fbpx

„არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ! ასმეერთედ აუცილებლად გამოგივათ“

ავტორი ნინო გონგაძე
3,106 ნახვა

„ყველაფერი მიღწევადია, როდესაც თავს დაარწმუნებ რომ შენ ნამდვილად იქნები წარმატებული“

ათი წელია, რაც ქალბატონების გარეგნულ სილამაზეზე ზრუნავს, ახლა კი მათი პირადი ცხოვრების მოწესრიგება და გალამაზებაც გადაწყვიტა. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მოსმენა და მამოტივირებელი რჩევის მიცემა. „შენთან პირველად მოსულ, უცნობ ადამიანსაც კი, ისეთი სიახლოვის და უშუალობის ფონი უნდა შეუქმნა, თითქოს უკვე ასი წელია იცნობ. ჩემი წარმატების გარანტიც, სწორედ, რომ ურთიერთობების ხელოვნებაა.“- მეუბნება ტკბილი ეპილაციის – „შუგარინგის“ დამფუძნებელი და ახლა უკვე ურთიერთობების ქოუჩი – ლალი სანაკოევა.

ლალი სანაკოევა: ქოუჩობის სურვილი ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე წამოვიდა, „შუგარინგში“ ძირითადად ქალბატონები დადიან. პროცედურის დროს ძალიან ბევრი მიყვება თავის პირადზე… ზოგი ქმარზე ბრაზობს, ზოგიც უფროსზე, ან საერთოდ ცხოვრებაზე…  პროცედურის შემდეგ ბევრს უთქვამს, შენგან რომ მივდივარ ძალიან დამშვიდებული და ბედნიერი ვარო. მე მათ შემართებას და მოტივაციას ვაძლევ და ერთი სული აქვთ მეორედაც მოვიდნენ. ეს არის მთავარი მიზეზი რის გამოც შევიძინე მეორე პროფესია. სოციალურ ქსელში ხათუნა მუზაშვილის ვიდეოებს ვადევნებდი თვალს, ძალიან მომწონდა, დავუკავშირდი და ასე მოვხვდი ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციაში.  

დღეს, რა თემებზე მუშაობთ და ზოგადად რა სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენთვის ქოუჩინგს?

– ურთიერთობების და სამოტივაციო ქოუჩი, – ეს მიმართულებები ავირჩიე. მინდა მოტივაცია მივცე ქალბატონებს და დავეხმარო ურთიერთობების დალაგებაში. ქოუჩინგის სიკეთე საკუთარი თავის პოვნა და პირველ რიგში, მასთან ურთიერთობების დალაგებაა, რადგან ყველაფერი ჩვენგან მოდის. იყო დრო მეც სხვაში ვეძებდი პრობლემას და მიზეზებს, რომელსაც ორი წარუმატებელი ურთიერთობა მოჰყვა. ქოუჩინგმა დამანახა, რომ თურმე ჩემშია მიზეზი და როდესაც ეს ოქროს გასაღები ვიპოვე, მერე უკვე ყველაფერი დალაგდა. ემოციებს და ურთიერთობებს დღეს უკვე კარგად ვმართავ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ.

როგორ იწყება წარმატებული და ბედნიერი ქალის დილა, რას აკეთებთ იმისთვის, რომ მთელი დღე მოტივაციით და ენერგიით იყოთ სავსე?

– დილით, რომ ვიღვიძებ სამყაროს მადლობას ვეუბნები. მერე სარკესთან მივდივარ და აუცილებლად ვუღიმი ჩემს თავს. ეს კარგი დღის საუკეთესო დასაწყისია.

ჩემთვის ერთგვარი მედიტაციაა კლასიკური მუსიკის მოსმენა, ჰაერზე სეირნობა, წყალთან და ხეებთან საუბარი. ჩემი ცხოვრების ნაწილი ფურცელი და კალამი გახდა, დილით ჩემს გეგმებს და მიზნებს ვინიშნავ. მერე კი მე თვითონ ვქმნი ჩემს ცხოვრებას, ჩემს დღეს და ჩემი თავის მოტივატორიც თავად ვარ. რაც საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა, მას შემდეგ ამ რიტუალებს ვასრულებ და ძალიან კარგი შედეგი აქვს. თქვენც გირჩევთ, დილით სარკეში თქვენს თავს აუცილებლად გაუღიმოთ, უთხრათ, რომ ძალიან ლამაზი და სასურველი ხართ …

აუცილებელია შევაქოთ საკუთარი თავი, გავანებივროთ, გავამხნევოთ… უკეთეს მოტივაციას ვერავინ მოგვცემს.

როგორ მივაღწიოთ ურთიერთობებში ჰარმონიას? და რეალურად რა არის ურთიერთობების დასრულების მიზეზი?

– ურთიერთობა სრულდება მაშინ, როდესაც სამყაროზე ხარ განაწყენებული, როდესაც შენი თავის იმედი არ გაქვს და დანაშაულს ყოველთვის პარტნიორში ეძებ. როდესაც საკუთარ თავთან გაქვს ჰარმონია, ურთიერთობები თავისთავად ლაგდება შვილებთანაც, მშობლებთანაც და პარტნიორთანაც.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცუდი ბავშვობა მქონდა. ჩემი ბავშვობის ტრავმები ყველგან იჩენდა თავს, ამის გამო, საერთო ენას ვერავისთან ვპოულობდი… ვერც საკუთარ თავთან…  თუმცა, ბავშვობის ტკივილიანმა გამოცდილებამ ყურადღებიან და მეგობრულ დედად მაქცია. ნელ-ნელა სხვა გაცნობიერებებიც მოვიდა… ქოუჩინგმა პატიება და საკუთარი თავის მიღება მასწავლა, ბევრი რამ სხვა კუთხით დავინახე. რაც ყველანაირ ურთიერთობაზე აისახა. როდესაც ჩემს თავში ეს ჰარმონია ვიპოვე,  ჩემს გარშემო, ყველაფერი დალაგდა შვილებთანაც, მეორე ნახევართანაც, თანამშრომლებთანაც. ჰარმონია საკუთარი თავის აღმოჩენით და სიყვარულით მიიღწევა.

როგორ მივაღწიოთ წარმატებას?

– წარმატება მიიღწევა რწმენით და თავდაჯერებულობით. ჩემს მეთოდებს და ტექნიკებს გაგიზიარებთ, რომელიც შედეგზე გაგიყვანთ. ამისათვის ერთგვარი თამაშია საჭირო.

შენს ყოველდღიურობაში ისეთი ფონი უნდა შექმნა, თითქოს უკვე გაქვს ის, რაც გსურს. რადგან ფიქრს, ვიზუალს და შეგრძნებას უდიდესი ძალა აქვს.

ათი-თხუთმეტი წლის წინ, წარმოვიდგენდი და თავს ვაჯერებდი რომ ვარ მენეჯერი, მყავს კოლექტივი, თან ქალების. ეს წარმოსახვა სრული სიზუსტით, რამდენიმე წელში ამიხდა. ყველაფერი მიღწევადია მაშინ, როდესაც შენს თავს დაარწმუნებ რომ შენ ნამდვილად იქნები წარმატებული…

თქვენი ბიზნეს გამოცდილებიდან, რა რჩევას მისცემდით ბიზნესის დაწყების მსურველებს, როგორ დაიწყონ, რა გაითვალისწინონ და რაზე გააკეთონ აქცენტები?

– მე ბიზნესში აკადემიური ცოდნის გარეშე შევტოპე. კარგი ურთიერთობების დამყარების უნარით მოვახერხე ჩემი ბიზნესი წარმატებულად მექცია. ბიზნესში მთავარი ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება, დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა, საქმის ერთგულება, ადამიანების სიყვარული და სირთულეების საკუთარ თავზე აღებაა. პირადად მე, ამ თვისებებმა მომიტანეს წარმატება. ეს საქმე, დავიწყე იმისთვის, რომ ადამიანებს ვასიამოვნო. ფულზე ორიენტირებული არასოდეს ვყოფილვარ. ფული მიზანი არ უნდა იყოს. ის ადამიანები, ვინც მხოლოდ ფულადი სარგებლის გამო იწყებენ ბიზნესს, ვფიქრობ, უფრო წარუმატებლები არიან. ბიზნესი არ დანებებაა. ბევრი ნებდება, მალევე ყრის ფარ-ხმალს. რახან „შუგარინგი“ წარმატებული აღმოჩნდა, ჩემს საახლობლოში ბევრმა სცადა მისი წამოწყება, მაგრამ მინუსებში გადავიდნენ და მაშინვე თავი დაანებეს. არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ. როგორც ბავშვი სწავლობს ფეხის ადგმას, დაეცემა, ადგება და ისევ ცდილობს, ასეა ბიზნესიც. თუ საჭირო გახდა მეასედაც უნდა სცადო და ასმეერთედ უკვე აუცილებლად გამოგივა. „ალიბაბას“ დამფუძნებელი ჯეკ მა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ოთხი წელი მათი კომპანია ისე მუშაობდა, მოგება არ ჰქონდა. დღესდღეობით კი ხედავთ რას მიაღწიეს და რა მასშტაბებზეა გასული.

როგორ იყოს ქალი წარმატებული ბიზნესში და იმავდროულად პირად ცხოვრებაში? არსებობს აზრი რომ ერთი მეორეს გამორიცხავს.

– ბევრი ქალისგან გამიგია, – როდესაც ბიზნესი გაქვს, ოჯახში წარმატება ვერ გექნება. ან ოჯახი უნდა გქონდეს, ან ბიზნესი. მე ამას არ ვეთანხმები. როდესაც ქალი მშვიდად არის, თითქოს გარშემოც სიმშვიდეა და ყველაფერს ასწრებ. თუ დაკვირვებიხართ, რაღაცაზე რომ ღელავ, ის საქმე უფრო არ გამოგდის. ქალი ყოველთვის მშვიდად უნდა იყოს, შეიძლება რთულია, მაგრამ თავი უნდა შეიკავოს რისხვისგან და მღელვარებისგან. ნებისმიერ შემთხვევასა და სიტუაციაში სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო. სწორედ სიმშვიდეა, რაც შემდეგ ურთიერთობას ალაგებს ოჯახში, მეგობრებში, ბიზნესში და ამ დროს, შეიძლება დრო სხავა რამეებისთვისაც დაგრჩეს.

ლალი, თქვენს სამომავლო გეგმებში რა შედის?

– მარტის ბოლოს სერთიფიცირებული ქოუჩი ვიქნები და აპრილიდან აქტიურად დავიწყებ კლიენტების მიღებას. სწავლის პერიოდში, ქოუჩინგის ასოციაციაში, უფასო კონსულტაციები ჩემთვის კარგი პრაქტიკა იყო, ჩავატარე სესიები, მოეწონათ და რამდენიმე უკვე ელოდება, როდის დავიწყებ ამ საქმიანობას. ახალი კარიერის საწყის ეტაპზე, მინდა ჩემს კლიენტებს უფასო სესიები ჩავუტარო. აპრილიდან ამ საჩუქარს შუგარინგის მუდმივ და ერთგულ კლიენტებს გავუკეთებ.

მინდა იმ ქალბატონებს დავეხმარო, ვინც დაკარგულები არიან, არ უმართლებთ ურთიერთობებში და არ აქვთ მოტივაცია. მინდა ჩემი პირადი გამოცდილება დავუმატო იმას, რაც ქოუჩინგში ვისწავლე და ამ ქალბატონებს გადავცე. რაც შეეხება ჩემს სამომავლო ბიზნეს გეგმას, ეს არის შუგარინგის ფილიალების გახსნა თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ავტორი: ნინო გონგაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

1 კომენტარი

Anonymous March 6, 2024 - 10:54 am

ყველას ვუსურვებ წარმატებებს🙏♥️ლალიმ ბევრს მიაღწია დიდი,თავდაუზოგავი შრომის ფასად და ამასვე ასწავლის და გაუზიარებს სხვა ქალბატონებსაც,ეს უკვე ძალიან დიდი,კეთილი საქმეა მთელი ქვეყნის წინაშე♥️კიდევ ერთხელ წარმატებები და წინსვლა ყველას,ვისაც საქმის წამოწყება სურთ.ლალი დარწმუნებული ვარ გზას გაუკვალავს ვისაც მისი დახმარება დაჭირდება,ლალიკო მაგარი გოგო ხარ,უფლის წყალობა გქონოდეს მთელი ცხოვრება🍷♥️🙏🌹🌹

პასუხი