ჩემს რესპონდენტს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს- თერაპია, ქოუჩინგი, ფსიქოლოგია, ბიზნესი… ყველა მათგანში ერთნაირად ბედნიერი და წარმატებულია. ცოდნების დამატებას ისევ აპირებს, ამბობს, რომ ეს სფეროები მუდმივ განახლებას და გადატვირთვას მოითხოვს. მისი რეგალიების სია ასე გამოიყურება: ფილოსოფოსი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ქოუჩი, ბიზნესვუმენი…
„საკუთარ თავზე თუ არ განიცადე მარცხი, თუ არ შეცდი, ვერ გაიზრდები. მარცხი და შეცდომა, როგორც ცხოვრების, ასევე ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია.“- მეუბნება ეკა ჩემია, რომლის მიზანიც სხვების ცხოვრებაში, მეტი სხივის და სინათლის შეტანაა.
– ქალბატონო ეკატერინე, საიდან მოვიდა ქოუჩობის იდეა და როგორ უთავსებთ ერთმანეთს ქოუჩინგსა და ბიზნესს?
– ჩემთან ჯერ თერაპიის და თერაპევტობის სურვილი მოვიდა, მოგვიანებით ქოუჩინგის. თერაპიაში ცხრა წელია რაც ვარ, ქოუჩინგში ორი. პირველადი განათლებით და პროფესიით ფილოსოფოსი ვარ.
ამ სპეციალობების დაუფლების სურვილი ჩემი ფსიქოტიპიდან გამომდინარე გაჩნდა, ჩემი შინაგანი ემპათიის უნარიდან. მიმაჩნია, რომ თერაპია უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნდობა, მე კი ეს რესურსი ყოველთვის ბუნებრივადაც გამაჩნდა, ასევე სმენის უნარი, რომელიც უბრალოდ სტანდარტული სმენა არ არის, შენს წინაშე მჯდომი ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ შენ გესმის მისი, ზრუნავ მასზე და ხარ ავთენტური.
რაც შეეხება ბიზნესის და თერაპიის ერთმანეთთან შეთავსებას, ჩემი დილა და საღამო თერაპიას ეთმობა, შუადღის საათები კი სხვადასხვა აქტივობებისთვის მაქვს განკუთვნილი. ხშირ შემთხვევაში, ჩემი დილა შვიდ საათზე იწყება, რადგან ონლაინ სესიები მაქვს ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან. ონლაინ პლატფორმამ ადამიანების მიდგომაც შეცვალა და დროც ძალიან დაზოგა. მეც უმეტესწილად ონლაინ სესიების რეჟიმზე ვარ გადასული. შაბათ-კვირაც საკმაოდ დატვირთული მაქვს. ეს პროცესი ჩემთვის იმდენად დინამიური და საინტერესოა, იმდენად მავსებს, რომ თერაპია ერთგვარი განტვირთვის ფორმაცაა. კლასიკური დასვენება, წამოწოლა და დაძინება, ჩემი არ არის.
-როგორი უნდა იყოს ქოუჩი\თერაპევტი და პირადად თქვენ რა მოგცათ ქოუჩინგმა?
-ქოუჩინგმა, როგორც იარაღმა, როგორც საშუალებამ და ფსიქოთერაპიისაგან დამოუკიდებლად მდგომმა დისციპლინამ, მომცა პერსპექტივის ხედვის გაცილებით დიდი არეალი, მეტი სივრცე და სინათლე დავინახე ცხოვრებაში. ფსიქოთერაპია ხშირად არის ორიენტირებული წარსულზე, წარსულის ტრავმებსა და გამოცდილებაზე. ჩვენ, ყველანი წარსულიდან მოვდივართ და ამ წარსულში მეტი სინათლის შეტანა არის სწორედ თერაპიის მიზანი.
ქოუჩინგის შემდგომ, ჩემს ოთახში შევცვალე სივრცითი განლაგების რიტუალი. კლინიკა „კანში“, სადაც მე ფსიქოლოგად ვმუშაობ, ჩემს სამუშაო ოთახს დიდი ფანჯრები აქვს, ეს კლიენტს აძლევს საშუალებას, რომ ფანჯარაში სივრცეს უყუროს, მეტი პერსპექტივა დაინახოს, არ შეეზღუდოს ხედვის არეალის თავისუფლება. ეს შეიძლება პატარა დეტალია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი.
-როგორ ეხმარებით კლიენტებს, რა თემებზე მუშაობთ ?
– ვმუშაობ თვითშეფასების, მოტივაციის ამაღლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პანიკურ აშლილობებზე, ადიქციებზე, ანუ დამოკიდებულებებზე. ასევე მაქვს ძალიან სპეციფიკური სფერო, რომელიც ჩემი ნოუჰაუა, ეს გახლავთ – მოციმციმე არითმია. ამ თემაზე სატესტო რეჟიმში გარკვეულ გუნდთან ერთად ვმუშაობ. ჩემთვის ეს ძალიან სენსიტიური თემაა, რადგან დედა ამ პრობლემით გარდამეცვალა. ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც მე თვითონაც პოტენციურად მქონდა იმის რისკი, იმავე პრობლემას შევჭიდებოდი, თუმცა მოვახერხე და ცხოვრების სულ სხვა ხაზით წავედი, დედის ხაზი ჩავხსენი. სწორედ ეს, ჩემი პირადი გამოცდილება, როგორც ვმუშაობდი საკუთარ თავთან, დავაორგანიზე და ახლა ჩემს კლიენტებთან ვტესტავ. როგორც ვხედავ და როგორც მეუბნებიან, საკმაოდ წარმატებულია პროცესი. ასევე ვმუშაობ იმ მოზარდებთან, რომლებიც ემიგრაციაში გაიზარდნენ, აქ ძალიან დომინანტურია თვითდამკვიდრების, იდენტობის თემები.
– რამდენად იკურნება წარსულის ტრავმები, თუ დროებით ხდება მათი მიძინება?
-კლასიკური გაგებით, ტრავმა არსად მიდის, ჩვენთან რჩება. თერაპია არ არის ე.წ. „ჰეფი ენდი“, პროცესი, რომელშიც რაღაც დავამარცხეთ და ამით ყველაფერი დავასრულეთ. თერაპიის მთელი ჯადოქრობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ტრავმას, როგორც რესურსს ისე ვუყურებთ. როდესაც ჩვენ გავიგებთ რატომ მოგვეცა ესა თუ ის პრობლემა, შეკითხვა რატომ-ს, გადავაკეთებთ შეკითხვად- რისთვის? რისთვის მომეცა ეს ყველაფერი?! თერაპიის პროცესში, სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხებს პოულობენ ადამიანები. ერთი თავგადასავლიდან, მეორეში მიდიან უკვე სხვა ძალებითა და რესურსებით. ჯალალ ედ დინ რუმი ამბობდა „ჭრილობა ის ნაპრალია, რომლიდანაც ჩვენში სინათლე შემოდის“.
– თქვენს ერთ–ერთ მიმართულებაზე – ბერტ ჰელინგერის სისტემურ განლაგებაზე და გეშტალტ თერაპიაზე რომ გვითხრათ. როგორი მეთოდებია, რა დროს გამოიყენება და რა შედეგს იძლევა?
– ჰელინგერის სისტემური განლაგება აბსოლიტურად ქვეცნობიერ შრეებზე მუშაობს. ამ პროცესში ნულოვანი ცოდნით და ქვეცნობიერი შეგრძნებებით შედიხარ და ამ დონეზე მართლაც საოცრებები ხდება. იმ ველში რომელშიც განლაგება მიმდინარეობს შემთხვევითი არაფერია და ეს თვალნათელია, როცა თავად ხარ ამ პროცესის მონაწილე. როცა შენთვის სრულიად უცნობი ადამიანები,ხშირად შენთვისვე გაუგებარი და აუხსნელი “სასწაულით” შემოგყავს ველში სადაც ისინი იღებენ დედის, მამის, სხვადასხვა პრობლემის, დასამუშავებელი საკითხის სახეს და შემდეგ ერთი-ერთზე იმეორებენ შენს მოქმედებებს, ჟესტებს, სიტყვებს, გაძლევენ საოცარ უკუკავშირებს, ხოლო შენ მთელ ამ პროცესს- საკუთარ ცხოვრებას უყურებ როგორც კინოს კადრს და იგებ ისეთ ნიუანსებს რაზეც შეიძლება აქამდე არც დაფიქრებულხარ. როცა იმაზე ფიქრდები რაზეც აქამდე არ გიფიქრია საოცარი, ახალი პასუხები მოდის.
გეშტალტი არის გამთლიანების თეორია. გეშტალტ ფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ მთელი არ არის მხოლოდ მისი ნაწილების ჯამი, არამედ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი. როგორ გავმთლიანდეთ ჩვენ ჩვენს თავში, მაშინ როდესაც რაღაც საკითხი გვაქვს გადაუჭრელი, როდესაც რაღაც ვერ დავხურეთ?! რაღაც გვეტკინა, გვეწყინა, ვერ მოვინელეთ, ვერ ვაპატიეთ, ისტორია თითქოს დასრულდა, თუმცა ჩვენში ისევ განაგრძობს ცხოვრებას… და როდესაც რაღაც მსგავსი, თუნდაც სხვის ცხოვრებაში ხდება, ჩვენ გვაქვს შინაგანი მიუღებლობა და შფოთვა ამ ყველაფრის მიმართ. დაუსრულებელ ისტორიებს განსაკუთრებით ახასიათებს განმეორებითობა ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც ჩვენს თავში რაღაც ტრავმულ გამოცდილებას ვასრულებთ, გეშტალტს ვხურავთ. თუ ეს არის მარცხი, ჩვენ ვპატიობთ ჩვენს თავს, თუ ეს შეცდომაა, ჩვენ ამ შეცდომას, როგორც რესურსს ისე ვიყენებთ შემდგომ ცხოვრების გზაზე.
-როგორ დავნერგოთ ფსიქოლოგთან მისვლის კულტურა. როგორც ფსიქოლოგი, რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ ეუხერხულებათ ან უხეშად რომ ვთქვა, „უტყდებათ“ ფსიქოლოგთან ვიზიტი. როგორ დავამარცხოთ ეს კომპლექსი?
-ზოგადად, ჩვენ, ფსიქოლოგები, ფსიქოკონსულტანტები, ფსიქიატრები, თერაპევტები და ყველა მომიჯნავე დარგის სპეციალისტები, გარკვეულწილად ალბათ განმანათლებლებიც ვართ. ეს სინათლე საზოგადოებაში ჩვენ თვითონ უნდა შევიტანოთ, იმის გულწრფელად ახსნით, თუ რამდენად ღირებულია ადამიანისთვის ასეთი სახის ნდობა და ის რომ,მის მიერ გადასაჭრელი საკითხი კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანის მიერ არის მოსმენილი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თვითონ გავზარდოთ ჩვენი პროფესიის ცნობადობა და მის მიმართ ნდობა .როცა სოციალურ ქსელში კითხულობ ფრაზას,,რაში გჭირდება ფსიქოთერაპევტი?!შენი თავის ყველაზე დიდი თერაპევტი შენ ხარ!”…მინდა ყველას გასაგონად ვთქვა:დიახ,ყველაზე დიდი და აღმატებული პერსონა ჩვენს ცხოვრებაში ვართ ჩვენ,მაგრამ თერაპევტი არის პრაქტიკული ინსტრუმებითა და ცოდნით აღჭურვილი ადამიანი,რომელიც დაგეხმარებათ უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ მიხვიდეთ სასურველ შედეგამდე.
– რამდენი ხანია რაც ბიზნესში ხართ, როგორ დაიწყეთ და რა წინააღმდეგობები შეგხვდათ ამ გზაზე?
– დაახლოებით ოცი წელია ბიზნესში ვარ. ამ გზაზე წინააღმდეგობები ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია. ბიზნესმა მართვის პრაქტიკული გამოცდილება მომცა, ასევე წარმატების და წარუმატებლობის მიღების ძალიან დიდი შინაგანი რესურსი.
ძალიან მნიშვნელოვანია წარუმატებლობის გააზრებაც და წარმატების მიღებაც. ჩემი პირველი ბიზნესი საბავშვო გასართობი ცენტრი იყო. კარგად მუშაობდა, მაგრამ მოხდა გარემოებების ცვლილება და ძალიან სპონტანურად აღმოვჩნდი ამ ბიზნესში, სადაც ახლა ვარ. სულ სხვა პერსპექტივა დავინახე. მაქვს ქართული ნაციონალური სუვენირების სალონთა ქსელი- აქედან რამდენიმე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ადამიანები, რომლებიც არ არიან შენი კულტურის ნაწილი, ჩამოდიან შენს ქვეყანაში და წასვლისას სურვილი აქვთ შენგან საგზლად რაღაც წაიღონ. გიჩნდება განცდა, რომ შენ შენი ქვეყნის პატარა დესპანი ხარ და გინდა ისეთი რამ გაატანო, რაც მათ კარგ მოგონებებს აღუძრავთ შენს ქვეყანზე. ამ კუთხით, ეს ბიზნესი, ძალიან ჰგავს ჩემს ძირითად სპეციალობას- თერაპიას, როცა ადამიანები შენთან მოდიან და მერე საგზალი მიაქვთ შენგან. ნებისმიერი მოგზაურობა ეს არის ტრანსფორმაცია, ნებისმიერი ქვეყნის ნახვა კი ჩვენი თვალსაწიერის ზრდა, ნებისმიერი კომუნიკაცია ასევე არის ჩვენი ზრდა.
– თქვენი მრავალწლიანი ბიზნესგამოცდილებიდან რა რჩევებს მისცემდით ბიზნესის დაწყების მსურველებს. როგორ დავიწყოთ, რა არის აუცილებელი და რა რისკები უნდა გავითვალისწინოთ?
– ბიზნესის შემთხვევაში, ისევე, როგორც ცხოვრების შემთხვევაში, საკუთარ თავზე თუ არ განიცადე მარცხი, თუ არ შეცდი, ვერ გაიზრდები. მარცხი და შეცდომა ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბიზნესი იგივე ცხოვრებაა. რა ბიზნესში ვართ მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ რა სტილის არის ჩვენი ცხოვრება, რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია მიზნის ქონა, ხედვის ქონა, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში რას გინდა მიაღწიო, ვინ გინდა გახდე, ვის გინდა ჰგავდე, საკუთარ თავს თუ ვინმე სხვას და ამ დროს ხომ არ კარგავ საკუთარ თავს, საკუთარ ინდივიდუალიზმს, საკუთარ იდენტობას. ჩემი თვალთახედვით, ბიზნესი არ არის რაღაც სხვა, ის ხარ შენ. ბიზნესი თავის არსში რისკს მოიცავს. რისკი კი, როგორც ბიზნესში, ასევე ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
– ვისთან მიდის წარმატება?
– წარმატება აუცილებლად მიდის მიზანდასახულ ადამიანებთან. ადამიანებთან, ვისაც საკუთარი შეცდომების დანახვა შეუძლიათ და შემდგომ ამ შეცდომებზე სწავლა. ამ შეცდომების არა მუდმივად გამეორება, არამედ შეცდომებისგან შედეგის მიღება და გაგება. ჩემთვის წარმატება უფრო პროცესია და თუ გადავხედავ ჩემს ცხოვრებას, ყველაზე ღირებული ზუსტად ის გზა იყო, რომლითაც წარმატებისკენ მივდიოდი. წარმატებისკენ მიმავალი გზა თავგადასავლებითაა სავსე, სადაც ყველანაირ გამოწვევას შეხვდები, სადაც როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ჯადოქრებიც არიან, არიან დრაკონები, ურჩხულები, რომლებიც გებრძვიან და ამავდროულად გაძლიერებენ. ასევე არიან ფერიები, რომლებიც რჩევებს გაძლევენ, ადამიანები, რომლებიც გვერდით გიდგანან და რომელთა ერთი სიტყვაც საოცარი მოტივაციაა შენს ცხოვრებაში. ყოველ ასეთ გადალახულ ნაბიჯს მოაქვს შეგრძნება- უხ! რა მაგარი და საინტერესო იყო, მე ეს შევძელი!
– როგორია ბედნიერების თქვენეული აღქმა?
– ბედნიერება არის ქმნადობაში, პროცესში, თავგადასავალში, ძიებაში, თანადგომაში, დახმარებაში. ბედნიერებაა, როდესაც გიყვარს და უყვარხარ, ბედნიერება არის გაცემაში და მიღებაში. როდესაც გასცემ უშურველად, ისე რომ არ ფიქრობ უკან რას მიიღებ, მაგრამ შენ ზუსტად იცი, რომ ეს უკან აუცილებლად დაბრუნდება საოცარი სიკეთის, დიდსულოვნების, აღიარების, თუნდაც ადამიანების შემოსვლის სახით შენს ცხოვრებაში. ძალიან მაბედნიერებს ჩემი კლიენტის თვალებში მადლიერების სხივი, მათი უკეთესობისკენ შეცვლილი ცხოვრება. დილა რომ თენდება და სესიების დროს საოცარ უკუკავშირებს ვიღებ, ჩემს მიმართ გამოთქმული გულწრფელი მადლიერებითა და კეთილშობილური ფრაზებით. თუნდაც ერთი შეცვლილი დღე ერთი ადამიანის ცხოვრებაში, – ეს საოცარი რამ არის. ღმერთის და სამყაროს მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობის მოცემისთვის.
– რა არის საჭირო იმისთვის რომ სიმშვიდე მოიპოვოს ადამიანმა?
– სიმშვიდე შინაგანი მდგომარეობაა. იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ეს შინაგანი მდგომარეობა, საჭიროა საკუთარი თავისა და ძალების რწმენა. პირველ რიგში, ალბათ ამაზე გადის ყველა სიმშვიდე. ასევე სტაბილურობისა და საკუთარ თავთან ჰარმონიის შეგრძნებაზე, რაც გარკვეულწილად წლებთან ერთად მოდის. როცა რაღაც ქარტეხილები გამოიარე, გეგონა ქვეყანა დაიქცეოდა, მაგრამ არა, ცხოვრება გაგრძელდა. რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრება გრძელდება და მისი გაგრძელება ყოველთვის ღირს.
– ქალბატონო ეკა, თქვენს სამომავლო გეგმებში რა შედის, როგორც ვიცი, თქვენი გრძელი რეგალიების სიას აპირებთ რამდენიმე ცოდნა კიდევ მიამატოთ?!
-დიახ, ასეა, ახლა კიდევ ერთ თერაპიულ დარგს ვიმატებ ჩემს არსენალში, ეს არის – ბიოსინთეზი- სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია. სხეული უტყუარი მარკერია იმის გადასამოწმებლად როგორ არის ადამიანი ობიექტურად, როგორ გრძნობს თავს. ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ შედეგს სხეულზე, ჩვენ გვაინტერესებს აქ და ამჟამად, რამდენად აქვს ადამიანს საკუთარი სხეულის აღქმა, რამდენად გრძნობს სხეულს. ტექნიკურმა პროგრესმა რეალურად მოგვიტანა ის, რომ ჩვენ საერთოდ დავცილდით საკუთარ შეგრძნებებს. თერაპიის ამოცანაც ეს არის, რომ ჩვენ ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს სხეულს და ვიგრძნოთ ის.
თერაპია, ქოუჩინგი, ფსიქოლოგია ისეთი სფეროებია რომელიც მუდმივად ითხოვს განახლებას, გადატვირთვას, ახლის გაგებას. ადამიანი თავისი არსით უნიკალური ფენომენია. ჩვენ ხომ ჩვენი შესაძლებლობების რაღაც მიზერული პროცენტი გვაქვს აღმოჩენილი. ამ პროცესში მე საკუთარ თავს ვეძებ, ვეძებ იმ მიმდინარეობებს, მიმართულებებს, ტექნიკებს, რომელიც უფრო ახლოა ჩემთან. მომწონს სოკრატეს ფრაზა- „მე ვიცი, ის რომ არაფერი ვიცი.“ სამოტივაციოდ ვიყენებ და უფრო მეტად მინდება რომ მეტი რამ ვისწავლო.
რამდენიმე დღის წინ ორმოცდაათი წლის გავხდი და მათ, ვინც ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში რაღაც დაგვიანებულია, მინდა ვუთხრა: არასოდეს არაფერი არის გვიანი, განსაკუთრებით სწავლა. ნურაფრის ნუ შეგვეშინდება, ნებისმიერ პროცესს, ისე შევხედოთ, როგორც ჩვენი განვითარების გზას.როცა რაღაცა გვინდა მაქსიმალურად ვცადოთ მას შევეხოთ, შემდეგ მთელი ცხოვრება დარდი და ფიქრი რომ არ გვქონდეს გაშვებულ შანსზე, რომ შეგვეძლო და არ გავაკეთეთ.
ავტორი: ნინო გონგაძე