fbpx

ხელოვანი ჯადოსნური ნამუშევრებით

ავტორი ნინო გონგაძე
971 ნახვა
0 კომენტარი
7

მის ნახატებს და ნამუშევრებს როგორც კი შეავლებ თვალს, ენაზე აუცილებლად მოგადგება ორი სიტყვა – ზღაპრული და ჯადოსნური. ამ მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანის შემოქმედება საოცრად მრავალფეროვანია. ხატავს აბსოლუტურად ყველაფერზე, ნებისმიერი ტიპის მასალისგან აკეთებს სუვენირებს. შეუძლია ერთი უბრალო, გადასაგდები ფიცარი ხელოვნების ნიმუშად აქციოს და სხვენზე ნაგდებ, მივიწყებულ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინოს.

როგორც ყველა, ჭეშმარიტი ხელოვანი საოცრად თავმდაბალია. არ უყვარს გამოჩენა, ინტერვიუები, ამიტომაც ნაკლებად იცნობს ხალხი. თუმცა, ყურადღება და ქება ბავშვივით უხარია. მის ნამუშევრებს როცა ნახავთ მიხვდებით, რომ მასში მართლაც ცხოვრობს დიდი ბავშვი.

უყვარს ნათელი ფერები, არ უყვარს შავი. მისი საყვარელი მხატვრები ელენე ახვლედიანი და მარკ შაგალია.

ლელა ფანჯიკიძე სპეციალობით მხატვარ-გამფორმებელი და ხელოვნებათმცოდნეა, არის მხატვართა კავშირის წევრი. მიღებული აქვს გაეროს ჯილდო – საუკეთესო ნამუშევრისთვის.

ლელა ფანჯიკიძე: ბავშვობიდან ვხატავ და ვაკეთებ სუვენირებს. მახსოვს, სულ მასალების ძიებაში ვიყავი. ახლა ყველაფერი ბარაქიანად იშოვება და იყიდება, მაშინ კი პრობლემა იყო. ხე, თიხა, თექა… ნებისმიერი მასალისგან შემიძლია რაღაც გავაკეთო. არ მაქვს საღებავი, გავერთობი თიხით, არ მაქვს თიხა, ცომს გავაკეთებ და იმით გამოვძერწავ. არ მაქვს ფქვილი, ხეს ვიპოვი და ასე…

როცა მუშაობა მინდა (და სულ მინდა), ვცდილობ, რომ ყველაფრისგან მივიღო სიამოვნება.

პანდემიის დროს, ჩაკეტილები რომ ვიყავით, განსაკუთრებით მიჭირდა მასალები. რამდენიმე წელია რაც სოლოლაკში გადმოვედით, ძველი სახლია, რომელსაც სხვენი აქვს და ამ პანდემიის პერიოდში სხვენის ხშირი სტუმარი ვიყავი. ძალიან ბევრი გადაყრილი ნივთი ვიპოვე და თავი შევიქციე მათზე. ბოლოს, ყველაფერი რომ ამოვწურე, ძალიან ძველი უთო აღმოვაჩინე და ისიც მოვხატე. ყველაფერზე ვხატავ აბსოლუტურად. თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ხეზე ხატვა. მეზობლები და უბნელები უკვე მიჩვეულები არიან და თუკი რამე საინტერესოს მოკრავენ თვალს (ძველი ჩემოდანი, ფიცარი…) მეუბნებიან, ან მოაქვთ და პირდაპირ სადარბაზოსთან მიწყობენ.

-ლელა, ვისგან გამოგყვათ ასეთი მრავალფეროვანი ნიჭი?

-დედისგან გამომყვა. დედა ხატავდა, თოჯინებს ქსოვდა. საინტერესო ნამუშევრები ჰქონდა. ბავშვობაში პლასტელინით და გირჩებით საყვარელ რაღაცებს გვაკეთებინებდა. ჩემი გოგონაც ამ განხრით წავიდა. სრულიად განსხვავებული, თანამედროვე ხედვა აქვს. რაც შეეხება ბიჭს, მსგავს რაღაცეებს არ ეკარება, გაქანებული ბუღალტერ-ეკონომისტია.

რა გჭირდებათ სამუშაო განწყობის შესაქმნელად ?!

– დილით ძალიან ადრე ვიღვიძებ და შემიძლია ნახევრად დახუჭული თვალებით პირდაპირ პალიტრისკენ წავიდე და ფერები დავასხა. ოღონდ ყავა უნდა დავლიო აუცილებლად, მის გარეშე არ შემიძლია. ჩემი საქმე ისე მიყვარს, რომ განსაკუთრებული პირობები არ მჭირდება, შემიძლია ყველანაირ პირობებში ვიმუშაო. არიან ადამიანები, რომლებიც განწყობას ელოდებიან, ისე ვერაფერს ვერ ქმნიან. მე ნებისმიერ განწყობაზე შემიძლია საქმის კეთება, იმიტომ რომ ამითი ვსუნთქავ, ვსულდგმულობ… ერთადერთი მომენტია, როცა მუშაობის პროცესში სხვაზე არაფერზე ვფიქრობ და თუ ვფიქრობ, ზოგადად იმდენი პრობლემაა სამყაროში, რომ მირჩევნია ისევ ჩემი საქმით დავკავდე. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, როცა პალიტრა ბევრი ფერით მაქვს სავსე.

თქვენი ნახატები ბევრი კაშკაშა ფერით გამოირჩევა. საოცრად ლაღი და ბავშვური ნახატები გაქვთ.

– არანორმალური სიყვარული გამაჩნია ბავშვების მიმართ. დიდი ხანი ვასწავლიდი საბავშვო ბაღში, მერე სკოლაში, ხან სტუდია მქონდა, ხან მოსწავლეები მყავდა. ბავშვებთან ურთიერთობას არაფერი არ სჯობს ამქვეყნად. სასიამოვნო ფაქტია ის, რომ ამ პანდემიის დროს ბევრი ნახატი გამეყიდა. ძირითადად მიაქვთ ბავშვებისთვის, შვილებისთვის, ამაზე მეტი სასიხარულო ჩემთვის რა უნდა იყოს?! ახლა ანტირეკლამას ვიკეთებ, მაგრამ ვიტყვი, რომ წარმოუდგენლად სწრაფი ხელი მაქვს. შემიძლია დიდი, სერიოზული ნახატი შეკვეთიდან მეორე დღესვე ჩავაბარო. დამკვეთები ვერ იჯერებენ რომ ერთ დღეში დავხატე. საშინლად პასუხისმგებლიანი ვარ. ბევრი შეკვეთა მქონდა ხოლმე სხვადასხვა სალონიდან. რომ მითხრას ვიღაცამ მიჭირს და ხვალ ორმოცდაათი მოხატული თეფში ჩამაბარეო, ჩავაბარებ. საიდან მაქვს ასეთი მონდომება და ენერგია არ ვიცი.

მიხარია, რომ ჩემი ნამუშევარი ვიღაცის გულს და თვალს ახარებს. არის ისეთი ნახატები, რომლებიც ძალიან მიყვარს და ვერ ვიმეტებ გასაყიდად. კედელზე ადგილი აღარა მაქვს უკვე, ყველგან ყველაფერი მაქვს ჩამოკონწიალებული.

ხატებსაც წერთ ?...

-დიახ, თუმცა მაგის უფლება არა მაქვს. ისე მოხდა, რომ ჩემი ხეზე დაწერილი მთავარანგელოზის ხატი ხელში ჩაუვარდა ერთ ახალგაზრდა ბერს, ძალიან მოეწონა და მონასტერში წაიღო. შემდეგ მთხოვა, იქნებ ლაზარეს აღდგინება დაწეროო (თვითონ ლაზარე ჰქვია). მოკლედ, ამ ბიჭის თხოვნით ერთი ქართული ხატი დავწერე, დანარჩენი ჩემი ინიციატივით და სიყვარულით შესრულებულია.

რომ არა მხატვარი რა პროფესიის იქნებოდით?

-ბევრი პროფესია მომწონს და რომ არა მხატვარი, რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს, დირიჟორი ვიქნებოდი. ძალიან გული მწყდება ერთ რამეზე, მუსიკა იმდენად სხვანაირად მიყვარს, რომ კარგი იქნებოდა რომელიმე საკრავზე ვუკრავდე, თუნდაც ჩონგურზე. ცხოვრებაში არავისი არაფერი მშურს, მაგრამ ვიღაცა, რომ დაჯდება და დააგუგუნებს, აი მანდ ვინგრევი ხოლმე. რა მოხდებოდა, ეს მეც შემეძლოს მეთქი ვფიქრობ. ისე კი, ჩემს ფერებს ვერაფერზე ვერ გავცვლი.

-პერსონალურ გამოფენას ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში?

-მაქვს გეგმაში, მაგრამ ქვეყნის დამშვიდებას ველოდები. მინდა ყველაფერს ერთად მოვუყარო თავი და ის ადამიანები ვნახო, რომლებიც სულ მეფერებიან, მიკომენტარებენ, მგულშემატკივრობენ შორიდან და ნანახიც კი არა მყავს. თუნდაც ამ ხალხის გულისთვის ღირს  გამოფენის მოწყობა, რომ რეალურ ცხოვრებაში ვნახო ისინი და ამ სითბოსთვის მადლობა გადავუხადო.

ლელა, თქვენი ხედვით რა ფერისაა ბედნიერება?

-ბედნიერება ფერადია, არ შეიძლება ერთი ფერის იყოს, მაგრამ აუცილებლად ურევია ოქროსფერი.

ავტორი: ნინო გონგაძე

0 კომენტარი
7

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი