fbpx

ქართველი ქოუჩის ბელგიური ახალი წელი

ავტორი ნინო გონგაძე
197 ნახვა

ბავშვივით უხარია და უყვარს ახალი წლის დღესასწაული, თავისი ტრადიციებითა და რიტუალებით. ოცდასამი წელია ბელგიაში ცხოვრობს, მაგრამ ყოველ ახალ წელს ქართული სულით, სუფრითა და ბელგიელი მეკვლით ხვდება. ამბობს, რომ არ არსებობს სურვილი, რომელსაც ჩაიფიქრებს და არ აუხდება. დიდი მადლიერებით აცილებს მიმდინარე წელს, რომელმაც ყველა ჩანაფიქრი და მიზანი აუსრულა. ეს მარინა კვატაია გახლავთ, ქოუჩი და კუნდალინი იოგის ინტსტრუქტორი.

მარინა კვატაია: ახალი წელი ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, იმიტომ რომ ყოველ ახალ წელს ვიწყებ ახალ ათვლას. 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე მე ვმუშაობ დასახული მიზნების განხორციელებისთვის. 15 დეკემბრიდან ვიწყებ იმის ჩამოწერას, რისი მიღწევაც მინდა მომდევნო წლის განმავლობაში, 31- ში ვაკეთებ ანალიზს, რას მივაღწიე და ამის მერე უკვე ვგეგმავ ახალ წელს. ამ დღეს ყოველთვის მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ. მონაცვლეობით დავდივართ ერთმანეთთან სტუმრად.

– რითი განსხვავდება ბელგიური და ქართული ახალი წელი?

-ბელგიაში უკვე დეკემბრის დასაწყისიდან იწყება ქუჩების და სახლების მორთვა ნათურებით. ყველა სახლზე ლამაზი შუქები ანთია. ადამიანები ერთმანეთს უნათებენ გზას. იყავი სინათლე და გაუნათე სხვას გზა, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. რაც შეეხება განსხვავებას, საქართველოში შობას და ახალ წელს ერთად აღვნიშნავთ, ამ ორ დღესასწაულს ვაერთიანებთ, აქ კი, განცალკევებულია. ბელგიაში უფრო შობას აღნიშნავენ. ეს არის დღესასწაული, რომელსაც ძალიან ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ხვდებიან. ახალი წელი უფრო ქეიფის და გართობისაა. მიდიან დისკოთეკაზე და სხვადასხვა ადგილებში.

-რა საახალწლო ტრადიცია გაქვთ?

-31 ში სანამ მეგობრები მოვლენ სტუმრად, ოჯახის წევრები ერთმანეთს ვჩუქნით საჩუქრებს. შემდეგ აუცილებლად ვჯდები მაგიდასთან და ვწერ ჩემს გეგმებს რას ვაპირებ და სურვილებს, რაც მინდა რომ მომავალ წელს ასრულდეს. რაც შეეხება 12 საათზე სურვილის ჩაფიქრებას, ყოველთვის მავიწყდება. ზოგადად მჯერა სურვილების ახდენის, მგონი ჩემსავით არავის სჯერა, რომ რასაც ჩავიფიქრებ ის აუცილებლად ასრულდება, თუკი ის ჩემთვის საჭირო არის. მაგრამ ახალი წლის ღამე განსაკუთრებით ჯადოსნური არის ჩემთვის, რადგან ამ დროს, ერთდროულად მსოფლიოში უამრავი ადამიანი იფიქრებს სურვილს. ამდენი ადამიანის ენერგეტიკა და ერთად შეკვრა, სურვილის ჩაფიქრების პროცესს ხდის უფრო ლამაზს და ჯადოსნურს.

-გყავთ თუ არა მეკვლე და გჯერათ თუ არა რომ ერთი ადამიანის ფეხზეა დამოკიდებული ოჯახის ბედი მთელი წლის განმავლობაში?

-რა, თქმა უნდა მჯერა, მეკვლე ბარბარობასაც მყავს, ჩვენი ბელგიელი მეგობარი კრის დელდი, რომელიც უკვე მეცხრე წელია პირნათლად ასრულებს თავის მოვალებას და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს. ალბათ ხუთი კილოგრამი კანფეტი მოაქვს. პირველ წელს ბრინჯი შემოყარა, მერე ერთი კვირა ვწმენდდით ამ ბრინჯს, ვერ გამოვლიეთ, ამის შემდეგ კანფეტებით მოდის. ვასწავლეთ ქართული სიტყვები – ბარაქა, ჯანმრთელობა, შემოვდგი მარჯვენა ფეხი… ისე სასაცილოდ ამბობს… კრისი ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს.

-რაიმე რიტუალი თუ გაქვთ ახალი წლის ღამეს?

-ჩემი რიტუალი ასეთია, – ჩავრთავ საახალწლო მუსიკას, ავანთებ სანთელს და ვცდილობ ჩამოვწერო სურვილები ექვსი საყრდენის მიხედვით, ეს არის- ფიზიკური სხეული, სულიერება, კარიერა, პიროვნული ზრდა, შინაგანი მდგომარეობა და გარემოცვა. ამის შემდეგ უკვე ისევ საახალწლო მუსიკის ან საახალწლო ფილმის ფონზე ვიწყებ სადღესასაწაულო კერძების მომზადებას.

-რა უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე აუცილებლად?

-სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს საცივი, ხაჭაპური და ჩემი გამომცხვარი “ზღაპარი”. ბელგიაში ახალი წლის მთავარი კერძი შემწვარი ინდაურია. იანვრის პირველი 15 დღე ეს არის პერიოდი, როცა მე ვტრიალებ სამზარეულოში და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ჩემი ოჯახის წევრები გავანებივრო. არ დავიტრაბახებ, მაგრამ რასაც ვაკეთებ ყველაფერი კარგი გამომდის, უბრალოდ დიდად არ მიყვარს საჭმელების კეთება. ყველა ჩემს ბელგიელ მეგობარს მოსწონს ქართული კერძები, წინასწარ მეკითხებიან, ხინკალი, ხაჭაპური და ბაჟე ხომ გექნებაო.

-ყველაზე მეტად რა გიყვართ საახალწლო სამზადისიდან?

-ყველაფერი მიყვარს ნაძვის ხის მორთვიდან დაწყებული, ყოველთვის მაქვს ახალი სათამაშოები, მაქსიმუმ 2-3 წელი დავკიდო ერთი და იგივე სათამაშო. მიყვარს თუნდაც საჩუქრების შეფუთვა. ეს არის წელიწადში ერთადერთი პერიოდი როცა სამზარეულოში ტრიალიც კი მიყვარს. ბავშვივით მიხარია და მიყვარს ახალი წლის მოსვლა.

-რითი იყო ეს წელი თქვენთვის გამორჩეული?

-მქონდა ერთწლიანი პროექტი კუნდალინი იოგის, რომელშიც ორასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ამ პროექტით არაჩვეულებრივი შედეგი მივიღეთ. სხვათაშორის, ადრე რაც ჩავიფიქრე ყველაფერი წელს ამისრულდა, შევძელი რომ კუნდალინი იოგის ახალი მასწავლებლები აღმეზარდა. ასევე ჩემი დიდი მიზანი იყო რომ ამეშენებინა ახალი სახლი და გადავსულიყავი. საოცარი წელი იყო ჩემთვის და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ წლის.

-მარინა, როგორც ცნობილი ქოუჩი, რას გვირჩევთ, რა გავითვალისწინოთ საახალწლოთ?

-მართეთ თქვენი ემოციები. შეეცადეთ რომ საუკეთესო ემოციებით შეხვდეთ ახალ წელს, თუნდაც ის 10-15 წუთი, სანამ ეს პროცესი გრძელდება, გქონდეთ ჯადოსნური შეგრძნება, რომ შემდეგ ეს ენერგეტიკა გაგყვეთ მთელი წელი. “ჟოლოს” მკითხველს კი მომავალ წელს ბევრ საინტერესო სტატიას, პროფესიონალი ადამიანების გაცნობას, წარმატებას, ბედნიერებას და საკუთარ თავთან ჰარმონიას ვუსურვებ.

ავტორი: ნინო გონგაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment