სულ ემღერება, როცა ჩუმად ვარ ფიქრშიც კი ვღიღინებო ამბობს. ისეთ გარემოში გაიზარდა, სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო. მის ირგვლივ ყველა მღეროდა. ხუთი წლისა თავისი ბავშვური ხმით “წინწყაროს” შეეჭიდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ფარ-ხმალი არ დაუყრია, ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულმა იგი დიდ სცენაზე, დიდ მომღერლად აქცია.
მაშ ასე, გაიცანით ლია ხუნწარია, საოცარი და დაუვიწყარი ხმის პატრონი, რომელსაც მეგობრებმა ბულბული შეარქვეს.
Jolo.ge მას ჰოლანდიაში დაუკავშირდა. მომღერალი იქ გასტროლებზე იმყოფება, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით… მანამდე კი „პირველი ნაბიჯები“ და ბევრი საინტერესო დეტალია.

ლია ხუნწარია: ჩემს არჩევანზე და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე დიდი როლი ითამაშა ჩემმა ოჯახმა. სახლში სულ ხალხური სიმღერა მესმოდა. ჩემთან ყველა მღეროდა, მშობლები, ბიძები, ბებია-ბაბუები (ორივე მხრიდან). მართალია სამოყვარულო დონეზე, მაგრამ ძალიან კარგად მღეროდნენ. ერთ-ერთ ფოლკლორულ ფესტივალში ბიძებმა გაიმარჯვეს, მსმენელის სიმპათია დაიმსახურეს. ხუთი წლის ვიყავი პირველად რომ მოვისმინე ბიძების შესრულებით “წინწყარო”. იმდენად მომეწონა მეგონა მეც ვიმღერებდი, მაგრამ ის ჩახვევები არ გამომივიდა, რომელიც კახურ სიმღერებს უხდება. ბუნებრივია, ბავშვისთვის რთული იყო. სტუმრიანი ოჯახი გვქონდა, ჩვენი სახლიდან სულ სიმღერის და მოლხენის ხმა გადიოდა…
-პროფესიონალურ სცენაზე პირველ გამოსვლას როგორ გაიხსენებთ, რა განცდებთან იყო დაკავშირებული?
-არ მახსოვს რა ასაკიდან დავიწყე სიმღერა, მაგრამ ბავშვობიდან ვმღერი. სკოლის სცენაზე გამოვდიოდი, ჩემს დასთან და მეგობრებთან ერთად ფესტივალებში ვიღებდი მონაწილეობას. მაშინ გორკის სახელობის კლუბი ერქვა, იქ ვმღეროდი. ეს იყო ასე ვთქვათ, ჩემი პირველი საკონცერტო მოღვაწეობა. ჩემი პედაგოგები მანანა და დათო ელბაქიძეები იყვნენ. პირველი სერიოზული კონცერტები კი ომარ კელაპტრიშვილთან მქონდა. ომარმა როცა მომისმინა, მაშინვე მოინდომა რომ ნანა ბელქანიასთან ერთად მემღერა დუეტში. პირველი გასვლა შატილში გვქონდა. ბავშვი ვიყავი და მართალია ვღელავდი სცენაზე გასვლის წინ, მაგრამ უფრო ბავშვური სითამამე გადასწონიდა ხოლმე ამ ღელვას. სიმღერის შესწავლა გვიან დავიწყე, მანამდე მოყვარულის დონეზე ვმღეროდი. ბიცოლა მღეროდა ძალიან კარგად და მისი რჩევით გვიან ასაკში ჩავაბარე ვოკალურზე, უკვე ხუთი წლის შვილი მყავდა. ჩემი პედაგოგი ლეილა გოცირიძე იყო, საკმაოდ ცნობილი საოპერო მომღერალი. თან ვსწავლობდი და თან ვმღეროდი ტელევიზიასთან არსებულ ანსამბლში, რომელსაც ომარ კელაპტრიშვილი ხელმძღვანელობდა. როდესაც დავამთავრე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი, სწავლის გაგრძელება მინდოდა კონსერვატორიაში, მაგრამ იმ პერიოდში მიღება ოცდარვა წლამდე იყო, მე უკვე ოცდაცხრის ვიყავი და აღარ გამოდიოდა. ასე გადავერთე მთლიანად ხალხურ სიმღერებზე. ვმღეროდი ანსამბლ “იავნანაში”. მე და ანა ბაჯიაშვილი ომარმა დაგვაწყვილა. სამწუხაროდ სამ წელიწადში ბატონი ომარი გარდაიცვალა, ჩვენ მის საპატივცემულოდ ანსამბლს “კელაპტარი” დავარქვით. ასე ვიქეცით მე და ანა ორმოცდახუთი წლის დუეტად. იმის შემდეგ ხან ტრიო “კელაპტარი” ვართ, ხან კვინტეტი და ხანაც ანსამბლი. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ომარ კელაპტრიშვილის როლი და წვლილი ჩემს ცხოვრებაში. ჩემი შვილიც მისი აღზრდილია. სამწუხაროა, რომ მხოლოდ სამი წელი ვითანამშრომლეთ. ყოველთვის ვემადლიერები და აქედან ვეუბნები მადლობას მის სულს. მის ოჯახთან დღემდე ვმეგობრობ და ვაგრძელებ ურთიერთობას.

-დღესაც, თქვენს ოჯახში, ყველა თაობა მღერის და უკრავს სხვადასხვა საკრავზე. თქვენ მიგიძღვით წვლილი ამაში?
-დიახ, ასეა. როცა ჩემს შვილს სიმღერის ნიჭი შევატყვე უყურადღებოდ არ დამიტოვებია. ათი თვისას ფანდურზე ვუმღეროდი და ისე ვაძინებდი, გავლენა ამანაც იქონია. ჩემი ბიჭი დღეს ფოლკლორისტი და ფოლკლორის ცენტრის თანამშრომელია. წერს სიმღერებს, ახლა ჩემთან ერთად არის ტრიო “კელაპტარში”. ჩემი მეუღლეც მუსიკოსია, მღერის, უფრო საესტრადო სტილის მომღერალია. პროფესიით ქორეოგრაფია. ორმოცდაათი წლის სტაჟი აქვს. ჩემი შვილიშვილიც ცეკვავს და მღერის. პატარა ათი თვისაა და რომ წაუმღერებ ხელები უკვე გაშლილი აქვს, თან ღიღინებს. ფაქტია რომ ნიჭი აქვს. სებასტიანი ჰქვია და იმედია რომ ბახივით გაამართლებს 🙂
-რა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ და რომელი საკრავი გიყვართ, თქვენს ხმას და ხასიათს რომელი უფრო უხდება?
-თვითნასწავლი ვარ, ბავშვობიდან სმენით ვუკრავ. ვიცი აკორდეონზე, ფანდურსა და გიტარაზე დაკვრა. ამათგან გიტარას გამოვარჩევდი, რადგან უფრო ჩემია. დედას ფორტეპიანოზე ძალით დავყავდი, მაგრამ გული ვერ დავუდე და მალე დავანებე თავი.

-კორონა პანდემიის დროს მეუღლესთან ერთად, კახეთში გადასახლდით და აქტიურად ჩაებით სამეურნეო ცხოვრებაში. არ გაგიჭირდათ ხელოვან ადამიანს მიწაზე მუშაობა და სოფლის ცხოვრებასთან შეგუება?
-პანდემიამ ძალიან შემაშინა, ერთი თვე ვიწექი კლინიკაში, ლევან რატიანის პაციენტი ვიყავი, ჩემი მეგობარი და სასცენო პარტნიორი ანა ბაჯიაშვილი გვერდით ოთახში იწვა, იქაც ერთად ვიყავით. ამ ჩაკეტილობამ ძალიან იმოქმედა ფსიქიკაზე და როგორც კი გზები გაიხსნა პირველი რაც გავაკეთეთ ის იყო რომ კახეთში წავედით. რადგან ის ორი პრესტიჟული რესტორანი დაიხურა, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვმღეროდით და დავრჩით უმუშევრები. სოფელმა გადაგვარჩინა. თბილისის ბინაც გავაქირავეთ და არც ვაპირებდით ქალაქში დაბრუნებას. კახეთში წასვლამ დამანახა როგორი კარგია თავისუფალი ცხოვრება. სულ არ გამჭირვებია, ძალიან ლაღად და კარგად ვიყავი. ადამიანი ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რასაც სიტუაცია გიკარნახებს, ისე უნდა მოიქცე. ახლა ისევ გაიხსნა ყველაფერი და ალბათ ისევ მოგვიწევს დროდადრო ქალაქში ყოფნა.

-როგორია თქვენი ერთი დღე კახეთში?
-დილა იწყება ქათმების, იხვების და ბოცვერების დაპურებით. ძაღლიც გვყავს. ვეფერები და ვესაუბრები მათ. შემდეგ, ჩემს პატარა ბოსტანს გადავხედავ, თუკი რამეა გასამარგლი და მისახედი. მე თვითონ ავუდივარ ყველაფერს, ვხნავ, ვთესავ კიდეც. ძალიან სასიამოვნო დაღლაა. დილიდან საღამომდე ისე გადის დრო რომ დასაჯდომად არ მცალია, დრო ტელევიზორის საყურებლადაც აღარ მრჩება, სულ უნდა იმოძრაო, მე თვითონაც მოუსვენარი ვარ. ჩემი და მეუბნება ჰიპერაქტიური ქალი ხარო 🙂
-თქვენ მეგრელი ხართ, მეუღლე გურული გყავთ, კახეთი რა პრინციპით შეარჩიეთ?
-დედის გავლენით, რომელიც გარე კახელია, ნორიოდან. ბავშვობიდან ოჯახში მუდმივად მესმოდა ქართლ-კახური სიმღერები. დიდი მნიშვნელობა აქვს რა გესმის და რას ნახულობ უფრო ხშირად, ამას სკოლის ექსკურსიებიც ემატებოდა. აი ასე შემიყვარდა ბავშვობიდან კახეთი. მერე როცა ფინანსურად მოვმჯობინდი სახლიც შევიძინე სიღნაღის რაიონში სოფელ ანაგაში და არც ვნანობ. კახელებმა ეს მეგრულ-გურული წყვილი, თან მომღერლები, კარგად მიგვიღეს, იქ უყვართ მომლხენი ხალხი. პირველად სუფრასთან ჩვენი სიმღერა რომ მოისმინეს, მე და ჩემს მეუღლეს “თბილისელი ხოხბები” შეგვარქვეს, კახეთში ხომ წესად აქვთ ზედმეტსახელების შერქმევა. ერთმანეთში გადაპატიჟებები გვაქვს, ყურძენს ერთად ვწურავთ, ერთი სიტყვით ვერთობით. ცოტა რთული კია სოფელში ცხოვრება, თუ არ იშრომე და ხელი არ გაანძრიე თავისით არაფერი არ მოდის. მარანი მაქვს, თონე ჩავდგი, ნელ-ნელა ყველაფერს ვაკეთებ, მინდა ტურისტულ ადგილად ვაქციო.
-კახეთში “თბილისელი ხოხბები” შეგარქვეს, თბილისში მეგობრები ბულბულს გეძახიან… რა განცდა გეუფლებათ ასეთი შეფასებების დროს?
-დიახ, მე და ანას ბულბულებს გვეძახიან და სხვა ლამაზი ეპითეტებითაც გვამკობენ. ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა. ყველაზე მეტად მაინც ის მსიამოვნებს, ქუჩაში ისევ რომ მცნობენ. კახეთში ერთხელ მაღაზიაში შევედი, ქუდით, პირბადით, დუბლიონკით, ისე ვიყავი ჩემს თავს მე თვითონ ვერ ვცნობდი. ფქვილის ფასი ვიკითხე, იქვე მამაკაცი ტრიალებდა, რომელიც უცებ მეკითხება, უკაცრავად, თქვენ ქალბატონი ლია ხუნწარია ხომ არა ხართო. ისე გავოცდი, ასე შეფუთული როგორ მიცანით მეთქი. რას ბრძანებთ, მე ახლაც თქვენს “ვარდებს” ვუსმენო. შეიძლება მილიონი შემოგთავაზონ, მაგრამ მომღერლისთვის ეს ერთი შეფასება ყველაფერია.

-თქვენ დები იშხნელების პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი ხართ. რას ნიშნავს თქვენთვის და რა პასუხისმგებლობას განიჭებთ ეს ტიტულები?
-დიახ, ეს უდიდესი ბედნიერება და პასუხისმგელობაა. ერთ-ერთი ცნობილი მხატვრის, ილო პატაშურის ოჯახში დები იშხნელების სიმღერა რომ შევასრულეთ ვალერი ასათიანმა მოგვისმინა, რომელიც იმ პერიოდში კულტურის მინისტრი იყო. ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, თქვენი სიმღერის მოსმენის შემდეგ მომინდა დები იშხნელების პრემია დავაწესო და პირველი თქვენ მოგანიჭოთო, სამი ჯგუფი აგვარჩია და დაგვაჯილდოვა. ღირსების ორდენით კი ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ დაგვასაჩუქრა. კიდევ იყო ერთი, სამების ტაძარში, ჩვენი დუეტის ოცდახუთი წლის იუბილეზე, ცხონებულმა ანზორ ერქომაიშვილმა მე და ანა ბაჯიაშვილი, საუკუნის დუეტად გამოგვაცხადა.
-როდის გემღერებათ და როდის არა?
-სიმღერა ისეთი წამალია, ლხინის დროს ხომ თავისთავად გემღერება და სევდის დროსაც გშველის. ჩუმად რომ ვარ ფიქრებშიც კი რაღაცას ვღიღინებ. სულ მემღერება და ღმერთმა სულ ასეთ კარგ ხასიათზე მამყოფოს 🙂

-გაპრანჭვა გიყვართ. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, როცა გაპრანჭული ვარ, მაშინ ვარ კომფორტულადო. რა დროს უთმობთ საკუთარ თავზე ზრუნვას?
-კი, გაპრანჭვა მიყვარს. აი, ახლა დილის ათი საათია და ავდექი თუ არა მაშინვე გავიპრანჭე. ყოველთვის ვიპრანჭები, არა აქვს მნიშვნელობა გარეთ გავდივარ თუ არა. მაკიაჟი ღამეც მისვია, დილას პირს რომ დავიბან, მაშინ შევილამაზებ ხოლმე თვალებს. სარკე მიყვარს ძალიან, წამდაუწუმ სარკეში ვიხედები. რაც შეეხება სამკაულებს, მხოლოდ გარეთ გასვლის დროს ვიკეთებ, შემოვდივარ თუ არა სახლში, უკვე ბეჭდები და საყურეები მამძიმებს და ეგრევე ვიხსნი. ლამაზად და კოხტად ყოფნა მიყვარს, ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს.
-სხვა პროფესიით და განხრით თუ გიმუშავიათ თუ მხოლოდ სიმღერა იყო თქვენი ცხოვრების მთავარი პროფესია?
-როგორც გითხარით, ძალიან მოუსვენარი ქალი ვარ და სახლში უქმად ჯდომა არ მიყვარს. როცა პანდემიის დროს ყველაფერი დაიკეტა, არავის ემღერებოდა. იყო დრო, როცა სამსახურები აღარ იყო, ამ დროს მე 86 და 90 წლის მოხუცებს ვუვლიდი, ცოლ-ქმარს, ორ ძალიან კარგ პიროვნებას, რომლებიც ყოველთვის მემახსოვრებიან. მე მათთან ხუთი თვე ვიმუშავე. საჭმელს ვუმზადებდი და ვაჭმევდი. როცა შეგიძლია და პატიოსნად მუშაობ, ჩემთვის უკადრისი საქმე არ არსებობს. რატომ არ უნდა გააკეთო, სხვის კისერზე რატომ უნდა იცხოვრო?! სკოლის დამთავრების შემდეგ, დამხმარე ბუღალტრად ვიმუშავე ხუთი წელი სურსათის მაღაზიაში. როგორც გითხარით, ვოკალურზე გვიან ჩავაბარე და შემდეგ გახდა სიმღერა ჩემი პროფესია და შემოსავლის წყარო. ბოლო წლებში არც კახეთში ვყოფილვარ უქმად, ბაკურციხის სანერგე მეურნეობაში, ჩვენს მეგობარ რამაზ ბერიძიშვილი ვთხოვე, თუ შეიძლება შენთან მეურნეობაში დამასაქმე მეთქი. ვენახშიც გავდიოდი, მისი ახვევა და მოვლა მასწავლეს. ბოდბის დედათა მონასტერშიც ვიყავი, იქ მეურნეობა აქვთ და ვეხმარებოდი. არანაირი შრომა არ არის სათაკილო.

-ქალბატონო ლია, “კელაპტარი” საკმაოდ მოთხოვნადი და მოქმედი ანსამბლია, ხშირად გიწვევენ გასტროლებზე, უამრავი ქვეყანა და ქალაქი გაქვთ მოვლილი. ახლაც ჰოლანდიაში იმყოფებით გასტროლით. როგორ მიმდინარეობს კონცერტები, მოსწონთ თუ არა ქართულ ხალხური სიმღერები ჰოლანდიელებს?
-უკვე სამოცდაერთი წლის ვარ და გასტროლებზე წასვლას საერთოდ არ ვფიქრობდი. მაგრამ მოხდა ისე რომ დამიძახეს და სიამოვნებით დავთანხმდი. სიმღერის სიყვარული ძლიერია. უცხოეთის ნოსტალგიაც მქონდა. წელიწადი არ გავიდოდა ისე, ორი კვირით ან ერთი თვით, სხვადასხვა ქვეყანაში არ წავსულიყავით. ეს არის ჩემთვის პირველი შემთხვევა როცა ანას გარეშე მომიწია გასტროლზე წამოსვლა და ფრთამოტეხილი ვარ. ფეხის ოპერაცია გაიკეთა და ვერ წამოვიდა. აქ ანსამბლ “ხარება და გოგიასთან” ერთად ვარ. ერთი ქალბატონი ვარ ამ ოთხ ვაჟს შორის. უჩას მეგობრები არიან, ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭები. ამ სამი კვირის განმავლობაში თოთხმეტი კონცერტია დაგეგმილი. ჰოლანდიელებს საოცრად მოსწონთ ჩვენი პროგრამა, ქართული სიმღერები. ფეხზე გვიდგებიან და ბისზე ორ-სამჯერ გვიძახებენ. ვმღერით ფანდურზე, გიტარაზე და აკაპელითაც. თუკი დამპატიჟებენ და წამომიყვანენ თანახმა ვარ ისევ დავუბრუნდე საგასტროლო ცხოვრებას. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ცხოვრებით ვიცხოვრე, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს. ბევრი სიმწარეც ყოფილა, შრომა, ჯაფა. ცხოვრება ასეთია, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვნანობ იმდენად ლამაზად ვიცხოვრე. იმ ცუდ დღეებს, რაც ჩემს ცხოვრებაში იყო, ბედნიერმა დღეებმა და ლამაზმა ცხოვრებამ გადააჭარბა. კარგმა ცუდი გადაფარა. ასე რომ, ღირდა ამქვეყნად მოსვლა…
ავტორი: ნინო გონგაძე