯი და ფანქარი არ ამიღია, ბავშვობაშიც კი. გარდა იმისა, რომ შედეგიც ძალიან მომწონს, პროცესიც უზომოდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
ჩემი ყველა ნახატი ხასხასა და ფერადია, ვუყურებ და მამშვიდებს, ბედნიერების შეგრძნება მოაქვს. გარდა ამისა, სანამ დავხატავ, მედიტაციებს ვაკეთებ თითოეულ ტილოზე, რომ დადებითი ენერგიით დავმუხტო. ასევე, სანამ დაიხატება, ყველა ტილოზე ფანქრით ვაკეთებ წარწერებს, კეთილი სურვილებით, რომლებსაც სამყაროს, კვანტურ ველს ვუგზავნი. რამდენიმე ნახატი გავასხვისე კიდეც და მეუბნებიან, რომ ეს დადებითი ენერგია აშკარად იგრძნობა, ყველას სიმშვიდით და პოზიტივით ავსებს და ეს ძალიან მახარებს.
-როგორ გავხდეთ ბედნიერი?
-ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა. „ადამიანები იმდენად ბედნიერები არიან, რამდენადაც თავად გადაწყვეტენ.“ ეს აბრაამ ლინკოლნმა თქვა. მართლაც, ბედნიერება გადაწყვეტილებაა, არჩევანია, რომელიც ყველა ადამიანს აქვს.
აქ ერთი საგულისხმო ფაქტია, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ადამიანური რთული მომენტები, უსიამოვნო სიტუაციები, კრიზისული პერიოდები, შეიძლება ეს იყოს სერიოზული ავადმყოფობა, ურთიერთობაში პრობლემები, სამსახურის გარეშე დარჩენა, ფინანსური კრიზისი, ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილებია. და როცა ისინი შენს ცხოვრებაში ხდება, შენ გაქვს მასთან გამკლავების სათანადო რესურსი. ბედნიერება – ეს არის შინაგანი ბალანსის ძალიან ღრმა შეგრძნება. ბედნიერებაა, როცა ყველაზე დიდი ცხოვრებისეული ქარიშხლების დროსაც კი შენს სულში მაინც გაზაფხულია, და შესაბამისად, რაც არ უნდა ხდებოდეს შენს თავს, ყველაფერზე შენი რეაქცია და პასუხი არის ადეკვატური.
-როგორ გავხდეთ წარმატებული?
-გააჩნია, რას გულისხმობთ წარმატებაში. წარმატება, ზოგადად, ძალიან სუბიექტური ცნებაა. ზოგისთვის, შესაძლოა ეს არის ბევრი ფულის შოვნა, ან ბიზნესის აწყობა ან მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა და ა.შ. ჩემთვის, წარმატება და ბედნიერება, შეიძლება ითქვას, რომ სინონიმებია.
-წარმატება = ბედნიერებას? მხოლოდ წარმატება საკმარისია ბედნიერებისთვის?
-ჩემთვის წარმატების დეფინიცია შესაძლოა უფრო განსხვავებულია, ვიდრე – ადამიანთა უმრავლესობისთვის. ჩემი აზრით, წარმატებული ხარ მაშინ, თუ იღვიძებ დილით, დგები და ასხივებ სიცოცხლეს; სისხლი ისე გიჩქეფს, გული ისე გიცემს, რომ თითქოს ემღერება იმ შეგრძნებისგან, რომ ხარ ის, ვინც ხარ და აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. და მთელი დღის განმავლობაშიც, ყველა ნაბიჯს დგამ იმ შეგრძნებით, რომ აკეთებ იმ საქმეს, ასრულებ იმ მისიას, რისთვისაც მოვლენილი ხარ დედამიწაზე. ხომ არის ეს ბედნიერება? ამიტომაც ვსვამ ტოლობის ნიშანს წარმატებასა და ბედნიერებას შორის.
– რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე?
-ზოგადად, სამომავლოდ, ძალიან დიდი გეგმები მაქვს. მომავალი წლის იანვრიდან ვგეგმავ სრულიად ახალ, უნიკალურ, ტრანსფორმაციულ კურსს, რომლის მსგავსი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ეს არის სრულიად ახალი პროგრამა, რომელიც მეცნიერულად გაჩვენებთ, თუ როგორ აისახება თქვენი აზრებისა და გრძნობების შინაგანი სამყარო თქვენს გარე სამყაროზე, გარე ობიექტურ რეალობაზე – თქვენს ცხოვრებაზე. ანუ, მეცნიერულად არის დამტკიცებული, თუ როგორ ცვლის თქვენი ცნობიერების მდგომარეობის შეცვლა თქვენს რეალობას.
ეს უნიკალური პროგრამა, „გადაწყობა“, ეხება იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის შინაგანი ტრანსფორმაცია გონების აქტიური მონაწილეობით და რა პროცესების გამოწვევა შეგვიძლია ჩვენს გონებასა თუ სხეულში, რომლებიც მოგვიტანს ჩვენთვის სასურველ ცვლილებებს, დაწყებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებიდან, ურთიერთობების აწყობამდე, სანუკვარი მიზნების მიღწევამდე, პროფესიულ თუ კარიერულ რეალიზაციამდე, შემოსავლების გაზრდამდე და ა.შ.
მინდა, ეს არაჩვეულებრივი კურსები, მართლაც ჯადოსნური შედეგებით, უფრო მასშტაბური გავხადო. უფრო ინტენსიურად ვიმუშაო უფრო ფართო აუდიტორიებთან და რაც მთავარია, არა ინტერნეტ-სივრცეში, არამედ – ცოცხლად, პირისპირ. ეს გაცილებით უფრო დიდ ეფექტს მოგვცემს და შედეგები კიდევ უფრო ჯადოსნური იქნება. ერთ სივრცეში შეკრებილი ამდენი ადამიანის დადებითი ენერგია გაცილებით უკეთესს გახდის სამყაროს და ზუსტად იმ შედეგს მოიტანს, რაც ყველაზე ძალიან მინდა. თანაც ვთვლი, რომ ამქვეყნად სწორედ ამ მისიის შესასრულებლად მოვედი – მინდა, რომ სადამდეც გავწვდები, ყველგან გაცილებით მეტი ბედნიერი და ჯანსაღი ადამიანი დააბიჯებდეს, როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ, სულიერ და ენერგეტიკულ დონეზე.
ნათია ქოიავას უნიკალური, ტრანსფორმაციული პროგრამა – „გადაწყობა“
ავტორი: ნინო გონგაძე