1. თუ მარცხდები, შეეცადე ისე დამარცხდე, რომ გამარჯვებულმა ღირსეულ მეტოქედ ჩაგთვალოს.
2. თუ შენი საქმის ღირსეული გამგრძელებელი გყავს, სიკვდილის ნუ გეშინია.
3. სინდისიერ კაცში სხვა დადებით თვისებებს ნუღარ ეძებ.
4. სიმართლის მთქმელი ღმერთის გარდა არავის უყვარს.
5. რომელ ქვეყანაშიც ჩახვალ, იმ ენაზე პირველად სიტყვა „მადლობა“ უნდა ისწავლო.
6. თუ მასწავლებელი სანთელივით არ იწვის, მოსწავლეს გზას ვერ გაუნათებს.
7. ვიდრე გიყვარს, ახალგაზრდა ხარ.
8. მგალობელი ჩიტი მტაცებელი ვერ გახდება.
9. ყვავილი სურნელით გიზიდავს, ქალი – ხასიათით.
10. თუ დღევანდელ საქმეს მომავლისთვის სასიკეთოდ ვერ მოიაზრებ, უმჯობესია, არ გააკეთო.
11. შენდამი მოქცევის მიხედვით კაცს ნუ შეაფასებ, დააკვირდი, როგორ ექცევა იგი სხვებს.
12. სახელმწიფო ღვინით სავსე კასრს ჰგავს, თუ გადააბრუნებ, თხლე თავზე მოექცევა და აიმღვრევა.
13. მტრის მოყვარედ ქცევა ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
14. ვინც დიდ საქმეს აკეთებს, სიკვდილის შიში არა აქვს, უბრალოდ, ამისთვის არ სცალია.
15. დედმამიშვილი მშობლების საჩუქარია, მეგობარი – ღმერთის.
16. თუ გინდა, საქმე კარგად გამოგივიდეს, ცხოვრებით არ უნდა დატკბე, ცხოვრებას უნდა ებრძოლო.
17. შენი ყველაზე დიდი ტიტული შენი სახელი და გვარია!
18. ჩემი პანთეონი იქ არის, სადაც ჩემი წინაპრები წვანან.
19. როცა შენი ქმნილება საყოველთაო საკუთრებად იქცევა, სასუფევლის კარს ღმერთი თვითონ გაგიღებს.
ანზორ ერქომაიშვილი