გვიახლოვდება ყველაზე ზღაპრული და ჯადოსნური დღესასწაული- ახალი წელი, რომლის მთავარი ატრიბუტიც ნაძვის ხეა. ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ, არ შეგიძენიათ, ან უბრალოდ მოგბეზრდათ ტრადიციული, ერთფეროვანი ნაძვის ხე, მაშინ მინდა გითხრათ, რომ გაგიმართლათ 😊
ამაში მაშინ დარწმუნდებით, როცა ნინი ქოროღლიშვილის ორიგინალურ, ხელნაკეთ ნაძვის ხეებსა და საახალწლო დეკორაციებს გადაავლებთ თვალს. The Magic Tree • ჯადოსნური ხე
დაათვალიერეთ, შეიძინეთ და გაილამაზეთ ახალი წელი. გახსოვდეთ, თითოეული სადღესასწაულო განწყობით არის შექმნილი.

ნინი ქოროღლიშვილი: პირველი ნაძვის ხე შარშან 2021 წელი რომ დგებოდა მაშინ დავამზადე სახლისთვის და ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, გადავწყვიტე ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა. სოციალურ ქსელში პირველივე გაზიარებამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ მალევე გავაკეთე გვერდი The Magic Tree. ჯადოსნური ხე და დავიწყე აქტიური მზადება. მაშინ შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი და ადვილი არ იყო ამხელა მუცლით მუშაობა. გარდა ამისა, ქვეყანაში იყო სრული ლოქდაუნი, დაკეტილი იყო სავაჭრო ცენტრები, ჭირდა გადაადგილება, მასალების მოძიება. ამ პირობებში სადღაც ოცდაათამდე ნაძვის ხე დავამზადე. წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე წელს ადრე დავიწყე სამზადისი და უკვე დიდი რაოდენობით დეკორაცია მაქვს მზად.
-ნინი, თქვენ მხოლოდ საახალწლო დეკორაციებს ამზადებთ. არ გიფიქრიათ, რომ უბრალოდ სახლის მრავალფეროვანი დეკორაციებიც დაგემზადებინათ?
-ამ ეტაპზე მხოლოდ საახალწლო დეკორაციებით შემოვიფარგლები, თუმცა მაქვს გეგმები და აუცილებლად უნდა ვცადო რაღაც ისეთის გაკეთება, რაც წლის ნებისმიერ დროს მოუტანს ადამიანებს სიხარულს. ჯერჯერობით მხოლოდ ვმუშაობ ამ თემაზე, რომელსაც ახალი წლის შემდეგ გავუზიარებ ფართო საზოგადოებას. ვიცი ამ პროდუქციასაც ისეთივე დაინტერესება ექნება, როგორც საახალწლო დეკორაციებს. რადგან ჩემს დეკორაციებს ბედნიერება მოაქვთ.
-ასე ამბობენ?

-დიახ, ასე მეუბნებიან, ისეთი განწყობით არის შექმნილი და ისეთი პოზიტივით დამუხტული სხვანაირად ვერც იქნება 😊
-მარტო ამზადებთ ამ დეკორაციებს თუ გეხმარებათ ვინმე?
-სრულიად მარტო ვაკეთებ ყველაფერს. მაქვს სხვადასხვა შემოთავაზებები, მაგრამ არ მიყვარს ჩემს საქმეს სხვას რომ ვანდობ. მინდა ყველაფერი ისე იდეალურად შესრულდეს, როგორც ჩემს ფიქრებშია.
-რა მასალაზე მუშაობთ და დაახლოებით რამდენი ხანი სჭირდება ერთი ნაძვის ხის დამზადებას?
-ვიყენებ გამომშრალ ფიჭვს, საღებავებს და სხვადასხვა საახალწლო აქსესუარებს. ერთი ნაძვის ხის დამზადებას მინიმუმ ერთი დღე სჭირდება. იმდენად მოცული ვარ ჩემი საქმით რომ მერე მთელი ღამე ვფიქრობ ხოლმე დილით როგორი დეკორაცია უნდა გავაკეთო, ზოგჯერ დავიწყებ და კეთების პროცესში მომდის იდეა. შეკვეთებს იშვიათად ვიღებ, ძირითადად ჩემი გემოვნებით და დიზაინით ვამზადებ და საბედნიეროდ აუდიტორიის დაინტერესებასაც ვიწვევ. მომხმარებლების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი, უმეტესობა ერთი და იგივე მოდელის რამდენიმეჯერ დამზადებას მთხოვს, თუმცა არ მიყვარს იდენტურის გამეორება. თითქმის ყველა მოდელი ინდივიდუალურია და ერთმანეთისგან განსხვავდება.
-ფასები როგორი გაქვთ, არის თუ არა შესაფერისი ქართული ბაზრისთვის?
-კონკრეტული მოდელის ფასი მანამ არ ვიცი, სანამ არ დავასრულებ მის შექმნას. არ მიყვარს გარკვეულ თანხებში დამზადება (ამ მიზეზითაც არ ვიღებ კიდევ შეკვეთებს), მინდა მაქსიმალური დავახარჯო. მხოლოდ გაყიდვა ამ ეტაპზე ჩემი პრიორიტეტი არ არის. ჩემი მიზანია შევქმნა ლამაზი და განსხვავებული, ისეთი, რაც აქამდე არავის არ შეუქმნია და გავაცნო საზოგადოებას ჩემი პროდუქტი, რაღაც ახალი და განსხვავებული შევიტანო მათ ცხოვრებაში. ჩემთვის ეს საქმე არ არის დიდ მოგებაზე გათვლილი.
-რა ფერის ნაძვის ხეა მომავალ ვეფხვის წელს აქტუალური?
-ფერები ძირითადად ლურჯი და ვერცხლისფერია როგორც წესი, თუმცა მე არ მიყვარს სტანდარტებით და გათვლებით რაიმეს შექმნა. მთავარია ფერების სწორი არჩევა, ერთმანეთთან შეთავსება, მოხდენა. ერთ მოდელში მაქსიმუმ ორ-სამ ფერს ვიყენებ. არ მომწონს ბევრი ფერი ერთად.

-რითი არის გამორჩეული თქვენი ნაწარმი?
-პირველ რიგში იმით რომ ახალია, იშვიათია, განსხვავებულია, ვთვლი, რომ ორიგინალურია და საზოგადოებაც ადასტურებს ამას. არის საოცარი განწყობით დამუხტული და კიდევ, ვამზადებ დასაკეც ნაძვის ხეებს დღესასწაულის შემდეგ, მისი შენახვა ადამიანებმა მარტივად რომ შეძლონ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ნაწარმი უბრალოდ ჯადოსნურია და ადამიანებისთვის ბედნიერება და სიხარული მოაქვს.
-რა არის საჭირო იმისთვის რომ გახდე წარმატებული და მოთხოვნადი და რას აკეთებთ პირადად თქვენ ამისთვის?
-შრომა, შრომა და კიდევ შრომა. ასევე თამამი ექსპერიმენტები. ჩემი ყველა ნივთის შექმნა ექსპერიმენტია, რომელიც წარმატებით სრულდება. შარშან, როდესაც პირველად დავიწყე დეკორაციების კეთება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფეხმძიმედ ვიყავი, ვერ აღგიწერთ რა შრომის ფასად მიჯდებოდა ერთი ნაძვის ხის დამზადება. არ მიყვარს დანებება და როცა მიზანს დავისახავ აუცილებლად უნდა მივაღწიო.
-და მოტივაციას რა გაძლევთ?
-ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევს ადამიანების შეფასება. მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ამდენი ადამიანის ინტერესს და მოწონებას იმსახურებს ჩემი ხელით შექმნილი ნივთები.
-ნინი, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე თუ მოგწონთ?
-დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის სანახავად სამწუხაროდ ჯერ დრო ვერ გამოვნახე, თუმცა რასაც ინტერნეტ სივრცეში ვხედავ ძალიან მომწონს. მე ყველაფერი მიყვარს და მომწონს, რაც ახალ წელთან ასოცირდება. უახლოეს წლებში, დედაქალაქის მთავარ ნაძვისხედ, ჩემი ხელით დამზადებულ უზარმაზარ ნაძვის ხეს ვისურვებდი. დიახ, სიამოვნებით შევეჭიდებოდი ამ საპასუხისმგებლო საქმეს.
ავტორი: ნინო გონგაძე