fbpx

შვილის ინსპირაციით შექმნილი თოჯინების ხაზი – ფასკუნჯი

ავტორი ნინო გონგაძე
1.1K ნახვა

ხუთი წელია, რაც მარჯვე ხელების დამსახურებით, ეს ფერადი, ხუჭუჭა და ჭორფლიანი თოჯინები მოევლინნენ სამყაროს. მათი კეთილი და ღიმილიანი სახეები არამარტო ბავშვებს, არამედ დიდებსაც აჯადოვებს. ამ საყვარელი, ხელნაკეთი თოჯინების ავტორი და სულის ჩამდგმელი გახლავთ ქეთი შუბითიძე, ხოლო მისი ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ ამ ფეისბუქ გვერდზე –

ფასკუნჯი-ხელნაკეთი აქსესუარები

ქეთი შუბითიძე: ძალიან მიყვარს თოჯინები და მათთან ურთიერთობა. კეთებაც ბავშვობიდან დავიწყე. თავიდან უფრო კარიკატურული ხასიათის იყო ჩემი თოჯინები, ძალიან სასაცილოებს ვაკეთებდი, ვამსგავსებდი მეგობრებს და ასე ვამხიარულებდი ან ვაბრაზებდი მათ.

ბოლო ხუთი წელია, რაც სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმიანობას და დავიწყე ხუჭუჭა თოჯინების კეთება. ჩემი ინსპირაცია ჩემი პატარა გოგო გახდა, რომელიც ზუსტად ასეთი ხუჭუჭა და გაპუწული დაიბადა, რის გამოც ფასკუნჯს ვეძახდი. შემდეგ გამიჩნდა იდეა რომ ჩემი თოჯინების ხაზისთვის სწორედ ფასკუნჯი დამერქმია. მათ ზუსტად ისეთი ხასიათი აქვთ როგორიც ჩემს გოგონას, ზოგჯერ გაბუტულები არიან, ზოგჯერ გახარებულები და ზოგჯერ ჭორიკნები. ყველა თოჯინა განსხვავებულია, ძირითადად ყველა კეთილია და იღიმის. ყოველდღე სხვადასხვა ხასიათი აქვთ. არის თოჯინა, რომელიც ერთ დღეს მიღიმის და მეორე დღეს იგივე თოჯინა მებუტება. საერთოდ, ძალიან მომწონს ხუჭუჭა და ჭორფლიანი ადამიანები. ვთვლი რომ ძალიან ლამაზები არიან. ზოგადად ჭორფლები და ფერადი თმები უფრო მეტ ხასიათს სძენს ადამიანს და თოჯინასაც. ამიტომ ჩემი აბსოლუტურად ყველა თოჯინაც ჭორფლიანია.
-თქვენს გოგონას მოსწონს მისი ინსპირაციით შექმნილი თოჯინები? თამაშობს?
-კი, ძალიან მოსწონს, თამაშობს და ვარცხნილობებსაც უკეთებს. მაკრატლით მიადგება და თმას კრეჭს. ამის გამო მაკრატლის დამალვა მიწევს ხოლმე. სხვათაშორის მათზე ეჭვიანობს კიდეც, მე რატომ არ მაქვს ასეთი კაბებიო.
-როგორია და რამდენად შრომატევადია თოჯინების დამზადების პროცესი, რომელიც ბევრი პატარა დეტალისგან შედგება?!

-მუშაობის პროცესი ძალიან შრომატევადია, ბევრი დეტალი და წვრილმანია ერთმანეთთან დასაკავშირებელი. ბევრ მასალას ვიყენებ, რაზეც ხელი მიმიწვდება- თიხა, მერინისი, საქსოვი ძაფები, სხვადასხვა ქსოვილები, ბისერები, ბრჭყვიალა მოსართავები, საღებავები. როცა მუშაობას ვიწყებ წინასწარ არასოდეს ვიცი როგორი გამოვა ჩემი თოჯინა, ეს მაინც უფრო განწყობაზეა დამოკიდებული და იმ მასალაზე, რაც მაგიდაზე მიდევს. სირთულის მიუხედავად, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თოჯინებზე მუშაობა, მე ვთვლი, რომ ეს არის ერთგვარი თერაპია. ამ დროს ადამიანი მხოლოდ კარგზე და სიკეთეზე ფიქრობ, სხვანაირად შეუძლებელია.
-ქეთი, ისე ახასიათებთ და გიყვართ თქვენი პატარა ფასკუნჯები, ხომ არ გენანებათ მათი გაყიდვა ბოლოს?
-არა, არ მენანება პოზიტივის გაცემა. პირიქით, მახარებს ჩემი ნამუშევრების სხვასთან გაზიარების და გახარების ფაქტი. მე ვთვლი, რომ ხელოვანი არ უნდა იყოს ჩაკეტილი და მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ უნდა ქმნიდეს. მე როგორც შემიძლია ვცდილობ რომ ჩემი თოჯინები საზოგადოებას გავაცნო. რამოდენიმე გამოფენაში მონაწილებაც მაქვს მიღებული.

-თქვენი თოჯინები უფრო დიდებზე არის გათვლილი თუ ბავშვებზე?
-ორივესთვის. დიდები მათში თავის ბავშვობას ხედავენ, პატარებს კი ისინი უბრალოდ ართობთ. ჩემი თოჯინები ყველა კეთილი და მხიარულია, როგორც ბავშვები. დადებით და ხალისიან ენერგიას გადავცემ ამით ადამიანებს.
-მაინც რითი არის გამორჩეული თქვენი ხელნაკეთი თოჯინები?
-ჩემს თოჯინებს თავიანთი ხასიათი და ემოცია აქვთ. არ არიან გაშეშებულები. თითქოს გისმენენ და შეგიძლია ესაუბრო, საიდუმლოც უთხრა, რომელსაც არავის არასდროს ეტყვიან. საუკეთესო მსმენელები და მესაიდუმლეები არიან.
-ქეთი, მოტივაციას რა გაძლევთ?
-ის, რომ პოზიტივი გადავცე სხვებსაც. ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, ვისაც ჩემი თოჯინები მოსწონს, ეს ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი კეთილი პატარა არსება შევქმნა.

ავტორი: ნინო გონგაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment