რა პროდუქტების მიღება არის დასაშვები ყავის დალევის დროს და პირიქით, რა ვნებს ორგანიზმს?
რამდენი ფინჯანი ყავა უნდა მივიღოთ დღე-ღამის განმავლობაში?
რატომ არის ყოველდღიურად კოფეინის მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი?
ამ კითხვებზე ენდოკრინოლოგი და დიეტოლოგი ლაშა უჩავა გვპასუხებს.
ლაშა უჩავა: ყავა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია ჩვენი ორგანიზმისთვის, იქედან გამომდინარე რომ შეიცავს კოფეინს, რომლის მიღებაც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია.
კოფეინი ჩვენს ორგანიზმში მეტაბოლიზმის სიჩქარის ნორმალურ მდგომარეობას უზრუნველყოფს, გარდა ამისა გულის კუნთის გამართულ მუშაობაზე არის პასუხისმგებელი .

ზომიერების ფარგლებში ყავას დადებითი ეფექტი აქვს, როგორც გულსისხლძარღვთა სისტემაზე, ასევე მეტაბოლიზმის სიჩქარეზე. ბევრი კვლევაცაა ჩატარებული, იმასთან დაკავშირებით, რომ ყავის მიღება დაახლოებით 30 %-ით აჩქარბს ჩვენი მეტაბოლიზმის სიჩქარეს, რაც თავის მხრივ წონის პრობლემების დროს წონის კორექციასაც უწყობს ხელს.
– საზიანოა თუ არა დიდი რაოდენობით ყავის მიღება ?
– რა, თქმა უნდა საზიანოა და უარყოფითად აისახება ჩვენს ორგანიზმზე. გადაჭარბებული რაოდენობით ყავის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნერვიული სისტემის აღზნებადობა, ღამის ძილის პროცესების დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, ამიტომ როგორც ყველაფერს ყავასაც სჭირდება ზომიერება.
– რამდენი ფინჯანი ყავა იგულისხმება ზომიერებაში?
– ზომიერება გახლავთ 270 -დან 350 მგ კოფეინი, რაც დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 3-4 ფინჯანი ყავაა, ესეც იმის მიხედვით, თუ რა კონცენტრაციით შედის მასში კოფეინი.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ რა ტიპის არის ყავა, ასევე როგორ არის მოწოდებული მომხმარებლისთვის, როგორია მისი ხარისხი. ყავის გარკვეული ტიპები, სხვადასხვანაირად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.
ჩვენ ვიცით, რომ ბაზარზე არსებობს ე. წ დაფქვილი ყავა, ხსნადი ყავა და ასევე აპარატის გაფილტრული ყავა, რომელს ვღებულობთ ამათგან, იმის მიხედვით განისაზღვრება მისი დოზირება.
რა, თქმა უნდა გაფილტრული ყავა ბევრად უფრო სასარგებლოა, მაგრამ მისი მიღება ბევრად უფრო მცირე ულუფით უნდა მოხდეს და ეს შეიძლება იყოს ორი ფინჯანი. ხსნადი ყავის დიდი რაოდენობით მიღება საზიანოა ჩვენი ჯანმთელობისთვის, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, ვინაიდან ის მოქმედებს გარკვეულწილად პოტენციაზე და ამიტომ დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ფინჯანია სასურველი, მაგრამ ჩვენ ხსნადი ყავის ერთი ლამბაქით ვერ ვღებულობთ იმ რაოდენობით კოფეინს, რა რაოდენობაც ესაჭიროება ჩვენს ორგანიზმს… რაც შეეხება თურქულ ყავას, ანუ ნალექიან ყავას, მისი მიღება 2-3 ფინჯანია დღე-ღამის განმავლობაში დასაშვები.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღის მეორე ნახევარში, სასურველია ყოველთვის მივიღოთ ბევრად უფრო განზავებული ყავა, ვიდრე დღის პირველ ნახევარში, რომ ძილის დროს ნერვიული სისტემის ამპლიტუდის მატებამ არ შეგვიშალოს ხელი, დილით არ გამოვიღვიძოთ დაღლილმა და ჩვენმა ორგანიზმა ძილის პროცესი წარმართოს ადეკვატურად.
– რა პროდუქტებთან ერთად არის რეკომენდირებული ყავის მიღება და რით უნდა იყოს განზავებული?
– შეგვიძლია რძით, ვინაიდან დიდი რაოდენობით კოფეინი არის შარდმდენი ეფექტის მქონე და აქედან გამომდინარე ახდეს გარკვეული მიკროელემენტების დანაკარგს, მათ შორის კალციუმისაც, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ძვლოვანი სტრუქტურის სიმყიფისთვის, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ყავასთან ერთად გამოვიყენოთ რძე და შევავსოთ კალციუმის დონე ჩვენს ორგანიზმში, რომ ყავამ არ იმოქმედოს ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე.
გამოიყენება წყალიც იმ სითხის შესავსებად, რომლის გამოდევნასაც ორგანიზმიდან კოფეინი იწვევს და წყალი ასევე კარგია, იმისთვის, რომ არ განვითარდეს ტაქიკარდია.
ასევე სასურველია ყავასთან ერთად მივიღოთ ლეღვის, ან შავი ქლიავის ჩირი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს.
არ არის რეკომენდირებული ტკბილ პროდუქრტებთან ერთად ყავის მიღება, ვინაიდან მაღალი გლუკოზა და კოფეინი ერთდროულად კიდევ უფრო მეტ მინერალურ კომპონენტს გამოყოფს ჩვენი ორგანიზმიდან, ამიტომ სასურველია არ გამოვიყენოთ რაფინირებული შაქარი და გამოვიყენოთ ბუნებრივი დამატკბობლები, არ არის რეკომენდირებული ასევე შოკოლადთან ერთად მისი მიღება ვინაიდან შოკოლადიც და ყავაც ორივე ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავენ კოფეინს და შესაძლებელია მოხდეს ისეთი სიმპტომატიკა, როგორიც არის გულის რიტმის დარღვევა, ტაქიკარდია, რაც უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.
ასე რომ უმჯობესია, ყავა მივირთვათ შაქრის გარეშე, სასურველია რძის პროდუქტებთან ერთად და გამოვიყენოთ ბუნებრივი დამატკბობლები, მაგალითად თაფლი და ნებისმიერი სხვა ხილის ჩირი.