თვითდისციპლინა – ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა და მიზანმიმართული აღზრდა. ამ მუშაობაში მთელი ძალები საკუთარ თავზეა მიმართული და ამ საქმიანობის შედეგიც თავად ჩვენ ვხდებით,
უბრალოდ, ამჯერად ჩვენ უკვე სხვა ვართ – აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნება.
ეს რთული სამუშაოა, რადგან გიწევს საკუთარ თავს მიუდგე, როგორც პროექტს. შენ თავად ქმნი პროექტს, თავად მოქმედებ და თავად იღებ შედეგს. სხვა აქ არაფერ შუაშია და მეტიც, ზედმეტია.
რატომ ჩნდება საკუთარი თავის შეცვლის სურვილი?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს სურვილი ყველას უჩნდება… ყველას უნდა იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, მაგრამ… მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ამას.
შენ გრძნობ, რომ ჭაობში ცხოვრობ და ყველაფრის შეცვლის სურვილი გიჩნდება. შენ აცნობიერებ, რომ – იმისათვის, რომ მოახდინო რადიკალური ცვლილებები გარესამყაროში, საჭიროა დაიწყო შიგნიდან. შენ შესაძლოა არ მოგწონს და ხელს გიშლის გარკვეული ჩვევები [მაგალითად ეწევი და სუნი აგდის]. შენ გინდა გათავისუფლდე ამ ჩვევებისგან და მათ ნაცვლად გქონდეს ჯანსაღი და განმავითარებელი ჩვევები.
ამ შემთხვევაში, შენ იწყებ გზების ძებნას, ისახავ მიზანს და იწყებ მოქმედებას. ეს მოქმედება მშენებლობას გავს.
რაც უფრო მასშტაბურია მიზანი, მით უფრო ხანგრძლივია მშენებლობის პროცესი!
როგორც წესი, თავიდან ემოციაზე ხარ და გეჩვენება, რომ მაგარ შედეგებს იღებ, მაგრამ ძალიან მალე, როდესაც დაიცლება ნებისყოფის ძალის ფიალა, შენ ეშვები… გეჩვენება, რომ შენ მოქმედებებს შედეგი აღარ მოაქვს და ცვლილებები არ დგება…
აი სწორედ აქ დგება გარდამტეხი მომენტი…. სწორედ აქ მიყვება ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა საცერს და თავის საწყის ნიშნულს უბრუნდება. არადა, სინამდვილეში, შედეგი დგება… შეიძლება შენ ვერ გრძნობ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ მოქმედებ, არ ჩერდები და უმკლავდები შინაგან წინააღმდეგობებს, უკვე შედეგია.
მთავარია საზრისი! რაც უფრო სიღრმისეულია პასუხი კითხვაზე “რისთვის?” მით უფრო ძლიერია შთაგონება. რაც უფრო ძლიერია შთაგონება, მით უფრო მძლავრია მოქმედება. რაც უფრო მძლავრია მოქმედება, მით უფრო ახლოა შედეგი!
თვითდისციპლინა ათავისუფლებს!
გიორგი თვალაძე