სიკეთის ბიჭი, ასე ეძახდნენ და ასე შემორჩება ბოლომდე ყველა იმ ადამიანის ცხოვრებას და გონებას, ვინც ლაშას იცნობდა…
ლაშა სულ რაღაც 40 წლის იყო, თუმცა მისი სიკეთეები იმდენად დიდი და ბევრია, უცნაურია როგორ მოასწრო ამდენი… მეგობრის შვილები უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ, ემშვიდობებოდნენ და მადლობას უხდიდნენ დახმარებისთვის, სიყვარულისთვის, თანადგომისთვის…პაწია თითისტოლა ბავშვები…
2023 წლის 2 მარტს დასრულდა მისი სიცოცხლე. დასრულდა უცნაურად, ისე უცნაურად როგორიც თვითონ იყო. დედამიწა ზეციურ ანგელოზებს ვერ იტევს და ჩუმად და უხმაუროდ გადადიან სხვა განზომილებაში… ასე ჩუმად გადაწყვიტა ლაშამაც ცად გაფრენა, მერე დაიწყო ხმაური, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც კი ერთხელ უნახავს სიკეთის ბიჭი, ეს იყო ტრაგედია… და ამ ტრაგედიით, მძიმე მხრებით და სიცარიელეებით გრძელდება ცხოვრება… აუტანელი დღეების ატანა, ყოფნა და თითქოს არ ყოფნაც… პანაშვიდი, მერე დაკრძალვა, სიზმრიდან არ გასვლის ილუზია… ლაშა საფრანგეთში დავკრძალეთ, შვილებთან ახლოს რომ ყოფილიყო…
როგორი უცნაურია ეს ცხოვრება… ორი შვილი დარჩა, ლიზი დიდი გოგოა, მამას სორბონელიო ასე ამაყობდა. ლაშა-გიორგი ჯერ მხოლოდ 7 წლისაა… ვსაუბრობ ლაშაზე, ვყვები ამბებს და ეს წარსული დრო ისე აუტანელია, რადგან ლაშა იყო, არის და სულ იქნება. ლაშა იყო ადამიანი, სიკეთის, სიყვარულის, საუკეთესო მამა, მეგობარი, ერთგული და უღალატო. ძალიან რთულია ამ სამყაროში ადამიანი იყო და ადამიანად დარჩე… სიკვდილიც საოცნებოა ისეთი, როცა კვდები და სულ ცოცხალი რჩები… ტიროდნენ მოხუცები, ბავშვები, უცხოელები… მსგავსი დარძალვა ფრანგებს ვგონებ არასდროს უნახავთ, ვინ იყო ეს კაციო კითხვებს სვამდნენ გამუდმებით…
ვინ იყო ლაშიკო?
დედამიწაზე სტუმრად მოსული კეთილი ანგელოზი, რომელიც სულ ჩქარობდა და სულ სადღაც აგვიანდებოდა, ალბათ გრძნობდა დღეების სიცოტავეს და სულ სადღაც ეჩქარებოდა… პანაშვიდებზე უამრავი ისტორია მოვისმინეთ, სხვადასხვა სიკეთის ამბები. სად, როდის და როგორ ასწრებდა ამ ყველაფერს ეს კითხვა პასუხგაუცემელი დარჩება… მხოლოდ ის დაგვიტოვა პასუხად და ნათლად დაგვანახა ყველა ჩვენთაგანს, რომ ეს ცხოვრება ამაოა, სიკეთისა და სიყვარულის გარდა არაფერი რჩება ნამდვილი.
მარადიული სიცოცხლე იცით როგორია? აი ისეთი, როგორაც ლაშიკო იცოცხლებს, ჩვენს გულებში, მოგონებებში და სიზმრებშიც კი… ერთი რამ ვიცი, სადაც არის, იმ სივრცესა და განზომილებაშიც კი, ვიცი რომ ვერასდროს მოისვენებს… იქაც უამრავ კეთილ ამბებს დაატრიალებს… ლაშა განსაკუთრებული მამა იყო, საუკეთესო… მის პაწია ლაშა-გიორგის კი ეს სიცარიელე არ უნდა განეცადა, ბავშვი ვერ გამოხატავს, ისეთი სევდიანი თვალები აქვს, ამას ალბათ მამა ვერ აიტანდა… დიდი დათუნია დაინახა და ეს მამააო, ხმამაღლა განაცხადა, სახლში მოიყვანა, მამას ტანსაცმელი ჩააცვა, ხაჭაპური აჭამა, მერე “უნო” ეთამაშა, ბურთი მოარტყა და ბოდიში მამა ხომ არ გეტკინაო… იმ სავარძელზე დასვა სადაც მამა ჯდებოდა და ეს მხოლოდ მამას ადგილიაო ხმამაღლა განაცხადა…თითქოს ვერ ხვდება პაწია, თუმცა ყველაზე სწორი რეაქცია და დამოკიდებულება მან დაგვანახა…გუშინ მამას საფლავიც კი დახატა, უნდა გარეთ გამოიტანოს მისი სევდა და ამას სხვადასხვა ფორმით ცდილობს …
შვილგარდაცვლილი დედები აქამდეც მინახავს, მაგრამ ლაშას დედას, მერი დეიდას ვხედავ და მრცხვენია, მრცხვენია, რომ ცოცხალი ვარ, დედებს შვილები არ უნდა უკვდებოდეთ, დედები ამხელა ტკივილს არ უნდა ატარებდნენ… და მაინც როგორი სალი კლდე გახდა ეს პაწია და ლამაზი ქალი….თითქოს ლაშა იტყოდა ახლა: „ჩემი გარდაცვალების მერე ვხედავ როგორი პატარა ბავშვი გახდა ეს დიდი დედაჩემი“… ნატალია, ლაშას ცოლი და სიყვარული ისეთი მხრებ მოტეხილია… გურანდა ლაშას დაიკო, მარტო დარჩა, მთელი ცხოვრება გვერდით და ახლოს ჰყავდა მისი ძმა… ხშირად ვფიქრობ რა არის ტრაგედია? ამაზე დიდი ტრაგედია არაფერია, როცა ოჯახის წევრი გიკვდება, როცა იცი რომ სადღაც სხვა სივრცეშია და მაინც ჯიუტად და მოლოდინით ელოდები… ჯანმრთელი ბიჭი რომ არაფრისგან მოგვიკვდა ეს ცალკე ტრაგედიაა. უჰაერობა, ჟანგბადი არ ეყო ამ სამყაროში, სულ სხვა სივრცეს ეძებდა, სულ ძიებაში იყო მოუსვენრად და ალბათ იპოვა ადგილი და სივრცე, სადაც სიმშვიდეს იპოვის… დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა, თავისი მეგობრის შვილებთან მეგობრობდა. “მოვიდოდა, მოჰქონდა მხრებითა და ხელისგულებით სიხარული” – ამბობენ მისი მეგობრები შალვა და ხატია. ბავშვებს ფეხბურთს ეთამაშებოდა და მერე დაღლილი მათთან ერთად მიიძინებდაო… “ბავშვებს მარტო ჭამა არ ჭირდება, მათთან ერთად დრო უნდა გაატაროთო”, ეუბნებოდა მის ძმაკაცებს, როცა შალვასთან მიდიოდა, ბავშვებს ფანჯარაში ქვებს უყრიდა, ეს ერთგვარი პაროლო იყო იმისა, რომ მათთან ლაშა იყო… ბოლოს რომ ქვები ისროლა, გუგამ ის ქვები მოაგროვა, ეს ლაშას ნათითურებიაო… სათუთად ინახავს.
1 თვე გავიდა… ცარიელი და მძიმე, აუტანელი დღეების ატანა.. გადასაგორებელი სიმძიმეები, ეს ყველაფერი როგორი რთულია… საქართველოში, სადაც ლაშიკოს მაინც მოლოდინის თვალებით ელოდებიან, ჯერ ვერ დაიჯერეს, ჯერ ვერ გაიაზრეს… მე გარდაცვლილს ვეხებოდი, ღამეებს ვუთევდი, ვუყურებდი როგორ ჩასვეს მიწაში, დააყარეს მიწა, და მაინც დღემდე ვერ დავაჯერე ჩემი თავი რომ ფიზიკურად აღარასდროს მოვა… როგორი საშინელი მუსიკა იყო ის ხმა, როცა მიწას აყრიდნენ, ამაზე საშინელი არასდროს არაფერი მომისმენია… და დღემდე ვცდილობ გონებიდან ეს ხმა მოვიცილო, მაგრამ არაფრით გამომდის…
იცით რა ქნა ლაშიკომ?
როცა უკვე აღარ იყო, მაინც უცნაური ამბები დაატრიალა… საფრანგეთში ყველა ის ადამიანი ჩამოიყვანა, ვინც მისთვის ძვირფასი იყო, ყველა მისი მეგობარი და ნათესავი ჩამოვიდა და ბოლო გზაზე ცრემლებით გააცილა … იცით, რომ ლაშიკო ამაზე ოცნებობდა? სულ უნდოდა ყველა მისი ადამიანი ერთად მოეკრიბა … ჰო და ეგაც კი გამოუვიდა, იმხელა სევდაა ამ შეკრებაშიც… ცა და დედამიწა აატირა… ალბათ სადღაც სხვა სივრციდან გვიყურებს და კმაყოფილი იღიმის….
სიცოცხლით სავსე ბიჭი, ბიჭი რომელსაც უყვარდა სიმღერა, ბიჭი, რომელიც სულ სხვების ბედნიერებაზე და სიყვარულზე ზრუნავდა, ადამიანი, რომელთანაც არასდროს მოიწყენდით. ლაშიკო იყო ის, ვინც ყოველ წუთს სიკეთეს გასწავლიდათ… ჰო და ეს ბიჭი დააკლდა ქალაქს…
მიხეილ ქვლივიძის ლექსს მოვიშველიებ:
რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც –
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.
ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,
ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,
მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს –
კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.
მისი დაკარგვის მწარეა განცდა
(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან –
კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.
და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე,
თვალს მოვკრავთ ღიმილს – ნაცნობს და ალალს,
წარმოგვიდგება ძვირფასი სახე
კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს…
და თითქოს ვითვლით – ისევ და ისევ
გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს
და ღმერთს ვთხოვთ: ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!
ქალაქს კი არა, დედამიწას დააკლდა სიკეთის ბიჭი ლაშიკო… ქუჩაში დარჩენილებს მანქანას უთმობდა, რომ ღამე ქუჩაში არ გაეთიათ და სიცივით არ გათოშილიყვნენ. უფულო მგზავრი სახლამდე მიჰყავდა, გზაზე არ ტოვებდა, და თუკი ქვეყნის მეორე ნაწილში ვინმეს უჭირდა, ყველაფერს გააკეთებდა დასახმარებლად, ქუთაისელ ბიჭს ეტლი უყიდა. მე არ მაქვს უფლება ამაზე ხმამაღლა ვისაუბრო, რადგან “დიდი ხარ შენ უფალო, საკვირველ არიან საქმენი შენნი”. თუ კი რამ მართლა ნამდვილი არსებობს, სხვა განზომილებაში, ლაშიკო ალბათ სამოთხეშია. მე კი ერთი სიცოცხლე არ მეყოფა იმისათვის, რომ ამბები მოვყვე მასზე. თუმცა ვეცდები, ვეცდები რომ ყველამ გაიგოს, როგორი სიკეთის ბიჭი ვერ დაიტია დედამიწამ…
ნესი რობაქიძე– (ცოლის და, კი არა და „ცოლიძმა“)