fbpx

ნულიდან დაწყებული ბიზნესი უკვე მსოფლიო ბრენდებით

ავტორი ნინო გონგაძე
777 ნახვა

BPN Georgia პროგრამის მონაწილე ნინო დევაძე, მუსიკის სახლისერთერთი დამფუძნებელი.

თუ გინდა წარმატებული გახდე ცოტა ჯიუტი უნდა იყო, რასაც ჩაიფიქრებ ბოლომდე ჯიუტად უნდა მისდიო.“- ასეთ რჩევას აძლევს ნინო დევაძე, წარმატების მაძიებლებს.

მუსიკალური საკრავების მაღაზია სამარკო ნიშნით – „მუსიკის სახლი“ უკვე ცხრამეტი წელია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს.

„მუსიკის სახლი“ მუსიკალური ინსტრუმენტების მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა და თავს მსოფლიო დონის ბრენდებით იწონებს.

ბევრი სირთულის და წინააღმდეგობის მიუხედავად, კომპანია წარმატებით აგრძელებს წინსვლას და ბევრი შორს მიმავალი გეგმაც აქვს.

– ნინო, საიდან გაჩნდა „მუსიკის სახლის“ დაარსების იდეა და საქმის გარდა, რა შეხება გაქვთ მუსიკასთან?

– თავდაპირველად, ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, რომელსაც მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ჰქონდა კავშირი. რაღაც დროის შემდეგ, ოთხი მეგობარი შევიკრიბეთ და რადგან ეს საქმე გვიყვარდა და კარგად გვესმოდა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტეთ. ასე შეიქმნა „მუსიკის სახლი“ მეგობრებთან ერთად. ბიზნესი ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ, ერთმანეთის ძალისხმევითა და გვერდზე დგომით მოვახერხეთ ის, რომ წლებია ბაზარზე ვართ, ვფართოვდებით, ვიზრდებით და ჩვენს სიტყვას ვამბობთ. ერთი შეხედვით ჩანს, რომ მე, „მუსიკის სახლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ან მუსიკოსი უნდა ვიყო, ან უნდა ვმღეროდე მაინც, მაგრამ გაგიკვირდებათ და ჩემი შეხება ამ საქმესთან მხოლოდ მუსიკის სიყვარულით შემოიფარგლება.

– რა უპირატესობით გამოირჩევა ბაზარზე თქვენი „მუსიკის სახლი“?

-„მუსიკის სახლის“ უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიო დონის ბრენდებს. უშუალოდ წარმომადგენლები ვართ, ინსტრუმენტები პირდაპირ ქარხნიდან მოგვაქვს. ბრენდი, რომელსაც წარმოვადგენთ, ვცდილობთ იყოს მრავალფეროვანი, რომ მსურველს ჰქონდეს საშუალება აარჩიოს მისთვის სასურველი  მოდელის ინსტრუმენტი, ფერისა და ბიუჯეტის მიხედვით. ჩვენი მთავარი უპირატესობაც ეს არის, – სხვადასხვა ბრენდის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს.

– გაყიდვების თვალსაზრისით ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი რომელია?

– ყველაზე პოპულარული მაინც კლასიკური გიტარაა, თუმცა ციფრული ფორტეპიანოებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე გვაქვს პატარა ზომის ოთხსიმიანი საკრავი, ჰავაური გიტარა – უკულელე, რომელსაც ძალიან სასიამოვნო, პოზიტიური ხმა აქვს და მარტივად დასწავლადია. ჩვენ, მარკეტინგული აქტივობით ვცადეთ რომ ეს საკრავი ქართველებისთვისაც შეგვეყვარებინა და ასე, ნელ-ნელა ესეც პოპულარული გახდა.

– რა მუსიკას უსმენს „მუსიკის სახლის“ დამფუძნებელი და რომელია თქვენი საყვარელი ინსტრუმენტი?

-მრავალფეროვან მუსიკას ვუსმენ, ვცდილობ რომ ჟანრში არ შევიზღუდო. ვუსმენ ქართველ შემსრულებლებსაც, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ძალიან მიყვარს ჯგუფი „Bedford Falls“, ასევე ხშირად ვუსმენ ნიაზ დიასამიძეს. ინსტრუმენტებიდან მომწონს კლასიკური გიტარა, ძალიან მსიამოვნებს „ფლამენკოს“ მოსმენა.

– რა არის საჭირო გამართული და წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად?

– პირველ რიგში, ეს არის იმ ადამიანების ნდობა, ვისთან ერთადაც ქმნი ამ ყველაფერს, შემდეგ იმ საქმის სიყვარული, რასაც ემსახურები, შენს გულთან და გრძნობებთან ახლოს უნდა იყოს, პატარა ნაბიჯიც კი სიხარულს უნდა განიჭებდეს. ბიზნესის წინსვლა, შედეგების დადება, უნდა აღგაფრთოვანებდეს, როგორც შენ, ასევე შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ბიზნესში ფინანსური რესურსების როლიც მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ, ეს ბიზნესი, თითქმის ნულიდან დავიწყეთ, არანაირი ფინანსური რესურსი არ გაგვაჩნდა, მაგრამ დიდი მონდომებით და მომხმარებლის ლოიალობით, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახერხეთ ის, რომ გარკვეული ფინანსური რესურსი დავაგროვეთ, პირად საჭიროებებს არ მოვახმარეთ და მიზანმიმართულად ჩავდეთ ამ საქმეში.

– რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ბიზნესმენს რომ წარმატებას მიაღწიოს?

– იმისათვის, რომ ბიზნესმენმა წარმატებას მიაღწიოს, აუცილებელია საქმის ცოდნა, ლიდერობის და შრომის დაუღალავი უნარი. მნიშვნელოვანია მენეჯმენტის ცოდნაც, საქმის სწორად განაწილებისთვის. ბიზნესმენისთვის ასევე დიდ როლს თამაშობს რისკის უნარიც, თუმცა არა თვალდახუჭული წასვლა ყველაფერზე, არამედ დაფიქრებული, შეძლებისდაგვარად გათვლილი და აწონ-დაწონილი. ყველა ნაბიჯი და ყველა ახალი ინვესტიცია დაკავშირებულია რისკთან, ამიტომ ბიზნესმენს ამის შეფასებაც უნდა შეეძლოს და წინასწარ შედეგების დანახვაც.

– რა წინააღმდეგობები შეგხვდათ ამ გზაზე, თუ იყო კრიზისული პერიოდები, რამაც  „მუსიკის სახლის“ არსებობა ეჭვქვეშ დააყენა?

– სირთულეები, რა თქმა უნდა იყო, განსაკუთრებით 2008 წელს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ომი დაიწყო, მაშინ დავდექით დახურვის გადაწყვეტილების მიღების წინაშე. ომის დროს სხვა პრიორიტეტები ჩნდება, ინსტრუმენტი არავის ახსოვს. მაგ პერიოდს თან მსოფლიო ფინანსური კრიზისი დაემთხვა, პრობლემები შეექმნათ მათაც, ვისთანაც ვთანამშრომლობდით და ეს ყველაფერი ჯამში, საკმაოდ მძიმე და რთული გადასალახი იყო ჩვენთვის. ყველანაირად შევიზღუდეთ თავი, ერთად ყოფნით და დიდი ძალისხმევის ფასად ნელ-ნელა ისევ ავიდგით ფეხი და გადავრჩით. ახლა კი, ძალიან შორს მიმავალი გეგმებიც გვაქვს, რთული, მაგრამ ამავე დროს სახალისოც იმ მხრივ, რომ ყველა რთულ ნაბიჯს მიღწევა მოსდევს, ამის გაგება, გააზრება და შეგრძნება ძალიან სასიამოვნოა.

– დღეს, შეგიძლიათ თამამად თქვათ, რომ წარმატებული კომპანია ხართ ქართულ ბაზარზე?

– რა თქმა უნდა, და ამას მხოლოდ შეგრძნების დონეზე არ ვამბობ. წარმატებულები რომ ვართ, ამას ციფრებიც ადასტურებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაც და ბაზარიც პატარაა დღესდღეობით ბაზრის საკმაოდ დიდი წილი გვიჭირავს. გვყავს ერთგული და კმაყოფილი მომხმარებლები, მათ გარეშე წინ ვერ წავიდოდით. ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის, გვაქვს შეფერხებები, შეცდომები, მაგრამ მუდმივად ვცდილობთ ამ ყველაფრის შესწავლას და აღმოფხვრას.

– როგორ მივაღწიოთ მიზანს და როგორ გავხდეთ წარმატებულები?

– თუ გინდა წარმატებული გახდე, ცოტა ჯიუტი უნდა იყო, რასაც ჩაიფიქრებ, ჯიუტად უნდა მისდიო. ხდება ისეც, რომ მიზნისკენ სწრაფვაში, გარემომ, ან კონკრეტულმა ადამიანმა, მოულოდნელად შეიძლება შეგვაფერხოს, მაგრამ თუ ჯიუტად ვართ დარწმუნებულები და ვიცით საითკენაც მივდივართ, კრიზისების გადალახვა აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე. ამის შემდეგ, უკვე მხარდაჭერა მოდის და თითქოს ირგვლივ ყველაფერი გეხმარება იმაში, რომ რაც ჩაიფიქრე განახორციელო. ძალიან რთულია წარმატებისკენ მიმავალი გზა, ზოგჯერ მწარეც, თუმცა ხშირად ტკბილი. თუკი მიზანი გაქვს, ამ სხვადასხვა ემოციით დატვირთულ გზას, ბოლოს მაინც მიზნისკენ მიჰყავხარ.

– თქვენს სამომავლო გეგმებში რა შედის?

– ვფიქრობთ ფილიალების დამატებას ქვეყნის მასშტაბით. მომხმარებლებიდან შემოდის სურვილი და თხოვნა რომ ჩვენი მაღაზია მათ ქალაქშიც იყოს. როდესაც ინსტრუმენტს ყიდულობ ადგილზე მისვლა და შემოწმება გირჩევნია. მუსიკა ჟღერადობასთან არის დაკავშირებული და ონლაინ შეძენის შემთხვევაში ცოტა რთულია. ამიტომ გეგმაში გვაქვს ფილიალების დამატება, ვშრომობთ ამისთვის.

აუცილებლად გვინდა, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი გავზარდოთ, უფრო კომფორტში ვამყოფოთ ჩვენი მომხმარებელი. ამ ეტაპზე ორი ფილიალი გვაქვს, თბილისში, მიცკევიჩის 27 ბ ში და ბათუმში, ნოე ჟორდანიას 26- ში. ასევე, ონლაინ პლატფორმაზეც ვართ წარმოდგენილები. ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ფოსტა მიდის, შეგვიძლია შეკვეთის მიწოდება.

ვაპირებთ სხვა ბრენდებისა და სხვა ტიპის ინსტრუმენტების დამატებას. ორიენტირებულები ვართ ხარისხზე. გვინდა, რომ არჩევანი უფრო მეტად გავზარდოთ. ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბრენდებთან, რომლებიც საკმაოდ ხარისხიან პროდუქტს ბიუჯეტურ ფასებში გვაწვდიან. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტური პროდუქცია გვაქვს, ხშირად ვაცხადებთ 30-40 %-იან ფასდაკლებებს, სასურველი ინსტრუმენტი ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს. ჩვენს პროდუქციაზე შესაძლებელია ასევე განვადების გაკეთებაც. შორეულ გეგმებში სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლის კურსების დამატებაც შედის.

– ნინო, როგორ შეიტყვეთ BPN Georgia-ას არსებობის შესახებ?

– ძალიან შემთხვევით, სოციალური ქსელით, გავიგე რომ დროის მენეჯმენტის სემინარი ტარდებოდა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. დავინტერესდი, რატომაც არა, ვცდი მეთქი. როდესაც სემინარზე მივედი ძალიან უშუალო ატმოსფერო ვიგრძენი. შემდეგ გავარკვიე, რომ ეს ადამიანები ქართულ ბიზნესს უჭერენ მხარს. დავინტერესდი და ყველანაირად მოვინდომე ამ ოჯახის წევრი გავმხდარიყავი. ამ მონდომებამ შედეგიც გამოიღო, ჩვენ დღემდე აქტიურად ვთანამშრომლობთ. ჩემთვის მათი ნებისმიერი კონსულტაცია და სემინარი ძალიან ძვირფასია. სასიხარულოა, რომ არსებობს კომპანია, რომელიც საკმაოდ შეღავათიან ფასად, გვთავაზობს საკმაოდ მაღალ ხარისხს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვერდში დგომას.

– რა ისწავლეთ, რა მოგცათ BPN Georgia-სთან ურთიერთობამ ?

– ამ ურთიერთობამ მომცა შორს ხედვის უნარი. ჩვენ, კომპანია, უფრო უახლოეს მომავალში ვიყურებოდით და ამ დროს BPN Georgia-მ დაგვანახა, რომ შესაძლებლობები  უსაზღვროა და შეგიძლია გაიხედო ათი წლის იქით, ამავე დროს, ეს ნაბიჯები განსაზღვრო. რაც მთავარია, პროცესში მარტო არ ხარ, ჯგუფის მხარდაჭერა მუდმივად გაქვს. მასწავლა ის, რომ შეგიძლია იოცნებო და ამ ოცნებაში რეალური ნაბიჯები გადადგა. დამანახა, რომ შეგიძლია ისეთი მიზნები დაისახო, რასაც არც კი გაიფიქრებდი. ვილაპარაკეთ და განვიხილეთ ფილიალების დამატების საკითხი, კიდევ ბევრი ასეთი პატარ-პატარა ოცნება გვაქვს. გვინდა, რომ ჩვენი სიტყვა ვთქვათ საქართველოში და მუსიკის დარგში ჩვენი კვალი დავტოვოთ. სხვებსაც აუცილებლად ვურჩევდი BPN Georgia-ში მოხვედრას, ვურჩევ ჩემს მეგობრებს, რომლებთანაც მუდმივად მაქვს ამაზე საუბარი, ზუსტად იმიტომ რომ მარტო ადამიანი ჭამაშიც ცოდოაო. როდესაც ასეთი კომპანია არსებობს, თან შვეიცარიის წარმომადგენლები არიან, ისინი წვდომას გაძლევენ იქაური ცხოვრების სტილზე და შესაძლებლობებზე, შეგიძლია რაღაცები გაითვალისწინო და განახორციელო, მსოფლიო მასშტაბზე გადიხარ. მოკლედ რომ ვთქვა, BPN Georgia-ში სულ სხვა გარემოა და სულ სხვა გამოცდილებას და ცოდნას იძენ.

ავტორი: ნინო გონგაძე

მუსიკალური ინსტრუმენტების დასათვალიერებლად და შესაძენად გადადით ლინკზე : https://shorturl.at/ciwAF

თუ გსურთ გახდეთ BPN Georgia -ს პროგრამის მონაწილე,

დარეკეთ:  599 87 93 41

მსგავსი სტატიები

Leave a Comment