მოვიდა გაციების სეზონიც
იცოდით, რომ გაციება არანაირ პირდაპირ კავშირში არ არის სიცივესთან?
არ არსებობს გაციება ვირუსის გარეშე, გინდ ციოდეს, გინდაც ცხელოდეს!
უბრალოდ სიცივეში მეტ დროს ვატარებთ ხალხმრავალ, ჩაკეტილ ადგილებში და შესაბამისად ადვილია ვირუსის გადადება. თან სიცივე / გათბობა აშრობს ლორწოვან გარსებს, რის საფუძველზეც უადვილდებათ ვირუსებს შემოჭრა და განებივრება.
გაციების კლასიკური ვირუსია რინოვირუსი (ასევე ადენოვირუსები, პარაინფლუენცა, კოქსაკი- და სხვადასხვა კორინავირუსები).
ეს ვირუსები თავიდან ხვდება ზედა სასუნთქ გზებში და იწყებს გამრავლებას, შესაბამისი სიმპტომებია
ცხვირის კონსტიპაცია “გაჭედვა” ან რინორეა “ცხვირიდან ლორწოს დენა” – a running nose
ცემინება / ხახის ქავილი
დისკომფორტი/ტკივილი ყელში
შემდეგ ვირუსი ჩადის ქვედა სასუნთ გზებში და სიმპტომებია
ხველა
ნახველის დაგროვება
ბრონქიტი
ზომიერი სუნთქვის პრობლემები
იშვიათად ფილტვების ანთება
სიმპტომების დიდი ნაწილი არის ჩვენი სხეულის ჭკვიანური, ადაპტიური საქციელი, რომ მოიშოროს ვირუსი
ცემინებით
ცხვირიდან ლორწოს დენით
ცხვირის მოხოცვით
ხველით
სიცხე მთლიანობაში ხელს უწყობს ვირუსთან ეფექტურ ბრძოლას.
ამიტომ, ნუ შეგვეშინდება ამ კლასიკური სიმპტომების და დავაცადოთ, ხელი შევუწყოთ ჩვენს ორგანიზმს ინვაზორთან გამკლავებაში. ამისთვის საჭიროა:
ბევრი სითხე ლორწოს გასათხელებლად, რომ ადვილად მოხდეს ლორწოთი/ნახველით ვირუსის მოშორება
დასვენება / საკმარისი ძილი რეგენერაციისთვის
სრულფასოვანი კვება, ძირითადად ბოსტნეული, ხილი ყველა საჭირო ვიტამინის თუ მინერალის მისაღებად
დადებითი განწყობა, რამეთუ ეს ყველაფერზე კარგად მოქმედებს
გაჭედილი ცხვირის ინჰალაციებით, წვეთებით, სპრაით გათავისუფლება, რომ ჰაერის ცირკულაცია არ შეწყდეს და არ დაიწყოს სინუსიტი
თუ დაგჭირდათ სინთეთიკური ცხვირის სპრაი, უპირატესობა მიანიჭეთ ოქსიმეტაზოლინს, რადგან ეს უკანასკნელი ქსილომეტაზოლინისგან, ნეფაზოლინისგან განსხვავებით კლავს რინოვირუსებს.
ცხვირის სპრაიმ მალე შეჩვევა იცის, შესაბამისად არ გადააცილოთ მათი ხმარება 5-7 დღეს.
შეჩვევა ადვილად ხდება და გადადის დამოკიდებულებაში, ეგრედწოდებულ “პრივინიზმში”, სინონიმი – რინიტის მედიკამენტოზა. ამიტომ, დიდი დისციპლინით მოიხმარეთ სინთეთიკური ცხვირის წვეთები/სპრაი ალფამიმეტიკების (ოქსიმეტაზოლინი, ქსილომეტაზოლინი, ნეფაზოლინი…) შემცველობით
მცენარეული პრეპარატები ევკალიპტის ექტრაქტის – ცინეოლის შემცველობით შეგიძლიათ დაიხმაროთ.
მოწევა აუცილებლად უნდა შეწყვეტოთ, რადგან ეს პარალიზს უკეთებს ბრონქებში მდებარე ცილიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კოორდინირებული მოძრაობებით ფილტვების პათოლოგიური შიგთავსის, ინფექციური ლორწოს ამოხველებას!
ზოგადად სიგარეტის მოწევას თუ თავს დაანებეთ, თქვენი ორგანიზმი ხელმეორედ დაიბადება და მის მადლიერებას მალე იგრძნობთ!
ანტიბიოტიკები არ არის სიცხის დამწევი თუ ხველების წამალი!!!
გაციების დროს მათი გამოყენება არ ხდება!
მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, თუ ვირუსულმა ინფექციამ გზა გაუკვალა ეგრედწოდებულ ბაქტერიულ სუპერინფექციას (ბაქტერიული სინუსიტი, ბრონქიტი…) შეიძლება ანტიბიოტიკებზე დაფიქრება!!! ჯერ დაფიქრება და შემდეგ გამოყენება, ყოველთვის ექიმის გააზრებული კონსულტაციით.
მგონი ყველაფერი მნიშვნელოვანი დავწერე…
ხო, გაციების წამალი არ არსებობს მედიცინაში, ნუ გადაყრით ფულს!
იმუნურ სისტემას კი ნებისმიერ წამალზე უკეთ აძლიერებს
– ჯანსაღი ცხოვრების წესი
– ფიზიკური აქტივობა
– საკმარისი ძილი
– ბალანსირებული კვება
– დადებითი განწყობა და ზოგადად, ფსიქოჰიგიენა
ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!
თქვენი ჰაუსი
Le van House