BPN Georgia– ს პროგრამის მონაწილე თინათინ იდიძე
“არ არსებობს საქმე, რომელსაც ადამიანი ვერ შეძლებს. მთავარია, ვიცოდეთ რა გვინდა, ამის შემდეგ ყველაფერი მიღწევადია.”- ეს, თუში, მხედარი ქალის სიტყვებია, რომელსაც მთის და ცხენების სიყვარულმა წარმატებული ტურისტული ბიზნესი შეაქმნევინა.

თინათინ იდიძე, საქართველოში პირველი სერთიფიცირებული საფეხმავლო და საცხენოსნო გამყოლი ქალია. ქალი, რომელიც ცხენების რემას ფლობს და მსურველებისთვის ველურ ბუნებაში დაუვიწყარ ტურებს აწყობს.
– თინათინ, საიდან მოვიდა გიდობის სურვილი და რა პასუხისმგებლობას გაკისრებთ ეს პროფესია?
– იმის გამო რომ ინგლისური კარგად ვიცოდი, გიდობა ყოველთვის მხვდებოდა ცხოვრების გზაზე, მაგრამ გვერდს ვუვლიდი სტერეოტიპების გამო. ესპანეთში ორწლიანი ცხოვრების შემდეგ როცა საქართველოში დავბრუნდი, სკოლაში, სადაც ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობდი, ჩემთვის ადგილი აღარ იყო. არც მინდოდა სოფელში დაბრუნება, ამიტომ შევეცადე ქალაქში მეშოვა სამსახური, დავაგზავნე სივები, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ვერაფერი ვნახე. ერთხელაც მეგობრებმა გიდობა შემომთავაზეს და იმის გამო რომ სხვა სამსახურს ვერ ვშოულობდი, დავთანხმდი. 2013 წელს დავიწყე მუშაობა და თან გავიარე ნიუკაზის სკოლა, რათა კულტურული გიდის სერთიფიკატი ამეღო. ასე შემოვაბიჯე ამ სფეროში. ორი ტურის შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა. ძალიან მომეწონა ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც გიდი გავხდი, სხვა კუთხით აღმოვაჩინე თუშეთი. ამ მხარეში სათავგადასავლო აქტივობების პოტენციალი დავინახე და მსგავსი აქტივობების მოყვარული ადამიანებისთვის, სათავგადასავლო ტურების გაკეთება დავიწყე.
-რა უნარ-ჩვევებია ამ პროფესიისთვის საჭირო და დამახასიათებელი?
-პირველ რიგში ლიდერობა, ჯგუფის მართვის ხელოვნება. თუ ჯგუფის მართვა არ შეუძლია ადამიანს, ის გიდად ვერ იმუშავებს. მითუმეტეს მთაში, სადაც რელიეფიდან და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გაცილებით რთულია ჯგუფის მართვა. ადამიანებს უფრო მეტად ეშინიათ და თუ შენში მტკიცე ხასიათსა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარს ვერ ხედავენ, მაშინ შენს მიმართ ნდობას კარგავენ. მეც არ ვიცოდი ეს უნარ-ჩვევა თუ მქონდა, მას შემდეგ აღმოვაჩინე, რაც გიდად დავიწყე მუშაობა. ალბათ, ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო, რამაც სამომავლოდ ჩემი ტურიზმის მიმართულებით განვითარება განაპირობა. ქალი ტურიზმში განსაკუთრებით სანდო და საიმედო დასაყრდენია. ჩვენ მაინც სხვანაირი პასუხისმგებლობა გვაქვს იმ წვრილმან დეტალებზეც, რასაც კაცები, შეიძლება, ყურადღებას არ აქცევდნენ. მე პერფექციონისტი ვარ და დასაქმებულიც მირჩევნია ის მყავდეს, ვისაც სრულყოფილებისკენ აქვს სწრაფვა.

-რა შედის იმ სათავგადასავლო ტურებში, რასაც ტურისტებს სთავაზობთ?
-ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს, ვთავაზობთ საცხენოსნო ტურებს, საფეხმავლო ტრეკინგს, სამთო ტურებს, ალპინისტურ ტურებს. ერთ ტურში შეიძლება სხვადასხვა აქტივობა იყოს გაერთიანებული. თუშეთიდან ყაზბეგში გადავდივართ და იქიდან პარაპლანით ფრენას ვთავაზობთ გუდაურში, გუდაურიდან თბილისამდე რაფტინგის შესაძლებლობა გვაქვს. თბილისამდე სანამ მივალთ, შეიძლება სურვილისამებრ, კულტურული ნაწილიც ჩავსვათ, რომელშიც შედის მაგ. მცხეთაში ჩვენი ისტორიული სიძველეების მონახულება, ღვინის დაგემოვნება. საკმაოდ მრავალფეროვანი ტურების შეთავაზება შეგვიძლია.
-თუშეთის გარდა, კიდევ სად სთავაზობთ ტურებს და მხოლოდ ზაფხულის ტურები გაქვთ, თუ ზამთრისაც?
-ჩვენ ტურისტებს არამარტო თუშეთში ვთავაზობთ ტურებს, არამედ ვაშლოვანშიც, ზამთრის საძოვრებზე, სადაც ასობით ჰექტარია და ჩვენი ცხენები, ცხვრები, ძროხები ზამთარში იქ მიდიან, თავისთვის თავისუფლად ცხოვრობენ, რომელ ბალახსაც უნდათ, იმას ძოვენ. როცა ჩვენ გვჭირდება, მივდივართ და ვიჭერთ. მიჩვეულები არიან. ვისეირნებთ და მერე უკან ვაბრუნებთ. ტურისტები მათ ამგვარ, თავისუფალ ცხოვრებას რომ ხედავენ, ძალიან დადებითი რეაქცია აქვთ. როგორც ცივილურად არის მიღებული ვოლიერებში არ გვყავს გამოკეტილი და ეს მოწონთ. ჩვენც დამატებით ხარჯად არ გვაწვება. საკმაოდ კარგად ცხოვრობენ ზამთარში ვაშლოვანში, ზაფხულში თუშეთში ალპურ მდელოებზე. გვაქვს ზამთრის ტურებიც, გუდაურში, ყაზბეგსა და სვანეთში.

-როგორია ველურ პირობებში, გაშლილ მდელოზე, კარვებში, ბანაკებში ცხოვრება, არ გიჭირთ?
-ცოტა რთულია, მაგრამ უკვე ისე მივეჩვიე, კარავშიც კი სახლში ვგრძნობ თავს. დაუვიწყარი შეგრძნებაა, როცა დაღლილი დაბანაკდები და ცხელ წვნიანს შეჭამ. შემდეგ დასაძინებლად წახვალ კარავში და ამ დროს შხაპუნა წვიმა წამოვა, იავნანასავით არის ხოლმე ძილის წინ. რომანტიკულად ჟღერს, მაგრამ მართლა ასეა. ისე ეჩვევი, რაღაც პერიოდის მერე ისევ გინდება იმ სიტუაციაში დაბრუნება.
– ცხენების რემის მფლობელი ხართ. რამდენი ცხენი გყავთ?
-ათი ცხენი მყავს. რემის ყოლის საჭიროება, მაშინ გაჩნდა, როდესაც ტურიზმში დავიწყე მუშაობა. დავინახე რა, რა მოთხოვნაც იყო საცხენოსნო ტურებზე. რთულია ადამიანს შესთავაზო და დასვა ისეთ ცხენზე, რომელსაც თვითონაც არ იცნობ. ამიტომ გადავწყვიტე თავად მყოლოდა ცხენები, რომლებსაც კარგად ვიცნობ თავისი ხასიათებით. ბარში და ცოტა სწორ რელიეფზე შედარებით ადვილია ცხენის მართვა და კონტროლირება, მაგრამ მთაში, რთულ რელიეფზე, აუცილებლად კარგად უნდა ვიცნობდე ცხენებს, რომ ვიცოდე რომელ ცხენს რომელი სტუმარი ვანდო.
-რომელი ქვეყნებიდან გყავთ უფრო მეტად ტურისტები, რას აჩვენებთ, რა გეამაყებათ და რა მოსწონთ მათ?
-იქიდან გამომდინარე, რომ მე უმეტესად სათავგადასავლო აქტივობებს ვთავაზობ ტურისტებს, სტუმრები ევროპიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ამერიკიდან მყავს. მსგავს ტურებზე აზიელები ნაკლებად მოდიან. თუმცა აზიურ ბაზარზეც ვმუშაობთ კულტურული მიმართულებით, რამდენიმე პარტნიორი გვყავს. ყველაზე მეტად რაც მეამაყება, არის კარგად შენარჩუნებული ლანდშაფტები და გარემო, სტუმარ-მასპინძლობის წესი, რომელიც თუშეთში კარგადაა შემონახული. თვითონ მოსწონთ ის, რომ მთაში ბევრი ხალხი არ ტრიალებს, გადაჭედილი რომ არ არის ბილიკები. ძალიან ხშირად მეუბნებიან სტუმრები, ისეთ ადგილას წაგვიყვანე, სადაც ბევრ ხალხს არ შევხვდებითო. ძალიან ბევრი არჩევანი მაქვს, არამხოლოდ თუშეთში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

-ზაფხულამდე, ტურისტულად ცხელ სეზონამდე სად ხართ და რას საქმიანობთ?
-ახლა მაგალითად გუდაურში ვარ სათხილამურო კურორტზე. სათხილამურო ინსტრუქტორი ვარ. ესეც ერთგვარი ჰობია, რომლის შემოსავლის წყაროდ ქცევა შევძელი. თხილამურებზე დგომა გვიან ვისწავლე და ისე მივეჩვიე, ახლა მინდა ის „დაკარგული“ დრო ავინაზღაურო. ამიტომ ინსტრუქტორად მუშაობა შესაძლებლობაა იმისა, რომ მე თვითონაც ვისრიალო და ვისიამოვნო. გარდა ამისა, ჩემივე ტურისტული კომპანიისთვის მუშაობის დროც საკმარისად მრჩება. როგორც წესი, სრიალის დრო 10 დან 5 საათამდეა. დანარჩენი დრო შემიძლია საოფისე საქმეს მივხედო საკმაოდ ეფექტურად. თუშეთში ივნისის დასაწყისში გადავდივართ. მე, ჩემი მეგობრები, სხვა თუში ხალხი, შევკრებთ რემას, დაახლოებით 70-80 ცხენი გვყავს. ცხენების გადარეკვის პროცესში მონაწილეობის მიღება 8-9 დღიანი, პოპულარული აქტივობაა. ყოველი არეკვის და ჩამორეკვის დროს ჩვენი სტუმრები, 10-12 ტურისტი, ჩვენთან ერთად მისდევს ამ რემას.
-როგორც მხედარი ქალი, ალბათ კარგად იცნობთ ცხენების ხასიათსა და ბუნებას. როგორია მათთან ურთიერთობა, როგორი ენერგეტიკის მატარებელი ცხოველია?
-ცხენი ჩემთვის ყველაზე პოზიტიური ცხოველია. ყველაფერს გრძნობს. პატრონისგან დადებით და უარყოფით ენერგიას, მხედრის ენერგიას. სარკესავით არიან, ძალიან გრძნობენ განწყობას. კარგად ვიცნობ მათ ხასიათს, ვიცი რა უყვართ, რა არ მოსწონთ, როდის რა სჭირდებათ, როდის რა აწუხებთ. საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული ყველა წვრილმანში. ეს იქნება ნალების დაკვრა, პარაზიტების საწინააღმდეგო წამლების მიცემა, აცრები, ყველაფერს ვესწრები. ისინიც გრძნობენ, როცა მე იქ ვარ და ვუადვილებ ამ ყველაფერს. დამწყებ ცხენოსანს ყოველთვის ვუხსნი, მთავარია შიშის კონტროლი შეძლონ. როცა გეშინია, ცხენი გრძნობს, ხვდება რომ ადამიანს აკონტროლებს და არ უნდა ამ კონტროლის დაკარგვა, ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია შიშის კონტროლი.

-თქვენს ტურისტულ სააგენტოზე რომ მოგვიყვეთ, რამდენი ხანია, რაც დააარსეთ და რამდენად წარმატებულია ეს ბიზნესი საქართველოში?
-ჩემი ტურისტული სააგენტო – “Caucasus Adventure Tours”, 2016 წელს დავარეგისტრირე. ცოტა ამბიციურად კი გამომივიდა ტურისტული კომპანიის წამოწყება, მაგრამ რადგან დავიწყე, საკმაოდ წინ წავიწიე და წარმატებულადაც მივდივარ. ადრე თუ გვიან, აუცილებლად მომიწევს ოფისში დაჯდომა და საქმის იქიდან გაძღოლა. ამ ეტაპზე, სანდო საცხენოსნო გამყოლები არ მყავს, ამიტომ ამ ფუნქციას მე ვითავსებ, ზურგჩანთაში მიდევს ლეპტოპი და როგორც კი დროს ვნახულობ, სადაც ვარ, იქიდან ვასრულებ საოფისე საქმეს.
ვფიქრობ, რომ არ არსებობს საქმე, რომელსაც ადამიანი ვერ შეძლებს, თუ უნდა. წლების წინ, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ მე წარმატებული გიდი ვიქნებოდი, ან წარმატებულ ტურისტულ ბიზნესს დავიწყებდი, ამაზე შეიძლება ხმამაღლა გამეცინა. როცა საქმე საქმეზე მიდგა და დავიწყე, აღმოჩნდა, რომ შემიძლია.

იგივე ჯგუფის მართვა, მე არ ვიყავი სკოლაში აქტიური ბავშვი, არც უნივერსიტეტში ვყოფილვარ ლიდერი, მაგრამ როცა საჭირო გახდა ინიციატივის გამოჩენა, გამოვიჩინე და გამომივიდა. ამის მერე დავიჯერე საკუთარი თავის, ამან მოიტანა რწმენა, რომ არ არსებობს არაფერი, რასაც ადამიანი ვერ შეძლებს, არა აქვს მნიშვნელობა კაცია თუ ქალი. იყო წინააღმდეგობები, რაც ნორმალურია და შეიძლება ყველას შეხვდეს, მაგრამ დავძლიე, იმიტომ რომ ვიცოდი რა მინდოდა და როგორ უნდა მებრძოლა ამისთვის. ყველაზე მთავარია, ვიცოდეთ რა გვინდა, ამის შემდეგ ყველაფერი მიღწევადია.
-რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?
– ვირწმუნოთ საკუთარი თავის, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ფარ-ხმალი არასოდეს დავყაროთ. გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და ვიყოთ განვითარებაზე ორიენტირებულნი. როცა ადამიანი, მხოლოდ იმას აკეთებ, რაც კარგად გამოგდის, იქ ჩარჩები და ვეღარ განვითარდები. სჯობს ყოველთვის დისკომფორტი შევუქმნათ საკუთარ თავს და ახალი რაღაცეების სწავლა და დანერგვა ვცადოთ საკუთარ საქმეში. ესაა ალბათ საუკეთესო გზა განვითარებისთვის. მე ტურიზმი აკადემიურად ნასწავლი არ მაქვს. რაც ვიცი ამ საქმეში, ვიცი მხოლოდ კეთებით, მცდელობით და შეცდომების დაშვებით. შეცდომების დაშვების არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ეს ყველაზე კარგი მასწავლებელია.

-ბიზნესის დასაწყებად რა არის საჭირო?
-ბიზნესის დასაწყებად სითამამეა საჭირო. მოსალოდნელ სირთულეებზე ბევრი არ უნდა იფიქრო. სირთულე გზრდის. მარტივი საერთოდ არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. რამდენიმეჯერ ვიფიქრე, იმ აკადემიური ცოდნით, რაც მე მქონდა, საკმარისად თავხედი და ამბიციური უნდა იყო ადამიანი, რომ ბიზნესი დაიწყო. სანამ დავიწყებდი ბიზნესს ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა. ერთ-ერთი განმაპირობებელი, რამაც ბიზნესის დაწყების სითამამე მომცა, იყო ის, რომ არ მეგონა ამდენად რთული თუ იქნებოდა, რაც შემდეგ კეთების პროცესში აღმოვაჩინე. ვინაიდან უარის თქმა და ფარ-ხმალის დაყრა ჩემს ბუნებაში არ ზის, ეს საქმე დავიწყე და მივყვები ბოლომდე. ყოველთვის ვცდილობ, რომ თვითონაც განვვითარდე.
-თინათინ, ბოლოს, BPN Georgia – ზეც რომ გვითხრა, როგორ მოხვდი, საიდან გაიგე მისი არსებობის შესახებ, რა ისწავლე და რამდენად კმაყოფილი ხარ?

-BPN Georgia ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის. მანამდე რაღაცეებს ქაოტურად ვუყურებდი, BPN Georgia-მ ეს ყველაფერი დალაგებულად დამანახა. მათ გვერდს შემთხვევით გადავეყარე, ბიზნეს კურსებთან დაკავშირებით მოკლე სიუჟეტი ვნახე და რადგან ვიცოდი, რომ საკუთარი ბიზნესის მართვისთვის შესაბამისი ცოდნა მჭირდებოდა, ჩავთვალე რომ ეს შეთავაზება იმ საკითხებში დამეხმარებოდა, სადაც მე თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. გავგზავნე აპლიკაცია და ზუსტად ხუთ წუთში დამირეკეს, მათ სერვისებზე სრულყოფილი ინფორმაცია მომაწოდეს და მივხვდი, ეს პროგრამა მჭირდებოდა. ჩავერთე, სხვადასხვა სემინარს დავესწარი, ინდივიდუალური შეხვედრებიც მქონდა, დავჯექი და მათთან ერთად დავამუშავე ჩემი ფინანსური და ბიზნეს გეგმები. სულ სხვანაირად დავინახე ჩემი კომპანიის განვითარების შესაძლებლობა და პერსპექტივები, ანუ როგორ განვვითარდები, როდის, რა მოგების იმედი უნდა მქონდეს, რის საფუძველზე, რა არის ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები, რას უნდა მივაქციო ყურადღება და ა.შ. ერთი წელია, რაც მათთან ვთანამშრომლობ. ბოლო ინდივიდუალური შეხვედრის დროსაც შარშანდელი და სამომავლო ფინანსური გეგმების ანალიზზე მომავალი დავინახე ციფრებში, აღმოვაჩინე, თუ რამდენად დალაგებულად ჩანს კომპანიის მომავალი კონკრეტულ ციფრებში.
ჩვენ, ადამიანები, მოკლე პერიოდში ვგეგმავთ ხოლმე, გრძელვადიანი გათვლები არ გვაქვს. აი, ზუსტად ამაში დამეხმარა BPN Georgia, მოკლე ხედვა ფართო და გრძელვადიან ხედვაში გადამატანინა. სწორედ ეს არის BPN Georgia-ს დადებითი, რომ სხვადასხვა ბიზნესის კონკრეტულ საჭიროებას ითვალისწინებენ, თავისებურ მიდგომებს ასწავლიან, ამ საჭიროების მიხედვით უწევენ მხარდაჭერას.
ავტორი: ნინო გონგაძე


