თბილისს ოშოს მოსწავლე ეწვია. ნისარგანი საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში ინდოეთიდან ჩამოვიდა. ოშოს მოსწავლე დღემდე ქალაქ პუნაში, ოშოს მიერ გახსნილ აშრამში მოღვაწეობს.
ნისარგანი ერთ-ერთია იმ მაძიებელთაგან, რომელმაც საბჭოური ეპოქიდან ინდოეთში, ოშოს აშრამში გადანაცვლება მოახერხა. მანამდე კი ნონკონფორმისტთა ჯგუფი შექმნა და მეგობარ მხატვრებთან ერთად არსებული წყობის წინააღმდეგ „გაილაშქრა“.

მერე იყო თვითჩაღრმავების ეტაპი, სულიერი ტრანსფორმაცია, პუნა, აშრამი, ინდოელი გურუს ქადაგებები და შთაგონება, რომელმაც ისევ საბჭოთა კავშირში დააბრუნა.
მაშინ ნისარგანმა საქართველოშიც იმოგზაურა, ამ მოგზაურობასა და 33 წლის წინათ განცდილ დაუვიწყარ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე ამ ინტერვიუში თავად მოგიყვებათ. თუმცა ეს ცოტა მოგვიანებით… საუბარს ბავშვობის გახსენებით ვიწყებთ.
ნისარგანი: შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო. ზოგიერთი ნიჭიერი ბავშვივით გამორჩეული არ ვყოფილვარ, არც ხატვის ნიჭი მქონდა, არც სიმღერის და არც ცეკვის. თუმცა ხატვაში ყოველთვის კარგ ნიშნებს ვიღებდი და ეს ჩემი მეგობრის დამსახურება გახლდათ, ჩემ მაგივრად ის ხატავდა.
ერთხელაც იმ სამხატვრო სტუდიაში გამიყოლა, სადაც თვითონ დადიოდა. იქ მოხვედრა ჩემთვის შოკი იყო. გაოცებული ვუყურებდი ბავშვების ნახატებს და ვერ წარმომედგინა, ოდესმე მეც თუ შევძლებდი იმავეს.
სტუდია ძალიან მომეწონა და დავრჩი. საოცარი მასწავლებელი გვყავდა. სხვა მასწავლებლების მსგავსად მკაცრი და მომთხოვნი არ ყოფილა. ვისაც რა სურდა და როგორც სურდა, ისე ხატავდა. ზოგი ფანქარში, ზოგი აკვარელში, ზოგიც ზეთში… ხატვას არ გვაიძულებდა, ორი წელი ისე ვიარე, ფუნჯი და ფანქარი არ ამიღია ხელში – ხან მოდელი ვიყავი, ხან დამხმარე… ერთ მშვენიერ დღესაც გადავწყვიტე, აკვარელში დამეხატა და გამომივიდა. ვერ აგიწერთ, როგორი სიხარული იყო ეს, თითქოს გულში ჩიტი აჭიკჭიკდა.

რატომ გამახსენდა ახლა ჩემი ბავშვობის ეს ეპიზოდი? იმიტომ რომ მე მომწონს ატმოსფერო, სადაც ყველას შეუძლია მოეშვას და იყოს ისეთი, როგორიც არის. ასე ის საკუთარ უნიკალურობასა და ბუნებრივ შესაძლებლობებს ჰარმონიულად ერწყმის.
წლების შემდეგ ოდესის სამხატვრო სასწავლებელში სწორედ ამ ნახატით მიმიღეს. შენს ნიჭსა და შესაძლებლობებს საუკეთესოდ ავლენსო, – მითხრეს.
ოდესის გარდა, ვისწავლე პეტერბურგში, კიევში, ლვოვში, მოსკოვში. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში თავისუფალი მსმენელიც ვიყავი. მერე ისევ ოდესაში დავბრუნდი, სადაც ჩემი სტუდია მქონდა. აქ ყოველდღე ვიკრიბებოდით მეგობრები, გვქონდა ჯგუფი, სახელწოდებით ნონკონფორმისტები. ეს საბჭოური დრო იყო და ოფიციალურ გამოფენებში მონაწილეობა აგვიკრძალეს. ამიტომ ჩვენვე ვაწყობდით ჩვენს ერთობლივ გამოფენებს.
ჩემი ნახატებით ბევრ ქვეყანაშიც ვიმოგზაურე. გამოფენები მქონდა პარიზში, მიუნხენში, ლონდონში, ნიუ-იორკში…
ერთ დღესაც ჩემს თავს ვკითხე: რისთვის ვაკეთებ ყოველივე ამას? სულ ეს არის ჩემი ცხოვრება?! ამისთვის დავიბადე?! გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემმა შინაგანმა ხმამ მიპასუხა: ეს არის გზა საკუთარი თავის შესაცნობად…
მერე, როდესაც მეკითხებოდნენ, – მხატვარი ხარ? რთული იყო პასუხის გაცემა და იმისი თქმა, რომ მე ჩემს თავს ვეძებდი და ეს ყველაფერი საკუთარი თავის შესაცნობად მჭირდებოდა, ფერწერის მეშვეობით ჩემს შინაგან სამყაროში ვმოგზაურობდი…
ერთ დღესაც ვიგრძენი, რომ „შინაგანი დავალება“ შევასრულე… ეს ისეთი თავისუფლება და სიმსუბუქე იყო, არაფრის კეთება არ მინდოდა. ძალიან დიდი სიმშვიდე მოვიდა ჩემთან… სწორედ ამ დროს გავეცანი ოშოს წიგნებს.

– საბჭოთა კავშირის დროს ოშოს წიგნები, ალბათ, დიდი აღმოჩენა იყო, რამდენი წლის იყავით მაშინ ?
– დაახლოებით 35-ის ვიყავი, როდესაც მეგობარმა ამერიკიდან ოშოს 2 წიგნი გამომიგზავნა. ამ წიგნების გაცნობის შემდეგ დავიწყე მედიტირება, მერე გადავწყვიტე, ეს გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა და ადამიანებს ვიწვევდი სტუდიაში, მაგრამ, დიდი სურვილის მიუხედავად, არაფერი გამომდიოდა, კავშირი არ მყარდებოდა.
ერთ დღესაც ოშოს ოდესიდან წერილი მივწერე, ჩემი მდგომარეობა ავუხსენი და ვუთხარი, როგორ ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ინდოეთში გამგზავრება კი არა, წერილის გაგზავნაც კი რთული იყო. გამოვძებნე ნაცნობები მოსკოვში, მერე ინდოეთის საელჩოში და როგორღაც მოვახერხე. რამდენიმე ხანში ოშოსგან პასუხიც მომივიდა, მწერდა, – ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მანძილსა და სიშორეს, შენ მიიღებ დახმარებას იმაში, რაშიც გჭირდება, ნუ ღელავ, მოვა შენი დრო და ჩამოხვალ ჩემთან… და აი, გავიდა 10 წელი და მე გერმანიის გავლით ინდოეთში ჩავედი, შევხვდი მას.
თუმცა მანამდე ხშირად ვწერდი და ჩემთვის გაუგებარ საკითხებზე პასუხებს ვიღებდი.
– როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება, როცა ოშოს შეხვდით?

– ის ძალიან ჰგავდა მამაჩემს შეხედულებითაც და ხმითაც. ამან გამაოგნა. მამამ, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველაფერი მომცა, რაც შეეძლო – ჩამიყვანა სოფლიდან ქალაქში, სადაც მივიღე განათლება, მეხმარებოდა, როცა სტუდენტი ვიყავი. ბედნიერი იყო იმით, რომ ვიპოვე საქმე, რომელიც მიყვარდა. ოშო ჩემი სულიერი მამა გახდა. მან მასწავლა, მისთვის კი არ მიმებაძა, არამედ საკუთარი ინდივიდუალურობა და უნიკალურობა გამომემჟღავნებინა. ეს ძალიან მომწონდა მასში, ყველას ისეთად გვიღებდა, როგორებიც ვიყავით.
საოცარი იყო ის ღრმა სიჩუმე, რომელიც მას ყოველთვის თან ახლდა და მის ირგვლივ იყო. როდესაც ის აუდიტორიაში გამოჩნდებოდა, ყველაფერი იცვლებოდა, სიცოცხლის სხვანაირი შეგრძნება გეუფლებოდა, ირგვლივ ყველაფერი ვიბრირებდა, იგრძნობოდა სიღრმე დროსა და სივრცეში. უსაზღვრო და უნაპირო ჩანდა ეს ყველაფერი.
იყო ძალიან მეგობრული, კეთილი. ყოველთვის დიდი პატივისცემით გექცეოდა, ეს ყველაფერი გეხმარებოდა, აღმოგეჩინა, რასაც ეძებდი. ის ქმნიდა სიტუაციას, რომ ჩვენ თვითონ მივსულიყავით პასუხებამდე.
ის გვეუბნებოდა, რომ ჩვენ, ყველანი, თანამგზავრები ვართ და ერთსა და იმავე ბილიკზე მივდივართ.
როცა ინდოეთში ჩავედი, ოშოს ვუთხარი, რომ მინდოდა, ჩემი გამოცდილება ხალხისთვის გამეზიარებინა, მან თანხმობა მომცა.

მალევე ჩავატარე ჩემი პირველი სემინარი და დღემდე გრძელდება აქ ჩემი მოღვაწეობა. პირველ სემინარზე შევამჩნიე, რომ რაღაც ისეთით შევივსე, რაც მანამდე მაკლდა და ადრე არ გამომდიოდა. დროთა განმავლობაში ხელოვნების სხვადასხვა დარგსაც დავეუფლე და ჩემს სემინარებს თანდათან შევმატე იმპროვიზაცია, თეატრის ელემენტები, პოეზია, იაპონური კერამიკა… ძალიან მინდოდა ინდოეთში დავრჩენილიყავი, მაგრამ ოშომ მითხრა, დაბრუნდი და მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხალხს გაუზიარე. აქ პერიოდულად ისევ ჩამოხვალო.
დავბრუნდი და დავიწყე მთელ საბჭოთა კავშირში მოგზაურობა.
– როგორც ვიცი, ამ პერიოდში საქართველოშიც იყავით.
– დიახ, ეს იყო „პერესტროიკის“ პერიოდი. მომიწვიეს საქართველოში. ჯერ სამხატვრო აკადემიაში მოგვცეს დარბაზი, მერე მხატვართა კავშირმა სამი უზარმაზარი სივრცე გამოგვიყო გამოფენისთვის.
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილისგან დიდი მხარდაჭერა გვქონდა. გვკითხა, რა გვჭირდებოდა, მერე კი მოგვცეს საღებავები, ფუნჯები, ტილოები…
არტთერაპიის კურსი ჩავატარე, რომელშიც დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობდა. რამდენიმე დღეში სამივე დარბაზი გადავავსეთ ნახატებით. მახსოვს, მაშინ მხატვრები მოდიოდნენ და გაოცებულები რჩებოდნენ მონაწილეების მიერ შექმნილი ნახატებით… ეს იყო დიდი დღესასწაული.
– საქართველოს როგორ გახსენდებათ?
– ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე და განსხვავებულად საინტერესო იყო საქართველოსთან შეხვედრა. ბევრი რამ დამხვდა აქ – ადამიანები, რომლებსაც ოშოს მეშვეობით დავუმეგობრდი; ასევე ქართული სტუმართმოყვარეობა, სიმღერები, ძლიერი ქართული ხმები, მგრძნობიარე მუსიკა. ძალიან მომწონს ფიროსმანი. იყო პერიოდი, როდესაც სხვადასხვა მხატვრის ზეგავლენის ქვეშ ვიყავი და მათ შორის ერთ-ერთი ფიროსმანი გახლდათ. თავისი ცხოვრების სტილით, საოცარი ნახატებით ღია, გულწრფელი ადამიანი იყო.
ვიყავი მთებშიც, ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა უბრალო და სტუმართმოყვარე ხალხთან.
საქართველოს აქვს ღრმა, განსაკუთრებული ენერგეტიკული აურა და თავისი უნიკალური შემოქმედებითი ხარისხი.
ამიტომ ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ საქართველოში ვარ და ჩემს ახალ გამოცდილებას ადამიანებს გავუზიარებ.
– თუ შეიძლება, იმ შეხვედრაზეც ვისაუბროთ, რომელიც თბილისში გაიმართება.
– ჩემთვის ამ სახის შეხვედრები ძალიან ფასეულია. ისინი თავადვე ქმნიან შესაძლებლობას. ხშირად ადამიანს აქვს განსხვავებული პროექციები საკუთარ თავზე, – მე საკმარისად კარგი არ ვარ, მე ეს არ შემიძლია, ხელმოცარული ვარ და ა.შ. ამ სივრცეში მოხვედრილებს კი ძალიან სწრაფად შეუძლიათ საკუთარ თავში ღირებულებების აღმოჩენა.

ძალიან მოკლე დროში შექმნილი ნახატით ბევრი რამის დანახვა და ახსნაა შესაძლებელი. ბოლოს, ჩვეულებრივ პატარა გამოფენას ვაწყობ, რომ ადამიანებმა დაინახონ, რა მოხდა მათში.
– თუ მონაწილეს ხატვა არ შეუძლია?
– არც არის აუცილებელი. რომც არ დახატოს და უბრალოდ ამ სივრცეში მოხვდეს, საკმარისია. შეუძლია ფერებით ითამაშოს, ან უბრალოდ მოდუნდეს. აქ თავს დასვენებისა და შინაგანი რელაქსაციის უფლებას აძლევ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც ამ სივრცეში ხდება, არის ღრმა მოდუნება, შინაგანი სიმშვიდე და შედეგად იმ საინტერესო ინფორმაციასთან შეხება, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია.
თითქოსდა ყველა ერთად ვუკვეთთ კოსმოსს სხვა ენერგიას.
ყველა ერთად ვქმნით ენერგეტიკულ ველს და ყოველი ჩვენგანი ამ ველიდან იღებს იმას, რაც თავად სჭირდება.
დეა თავბერიძე
ნისარგანის ტრენინგი თბილისში
8 აპრილი , 10:00 – 18:00 სთ
რეგისტრაცია https://bit.ly/3IAWN6E
ღირებულება 55 $