„ოცნებები სრულდება … მთავარია გულით ისურვო და დაიჯერო, მერე მოინდომო, მიზნები დაისახო და იმოქმედო, მაშინ მიხვდები რომ შეუძლებელი არაფერია“ – მეუბნება 20 წლის გოგონა, რომელსაც მთელი ინტერვიუს განმავლობაში სახეზე ღიმილი დაჰფენია და არც მაშინ სცილდება, როცა ბავშვობის გახსენება თვალებს უცრემლიანებს…
ხალისიანი და სიცოცხლით სავსეა. სიგიჟემდე უყვარს მუსიკა, სიმღერა და მოგზაურობა… ჰოდა, მისი სამომავლო გეგმები სწორედ სიმღერასა და დიდ მოგზაურობას უკავშირდება…
ტრენინგმა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ თავისი ოცნება გააჟღერა, ის შიში სამუდამოდ დაავიწყა, რომელიც მთელი ბავშვობა თან სდევდა …
ლიკა მამაცაშვილი: „ეს იყო ხათუნა მუზაშვილის ტრენინგზე ნორბეკოვის „პირველი გამაჯანსაღებელი“ . მახსოვს როგორი აღტაცებით წამოვიძახე – მე მინდა გამოვიდე მომღერალი. იმდენად აღფრთოვანებული, ბედნიერი და სავსე ვიყავი ჩემი პასუხით, რომ სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. მერე მიკვირდა თუ სად გაქრა შიში, რომელიც სულ ჩემთან იყო…
– რა შიშზე საუბრობთ?
– სიმღერის ნიჭი ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ რაღაც პერიოდი გავჩერდი და საერთოდ არ ვმღეროდი, კომპლექსი იმდენად დიდი იყო, რომ მეგობრების წრეშიც კი ვერ ვბედავდი მემღერა, რაღაც გადამეკეტა, საერთოდ ვერ ვუშვებდი ხმას.
ხათუნას ტრენინგების შემდეგ კი ისეთი გადატრიალება მოხდა ჩემში, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა. იცით? ყველას შეუძლია მიაღწიოს სასურველს თუკი მოინდომებს. საოცარი თავდაჯერებულობა და მოტივაცია მომცა ამ ტრენინგმა, აღმოვაჩინე რომ შემიძლია ჩემი კომპლექსის დაძლევა, მივხვდი – ის უნდა გავაკეთო, რაც მთელი ცხოვრება მინდოდა და გადავწყვიტე მემღერა, რასაც ძალიან მალევე მოჰყვა ძალიან მაგარი შედეგი. ტრენინგი დავამთავრე თუ არა ეგრევე ვოკალის გაკვეთილებზე დავიწყე სიარული. სურვილმა და დაუღალავმა შრომამ, ასევე პროფესიონალმა პედაგოგმა, ლალიკო ბერაძემ, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, თავისი გააკეთა და სულ რაღაც ხუთ თვეში ჩემი დებიუტიც შედგა, მერე კონკურსზეც გავედი და მესამე ადგილი მოვიპოვე. ახლა ლატვიიდან მივიღე მოწვევა კონკურსზე.
-კონცერტსა და კონკურსზე შიში საერთოდ არ გქონიათ?
– როგორ არა, მქონდა… თუმცა, თავიდანვე ვთქვი რომ საპრიზო ადგილს მოვიპოვებდი. ეს კონკურსი ბათუმში ყოველ წელს ტარდება, ჩამოდიან უცხოელი ჟიურის წევრები, მოჰყავთ თავიანთი მოსწავლეებიც, იყო ძალიან ბევრი მონაწილე. როცა ამდენი კონკურსანტი დავინახე მართალი გითხრათ ცოტათი შემეშინდა, ვინერვიულე, თუმცა აქაც მიშველა ხათუნას ტრენინგზე ნასწავლმა ტექნიკებმა. „სიმშვიდის ანაბეჭდი“ გამოვიყენე რომ თავდაჯერებულობა შემმატოდა და მშვიდად მეგრძნო თავი. გამოვიყენე „სარკის ეფექტიც“. ამ სავარჯიშოს ახლაც ხშირად ვიყენებ. ყოველ დილით სარკეში ჩემს თავს ვეუბნები, რომ თავდაჯერებული და წარმატებული ვარ….
-და რას აკეთებს ეს სავარჯიშო?
-პირველ რიგში მართლაც დიდ თავდაჯერებულობას მაძლევს, როდესაც სარკესთან მდგომი ჩემს მომავალზე ახლანდელ დროში ვსაუბრობ რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი ძალიან მალე მართლდება. მთავარია ამის გჯეროდეს, თუ არ გჯერა აზრი არა აქვს …
ნელ-ნელა ხედავ თუ როგორ იცვლება შენი ცხოვრება. როგორ იზრდები პიროვნულად, როგორ იცვლება დამოკიდებულება სხვების და საკუთარი თავის მიმართ… როგორ დებ შედეგებს…
ახლა ძირითად დროს მუსიკას ვუთმობ. გამოჩნდა გზები: კონცერტი, კონკურსი, ისევ კონკურსი… დარწმუნებული ვარ რომ უფრო და უფრო კარგი სიახლეები მელოდება… ძალიან მომწონს მაია დარსმელიძე. უძლიერესი როკ მომღერალია. ის თავისუფლება რაც როკშია მასშიც არის, ძალიან მინდა მას შევხვდე … ესეც ჩემი ოცნებაა…
– შენ დიდი სამომავლო გეგემებიც გექნება დასახული
-რა თქმა უნდა… მსოფლიოში ცნობილი როკ-მომღერალი მინდა გავხდე. ჩემს ოცნებებში ამერიკაში ვმოღვაწეობ და სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობ, სადაც კონცერტებს ვმართავ. მოგზაურობა ჩემი ჰობია, ძალიან მიყვარს, ამიტომ მინდა ჩემი პროფესიით, ჩემი სიმღერითა და მუსიკით ავისრულო ეს ოცნება.
– სიმღერის კომპლექსი რატომ გქონდა?
– არ ვიცი ზუსტად რას დავაბრალო, ერთ-ერთი მიზეზი ვფიქრობ მამის გარდაცვალებაა, 12 წლის ვიყავი მაშინ, დედ-მამა ერთი წლის წასულები იყვნენ უცხოეთში, მამა საბერძნეთიდან ჩამოასვენეს… ალბათ ამის შემდეგ შევწყვიტე სიმღერა…
– დედა უცხოეთში დარჩა?
-კი , მე და ჩემი ძმა ბებომ გაგვზარდა. 11-ის ვიყავი დედა რომ წავიდა და 6 წლის შემდეგ ვნახე…
– ძალიან ბევრი ბავშვია საქართველოში, რომელთა მშობლებიც უცხოეთში მათივე კეთილდღეობის გამო მიდიან, შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას იტყვი ამასთან დაკავშირებით?
-უდედოდ იყო ურთულესი… ძალიან გამიჭირდა… შეიძლება ავტირდე ახლა… თავიდან ვეუბნებოდი არ მჭირდება შენი ფული, ჩამოდი თორემ ფეხით ჩამოვალ საბერძნეთში-მეთქი. მაგრამ მერე იმდენად გამაძლიერა მისმა აქ არ ყოფნამ , რომ სულ სხვა ადამიანად ჩამოვყალიბდი… ვისწავლე დამოუკიდებლობა, ვისწავლე ცხოვრება და უფრო გავძლიერდი… დედის გარეშე ცხოვრებამ მასწავლა, თუ როგორ უნდა ვიყო ძლიერი და წარმატებული…
მერე ხათუნაც დამეხმარა და მივიღე ის რაც მთელი ცხოვრება მაკლდა… მე ვმღერი და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მაგრად ვგრძნობ თავს… მადლობას ვუხდი ქალბატონ ხათუნას, იმისთვის რომ მაპოვნინა ჩემი თავი. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გადავდგი ეს ნაბიჯი.
– რა რჩევას მისცემ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრებას ახლა იწყებენ, მაგრამ ვერ ბედვენ თამამი ნაბიჯების გადადგმას?…
– აუცილებლად მივიდნენ ხათუნასთან (იცინის) და გაიარონ ტრენინგი ნორბეკოვის „პირველი გამაჯანსაღებელი“…
შეუძლებელი არაფერია, მთავარია ირწმუნო და მოინდომო…
დეა თავბერიძე