fbpx

როგორ იქცა ასი ლარით დაწყებული საქმე ბიზნესად?!

ავტორი ნინო გონგაძე
3.5K ნახვა

“რასაც ჩავიფიქრებ, მიზანს ყოველთვის ვაღწევ, უკან არასოდეს ვიხევ. მთავარი ხომ მონდომებაა.”- ამბობს თვითნასწავლი დიზაინერი ქეთი ლაგვილავა. ქეთიმ ბიზნესი ასი ლარით დაიწყო და დღეს უკვე დიდი და მრავალფეროვანი კოლექციის ავტორია. მისი ჩანთებისა და სამოსის ბრენდი “AGATE- Ketrin’s Art” ხუთი წელია რაც ქართულ ბაზარზე სხვა ქართველი დიზაინერების გვერდით ადგილს თამამად იკავებს.
“არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს და არასოდეს დაიხიოთ უკან. გამოსავალს ყველა სიტუაციიდან იპოვით. მარცხის შემდეგ წარმატება აუცილებლად მოვა.”

კაბების დიზაინი ბავშვობიდან მაინტერესებდა, თოჯინებს ტანსაცმელს ვუკერავდი, ჩანახატებს ვაკეთებდი, მერე დიდებისთვისაც ვკერავდი. იმის ამბიცია არ მქონდა რომ კარგად ვხატავდი, ამიტომ დიზაინერობაზე არ მიფიქრია. ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. პრაქტიკებზეც ვიარე და კარგი სამსახურის ძებნაში ძალიან ბევრ გასაუბრებაზეც. ბოლოს ერთ-ერთ ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ის არ იყო რაც მინდოდა, ჩემი თავი ამ სფეროში ვერ ვიპოვე… და ერთ დღესაც გამიჩნდა იდეა რომ რაღაც ჩემი შემექმნა. აი, ასე გაჩნდა ბრენდი სახელად “AGATE- Ketrin’s Art.”
-ქეთი, მოგვიყევით თქვენს პირველ ნაბიჯებზე, როგორ დაიწყეთ და როგორ მოხვედით დღემდე?

-გაგიკვირდებათ და სულ რაღაც ასი ლარით დავიწყე ეს საქმე. ორმოცდაათი ლარით ნაჭრები შევიძინე, ორმოცდაათი ლარი მკერავს გადავუხადე. ამ თანხით 4-5 ჩანთის დამზადება შევძელით. პირველი ჩანთა ონლაინ რომ გავყიდე, ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო. მაშინ საკურიერო მომსახურება არ მქონდა და ჩემი ხელით მივუტანე მყიდველს. ჩემმა დუტის ჩანთებმა მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და ეს კარგი მოტივაცია იყო. შემდეგ, პროდუქცია რომ დავაგროვე, ვიზრუნე იმაზე, რომ კარგი ხარისხის ფოტოები გადამეღო და სოციალურ ქსელში განმეთავსებინა “AGATE- Ketrin’s Art-“ის გვერდზე. შემდეგი ეტაპი იყო თბილისური მარკეტი, სადაც ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაში მივიღე მონაწილეობა. ორი წლის შემდეგ, სიახლე რომ შემეტანა ჩემს საქმეში, გადავწყვიტე ტანსაცმლის ხაზის გაკეთება. ერთი წელია რაც ჩემი სამკერვალო მაქვს, რომელიც ამ ეტაპზე სამი თანამშრომლისგან შედგება, ჩემი მეგობრები დავასაქმე.
-ჩანთების და სამოსის ბრენდს ქვის სახელი – აგატი რატომ დაარქვით?
-თავიდან ხელნაკეთ სამაჯურებსაც ვაკეთებდი და ჩემი ყველაზე საყვარელი ქვა იყო აგატი. ამიტომ ბევრი არ მიფიქრია თუ რა დამერქმია ჩემი ბრენდისთვის, ასე მარტივად გადავწყვიტე.

-თქვენს ნაწარმს თავად აპიარებთ და მოდელიც თავად ხართ.
-დიახ, ძირითადად მე ვარ ხოლმე ჩემი კაბების მოდელი. ისინი ჩემს ხასიათს ატარებს და სწორედ ეს ხასიათი და განწყობა მინდა მომხმარებლამდე მივიტანო. ვცდილობ რომ ყოველთვის ხარისხიანი და რეალური ფოტოები დავდო. მხოლოდ სამოსს არ ვუღებ, მომხმარებელმა კარგად რომ აღიქვას ჩაცმულ ფოტოებს ვდებ. ამგვარად, ზედმეტ თანხას არ ვხარჯავ მოდელებსა და ფოტოებზე. ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ყველაფერს. ხან მე ვარ მოდელი და ფოტოგრაფი, ხან ჩემი მეგობრები მეხმარებიან. ფოტოების გადაღება ძალიან მიყვარს. ხშირად მომდის ხოლმე ასეთი სახის შეტყობინება, რა ღირს თქვენთან ფოტოსესია, ძალიან კარგი ფოტოები გაქვთ და ხომ არ გადაგვიღებთო. ამას ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება, ამიტომ ამ ეტაპზე არა, მაგრამ შეიძლება სამომავლოდ მაგ მომსახურებაზეც ვიფიქრო.
-ოთხივე სეზონის კოლექცია გაქვთ? და კონკრეტულად რა სამოსს კერავთ?
-ოთხივე სეზონის საკმაოდ მრავალფეროვანი კოლექცია მაქვს. ყველა ტიპის სამოსს ვკერავთ. კაბები, მაისურები, პერანგები, შარვლები, დათბილული კაბები, დუტის ქურთუკები, პიჯაკები, ჟილეტები, ქუდები, შარფები.
-რაც შეეხება ზომებს გაქვთ თუ არა დიდი ზომები, თუ მხოლოდ მოდელის პროპორციებზე გათვლილ ტანსაცმელს კერავთ? ამასწინათ ერთ-ერთმა დიზაინერმა ბრძანა, რომ ჩვენ არ ვკერავთ დიდი ზომის ტანსაცმელს, რადგან სიმსუქნის პროპაგანდას არ ვახდენთო, რასაც ამ ადამიანების ლოგიკური განრისხება მოჰყვა.
-ზომაზე პრობლემა რომ არ ყოფილიყო მე თავიდანვე დასარეგულირებელი კაბებით დავიწყე. შენს სასურველ ზომაზე ბაფთით ირეგულირებ ტანზე. სამოცდათხუთმეტ კილოზე ზემოთ მომდის ინდივიდუალური შეკვეთები. ასე რომ, ზომებზე არ გვაქვს არასოდეს პრობლემა, დიდ ზომებსაც ვკერავთ, თუნდაც ინდივიდუალური შეკვეთით. სიმსუქნის გამო ადამიანის ბულინგი ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ჩვენ გვწერენ და გვეკითხებიან, ძალიან მსუქანი ვარ და ესა და ეს მოდელი თუ მომიხდებაო. რატომაც არ მოუხდება ზოგს ისეთი ლამაზი ფორმები აქვს ძალიანაც უხდება ჩვენი კაბები, ტანს კიდევ უფრო ლამაზად უჩენს. იმას ნამდვილად არ ვეუბნებით რომ გაახდუნებს. ჩვენს კაბებს ისე ვაწვდით რომ მოირგონ და კოხტად ჰქონდეთ.

-თქვენს გვერდზე მითითებული გაქვთ რომ მხოლოდ ნატურალურალურ ქსოვილებზე აკეთებთ აქცენტს, რა მატერიას იყენებთ და ფასები როგორი გაქვთ არის თუ არა ქართულ რეალობასთან შესაფერისი?
-ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ რაც შეიძლება ნატურალური იყოს ქსოვილი, მასში ადამიანმა კომფორტულად რომ იგრძნოს თავი. ვიყენებთ კოტონს, ბამბას, ტილოს. რაც შეეხება ფასებს, ვფიქრობ ძალიან რეალური ფასები გვაქვს. არის იაფი, საშუალო და ცოტათი ძვირიანი პროდუქცია. ჩემი კოლექცია საშუალო მასაზე არის გათვლილი. მინდა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩემი სამოსი.
-ასაკი თუ აქვს თქვენს სამოსს რა ასაკზეა გათვლილი?
-ჩემს კოლექცია ასაკი არა აქვს. 16-დან 65 წლამდე ქალბატონს შეუძენია ჩემი სამოსი. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დედა-შვილის ერთნაირ კაბებსაც ვკერავთ. რასაც ძირითადად ფოტოსესიისთვის იყენებენ და ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები არიან, საოცარ ფოტოებს გვიგზავნიან და ძალიან უხარიათ როცა შემდეგ ჩვენს გვერდზე ვდებთ, რასაც დიდი ემოციები და კომენტარები მოჰყვება ხოლმე. ეს ემოციები ჩვენთვის ყველაფერია. ხშირად მოგვდის წერილები მადლიერების ტექსტებით, – თქვენმა კაბამ ისეთი მაგარი ეფექტი მოახდინა, ყველას მოეწონა. ისეთ დიდ ემოციას გვიტოვებს ასეთი შეფასებები, მოტივაციისთვის მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს? ეს განვითარებაში ძალიან გვეხმარება. ჩვენს სამოსს მსურველები და მომხმარებლები საზღვარგარეთაც ჰყავს, ხშირად ვგზავნით ამანათებს- იტალიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და ამერიკაში.
-რითი ხართ გამორჩეულები სხვა ქართული ბრენდის სამოსისგან და რა არის თქვენი სლოგანი?
-ჩვენი სლოგანია – შექმნილია სიყვარულით. რადგან ყველაფერი რაც კეთდება გულით და სიყვარულით არის შექმნილი. გამორჩეულები ვართ ჩვენივე მოდელებით. ფერების და მოდელების ფართო არჩევანი გვაქვს. მუდმივად ვანახლებთ კოლექციას. ვართ ორიენტირებულები ხარისხზე, მომხმარებელს ვთავაზობთ ნატურალურ ქსოვილებს და არა სინთეტიკას, ან სხვა რამე მდარე ხარისხის ქსოვილს.

-თქვენს გარდერობში ბევრია თქვენი დიზაინით შექმნილი სამოსი და ზოგადად ტანსაცმლის შეძენისას პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას?
-ჩემს გარდერობში ძალიან ბევრი ჩემი დიზაინით შექმნილი კაბაა. სამოსის შეძენისას პირველ რიგში ფერებს ვაქცევ ყურადღებას. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფერები შეიძლება ერთად მომეწონოს და მოვუხდინო ერთმანეთს. ნაჭრებს რომ დავინახავ უკვე ვიცი რა როგორ და რანაირად შევკერო. სიფერადე ძალიან მიყვარს და ამაზე ჩემი საზაფხულო კაბებიც მეტყველებს.
-როგორ ვიცვამთ ქართველები, როგორი გემოვნება გვაქვს? რა მოგწონთ და რა არა?
-გარკვეულწილად გემოვნებით ვიცვამთ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. გააჩნია როგორ სამოსს როგორ მოიხდენ. თვითონ ადამიანზე არის დამოკიდებული, მის განწყობაზე და ღიმილზე. შეიძლება რაღაც ძვირფასი ჩაიცვა, მაგრამ ისეთი მოღუშული სახე გქონდეს არაფერი არ გიხდებოდეს. ტრენდს და მოდას აყოლილი ადამიანები არ მომწონს. როცა არ გიხდება და მაინც იცვამ იმის გამო რომ მოდაშია.

-ვისი ჩაცმის სტილი მოგწონთ და ვის ჩააცმევდით თქვენი ბრენდის სამოსს?
-ქართველებიდან ვერავის ვერ გამოვარჩევ. უცხოელებიდან ქეთრინ ზეტა ჯონსი მომწონს, ძალიან დახვეწილად იცვამს. კონკრეტულად ვის ჩავაცმევდი ჩემს სამოსს ამაზე არ მიფიქრია, თუმცა რომელიმე არხის ტელეწამყვანები რომ შემემოსა ჩემი ბრენდით კარგი იქნებოდა.

-როგორია თქვენი გზა წარმატებამდე და საერთოდ ძნელია თუ არა წარმატების მიღწევა?
-ძალიან საინტერესოა ეს გზა ჩემთვის. სერიოზული დაბრკოლებები არ შემხვედრია. ყველაფერს რასაც ვაკეთებ გულით და სიამოვნებით ვაკეთებ. შენი საქმის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. მე ვფიქრობ, რომ ადვილი არ არის წარმატების მიღწევა და თავის დამკვიდრება. ტელევიზიები დამწყებ დიზაინერებს არ უწყობენ ხელს, თუნდაც ორ წუთიანი რეპორტაჟი რომ მოამზადონ მათზე. ყველაფერზე დიდ თანხებს ითხოვენ, თან დოლარებს, ეს ძალიან ცუდია. რამდენიმე ტელევიზიისგან იყო შემოთავაზება, მობრძანდით და თქვენი ნაწარმი წარმოადგინეთო, მაგრამ ამის მეორე მხარე ის არის რომ სანაცვლოდ, დიდ თანხაზეა საუბარი. ორიენტირებულები არიან თანხაზე. ხუთი ათასი დოლარი მოუთხოვიათ. მე ამ თანხით იმდენ რამეს გავაკეთებ. ამიტომაც ვცდილობ ჩემს ბრენდს სოციალურ ქსელებში მე თვითონ გავუკეთო რეკლამა, სხვისი დახმარების გარეშე.


-ბიზნესის დასაწყებად რა არის მთავარი და საკუთარი გამოცდილებიდან რას ურჩევდით დამწყებ ბიზნესმენებს?

-როგორც გითხარით ჩემი საქმე მართლა ასი ლარით დავიწყე და მინდა გითხრათ რომ გაამართლა. იმას არ ვამბობ რომ ამ ასი ლარით ბევრი ფული ვიშოვე. საწყისი ეტაპისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ბიზნესის დაწყების მსურველებს ვეტყოდი, – მთავარი მონდომებაა. არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს და არასოდეს არ დაიხიოთ უკან. გამოსავალს ყველა სიტუაციიდან იპოვით. მარცხის შემდეგ წარმატება აუცილებლად მოვა. მე რასაც ჩავიფიქრებ, სანამ მიზნამდე არ მივალ და რაც მინდა იმას არ გავაკეთებ, უკან არ ვიხევ. ჩანაფიქრს ყოველთვის ვასრულებ. მიზანდასახული ვარ. ეს არის ის თვისება რაც საჭიროა როგორც წარმატების მისაღწევად, ასევე ბიზნესის შესაქმნელად.

-ქეთი, თქვენი სამომავლო გეგმები რა არის? რა სიახლეებს უნდა ელოდოს თქვენგან თქვენი მომხმარებლები?
-ჩემი სამომავლო გეგმა პირველ რიგში ბავშვის ტანსაცმლის ხაზის დამატებაა. მონახაზები გვაქვს, იკერება და სექტემბრის თვიდან ჩაეშვება გაყიდვაში. მაღაზიებში აუცილებლად გვექნება ამის პრეზენტაცია, ძალიან ბევრ პატარას დავპატიჟებთ მშობლებთან ერთად. ასევე სექტემბრიდან ჩანთების ახალ კოლექციას დავამატებთ, ტილოს, ტყავის და დაპრინტული ჩანთების ფართო არჩევანი გვექნება. შემოდგომა მოდის და ნელ-ნელა დათბილულ სამოსზე გადავალთ. რაც აქამდე არ მქონია, პალტოები და პლაშები დაემატება ჩემს კოლექციას. მამაკაცის ხაზის დამატებაზე არ მიფიქრია და არც სურვილი მაქვს ჯერჯერობით, თუმცა მაქვს უნისექსი ჩანთები და მაისურები, რომლებსაც მამაკაცებიც ყიდულობენ. ერთადერთი რაც არ მაქვს ეს ფეხსაცმლის ხაზია. ამ ეტაპზე ეს რთულად მეჩვენება. თუ გააკეთებ ძალიან კარგი ხარისხის უნდა გააკეთო. მომავალში არ გამოვრიცხავ ფეხსაცმლის ხაზის დამატებას. ჩვენ ასევე ვაკეთებთ საახალწლო სასაჩუქრე ყუთებს, რომელშიც ჩვენივე დამზადებულ დუტის კოსმეტიკის ჩანთას, დუტის შარფს და სუვენირებს ვდებთ.

კორპორატიულ წვეულებებზე ძალიან მოსწონთ ჩვენი სასაჩუქრე ყუთები. ამ ყუთებს ყოველ ახალ წელს ტრადიციისამებრ გავაკეთებთ. ჩემს სამომავლო გეგმებში ასევე სადიზაინერო კურსების გავლაც შედის, გამოცდილება დამიგროვდა და ვფიქრობ უფრო გამიადვილდება.
-თბილისისა და ბათუმის შემდეგ აპირებთ თუ არა თქვენი ფილიალის დამატებას სხვა ქალაქში?
-დიდი სურვილი მაქვს ქუთაისშიც გავხსნა ჩემი ფილიალი. ბათუმი მოლში ქართველი დიზაინერების გვერდით მაქვს ჩემი სტენდი. თბილისში, ჩემი მაღაზია პიქსელის შენობაში, ჭავჭავაძის 34 ნომერში მდებარეობს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ადგილზე მივიდნენ, დაათვალიერონ, მოიზომონ, მოირგონ და შეიძინონ. შეძენა შესაძლებელია ასევე ონლაინ, ჩემი საკურიერო მომსახურება მაქვს. ამანათს ზუსტად იმ დროს ვაბარებთ როცა ვუთანხმდებით. მომხმარებელთან მართალი და უბრალო უნდა იყო. ამგვარი დამოკიდებულებით დღითიდღე უფრო ვძლიერდებით და მაღალ საფეხურზე ავდივართ.
-ქეთი, ეს უკვე ნამდვილად ის სფეროა, სადაც როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობთ თავს?
-კი, ეს ნამდვილად ის სფეროა, სადაც მე ბედნიერად ვგრძნობ თავს. გულით და სიამოვნებით ვაკეთებ ყველაფერს და ვაპირებ ამ სფეროში კიდევ ბევრი წელი ვიყო. ჩემს თავს დიდი ხანი ვეძებდი და ბოლოს ვიპოვე.

ავტორი: ნინო გონგაძე

“AGATE- Ketrin’s Art-ის” კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/AGATE-Ketrins-Art-2173398029592972

მსგავსი სტატიები

Leave a Comment