fbpx

“საკუთარი იღბალი და საკუთარი ცხოვრების სცენარი ჩვენ თვითონვე უნდა დავწეროთ და ამ სცენარს უნდა მივყვეთ”

ავტორი ნინო გონგაძე
978 ნახვა

„ქოუჩი არ იყურება წარსულში, ის მუდამ ორიენტირებულია მომავალზე. როგორც ჩემთვის, ასევე ყველა ადამიანისთვის მთავარი მომავალია. განვითარება თუ გვინდა, წარსულში არ უნდა ჩავრჩეთ“- ეს სიტყვები ბიზნესვუმენსა და ბიზნესქოუჩს – მირანდა ხარაბაძეს ეკუთვნის.
მირანდა პროფესიით ფრანგული ენის თარჯიმან-რეფერენტია, მაგრამ მისი პროფესიით არასოდეს უმუშავია. დაოჯახების შემდეგ საოჯახო ბიზნესში ჩაება და დღეს უკვე წარმატებული ბიზნესვუმენია, რომელიც საკუთარი გამოცდილებითა და ცოდნით აპირებს სხვა დამწყებ და გამოუცდელ ბიზნესმენებს დაეხმაროს მოტივაციის ამაღლებასა და წარმატებული ბიზნესის კარგად დაგეგმარებაში. “რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს არ დანებდეთ, იყავით აქტიურები, იცხოვრეთ სწორი და ჯანსაღი ცხოვრებით“ – ამბობს ის და ამასთანავე გვასწავლის თუ როგორ შევძლოთ ეს.
მაშ ასე, მკითხველო, წინ საინტერესო და სამოტივაციო ინტერვიუ გელოდებათ – ფულზე, ბიზნესსა და წარმატებაზე.

მირანდა ხარაბაძე: დაოჯახებიდან ერთ წელიწადში მე და ჩემმა მეუღლემ ალექსანდრე ბაბუნაშვილმა, საოჯახო ბიზნესი ინტერნეტ კაფით დავიწყეთ. მაშინ არ იყო ტექნოლოგიები ასე განვითარებული და ინტერნეტ კაფეს კარგად ვამუშავებდით. დროთა განმავლობაში ცხოვრების განვითარების ეტაპებს გავყევით და სხვადასხვა ბიზნესებზე გადავედით.

დღეს, მე და ჩემს მეუღლეს, საქართველოს ყველა ქალაქში გვაქვს წარმატებული ბიზნესი – ეს გასართობი ატრაქციონებია. სასიამოვნო სფეროა. ბავშვებიდან დაწყებული ყველა ასაკის მომხმარებელს ვემსახურებით. ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რაც მთავარია, მომხმარებელი ჩვენი საქმით და მომსახურებით კმაყოფილია, რაც ჩვენ ორმაგად გვახარებს.

-რა გზა გაირეთ, სანამ წარმატებულ ბიზნესს შექმნიდით? იყო თუ არა ამ გზაზე დაბრკოლებები?
-მე მარცხი უფრო მეტი მინახავს ცხოვრებაში, ვიდრე წარმატება. არაფერი მაქვს დასამალი. ცხოვრება გამოცდაა და ყველა გამოცდას ღირსეულად უნდა შევხვდეთ. ბევრი წინააღმდეგობა იყო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, რაც ფინანსური ჩავარდნებით გამოიხატებოდა. ბიზნესისკენ მიმავალი გზა მოულოდნელობებითაა სავსე, ეს გზა რთულია, მარტივი არ არის. მე ძლიერი აღმოვჩნდი, არ დავნებდი და გადავლახე. თითოეული მარცხის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მინდოდა წამოდგომა და მე ეს შევძელი, ნამდვილად გამომივიდა. ჩემს თავს ყოველთვის ვამხნევებდი, ვფიქრობდი, არაუშავს, დღეს თუ ასეა ხვალ უკეთესად ვიქნები- მეთქი. მადლობა ღმერთს, იმის უნარ-თვისება აღმომაჩნდა რომ თავი გამემხნევებინა.

ირგვლივ რომ არავის იმედი არ მქონდა და ჩემს თავზე ვიყავი დამოკიდებული, შეიძლება ამანაც დიდი როლი ითამაშა. ასე, ერთმანეთის თანადგომით და გამხნევებით გავიტანეთ თავი მე და ჩემმა მეუღლემ. წამოვდგებოდით ფეხზე, მერე ისევ დავეცემოდით და ასე… ეს სფერო ექსპერიმენტებითაა სავსე. ბიზნესი დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ ამართლებს ეს რისკი, ზოგჯერ არა. შედეგად გზადაგზა იღებ ძალიან ბევრ გაკვეთილს… სწავლობ… ვითარდები…
-რა არის საჭირო წარმატებული ბიზნესისთვის?
-წარმატებული ბიზნესისთვის საჭირო და აუცილებელია მუდმივი შრომა, ადამიანური რესურსი, ენერგია, ინტელექტი, კომუნიკაციის უნარი. ადამიანის ფსიქოლოგიაში კარგად უნდა ერკვეოდე… ამ ყველაფრის ცოდნა კი აუცილებელია ადამიანებთან ურთიერთობის სწორად წარსამართად. როცა მომხმარებელი მოდის შენთან, წამებში, წუთებში უნდა გაუგო, რომ კმაყოფილი წავიდეს.


-მირანდა, თქვენ ხართ ასევე ბიზნესქოუჩი(ბიზნესტრენერი). განგვიმარტეთ რას მოიცავს ბიზნესქოუჩობა და რატომ გადაწყვიტეთ კიდევ ერთ პროფესიას დაუფლებოდით?
– დავიწყებ იქედან, თუ რატომ შევისწავლე ეს პროფესია. 2015 წლიდან თვალს აქტიურად ვადევნებ IBEL აკადემიის ვიდეო ლექციებს, ქალბატონი ინგა გოჩელეიშვილის გამოსვლებს. ზოგადად ფსიქოლოგია ძალიან მომწონდა და ყურადღებით ვაკვირდებოდი შემოთავაზებებს სხვადასხვა შემსწავლელ კურსებზე. როგორც კი ფინანსური კეთილდღეობის სამომხმარებლო კურსის შესახებ დაიდო ინფორმაცია, მომეწონა და ჩავერთე. გავიარე ქალბატონი მაგდა ჯაბუას შექმნილი კურსი-“ფინანსური კეთილდღეობა”, რამაც ფინანსური კუთხით კარგი შედეგი დამადებინა. ცოდნა შემძინა ფინანსებთან დაკავშირებით. იმდენად მომეწონა ეს სფერო, რომ შემდეგ ბიზნესქოუჩინგის კურსიც გავიარე. ბიზნესქოუჩობა მოიცავს წარმატებაზე ორიენტირებას. კონცენტრირებულია მომავალზე. ადამიანებს ეხმარები ბიზნესის დაგეგმვასა თუ წამოწყებაში. ნებისმიერი მიზნის მიღწევაში. ამ კუთხით ძალიან საინტერესო პრაქტიკები გავიარე და მინდა ჩემი ცოდნითა და პირადი გამოცდილებით დავეხმარო ბიზნესმენებს.

-რა მომსახურებას სთავაზობთ?
-მე უნდა მომმართონ იმ ბიზნესმენებმა, ვისაც აკლია მოტივაცია, ვისაც უნდა რომ ჰქონდეს უფრო წარმატებული და დაგეგმარებული ბიზნესი. მათ, ვისაც აქვთ რაიმე კუთხით ჩავარდნები ბიზნესში და სჭირდება სწორი მიმართულებით წარმართვა, მიმართულების მიცემა. ბიზნესქოუჩინგის შედეგად მათ უფრო მეტი წარმატება და წინსვლა ექნებათ თავიანთ საქმეში. მე ვიყენებ არა მხოლოდ ბიზნეს ქოუჩინგის ტექნიკებს, არამედ პირად გამოცდილებასაც. სწორი კითხვების დასმის ხელოვნებით, ბიზნესის განვითარების ხედვას შევუქმნი ნებისმიერ დამწყებ ბიზნესმენს.
-დამწყებ ბიზნესმენებს რა რჩევას მისცემდით?
– დამწყებ და გამოუცდელ ბიზნესმენებს ვურჩევდი, რომ ეცადონ საკუთარი ფული ჩადონ ბიზნესში და თუკი გამოცდილება არ აქვთ არ წამოიწყონ ბიზნესი საბანკო ანგარიშებით, ვალებით და ვალდებულებებით. სწორად გათვალონ, რა არის უფრო მოთხოვნადი, რა უყვარს ხალხს. გადახედონ ბაზარზე ვინ არიან მათი კონკურენტები, ვის უნდა გაუწიონ კონკურენცია და რა სფეროში. თუ სწორად დაგეგმავ ბიზნესს, წაგება არ იქნება. დაიწყონ მცირედით, პატარ-პატარა ნაბიჯებით და შემდეგ გადავიდნენ მასშტაბებზე. და რაც მთავარია, მცირე მარცხზე არ დაყარონ ფარ-ხმალი, ყველაფერი მოგვარებადი და გამოსწორებადია.


-როგორც ფინანსური კეთილდღეობის კურსდამთავრებული, ფულთან დაკავშირებით რა რჩევას მოგვცემდით?
-უნდა ვიცოდეთ ფულის სწორად მართვა, მასთან სწორად ურთიერთობა, ფულის შენახვა. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი გვაქვს შემოსავალი. ჩვენი ნებისმიერი, ყოველდღიური თუ ყოველთვიური შემოსავლის 10 %_ის გადადება აუცილებელია ფინანსური კეთილდღეობისთვის და მომავალში წარმატებისთვის. თუკი გაითვალისწინებთ ამ რჩევას (მიუხედავად იმისა, რომ ზოგს არა აქვს ფულის გადადების ფუფუნება) და ერთხელ მაინც ერთი თვის ან ერთი წლის განმავლობაში, მოსინჯავთ და გადადებთ გარკვეულ თანხას, ეს უკვე გადაგივათ ჩვევაში, რაც შემდეგში ისევ თქვენთვის იმუშავებს. უბრალოდ ნახავთ შედეგით როგორი გაოცებული დარჩებით. როგორ მოიზიდავს თქვენს მიერ გადადებული 10% უფრო მეტ თანხას.

-ფულშია ბედნიერება?
-ფულში არ არის ბედნიერება, მაგრამ ფული არის საჭირო და აუცილებელი ინსტრუმენტი ჩვენი მიზნების მისაღწევად, ბევრი პატარ-პატარა თუ დიდი სურვილების ასასრულებლად. მიზნების მიღწევა და ამ სურვილების ასრულება კი ცხოვრებას ბევრად უფრო ლამაზს ხდის და გვაბედნიერებს.
-როგორ მივაღწიოთ წარმატებას? როგორი უნარ-ჩვევების მქონე ადამიანს ირჩევს წარმატება თავის მეგზურად?
-წარმატების მისაღწევად საჭიროა დავისახოთ პატარა მიზანი და ამ მცირე მიზნების შესრულების შემდეგ ნელ-ნელა გადავიდეთ დიდ და დიად მიზნებზე. წარმატება მოდის პოზიტიურ, ენერგიულ, შრომისმოყვარე და მუდმივად წარმატებაზე ორიენტირებულ ადამიანთან. წარმატებული ვერ გახდება მუდმივად მოწუწუნე ადამიანი, რომელიც ყველაფერში ნეგატივს ხედავს. ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევაში იღბალსაც აქვს რაღაც როლი, მაგრამ საკუთარი იღბალი და საკუთარი ცხოვრების სცენარი ჩვენ თვითონვე უნდა დავწეროთ და ამ სცენარს უნდა მივყვეთ. ამ შემთხვევაში იღბალიც და სამყაროც ხელს მოგვიმართავს და დაგვეხმარება.
-წარმატება ფულით იზომება?
-წარმატებულ ადამიანს ფულის გარდა პირადი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს დალაგებული. როცა პირად ურთიერთობებში ყველაფერი რიგზე გაქვს და სიმშვიდეს განიცდი, ფულიც მოდის და შენს ირგვლივ ყველაფერი ჰარმონიულადაა.

-ბედნიერება და საკუთარ თავთან სრული ჰარმონია როდის მოვიდა თქვენთან წარმატების შემდეგ?
-ბედნიერი იქამდეც ვიყავი, სანამ წარმატებას მივაღწევდი, მაგრამ პატარ-პატარა ნიუანსები მაკლდა სრულ ბედნიერებამდე, რომელიც ახლა უკვე ბოლომდე შევივსე. ერთი წელი დამჭირდა ჩემი პიროვნული ტრანსფორმაციისთვის. გამოცდილებები ბევრი მქონდა, მაგრამ რაღაც რესურსები მაკლდა, რომ ჩემი თავი მწყობრში მომეყვანა. როცა შენს თავთან მართალი ხარ და ჭიდილი არ გაქვს მასთან, ხარ აბსოლუტურად ბედნიერი და როცა ქალი ბედნიერია მის ირგვლივ ყველა და ყველაფერი ხარობს. რაც ქოუჩინგში მოვედი და ჩემს თავში ის ყველაფერი აღმოვაჩინე, რაც მაკლდა და შევივსე. აბსოლუტურად ყველა სეგმენტი და ყველა სფერო დავალაგე. 10 ბალიან შკალაზე თითოეულ სეგმენტს 10 ქულით შევაფასებდი. მადლობა სამყაროს ამ მხარდაჭერისთვის, ამ აღმოჩენებისთვის და ამხელა რესურსისთვის რომ ჩამახედა საკუთარ თავში, მაპოვნინა ძალა და ის ყველაფერი, რაც მჭირდებოდა და მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. დღეს უკვე ბედნიერთან ერთად ვთვლი რომ საკმაოდ წარმატებული ქალიც ვარ.
-ასაკობრივი ზღვარი თუ აქვს წარმატებას. რა ასაკის ადამიანისთვის არის დაგვიანებული წარმატების მიღწევა?
-არა, წარმატებას ასაკობრივი ზღვარი არა აქვს. არასოდესაა გვიან, სწავლა სიკვდილამდეა. ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი სწავლა, განვითარება და წარმატების მიღწევა. რაც მეტი გვეცოდინება და რაც მეტ რამეს შევითავსებთ საუკეთესოზე საუკეთესოა. ჩემთან წარმატება მაშინ მოვიდა, როცა პიროვნული განვითარება დავიწყე და ცნობიერება ავიმაღლე სხვადასხვა კუთხით. ჩავუღრმავდი საკუთარ თავს, პრობლემებს, არასწორ ხედვებს და მოვიშორე ეს ყოველივე ცუდი რაც გამაჩნდა. აი, ამის შემდეგ წამოვიდა წარმატება, როგორც პიროვნული ასპექტით, ასევე ფინანსებით და სხვა ნებისმიერი კუთხით. გავხდი უფრო თავდაჯერებული, მიზანდასახული და მიზანმიმართული. ახლა ზუსტად ვიცი რა მინდა, რატომ მინდა და რაში დამჭირდება ეს ყველაფერი. ჩემს შემთხვევაში, წარმატების მიღწევაში მთავარი როლი ითამაშა იმ გადაწყვეტილებამ, რომ მე შევცვლილიყავი პიროვნული კუთხით და განვვითარებულიყავი.

-სათაკილო სამსახური არსებობს?
-ყველა სამსახური მისაღებია, რაც იმ მომენტში სჭირდება ადამიანს და რაც მისი გადარჩენისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ სამსახურს არ ვთვლი სათაკილოდ. მივესალმები და პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც თავისი შრომით, პატიოსანი გზით მოიპოვებს ლუკმაპურს და ოჯახს არჩენს.

-სასურველ მიზნამდე როგორ მივიდეთ?
– მიზნამდე მისასვლელად არ არის აუცილებელი კლდეებს და მთებს შევეჩეხოთ ხვალიდანვე. პატარ-პატარა და მოზომილი ნაბიჯებით უნდა დავიწყოთ მიზნისკენ სვლა, შემდეგ ეტაპობრივად გადავალთ დიდ ნაბიჯებზე. რაც უფრო მეტ მიზანს მივაღწევთ და მეტად წარმატებულები გავხდებით, ამის შემდეგ ნელ-ნელა თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა მოვა. როცა თავად გჯერა საკუთარი თავის, მერე შენსას ყველა ირწმუნებს.
-რას ეტყოდით (ურჩევდით), იმ იმედგადაწურულ ადამიანებს, რომლებსაც დაყრილი აქვთ ფარ-ხმალი და ჰგონიათ რომ ვერც წარმატებას მიაღწევენ და ვერც ბედნიერები იქნებიან?!
-ნებისმიერ ადამიანს ვურჩევდი, რომ არასოდეს, არცერთ შემთხვევაში არ გადაიწურონ იმედი. მიიღონ მეტი განათლება და იპოვონ განვითარების ძალა საკუთარ თავში. არასოდეს არ მიეცენ სასოწარკვეთას. ჩვენი თავები ჩვენვე უნდა გავამხნევოთ და შემოვუძახოთ, რომ არ არის ცუდად ყოფნის დრო. რაც არ უნდა დაცემულები ვიყოთ წამოვდგებით, ამაში ღმერთი და სამყარო დაგვეხმარება, გვაპოვნინებს ამ ძალას. სიკვდილის გარდა ყველაფერს ეშველება და ყველა სიტუაციაში შეიძლება გამოსავალის პოვნა. ადამიანი თუ მოინდომებს ყველაფერს გააკეთებს, მითუმეტეს ქალში იმდენი ძალა და პოტენციალია. მივესალმები იმას, რომ ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი, რადგან ჩვენც არ მოგვერიდოს ბედნიერი სახეებით სიარული. ამ გაუბედურებულ ქვეყანაში ზოგჯერ უხერხულიც არის როცა გამოდიხარ და ბედნიერებას ასხივებ, ამიტომ ყველა ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს. ადამიანებმა ერთმანეთს ბედნიერი წუთები უნდა გაუზიარონ, ერთმანეთის მიმართ შური და ბოროტება არ უნდა ამოძრავებდეთ. ამიტომ მინდა ირგვლივ ყველა ადამიანი ბედნიერი და წარმატებული იყოს.
-თქვენი ამქვეყნად მოსვლის მისიად რას თვლით?
-ჩემი მისია უპირველესად დედობაა. ჩემი ორი შვილის განვითარება, სწავლა და მათი წარმატებული მომავალი. ისინი აუცილებლად ბედნიერები უნდა იყვნენ და იცოდნენ ბედნიერების ფასი და გემო. ასევე, ჩემი დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო ადამიანებს, მივცე მოტივაცია, მხარი დავუჭირო და დავეხმარო მათ წინსვლასა და წარმატებაში.

მირანდა ხარაბაძეს დაუკავშირდებით ნომერზე: 558 70 55 07

ასევე სოციალურ ქსელებში “ფეისბუქი” და “ინსტაგრამი” :

https://www.facebook.com/miranda.xarabadze.9

https://www.instagram.com/mirandaxarabadzee/

ავტორი: ნინო გონგაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment