fbpx

სარა ბერნარი – მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი მსახიობი ქალის ცხოვრების უცნაური დეტალები

ავტორი ნინო გონგაძე
379 ნახვა
0 კომენტარი
1

“მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი მსახიობი ქალი”- ასე მოიხსენიებენ დღემდე თეატრის ფრანგ მსახიობს- სარა ბერნარს. სარამ სახელი 1870 – იან წლებში ევროპის სხვადასხვა თეატრებში თამაშით გაითქვა. წარმატება და აღიარება საკმაოდ სწრაფად მოიპოვა. მასზე მოთხოვნა არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში, არამედ ამერიკაშიც გაჩნდა. სარამ სერიოზული დრამატული მსახიობის რეპუტაცია შეიქმნა, რამაც მას მომავალში ზედმეტსახელი “ღვთაებრივი სარა” შესძინა, ასე მოიხსენიებდნენ მას თეატრალურ სამყაროში.

სარა ბერნარი 1844 წლის 22 ოქტომბერს პარიზში დაიბადა. დედა კურტიზანი ჰყავდა და ქალიშვილსაც ამ პროფესიისთვის ამზადებდა, თუმცა გოგონამ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კურტიზანობა მაშინ საკმაოდ შემოსავლიან საქმიანობად ითვლებოდა.

პატარა სარას ექიმებმა იმ დროისათვის განუკურნელი სენის- ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. სწორედ მაშინ აყიდინა სარამ დედას წითელი, ლამაზი კუბო, რათა გარდაცვალების შემდეგ მახინჯ ოთხ ფიცარში არ ჩაეწვინათ. ეს კუბო მსახიობს წლების განმავლობაში სახლში ედგა. ამბობდა, რომ მასში საკმაოდ კომფორტულად იძინებდა. ზოგ როლს კუბოში ჩაწოლილი სწავლობდა და ფოტოგრაფებისთვისაც პოზირებდა. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ამბობენ, რომ სარას კუბოში სექსიც კი ჰქონდა სხვადასხვა მამაკაცთან.

სარა მაშინ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, მაგრამ მოხუცებულობაში, როგორც კი სიკვდილის მოახლოება იგრძნო, უარი თქვა ახალგაზრდობის ახირებაზე, მას კუბოს ხსენებაც კი ჰზარავდა.

ბერნარს კარიერის დასაწყისში სცენაზე გასვლის პანიკური შიში ჰქონდა, მაგრამ იმდენად მიზანდასახული და მოტივირებული იყო რომ დიდი მსახიობი გამხდარიყო ეს შიში დასძლია და იქცა კიდეც უდიდეს მსახიობ ქალად.
გოგონას ბედი დედის მომდევნო საყვარელმა გადაწყვიტა, როდესაც გრაფმა დე მორნიმ სარა კონსერვატორიაში გაგზავნა. ასე გამოჩნდა “იატაკის ჯოხი” (სარა ბერნარის მეტსახელი) ხალხში.
“ის ზედმეტად გამხდარია, რომ მსახიობი გახდეს”, – უთქვამს თეატრის დირექტორს. მაგრამ ამ შეფასების მიუხედავად სარა მიიღეს და 18 წლის ასაკში, როსინის ტრაგედიაში “იფიგენია ავლისში” ითამაშა.

“როცა ფარდა ნელ-ნელა გადაიწია მეგონა გული წამივიდოდა”- იხსენებდა შემდეგ მსახიობი. კრიტიკოსები კი ამბობდნენ, რამდენადაც ლამაზი იყო, იმდენად არამეტყველი იყოო. ყველა მხოლოდ მისი ლამაზი ოქროსფერი თმით მოიხიბლა. დებიუტანტი მსახიობის მტკიცე ხასიათი ამან ვერ გატეხა. რადაც არ უნდა დამიჯდეს საწადელს მაინც მივაღწევო ამბობდა.

ცნობილია, რომ იგი სპექტაკლში მონაწილეობისთვის ხელფასს ოქროს მონეტების სახით ითხოვდა. მსახიობს ბრილიანტები და ძვირფასეულობა უზომოდ უყვარდა. თავის დანაზოგს ყოველთვის პორტფელით დაატარებდა, ამიტომ მძარცველებისგან თავის დაცვის მიზნით, პორტფელში პისტოლეტიც ედო. თან საკუთარ თავს დასცინოდა: ადამიანი ისეთი უცნაური არსებაა, რომ ეს პატარა უაზრო ნივთი საიმედო დამცველად მიაჩნიაო. როლების მომრავლებასთან ერთად მისი გასამრჯელოც იზრდებოდა და რადგან ის ბანკებს სრულ უნდობლობას უცხადებდა, ამიტომ ფულს თავისი საწოლის ქვეშ ზარდახშაში ინახავდა.
საინტერესო ფაქტია ის, რომ ძალიან ცოტაა ისეთი მსახიობი, რომელმაც იმდენი მამაკაცის როლი შეასრულა, რამდენიც სარა ბერნარმა. ჰამლეტის როლით მან კონსტანტინ სტანისლავსკიც კი გააოცა. რეჟისორი მას ტექნიკური სრულყოფილების მაგალითად თვლიდა: “ლამაზი ხმა, დახვეწილი დიქცია, პლასტიკა, მხატვრული გემოვნება.” სარამ სამოცდაათი წლის ასაკში ცამეტი წლის ჯულიეტას როლიც კი მოირგო. დემონ როსტანის გმირული დრამის პრემიერაზე 1900 წელს ბისზე ოცდაათჯერ გამოიძახეს.

“მადამ, მომაჯადოებელი იყავით, ბებერი მეომარიც კი ამაღელვეთ. ვიტირე… ახლა იმ ცრემლს გჩუქნით, რომელიც ჩემი გულიდან ამოწურეთ და თქვენს წინაშე მუხლს ვიყრი”. ეს წერილი მსახიობს ვიქტორ ჰიუგომ გაუგზავნა.

ამერიკაში ბერნარის ვიზიტზე ასეთი რამ დაუწერიათ: “დაწყევლილი გველის, ფრანგული ბაბილონის ნაშიერის შემოსევა, რომელიც ამერიკის სუფთა ზნეობის წიაღში საწამლავის ჩასხმას აპირებსო.” თუმცა იყო ასეთი წერილებიც: “ამა სოფლის ძლიერებმა ეს ზღაპრული პრინცესა ისეთი პატივით შეამკეს, როგორიც თავად მიქელანჯელოსა და ბეთჰოვენს არ ღირსებიათო.”

ერთობ უცნაური და ეპატაჟური თვისებებით დაჯილდოვებულ მსახიობს “ეპატაჟის დედოფალსაც” ეძახდნენ. გიჟდებოდა ეპატაჟსა და სკანდალებზე. სარას ხშირად ჟანა დ’არკს ადარებდნენ. ჯადოქრად თვლიდნენ. თვითმხილველები ირწმუნებიან რომ მას ფეხზე მდგომსაც შეეძლო დაძინება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ფეხზე მდგომ ბერნარს საუბრის დროს თხუთმეტი წუთის მანძილზეც კი ჩასთვლემია.

“ძალიან მიყვარს, როცა მომინახულებენ ხოლმე, მაგრამ მძულს სტუმრად სიარული. ვგიჟდები წერილების მიღებაზე, მათ კითხვაზე, მაგრამ პასუხის გაცემა არ მიყვარს. სხვისთვის რჩევის თქმა მომწონს, მაგრამ მე რომ მირჩევენ – არა”.
მსახიობი ოფიციალურ ქორწინებაში ორჯერ იყო. მისი მთავარი ვნება მაინც თეატრი იყო, თეატრით ცხოვრობდა და სუნთქავდა. პრინციპულად არ სურდა, სხვების სათამაშოდ ქცეულიყო. თუმცა თავისი მრავალფეროვანი ცხოვრების მანძილზე უამრავი თაყვანისმცემელი და საყვარელი ჰყავდა. ამ საკითხზე მისი პირადი ბიოგრაფისა და სარას მსგავსი სახის დიალოგიც კი არსებობს:
“-იცით თუ არა ქალბატონო რომ ისტორიაში ყველაზე დიდ მექალთანედ კაზანოვას მიიჩნევენ? მას დაახლოებით 133 საყვარელი ქალი ჰყავდა.
მსახიობს ბიოგრაფისთვის მრავლისმთქმელად გაუღიმია და უთქვამს:
-ძალიან სამწუხაროა, რომ კაზანოვამ სრულად ვერ გამოსცადა ჭეშმარიტი სიყვარულისგან მიღებული სიხარული. თუ მახსოვრობა არ მღალატობს, ჩემი ცხოვრების მანძილზე 1003 საყვარელი მამაკაცი მყავდა. არა, არა, მაპატიეთ, ძვირფასო, ბევრად უფრო მეტი.”

სარა ბერნარი 1923 წლის 26 მარტს, სამოცდათვრამეტი წლის ასაკში, მის მშობლიურ ქალაქში პარიზში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ექვსი ყველაზე ლამაზი მსახიობი გოგონა შეარჩია, რომლებიც მის კუბოს უნდა გაჰყოლოდნენ უკანასკნელ გზაზე. ამ დიდ ფრანგ მსახიობთან გამოსამშვიდობებლად უამრავი ადამიანი გამოვიდა პარიზის ქუჩებში. სარას სახლიდან სასაფლაომდე კი გზა მისი საყვარელი ყვავილებით- ულამაზესი კამელიებით იყო მორთული.

მსახიობმა დატოვა ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ორმაგი ცხოვრება”, მაგრამ ბევრი რამ დამალა, ბოლომდე არ თქვა. განსაკუთრებით კი პირადი ცხოვრების აფიშირებას მოერიდა.

ფრანგი მსახიობის გარდაცვალებას გალაკტიონ ტაბიძემ შემდეგი ლექსი მიუძღვნა:

გარდაიცვალა სარა ბერნარი

მასზე ჭორებმა დაღალა გონი,
თეატრს სცდებოდა გულის ნადები
პალატას აქეთ – фოჲე, სალონი
და პალატაში დეპუტატები.

ათასნაირი მითების ტუბო –
ის, უცნაური ბედის საცოლე,
რომ ყვავილებით მორთული კუბო
მისთვის რჩეული არის საწოლი.

უყვარდა ბევრი.. ამბავთა მფენი
და ლაზღანდარათ გულის წამალი,
წინად უყვარდა დენდი რიშპენი,
ეხლა არტისტი უყვარს ლამალი.

აჰ, გრიმი, გრიმი! მაგრამ აქ პოებს
მოგონებათა ბედნიერებით,
რომ ბავშობაში, სადღაც, ლევკოებს
მზის ჩასვლა მოსავს მკრთალი ფერებით.

შემდეგ მიმიკა! მაგრამ ოცნება
მიქრის იქ, სადაც მონასტერია,
არ იშლებიან იქ კოცონები,
იქ არც ქალაქის ფილისტერია.

მაგრამ, იწყება. ასწიეს ფარდა: –
მის წინ კარპიის არის ცხედარი,
ქალის თვალებში იშლება ვარდი,
გრძნობათა ცეცხლი გაუბედარი.

იდგა მუხლმოყრით და ცრემლებს ღვრიდა,
სასოწარკვეთა და გრძნობა ძველი.
იყო ოცნება – ხან მარგარიტა,
ხან კლეოპატრა, ნილოსის გველი.

რა ფერებია. – გრძნობათ სეირად
და ისე, როგორც მწვანე სურათებს
ხატავს დჟორდანო და რიბეირა
მწვანე ფერების კორიანტელი.

შიპრის სურნელი; იები პარმის.
თითქო ათასი არის ზმანება –
მოეფინება ოცნება დარბაზს
და ოვაციის ატორტმანება.

აჰ, გრიმი, გრიმი! ლევკოებს ისე
აღარ აღელვებს გრძნობათა ქარი –
იქნება მშვიდი ნინო ჩხეიძე,
თუ ანთებული სარა ბერნარი.

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი