ყურადღებით წაიკითხეთ და შვებას იგრძნობთ
შფოთვითი, ფობიური, პანიკური აშლილობისას, დეპრესიის, გადაღლილობის, დიდი სტრესის დროსაც პირველი ფსიქოსომატური სამიზნე ორგანოები ხშირად გული და ფილტვები ხდება.
ხშირად მიყვებით, რომ გაქვთ სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება, უჰაერობა, შიში, რომ ვერ ჩაისუნთქავთ ან ამოისუნთქავთ…
ან, რომ გული გაგიჩერდებათ თუ მოეშვებით, ან ძალიან აგიჩქარდებათ და გაგისკდებათ თუ არ მოეშვებით…
მინდა გახაროთ შემდეგი:
ჩვენ გვაქვს ცენტრალური და ავტონომიური ნერვული სისტემები.
პირველს ვაკონტროლებთ – მოძრაობა, აზროვნება, მეტყველება, მხედველობა, მოტივაცია, მეხსიერება, დაგეგმვა, …
აი, ავტონომიური ნერვული სისტემა, nomen est omen, ავტონომიურად არსებობს და ვერ კონტროლდება მარტივად ჩვენი ნებით, ფიქრებით, მონდომებებით, აზრებით, ვერც შიშებით და პანიკით.
ზუსტად ეს ამაყი, ძლიერი, დამოუკიდებელი ავტონომიური ნერვული სისტემა უზრუნველყოფს გულის და ფილტვების (და სხვა სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციების) შეუფერხებელ მუშაობას 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე.
ჩვენ რაც არ უნდა დაძაბული ვიყოთ, რაც არ უნდა პანიკით და შიშით მოცული, ან მოთენთილი, ძალა გამოცლილი, გადაქანცული, დეპრესიული… ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა შეუფერხებლად და ერთგულად ზრუნავს ჩვენს გულისცემაზე, ჩასუნთქვაზე, ამოსუნთქვაზე, საკმარის წნევაზე, ტემპერატურაზე, ნივთიერებათა ცვლაზე …
გული ხომ საერთოდ! ის ორმაგად დამოუკიდებლია და თავად აწარმოებს საკუთარი გენერატორით იმ სასიცოცხლო იმპულსებს, რასაც ჩვენ პულსად აღვიქვამთ.
სხვათა შორის, პულსის ნორმა იმაზე ფართოა, ვიდრე ზოგადად ცნობილი:
60-დან 100-მდე!
ასე რომ, ჩემო კარგებო, 80 გულის ცემა წუთში არ არის ტაქიკარდია, არამედ გულის ბუნებრივი სიჩქარე და ტემპერამენტი. ბოლოს და ბოლოს ცხელსისხლიანი, სამხრეთული ერი ვართ!
ჩვენი ორგანიზმი ერთი დიდი ორკესტრია და ჩვენი ტვინი ამ ორკესტრის მუსიკოსი და დირიჟორი ერთდროულად – ის თუ არ დირიჟორობს, მაშინ ორკესტრში ზის, უკრავს და მუსიკა მაინც ჟღერს
ყველაფერს მოევლება. ერთადერთი შეცდომა არაფრის კეთებაა, თუ რამის შეცვლა გინდა!
მოდით, უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ჩვენს ამ საოცარ ორგანიზმს!
ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი მეორე და მესამეხარისხოვანი ხდება, დამეთანხმებით.
ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!
თქვენი ჰაუსი
Le van House