ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება; რომ საკუთარი თავის სიყვარული, მადლიერება და პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის; რომ დასახულ მიზანს იმდენად დიდი ძალა აქვს, ერთ დროს თქვენთვის მიუღწეველ ოცნებაშიც კი შეუძლია მოგახვედროთ და ფილმის კადრებში რეალურად გახეტიალოთ.
„მიზნის დაწერიდან რამდენიმე თვეში რომის ქუჩებში დავაბიჯებდი და ამ საოცარი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებდი“, – მეუბნება ჩემი ინტერვიუს გმირი ანა კაცლოევა და ღიმილით დასძენს, – „ეს მაშინ შევძელი, როცა მეუბნებოდნენ, არაფერი გამოგივა, უცხო ქვეყანაში ვერ გაძლებო. გამომივიდა, ჩემი ცხოვრებაც რადიკალურად შევცვალე და უკვე მეექვსე წელია, აქ ვარ, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით… არადა, მაშინ საერთოდ არ მქონდა ამის შესაძლებლობა, თუმცა სამყაროს და ჩემი ძმის დახმარებით ეს მოხდა“.
რომამდე კი იყო ორწლიანი დეპრესიული პერიოდი და, როგორც თავად ამბობს, ადგილი, სადაც თვალები აუხილეს და სიცოცხლე დაუბრუნეს.
ანა კაცლოევა: 2013 წელს, იქ, სადაც ვმუშაობდი, ფინანსური პრობლემები შემექმნა და სამსახურიდან წამოვედი. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. არაფერი მახარებდა, თითქმის ორი წელი დეპრესიულ მდგომარეობაში ვიყავი და გამოსავალს ვერ ვპოულობდი. ერთადერთი „ფეისბუკით“ ვკლავდი დროს. ახლა დროის მოკვლა კი არა, რომ შეიძლებოდეს, დღე-ღამეში 48 საათს დავაწესებდი, რადგან 24 საათი არ მყოფნის.
– რამ გამოგიყვანათ დეპრესიიდან და რამ შეცვალა თქვენი ხედვა?
– ერთხელაც, ხათუნა მუზაშვილის ფეისბუკგვერდზე აღმოვჩნდი, დაანონსებული ჰქონდა ტრენინგი „ნორბეკოვის პირველი გამაჯანსაღებელი“. ხათუნას მივწერე: საერთოდ არ მაქვს თანხა, შეიძლება დავესწრო? ორ კვირაში გადავიხდი-მეთქი. მობრძანდითო, მომწერა. დავესწარი და დაიწყო ჩემი გამოცოცხლებაც – კომპლექსები გამიქრა, ხალისი და ენერგია დამიბრუნდა, თვითშეფასება ამიმაღლდა, სიცოცხლე შემიყვარდა. ხათუნამ ცხოვრებას სხვანაირად შემახედა და ამისთვის ძალიან ვემადლიერები. დღემდე ჩემთვის ნომერ პირველ ტრენერად რჩება. ამას მოჰყვა „ნორბეკოვის მეორე და მესამე გამაჯანსაღებელი“. შემდეგ იყო თამარ კვარაცხელიას ტრენინგი, რამაც მოტივაცია მომცა.
– ანუ დეპრესიულ ანადან მოტივირებულ ანად იქეცით. ახლა როგორ გახსენდებათ ის ანა?
– ყველანაირი ანა მიყვარს და პატივს ვცემ. დაბადებიდან დღემდე რაც გამოვიარე, ყველაფერი საჭირო იყო. ეს ანას გასავლელი იყო და გაიარა კიდეც.
– ამ შეხედულებამდე პიროვნულმა ზრდამ და განვითარებამ მიგიყვანათ თუ ადრეც ასე ფიქრობდით?
– ადრე ჩემი თავი არ მიყვარდა, ძალიან ნეგატიურად და კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, მაღიზიანებდა, ვადანაშაულებდი, ვუბრაზდებოდი… მაგრამ რაც ამ ჯადოსნურ გარემოში აღმოვჩნდი, ყველაფერი შეიცვალა, განსაკუთრებით საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება. ახლა რაც არ უნდა გავაკეთო, ჩემს თავს ვუყვავებ, ვეფერები, კარგი საქციელისთვის ტაშს ვუკრავ და ვეუბნები: ყოჩაღ, ანა, ეს რა კარგად გააკეთე. პატარ-პატარა სიურპრიზებითაც ვანებივრებ. მარტში 6 წელი გახდა, რაც პიროვნული ზრდით ვარ დაკავებული. ამ წლებმა და გავლილმა ტრენინგებმა ძალიან ბევრი რამ მომცა, ძალიან შემცვალა.
– დღეს ვინ არის ანა?
– ანა არის ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს სიცოცხლე, არის დედა, ბებია, კარგი მეგობარი, ანა არის, ასევე, მეოცნებე, მიზანდასახულიც, ერთგული. უყვარს ყვავილები, კეთილი და უანგარო ადამიანები. უყვარს წვიმა, მთა, ზღვა, მოკლედ, სამყარო. და ძალიან ბედნიერია.
ეს დღეს, ადრე კი ყოველ ახალ წელს ასეთ სურვილს ვუთქვამდი – მინდა ბედნიერი ვიყო. მერე ვუპროტესტებდი უფალს – რატომ არ ვარ ბედნიერი? მთელი ცხოვრება ბედნიერებას ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. პირველივე ტრენინგზე კი იმდენი რამ აღმოვაჩინე, რითაც ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ გაკვირვებული დავრჩი. ამ ყველაფერს როგორ ვერ ვხედავდი.
– რა აღმოაჩინეთ, რისთვის უნდა ყოფილიყავით ბედნიერი და, ზოგადად, რას ვერ ვხედავთ ხშირად ადამიანები?
– ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ ბედნიერები, იმისთვის რომ თენდება და ცოცხალი ხარ; იმისთვის, რომ შვილი გყავს, ან გარეთ იხედები და წვიმაა, თუმცა ამინდს არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ცხოვრობ, ამ ყველაფერს ხედავ, შეიგრძნობ. აი, ესაა ბედნიერება. ბედნიერება წვრილმანებშია და ამას ადამიანები ვერ ვაფასებთ, არადა მთავარია, ამ ყველაფრის დანახვა და შეგრძნება ვისწავლოთ. რაც ეს გავაცნობიერე, მას შემდეგ ახალ წელს ბედნიერებაზე სურვილს აღარ ვუთქვამ, იმიტომ რომ ბედნიერი ვარ.
– როგორ ფიქრობთ, პიროვნული ზრდისა და განვითარების ტრენინგები ყველას სჭირდება?
– როგორც ჰაერი და საკვები გვჭირდება, ასე უნდა გვჭირდებოდეს პიროვნული ზრდა და განვითარება. ჩემთვის დღეს ასეა. დღე არ გავა, რამე ტრენინგს არ დავესწრო, ვებინარს არ მოვუსმინო. როდესაც გასულ წელს ყველაფერი ჩაიკეტა და ხალხი დეპრესიაში ჩავარდა, მე პანდემიის პერიოდი გამოწვევების შესაძლებლობად ვაქციე. ადრე ამდენი საინტერესო ტრენინგი ონლაინ არ ტარდებოდა, რაზეც გული ძალიან მწყდებოდა. ახლა ყველაფერი ონლაინ რეჟიმშია. ამან მომცა შესაძლებლობა, ბევრი საინტერესო რამ მესწავლა და ბევრ საინტერესო ადამიანს გავცნობოდი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იტალიაში მყოფს სხვებივით დეპრესია და ნეგატიური აზრები არ მომკარებია.
ახლა პოზიტიური ფსიქოთერაპიის ტრენინგსაც გავდივარ ლალი ბადრიძესთან. უკვე 5 თვეა, რაც პრაქტიკულ ფსიქოლოგიას ვეუფლები. აქ სწავლამ ხედვა შემიცვალა. ადრე ჩემი ცხოვრების დევიზი იყო – არასოდეს არ დანებდე. „არასოდეს“ და „არ“ უარყოფითი ნაწილაკებია და პოზიტიურ განცდას არ აჩენს, ამიტომაც ახლა ვამბობ – იარე რწმენით! ამ რწმენის დამსახურებაა ჩემი რომში ცხოვრებაც.
– ანუ რწმენა გქონდათ იმისა, რომ რომში აუცილებლად იცხოვრებდით?
– რომი და იტალია ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მას შემდეგ, რაც სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელმა ჩექმის ფორმის ეს ჯადოსნური ქვეყანა გაგვაცნო, ოცნებად გადამექცა. იმდენად ვიყავი შეყვარებული იტალიაზე, რომ სამოსს იტალიურს ვყიდულობდი, სიმღერებსაც იტალიურს ვუსმენდი. მერე წლები გავიდა და… 42 წლის ასაკში ბავშვობის ოცნება ავიხდინე.
მახსოვს, მუზაშვილის ტრენინგის ბოლოს, „ნორბეკოვის მესამე გამაჯანსაღებელზე“ ცაში ფრანები გავუშვით. ამ ფრანებზე ჩვენი სურვილები ეწერა. მე ორი სურვილი დავაწერე, ერთი იყო რომში გამგზავრება და ცხოვრება. ეს იყო 2015 წლის მარტი და 2015 წლის 22 ოქტომბერს უკვე რომის ქუჩებში დავდიოდი.
– იტალიაში თავიდანვე გეგმის მიხედვით აგეწყოთ ყველაფერი?
– არა, პირველ სამსახურში გაუსაძლისი 12 დღე მქონდა, ერთ-ერთ სოფელში ძალიან სტრესულ გარემოში აღმოვჩნდი. მაშინ ვთქვი – ანა, ჩამოხვედი იმისთვის, რომ რომში იცხოვრო? არ დათანხმდე არანაირ სამსახურს სხვაგან. მართლაც, დავბრუნდი რომში, 4 თვე უმუშევარი ვიყავი, სხვადასხვა რეგიონში ისევ მთავაზობდნენ სამსახურს და უარს ვამბობდი. რომში ვერ ნახავო, მეუბნებოდნენ. ვნახე და მას შემდეგ აქ ვარ. რომში ვსწავლობ უცხოელებისთვის განკუთვნილ სკოლაში Sant Egidio, ამ სკოლაში გავიცანი ხათუნა მალაზონია, რომელიც უანგაროდ დამეხმარა სამსახურის დაწყებაში. დღემდე ვმეგობრობთ და მადლიერი ვარ მისი.
– რა იქნება ის მესიჯი, რაც ემიგრანტებს ემიგრაციაში ყოფნას გაუადვილებს?
– მთავარია, სიყვარულით აკეთონ საქმე და ბევრად მეტს შეძლებენ. სიყვარულითა და გულით გაკეთებულ საქმეს ბევრად მეტი ენერგია მოაქვს და უფრო კარგადაც გამოდის. არც ჩემი დანიშნულებაა იქ ყოფნა, სადაც დღეს ვარ, მაგრამ მადლიერებითა და სიყვარულით ვაკეთებ ყველაფერს. შედეგად კაპრიზული და ანჩხლი ბებო ისეთი კეთილი და მზრუნველი გავხადე, რომ ზოგჯერ თავისი სითბოთი და მოქმედებით მაკვირვებს. მადლიერი ვარ მარიასი, რომ ხელს მიწყობს სწავლა-განათლებაში. სწორედ მისი დამსახურებით ვესწრები ამდენ ტრენინგს.
მართლა არ არის ადვილი ოჯახიდან შორს ყოფნა და ასეთ სიტუაციაში მუშაობა, მაგრამ არის გამოსავალი, ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ჩვენთვის პოზიტივისა და მოტივაციის მოცემა შეუძლია. მაგალითად, აქ აივანზე არცერთი ყვავილი არ იყო, მე კი ყვავილები ძალიან მიყვარს, ახლა აივანი ყვავილებით არის მორთული და ულამაზესია. თითქოსდა რაღაც პატარა დეტალია არა? მაგრამ სწორედ ამას მოაქვს ბედნიერება. ამ დეტალების აღმოჩენა უნდა ვისწავლოთ. ცხოვრებაში იმდენი ლამაზი ფერია, უბრალოდ, ამის დანახვა უნდა შევძლოთ.
განვითარება და განათლება არ უნდა შევწყვიტოთ. შეიძლება რაღაც ახალი ჰობი გამოგიჩნდეს და ის აკეთო მთელი სიამოვნებით. ახლა დამატებით შაქრისა და შოკოლადის ყვავილების გაკეთებას ვსწავლობ. მოგვიანებით თექის შემსწავლელი კურსი მინდა გავიარო და უკვე ზუსტად ვიცი, თექისგან რას გავაკეთებ. სოფლის მეურნეობაშიც ვცადე ბედი მეგობართან ერთად, ჯერ საწყისი ეტაპია და ასე ხმამაღლა პირველად ვაჟღერებ.
მიზნები უნდა დავისახოთ და სწორედ ამ მიზნებისთვის გაგვიადვილდება იმ საქმის კეთება, რასაც ვაკეთებთ.
საკუთარი გამოცდილებიდან მინდა ვუთხრა თითოეულს – არ დანებდნენ, იაქტიურონ, შემართებით იყვნენ, ასევე, უყვარდეთ და დააფასონ საკუთარი თავი. აუცილებლად გაიკეთონ საჩუქრები, ყოველთვის წაიხალისონ ქმედებები, საკუთარ თავს უთხრან, როგორ ეძვირფასებათ, უყვართ და მადლიერები არიან, სხეულს კი დაჰპირდნენ, რომ ერთგულად ემსახურებიან. იყვნენ ყველას და ყველაფრის მადლიერნი. თუ რამ ისე არ ხდება, ეს ცხოვრების გამოწვევად მიიღონ. ცუდშიც იპოვონ ის, რაც გამოცდილებას შემატებთ. იპოვონ და აკეთონ საყვარელი საქმე. ეს ემიგრაციაში ყოფნას გაუადვილებთ. ყველა ემიგრანტს ვუსურვებ ბედნიერებას, სულიერ მხნეობას და წარმატებას დასახულ მიზნებში!
– გარდა ამ ყველაფრისა, თავად თქვენ რა გაძლევთ კიდევ მოტივაციას?
– პირველ რიგში, საკუთარი თავი, ასევე, გარშემო მყოფი ადამიანები. მყავს რამდენიმე ასეთი ადამიანი, მათ შორის ნინა ორჯონიკიძე, რომელიც სწორედ მაშინ არის ჩემ გვერდით, როცა ძალიან მჭირდება. მეხმარება და მოტივაციას მაძლევს. ასევე, ჩემი არაჩვეულებრივი მეზობელი, 70 წლის წარმოშობით სომეხი იტალიელი ქალბატონი, რომელიც ჩემი მფარველი ანგელოზია. მოტივაციას მაძლევს ჩემი ოჯახი, შვილი, შვილიშვილები, მინდა, რომ რეალიზებული ბებო ჰყავდეთ და ჩემით იამაყონ. ჩემი მიზნებიც მაძლევს მოტივაციას. არ ვჩერდები, უნდა მივაღწიო, უნდა გავაკეთო, უფრო მეტად წარმატებული გავხდე.
– რა არის იმისთვის საჭირო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო?
– ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რა გვინდა და არა, რა არ გვინდა. ეს სურვილი ჩვენი უნდა იყოს და არა ვინმე მეორე ადამიანის. ხშირად გარშემომყოფები, გარემო გვაბრკოლებს და გვაჯერებს, რომ რაღაც არ გამოგვივა. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო – რა დროს სწავლაა? ეს შენს ასაკს არ შეეფერება, ფულს რაში ყრი?.. და კიდევ უამრავი სხვა რამ. ზოგი ამ ნეგატიური დამოკიდებულებებით პროგრამირდება და ჩერდება. ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა საკუთარი თავის რწმენა. ეს კი სურვილების სწორად ჩამოყალიბებასა და მიზნის დასახვაში დაგვეხმარება.
– მიზნის დასახვასაც რაღაც გარკვეული წესები აქვს, თქვენ როგორ ისახავთ მიზანს და ამ კუთხით რა გამოცდილებას გაუზიარებთ მკითხველს?
– მიზანი უნდა იყოს მკაფიო, კონკრეტული, მიღწევადი და თავშივე განსაზღვრული. უნდა გამოვიყენოთ სიტყვები – მივაღწევ, შევცვლი, გავაკეთებ, ვისწავლი და არა შეიცვლება, მიიღწევა. კარგია, თუ ვიზუალიზაციასაც ჩავრთავთ. ეს მეთოდი ქვეცნობიერის დასაპროგრამებლად გამოგვადგება და აუცილებელიც არის ჩვენი ცვლილებისთვის.
ასევე, მთავარია შემართება. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ მიზნისთვის, შეიძლება დაბრკოლებებიც გამოჩნდეს მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ან ადამიანები ნეგატიური რწმუნებებით, მაგრამ მშვიდად უნდა გადავლახოთ ყველა დაბრკოლება.
კიბორჩხალების ისტორია გამახსენდა, დიდ თასში რომ ჩაყრიან და იმას, რომელიც ასვლას ცდილობს, სხვები ქვემოთ ექაჩებიან, არ უშვებენ, რომ მაღლა ავიდეს და თავს უშველოს. ასე არიან ის გარშემომყოფებიც, რომლებსაც ჩვენი არ სჯერათ და დაბლა გვექაჩებიან. ამას საერთოდ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, მთავარია, გვჯეროდეს და საკუთარი თავის ვიწამოთ. დავისახეთ მიზანი? შემართებით გავაგრძელოთ გზა ამ მიზნის მისაღწევად და არავის არ მოვუსმინოთ.
ჩემთანაც თანდათან გამოიხშირა გარემო. ვისაც სჯეროდა, გამომყვა, ვისაც არ სჯეროდა და არ მოსწონდა ჩემი წინსვლა, ჩამომშორდა. ასეა, როცა წინ მიდიხარ, გარემოც იცვლება. შენს გარშემო ის ადამიანები ჩნდებიან, ვინც გეხმარებიან და მოტივაციას გაძლევენ.
– როგორც ვიცი, ამ ყველაფერთან ერთად ქოუჩის პროფესიასაც ეუფლებით. როგორ დაინტერესდით ქოუჩინგით?
– გასულ წელს ქოუჩთა საერთაშორისო ფედერაციის ონლაინკვირეული გაიმართა საქართველოში. მერე ქოუჩსესიებიც ჩაგვიტარდა. ნიჭიერი ქოუჩების საოცრად შეკრული გუნდი იყო, რამაც დადებითად იმოქმედა ჩემზე. იქ გავაცნობიერე ქოუჩის როლი. ზოგადად, ძალიან მიყვარს ადამიანების დახმარება და სასარგებლო რჩევების მიცემა. მართალია, ქოუჩი რჩევებს არ იძლევა, მაგრამ მეორე ადამიანს ეხმარება, რომ სასურველ შედეგზე სწორი კითხვების მეშვეობით გავიდეს.
ყველა ადამიანშია დამალული განძი, რომლის შესახებაც არ ვიცით და ვერ ვიყენებთ, არ შეგვწევს ამის აღმოჩენის უნარი. სწორედ ამისთვის გვჭირდება ქოუჩი, რომ სწორი კითხვებით გაცნობიერებამდე და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი იმდენად მომეწონა და იმდენად ვიპოვე ჩემი თავი, რომ ჯერ თამარ კვარაცხელიასთან გავიარე „ევოლუიშენ ქოუჩინგი“ და მერე უკრაინის ქოუჩთა სკოლაშიც ჩავაბარე.
ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგ და ქოუჩ ნინო ეფხოშვილთან დავიწყე თანამშრომლობა, გვინდა სამყარო და ადამიანები უკეთესობისკენ შევცვალოთ. მასთან წარმატების მენტორინგი გავიარე და ახლა სტრატეგიულ ქოუჩინგს ვსწავლობ. მადლიერი ვარ, რომ მაძლევს საშუალებას, ჩემი ცოდნა და გამოცდილება კონკრეტული მიმართულებით წარვმართო. ტრენინგები საქართველოშიც ჩატარდება და მის ფარგლებს გარეთაც. ალბათ, იტალიაშიც დაიგეგმება. თამარ კვარაცხელიამ თანამშრომლობა შემოგვთავაზა მათ, ვინც ქოუჩინგის სკოლას წარმატებით გავივლით. არ ვიცი, მოვხვდები თუ არა წარმატებულთა სიაში, მაგრამ ძალიან მინდა რომ მოვხვდე. თამართან ასევე, გავდივარ ერთწლიან მარათონს „ბედნიერების 365 დღე“.
მინდა მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველა ფსიქოლოგსა და ქოუჩს, ვისი კურსებიც გამივლია. თამარ კვარაცხელიას ტრენინგებისთვის; ხვიჩა მებონიას, ამ საოცარ ადამიანს – „სუპერეფექტურობისთვის“; ლალი ბადრიძეს, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტს – იმ შესაძლებლობისთვის, რასაც ჩემ მიმართ ამჟღავნებს; ანა არველაძეს, ამ მართლა ჯადოსნურ გოგოს – რომლის თვითდისციპლინის კურსმა საუკეთესო შედეგები დამადებინა. ამ კურსის გავლის შემდეგ ბოლომდე მიმყავს ყველა დაწყებული საქმე; ილია ნიკაჭაძეს – რომელთანაც ძალიან საინტერესო და საჭირო კურსი „ენიაგრამა“ გავიარე. ეთერ ფილიპოვიჩს – რომელთანაც არტთერაპია და მეტაფორული ბარათები გავიარე, რაც ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. არტთერაპიას სხვა პატარ-პატარა ფსიქოლოგიურ კურსებთან ერთად დიანა ნიკოლაიშვილთან და თინათინ აფხაიძესთანაც დავესწარი; თამარ საგინაშვილს – „24 ნაბიჯი წარმატებისკენ“, „კოკო შანელის 12 ოქროს წესი“, ახლა მის გუნდში ვარ ველნეს აკადემიაში; თინათინ ბასილაიას – რომელთანაც ბაირონ ქეითის სამუშაო გავიარე. თინის პირველივე ნაკადის მონაწილე ვარ. ასევე, მანანა ჯორჯაშვილს, რომელმაც ნლპ-ს პირველი კურსი მაჩუქა.
ჩემი მადლიერება აბსოლუტურად ყველას იმ ცოდნისთვის, გამოცდილებისთვის და ლამაზი დღეებისთვის, რომლებიც მათი დამსახურებით იყო და არის ჩემს ცხოვრებაში.
– სამყაროს რას ეტყვით, ანა?
– მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ მაძლევს იმის საშუალებას, ვიცოცხლო, ვიცხოვრო, მიზნები ავისრულო… ზუსტად იცის, რა დროს რა მინდა და იმ ადამიანებს მიგზავნის, რომლებიც იმ მომენტში ჩემთვის და ჩემი ცხოვრებისთვის აუცილებელნი არიან.
მადლობა სამყაროს და მადლობა ადამიანებს, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოდიან და იმ საქმეს აკეთებენ, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი გამოჩენა და ეს ინტერვიუც სამყაროს საჩუქარია ჩემთვის.
ოცნებები რეალურად ხდება, ამიტომ იოცნებეთ თამამად! არ დანებდეთ და იყავით ყველას და ყველაფრის მადლიერნი! იარეთ რწმენით და აუცილებლად შეცვლით ცხოვრებას უკეთესობისკენ.
2 კომენტარი
Wau აი ასეთი ემოციური რეაქცია მქონდა ანა ამ შენი საოცარი ინტერვიუს კითხვის დროს.მე ანა დაახლოებით ექვსი წლის წინ გავიცანი და სულ ვხედავ,რომ ეძებს ვითარდება.ახლა კი ეს საოცარი შემაჯამებელი ანალიზი დადო.✌ ..ძალიან მომეწონა ასეთი ჯანსაღი გააზრებული საუბარი და გაზიარება საკუთარი გამოცდილების…დიდი აუდიტორიის წინაშე.მომწონს ძალიან ანა შენი გულწრფელი სიტყვები ,რომ ამბობ მომწონს , ადამიანების დახმარება ,რომ არა ასე შენ ამ მიმართულებით მართლა ვერ წახვიდოდი,რადგან ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა საკუთარი თავისა და შემდეგ სხვა ადამიანების მიმართ.საბოლოოდ მინდა მოგილიცო ,რომ შენ მაქსიმალურად გამოიყენე ეს პერიოდი შენი დაფარული შინაგანი უზარმაზარი რესურსის აღმოსაჩენად და განსავითარებლად ეს სერიოზული ამბავია ახლა კი გისურვებ განვითრების უფრო მაღალ საფეხურზე გიხილო და შემდეგ კიდევ დიდი სიამოვნებით და სიამაყით მოგილოცო🌹🌹🌹ბრავა ანა მიყვარხარ💐💐💐
მადლობა მარიამ <3 როცა გაგიცანი საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი,გავიარე ბევრი ტრენინგი,ვებინარი და ეს ყველაფერი დამეხმარა საკუთარი თავის შეცნობაში.გამეგო რა მისიით მოვევლინე ამ სამყაროს.მიყვარხარ <3