fbpx

„ნამდვილი სიყვარული ქრონიკული დაავადებაა. ის მართლა არ იკურნება“

ავტორი ჟოლო
120 ნახვა

***

ნანამ იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ ბოლო წლებში, როცა არაერთმა სენმა შემოუტია და დაუხმარებლად ყოველდღიური ყოფითი ამოცანების გადაჭრასაც ძნელად ახერხებდა, ეჭვები გაუჩნდა. ერთხელ მწარედაც იხუმრა, მე რომ მოვკვდები, შენ ახალ ცოლს მოიყვანო. ყოველღამე, როცა ჩემგან განსხვავებით, ნანას წყნარად ეძინა, ჩემს თავს ფიცს აღვუთქვამდი, რომ ხვალ, ჩვენი უკვე ტრადიციულად ქცეული ლანჩის შემდეგ, რომლისთვისაც კერძსაც მე ვამზადებდი და სუფრასაც მე ვაწყობდი, დავსვამდი ნანას მის ძველებურ სავარძელში და იმ იდიოტური მამაკაცური შეცბუნების გარეშე, გულწრფელად აღვუწერდი ჩემს ჭეშმარიტ გრძნობას. ეს “ხვალ” არასდროს დადგა.

***

მცირედი სიამოვნება, წუთიერი კმაყოფილება ცხოვრებით – ვთქვათ რაიმე მიმზიდველი პერსპექტივა დღევანდელი საღამოსათვის, უმალ ტკივილს მგვრის – ნანა მახსენდება და სინდისის ქენჯნა ეკალივით მერჭობა გულში.

***

„ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას – იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ, იმავე დროს ვიძინებ. თუმცა ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ, მთლიანად მე ვიღებ. მართალია, სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისათვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს“. 

***

„ნანა სფინქსი იყო და, ალბათ, სულის რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა. ეს აზრი არ მასვენებს და ისღა დამრჩენია, ვიოცნებო, რომ ოდესმე, უკვე იქ, უფრო მაღალი რიგის რეალობაში, კიდევ შევეხები მას, თუკი ჩვენ, მოკვდავებს იმ რეალობაზე ხელი მართლაც მიგვიწვდება. მაგრამ, თუ ჩვენი საყვარელი სიყრმისშვილის, ირაკლის არ იყოს, ვართ უბრალოდ „მიგდებულები დარვინის ანაბარა“, მაშინ ჩემს მბჟუტავ სასოებას უმოწყალოდ წაშლის და შეენაცვლება ადამიანური ლექსიკონის ყველაზე დაუნდობელი და შემზარავი სიტყვა – „არასდროს“.

***

„ნამდვილი სიყვარული ქრონიკული დაავადებაა. ის მართლა არ იკურნება“.

გელა ჩარკვიანი
(ჩანაწერების წიგნიდან – „ნაგერალა“)

მსგავსი სტატიები

Leave a Comment